Facebook Twitter

საქმე №ა-2853-შ-73-2021 16 ივლისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ჰ–უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება #2020/388

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის #2020/388 გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის ი.ჰ–უს 2020 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვალებით მემკვიდრეობის საკითხი მიღებულ იქნა 8 წილად, ამათგან სამკვიდროში წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: 2 წილი - ნ.ჰ–უს (მამკვიდრელის მეუღლე), 3 წილი - რ.ჰ–უს (მამკვიდრებლის შვილი), 3 წილი - ა.ფ.ჰ–უს (მამკვიდრებლის შვილი).

2. ნ.ჰ–უს წარმომადგენელმა გ.დ–ძემ, 2021 წლის 10 ივნისს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის #2020/388 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას, საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ.ჰ–უს წარმომადგენლის გ.დ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის #2020/388 გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შუამდგომლობა, რომლითაც ავტორი მოითხოვს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას რომელიც ეხება საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოძრავი ქონების ნაწილში შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის #2020/388 გადაწყვეტილებით, მამკვიდრებლის ი.ჰ–უს 2020 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვალებით მემკვიდრეობის საკითხი მიღებულ იქნა 8 წილად, ამათგან სამკვიდროში წილების გადანაწილდა შემდეგნაირად: 2 წილი - ნ.ჰ–უს (მამკვიდრელის მეუღლე), 3 წილი - რ.ჰ–უს (მამკვიდრებლის შვილი), 3 წილი - ა.ფ.ჰ–უს (მამკვიდრებლის შვილი).

6. ნ.ჰ–უს წარმომადგენელმა გ.დ–ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

7. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში და იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

8. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების (ძალაშია 1998 წლის 15 იანვრიდან) (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე ცნობენ და აღასრულებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად მე-19 მუხლში აღნიშნულ გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტილებაში.

11.სპეციალური კანონის მე-9 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში თუ სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.

12. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.

13. სპეციალური კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომელბიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს როგორც მოძრავ, ისევე უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობას და ზემოთმითითებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში ცნობა-აღსრულებას.

14. სპეციალური კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.

15. სპეციალური კანონის 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს სამართლებრივი დახმარების გაწევაზე უარს ეტყვის, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ჰ–უს შუამდგომლობის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას, უარი უნდა ეთქვას (იხ. სუსგ #ა-4429-შ-113-2018, 26.10.2018 წ.).

16. რაც შეეხება შუამდგომლობის იმ ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებულ მოძრავ ქონებაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

17. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, სპეციალური კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიზანია მის მიერ მიღებულ სამკვიდრო მასაში შემავალი ნივთების საკუთრებაში მიღება, რისთვისაც საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა საკმარისია შუამდგომლობის ავტორის სახელზე დარეგისტრირდეს მოძრავი ქონება (ავტომობილი და წილი საწარმოში) (იხ. სუსგ #ა-4712-შ-95-2015, 29.01.2016 წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19 და მე-20 მუხლებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, 68-ე, 64-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჰ–უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის #2020/388 გადაწყვეტილება, რომლითაც მამკვიდრებლის ი.ჰ–უს 2020 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვალებით მემკვიდრეობის საკითხი მიღებულ იქნა 8 წილად, ამათგან სამკვიდროში წილების გადანაწილდა შემდეგნაირად: 2 წილი - ნ.ჰ–უს (მამკვიდრელის მეუღლე), 3 წილი - რ.ჰ–უს (მამკვიდრებლის შვილი), 3 წილი - ა.ფ.ჰ–უს (მამკვიდრებლის შვილი), იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოში არსებულ მოძრავ ქონებას;

3. ნ.ჰ–უს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, შავშეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის #2020/388 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა დ აღსრულების შესახებ საქართველოში მდებარე უძრავ ქონებებაზე მემკვიდრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური