3გ-ად-8-ა-02 2 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე)
მსაჯულები: ო. იასეშვილი,
ი. ბუხნიკაშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 20 ივლისს რ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის 2001წ. 8 მაისის ¹9/45 დადგენილებით ისე დამტკიცდა რ. გ.-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დასკვნა, რომ არ გაუქმებულა მისი საქართველოს მოქალაქედ ცნობის შესახებ მანამდე გაცემული დასკვნა. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. შემდგომში რ. გ.-მ შეცვალა თავისი მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხედ საქმეში საქართველოს პრეზიდენტის ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულება რ. გ.-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანებულების ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოპასუხემ – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სადავო აქტის უცვლელად დატოვება.
რ. გ.-ის სარჩელი პირველი ინსტანციით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, რომლის 26.03.02წ. გადაწყვეტილებით რ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა “საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე რ. გ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.93.02წ. განჩინებით რ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.02წ. გადაწყვეტილება.
რ. გ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ რ. გ.-ი არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ვინაიდან ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონის ამოქმედების დროისათვის რ. გ.-ი არ იყო ჩაწერილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იგი არ არის რესპუბლიკაში დაბადებული. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განცხადების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებები. სსკ-ს 423-მუხლის I ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის მოადგილის ცნობას, სადაც ნათქვამია, რომ რ. გ.-ი არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე და ამონაწერს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებიდან. უკანასკნელი წარმოდგენილი იყო ჯერ კიდევ საქმის არსებითი განხილვის დროს, ამდენად, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად. რაც შეეხება საპასპორტო სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ გაცემულ ცნობას, საქმეში დაცულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის ცნობა, რომლის თანახმად რ. გ.-ი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს. Pპალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბის საფუძვლით, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დასაშვებია უკეთუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ვერ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამისიად არ არის დასაშვები.
გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ რ. გ.-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო არამხოლოდ რ. გ.-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, არამედ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალქეობასთან შეუსაბამო დანარჩენი გარემოებების არსებობაც, რაზეც მითითებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.02წ. გადაწყვეტილებაში.
ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის პალატის მიერ პირველი ინსტანციით განხილულ საქმეზე დაშვებულ იქნა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება, პალატა შესაძლებლად თვლის აგრეთვე რ. გ.-ის განცხადებაზე მიღებულ განჩინებაზე სსკ-ს 429-ე მუხლით დადგენილი წესით კერძო საჩივრის შეტანის დაშვებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოსაქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველი.
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი ძმები ზუბალაშვილების ქ. ¹32, განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში.