Facebook Twitter

საქმე №ას-944-2018 12 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.პ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო. კ.ს.კ–ი“ (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ნ.ს–ი, მ.პ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.პ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ო. კ.ს.კ–ის“, მ.პ–ის და ნ.ს–ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში გაუქმების თაობაზე.

მოპასუხეებმა ნ.ს–მა და მ.პ–მა სარჩელი ცნეს, ხოლო შპს „მ.ო. კ.ს.კ–მა“ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.ო. კ.ს.კ–მა“ .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.პ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ.პ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად; კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 1269,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან - 1269,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკისრების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კასატორს, საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით გადავადებული, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობა შეადგენს 1269,5 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდა. იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1269,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.პ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით გადავადებული, სახელმწიფო ბაჟის 1269,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე