Facebook Twitter

საქმე №ას-1491-2019 2 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ქ–ვა

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ხ–კი, ო.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ.ქ–ვას სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი).

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

3.1 მოსარჩელეს და თ.ხ–კს (შემდეგში: პირველი მოპასუხე) შორის 2015 წლის 13 ნოემბერს, სანოტარო წესით ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოსარჩელემ პირველი მოპასუხისთვის 44 937,5 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აღიარა. ხელშეკრულების თანახმად, დავალიანება 2013 წლის 23 მაისს წარმოიშვა და მისი დაბრუნების ვადად 2016 წლის 13 ნოემბერს განისაზღვრა.

3.2 ნოტარიუს მ.ო–ის მიერ 2017 წლის 19 აპრილს, №170399712 გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა - 44 937,5 აშშ დოლარი; ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული თანხა - 102 ლარი.

3.3 მოსარჩელეს და ო.ჭ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) შორის, 2015 წლის 13 ნოემბერს სანოტარო წესით ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოსარჩელემ მეორე მოპასუხისთვის 12 687,5 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აღიარა. ხელშეკრულების თანახმად, დავალიანება 2013 წლის 23 მაისს წარმოიშვა და მისი დაბრუნების ვადად 2016 წლის 13 ნოემბერს განისაზღვრა.

3.4 ნოტარიუს მ.ო–ის მიერ 2017 წლის 19 აპრილს, №170399591 გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა - 12 687.5 აშშ დოლარი; ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული თანხა - 102 ლარი.

4. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის იმ მტკიცებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით მან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალის აღიარების ხელშეკრულებებს შეუმოწმებლად, დაანგარიშების გარეშე მოაწერა ხელი და რეალურად, პირველი მოპასუხის მიმართ 31 000 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა ეღიარებინა.

5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მითითებული საფუძვლით ითხოვს არა თავად ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, არამედ აღნიშნული გარიგებების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანას. ე.ი მოსარჩელე შესასრულებელი ვალდებულების კორექტირებული (შემცირებული) ოდენობის აღიარებას მოითხოვს.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა - სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას (იხ. სუსგ Nას-1133-1079-2014, 30.09.2015წ).

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი სანოტარო წესით დამოწმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებებია, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა, შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი და თანხის გადახდაზე ვალდებული პირები, თანხის დაბრუნების ვადა. აღნიშნული ხელშეკრულებები ყველა იმ რეკვიზიტს შეიცავს, რაც ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას ახასიათებს და მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია.

8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თუკი მოსარჩელე ვალის აღიარების ხელშეკრულებების შეცილებას ახდენს, უნდა მიუთითოს და შესაბამისად დაადასტუროს ნების გამოვლენის დროს დაშვებული შეცდომა, მისი მოტყუება ან მის მიმართ განხორციელებული იძულება (სსკ-ის 72-89 მუხლები).

9. სასამართლოს დასკვნით, სარჩელი არსებითი შეცდომის ან მოტყუების ფაქტის კონკრეტულ დასაბუთებას არ შეიცავს და არც ნების ნამდვილობის გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულებაა წარდგენილი საქმეში.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის დამატებით საფუძვლად მის მიერ ვალის ნაწილობრივ გადახდის ფაქტზე მიუთითებს. მოსარჩელის მტკიცებით, ვალის აღიარების გაფორმების შემდეგ პირველ მოპასუხეს გადაუხადა 10 558 აშშ დოლარი, რაც ამ უკანასკნელმა ნოტარიუსს დაუმალა. მოსარჩელე სარჩელშივე უთითებს, რომ პირველმა მოპასუხემ სააღსრულებო წარმოების დროს დაადასტურა მოსარჩელის მიერ მისთვის 10 558 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად სარჩელს ერთვის პირველი მოპასუხის მიერ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სახელზე, 2017 წლის 20 მაისს, ანუ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე შედგენილი განცხადება, რომელშიც იგი აზუსტებს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე - ნოტარიუს მ.ო–ის მიერ, 2017 წლის 19 აპრილს გაცემულ N1700399712 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ მისი მოთხოვნა 34 379.5 აშშ დოლარს და სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯს, 102 ლარს შეადგენს.

11. სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების მოცულობა 44 937,5 აშშ დოლარით და 102 ლარითაა განსაზღვრული, დგინდება, რომ კრედიტორის წერილით აღიარებულია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ოდენობით - 10 558 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტი (44937,5 - 10 558 = 34 379.5 აშშ დოლარს). შესაბამისად, დამოუკიდებელი საფუძვლით ვალდებულების განსხვავებული (შემცირებული) ოდენობის აღიარების იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს არ აქვს (ვალდებულება ისედაც შემცირებული ოდენობით არსებობს) და ამ საფუძვლით სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.

12. სააპელაციო სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ პირველი მოპასუხის მიერ აღმასრულებლის სახელზე შედგენილი განცხადებით ვალდებულების მოცულობის დაზუსტება გულისხმობდა სწორედ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების აღიარებას, კრედიტორმა აღიარა ვალდებულების შესრულებული ნაწილი და მიუთითა დარჩენილი აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობაზე.

13. სასამართლოს შეფასებით, რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ანგარიშში სხვა დამატებით თანხის გადახდაზე მიუთითებდა, საქმეში წარდგენილი არ იყო და ასეთზე ვერც მოსარჩელემ მიუთითა.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, შესაბამისი მტკიცებულება კი, სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი იყოს. განსახილველ შემთხვევაში რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ანგარიშში, გარდა 10 558 აშშ დოლარისა (რომლის მიღების ფაქტიც კრედიტორს დადასტურებული ჰქონდა მოვალის მიერ წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე), დამატებით, სხვა თანხის გადახდაზე მიუთითებდა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.

15. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი დასტურდება, რაც აღიარებულია პირველი მოპასუხის მიერ აღსრულების ეტაპზე და ამ თანხის ნაწილზე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის ნამდვილი იურიდიული ინტერესი მოსარჩელს არ გააჩნია, ხოლო სხვა თანხის ნაწილში ვალდებულების შესრულება კი არ დგინდება, სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

16. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის (მოსარჩელის) იმ პრეტენზიაზეც იმსჯელა, რომელიც გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების კანონიერებას შეეხებოდა. სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ აპელანტი მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა და არ მიუთითა, კონკრეტულად რა გარემოება წარმოადგენს საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

21. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

22. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის)არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ.სუსგ საქმე №ას-1768-2017,29.05.2020წ; იხ. სუსგ საქმე №ას-1773-2019, 13.03.2020წ).

23. კასატორი სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას ორი საფუძვლით მოითხოვს, კერძოდ, ერთი მხრივ, ნდობის შედეგად ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეცდომით გამოვლენილ ნებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ვალის ნაწილობრივ გადახდის ფაქტზე მიუთითებს. კასატორის მტკიცებით მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებას არავითარი იურიდიული შედეგი არ მოჰყვებოდა. ამასთან, მოპასუხეებმა ნოტარიუსს დაუმალეს ის გარემოება, რომ ვალის აღიარების შემდეგ მოსარჩელემ თანხის ნაწილი გადაიხადა. სააღსრულებო ფურცელი არარსებულ ვალზე გაიცა.

24. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა ხელშეკრულების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, ხელშეკრულებების ტექსტში მითითებულია, რომ მოსარჩელემ, ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე აღიარა, რომ მას მოპასუხეების ვალი აქვს. ხელშეკრულება მხარეებს წაუკითხა ნოტარიუსმა. მათ მოიწონეს იგი და განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას.

25. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს] მითითებით დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ -გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. სუსგ №ას-462-2019, 31.07.2019წ).

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ №ას-620-592-2016, 06.03.2017წ). ხელმოწერას ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელის მომწერი ხელმოწერით ასრულებს თავის ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი არსებითი შეცდომის ან მოტყუების ფაქტის კონკრეტულ დასაბუთებას არ შეიცავს და არც ნების ნამდვილობის გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულებაა წარდგენილი საქმეში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კასატორს სადავოდ არ გაუხდია ვალის აღიარების ხელშეკრულება და მასზე ხელმოწერის ნამდვილობა.

28. კასატორის პრეტენზია ისიცაა, მოპასუხეებმა ნოტარიუსს დაუმალეს თანხის ნაწილის გადახდის ფაქტი და სააღსრულებო ფურცელი არარსებულ ვალზე გაიცა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: ,,სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს“ (იხ. საქმე №ას-517-490-2014, 15.09.2014წ, საქმე Nას-709-2019, 12.07.2019წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მქონე მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას (იხ. წინამდებარე განჩინების 10-15 ქვეპუნქტები), რომ მოსარჩელემ მხოლოდ იმ ოდენობით თანხის გადახდის (10 558 აშშ დოლარის) ფაქტი დაადასტურა, რაც აღიარებულია პირველი მოპასუხის მიერ აღსრულების ეტაპზე, სხვა მტკიცებულება მის მიერ ვალდებულების შესრულების ანგარიშში, გარდა 10 558 აშშ დოლარისა, დამატებით, რაც სხვა თანხის გადახდაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რაც სასამართლოს სასესხო დავალიანების ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.

31. საკასაციო სასამართლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ გადახდილ თანხასთან დაკავშირებით სტაბილურ სასამართლო პრაქტიკაზეც მიუთითებს, კერძოდ, რომ ამგვარი გადახდა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა არსებულ დავალიანებაზე, ხოლო შემდეგ გადახდილი თანხები წარედგინება აღმასრულებელს, რომელიც სააბოლოოდ განსაზღვრავს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას (იხ. სუსგ №ას-241-241-2018, 25.09.2018წ.).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

33. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

34. კასატორი მოითხოვს შემოწმდეს მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საოქმო განჩინების დასაბუთებულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არც ამ კუთხით წარმოუდგენია.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი.

36. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ქ–ვას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მ. ყ–ის (პ/ნ....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2473 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 18 ნოემბერი), 70% – 1731,1 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე