საქმე №ა-4952-ა-2021 11 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა (დისტანციური რეჟიმით)
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი – ა.ნ–ვი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ვი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ე.მ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით ა.ნ–ვის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩა განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინების ასლი 2019 წლის 6 ივნისს ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის თ.ს–ძის თანამშრომელს (ორგანიზაციის წარმომადგენელი), ლ.გ–ძეს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით უკუგზავნილზე (ტ. 2, ს.ფ. 28). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 ივნისიდან და იმავე წლის 18 ივნისს (სამშაბათი) ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2019 წლის 24 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტ. 2, ს.ფ. 33).
3. საკასაციო სასამართლოს, 2019 წლის 29 ოქტომბერს, განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაში მოცემული მსჯელობა სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის დებულებებს, მაგრამ, იმავდროულად, აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის სასამართლოში წარდგენის თარიღთან დაკავშირებით, კერძოდ, განჩინებაში საჩივრის წარდგენის თარიღად მითითებულია 2019 წლის 24 ივნისი (რაც მიჩნეულ იქნა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებაზე ფოსტის მეშვეობით მოპასუხემ კერძო საჩივარი წარადგინა 2019 წლის 18 ივნისს, რაც დასტურდება განცხადებაზე თანდართული ჩაბარების დასტურით, რასაც ერთვის 2019 წლის 18 ივნისის #37050 ზედნადები.
4. ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებული გარემოების გამო განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის განცხადება დასაშვებად მიიჩნია და მისი განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განსაზღვრა.
6. განცხადების განხილვა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, განმცხადებლის წარმომადგენელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რაც განცხადებაში ჰქონდა აღნიშნული (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), ხოლო ნ.ა–ვის (შემდეგში: მოსარჩელე) წარმომადგენელი დაეთანხმა განმცხადებლის წარმომადგენელს და განაცხადა, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
8. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტას, რომელმაც შემდეგ სასამართლოში მიიტანა გზავნილი, თუმცა საქმის მასალებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური არ დაერთო, რამაც ვადებთან დაკავშირებით უზუსტობა გამოიწვია.
9. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:
- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;
- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
12. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი # 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ N 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, #59498/00).
14. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, მათ შორისაა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას.
16. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით ამ განჩინების მე-15 პუნქტში მოხმობილი არგუმენტი არის საკვანძო საკითხი, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
18. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის პრეტენზია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც არც სასამართლოსთვის და არც კერძო საჩივრის ავტორისათვის არ იყო ცნობილი, წარმოშობს იმის საფუძველს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება, მოპასუხის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გაუქმდეს და საქმის წარმოება კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდეს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ფოსტის მომსახურებით ისარგებლა და მან კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 18 ივნისს გაგზავნა (სსსკ-ის 61.3-ე მუხლი), გზავნილი კი სასამართლოში 2019 წლის 24 ივნისს დარეგისტრირდა, იმგვარად, რომ მას საფოსტო შეტყობინების ბარათი თან არ დაერთო.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება (საფოსტო შეტყობინების ბარათი), რაც სადავო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი შემთხვევა არის სწორედ ისეთი შემთხვევა, რაც განმცხადებლისათვის საპროცესო სამართლებრივად ხელსაყრელი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას განაპირობებს, მისი კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, კერძო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, საკასაციო სასამართლოს წარმოებაშიც კი არ მიუღია განმცხადებლის კერძო საჩივრის პრეტენზია, შესაბამისად, არ შეუფასებია კერძო საჩივრის საფუძვლები, რაც გასაჩივრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება სასამართლო გზით უფლების დაცვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დასაბუთებულია განმცხადებლის პრეტენზია საკუთარი საპროცესო უფლების კანონით დადგენილ ვადაში გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო კერძო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია მოპასუხისათვის, რომელმაც კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, შესაბამისად, განმცხადებლის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება არის ის დასაბუთებული საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, მისი კერძო საჩივარი შესწავლილ იქნეს სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ნ–ვის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს ა.ნ–ვის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე