საქმე №ას-482-2020 9 ოქტომბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.ბ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის, 2018 წლის 16 აპრილს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით - 12400 აშშ დოლარად მიჰყიდა.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს მისთვის ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია, შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა.
4. უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე არაკვალიფიციური შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელისგან მიიღო სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც მისი უძრავი ქონება იპოთეკით უნდა დატვირთულიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა და მოპასუხე უძრავ ქონებას მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის ვალდებულების შესახებ, დაუბრუნოს მესაკუთრეს კუთვნილი ქონება.
10. აპელანტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, მით უფრო, ამ პირთა მიერ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომლის თანახმად, დავა საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფით სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. სასამართლოს განმარტებით, აპელანტს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი - გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავოდ არ გაუხდია. სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, ხოლო ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებასა და დასაბუთებას, რაც სადავო ქონებაზე მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს მესაკუთრის უფლების რეალიზაციაზე, მოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, სადავო უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საკითხი იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას შეეხებოდა, როდესაც უძრავი ქონება თავად კრედიტორმა იყიდა.
17. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებაში არა მხოლოდ მოპასუხე, არამედ მისი ოჯახის სამი სრულწლოვანი წევრი ცხოვრობს, რომელთა მიმართაც სარჩელი აღძრული არ არის.
18. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელეს წინადადება მისცა სარჩელი დაეზუსტებინა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეთა წრე სწორად არ განსაზღვრა, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების გამოთავისუფლება შეუძლებელია.
19. კასატორი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის გამოსყიდვა სურს და ამ მიზნით მორიგების მიღწევა მოწინააღმდეგე მხარესთან.
20. კასატორი სასამართლოს სთხოვს, ხელი შეუწყოს მხარეთა მორიგებით სასამართლო დავის დასრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
26. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მას მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
27. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მოხდეს საკუთარი ნივთის გამოთხოვა.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
29. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
30. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
32. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. (შდრ. სუსგები: №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება).
33. კასატორის პრეტენზიებს, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად.
34. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება, ანუ არ მომხდარა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი - ნივთის ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორის მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.
36. პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ამასთან, კასატორის წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული პრეტენზია, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (16.04.2018 წელს დამოწმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება), მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.
37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
38. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის გაფორმდა არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის, არამედ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის უფლემადამდგენი გარიგების ბათილად ცნობა, ასევე, ქონების საკუთრებაში დაბრუნება არ მოუთხოვია, რაც ამ პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებას გამორიცხავს.
39. პალატა განმარტავს, რომ მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმად, მოსარჩელემ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა მხოლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მაშინ როდესაც, სადავო ბინაში მის გარდა, სხვა პირებიც ცხოვრობენ.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს დისპოზიციურობის პრინციპზე, რომელიც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვინ მიმართ გააჩნია წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მოპასუხეა, რომლის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1338-1258-2017, 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება; საქმე №ას-1208-2019, 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება). მოპასუხე ვერ უთითებს ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც მესაკუთრეს კანონიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა, შესაბამისად, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
41. საკასაციო სასამართლოს აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ ის დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.
42. მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა კასატორის წინამდებარე განჩინების მე-19 პუქნტში მითითებული გარემოებაც, ვინაიდან მხარეთა მორიგების საკითხი, თავად მხარეთა თავისუფალი ნებიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის შესაძლო გზაა, ამასთან, მხარეთა შორის მორიგება შესაძლებელია საქმის წარმოების ნებისმიერ, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტიოლების აღსრულების ეტაპზე.
43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1338-1258-2017, 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება, საქმე №ას-1208-2019, 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, №ას-13-2019, 2019 წლის 3 ივნისის განჩინება).
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. გ.კ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 9566858757 / გადახდის თარიღი 13.07.2020), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე