Facebook Twitter

საქმე №ას-163-2021 28 მაისი, 2021 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზ.ნ–ძე(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ბ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ.ბ–ის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწოვანის მამა) ზ.ნ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, არასწულწოვანის დედა, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ;

2. მამას თავის არასრულწლოვან შვილთან, ბ.ბ–თან (დაბადებული 26.09.2009წ.) ურთიერთობისთვის შემდეგი წესი განესაზღვრა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 14:00 საათიდან სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის უფლებით, 20:00 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით და შაბათს 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანით და იქვე დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი სურვილის გათვალისწინებით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ, ყოველი კვირის ოთხშაბათს სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანის უფლებით, 20:00 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით და პარასკევს, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით, შაბათს 21:00 საათამდე, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი სურვილის გათვალისწინებით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ, 2.2. პუნქტით განსაზღვრულ წესს დაემატა ზამთრის არდადეგებზე, არდადეგების მეორე ნახევარის 7 დღე, ასევე ზაფხულის არდადეგებზე ივლისის დასაწყისის 2 კვირა და აგვისტოს თვის მეორე ნახევრის 2 კვირა, წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და დედის საცხოვრებელი ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი სურვილის გათვალისწინებით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანის დედამ, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით.

4. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი გარემოებები დაადგინა:

4.1. 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული ბ.ბ–ი (ბავშვი) არის მოპასუხისა (აპელანტი) და მოსარჩელის შვილი;

4.2. ბავშვის მშობლები ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან;

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტსა და მოსარჩელეს შორის ქორწინება შეწყდა, ხოლო ბავშვის საცხოვრებელ ადგილად აპელანტის (დედის) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა; თავის მხრივ, მოსარჩელეს (მამას), აპელანტის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

4.4. ამჟამად, ბავშვი დედასთან ცხოვრობს.

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დროებითი განკარგულებით მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი ყოველი კვირის ოთხშაბათი და შაბათი დღე 08:30 საათიდან (სასაწავლო პერიოდში სკოლაში წაყვანის) 20:00 საათამდე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში, მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი: 2018 წლის 25 აგვისტოდან წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებით და 1 სექტემბერს 10 საათზე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, თუმცა ბავშვის წინააღმდეგობის გამო, ეს განკარგულება ჯეროვნად არ სრულდება.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მიუთიტა, რომლის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. ამ ნორმათა შესაბამისად, მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობის, არა მარტო, უფლება, არამედ ვალდებულებაც გააჩნია.

6. მშობლისა და შვილის ჯეროვანი ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის არის აუცილებელი. მშობლის მზრუნველობა, მასთან სიახლოვე ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების, ბუნებითი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, ამ კავშირის რღვევა და, მით უმეტეს, გაწყვეტა უაღრესად მძიმე, ხშირად, მოუშუშებელ სულიერ ტკივილს - ფსიქოლოგიურ სტრესს და ტრავმას იწვევს. ეს ტრავმა ბავშვის ჩამოუყალიბებელი და მოწყვლადი ფსიქიკისათვის განსაკუთრებით რთულად გადასატანია, იგი მის ჯანმრთელობასა და სულიერ სამყაროზე, უმრავლეს შემთხვევაში, არასასურველ და ზოგჯერ გამოუსწორებელ კვალს ტოვებს. ამის გამო, ბავშვის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა შვილისა და მშობლის სრულფასოვანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახელმწიფოს სამართლებრივი ვალდებულებაცაა. კერძოდ, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

7. მშობლებისა და შვილის ურთიერთობის შენარჩუნებას გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რის თაობაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქმეში ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ -CASE OF OLSSON v. SWEDEN (No. 1) - (Application no. 10465/83). მოგვიანებით, საქმეში ზელიხა მაგომადოვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: „სასამართლო იმეორებს, რომ მშობლებისა და შვილების ურთიერთობა (ან - ამ ურთიერთობით მიღებული სიამოვნება), კონვენციის მე-8 მუხლის თვალისაზრისით, წარმოადგენს „ოჯახური ცხოვრების“ ძირითად ელემენტს (იხ. უახლოეს მაგალითად, A.B.V. v. Russia, no. 56987/15, § 68, 2 ოქტომბერი 2018). დღესდღეობით, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, მიღწეული არის ფართო კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტისას უპირველესად მათი ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული (იხ. Neulinger and Shuruk [GC], no. 41615/07, § 135, 6 ივლისი 2010, and X v. Latvia [GC], no. 27853/09, § 96, ECHR 2013). ბავშვის ინტერესი გულისხმობს ოჯახთან მისი ურთიერთობის შენარჩუნებას, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევისა, როცა ეს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას ზიანს მიაყენებს (იხ. მაგ. K.B. and Others v. Croatia, no. 36216/13, § 143, 14 მარტი 2017). ამ ურთიერთობათა შეუნარჩუნებლობა ბავშვის ფესვებიდან მოწყვეტას ნიშნავს, რაც მხოლოდ უაღრესად გამონაკლის შემთხვევაშია დასაშვები (იხ. Görgülü v. Germany, no. 74969/01, § 48, 26 თებერვალი 2004); აუცილებელია მიღებულ იქნას ყველა ზომა პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და ოჯახის „აღსადგენად“ (იხ. Kacper Nowakowski v. Poland, no. 32407/13, § 75, 10 იანვარი 2017). ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მხრიდან, შეძლებისდაგვარად, დედა-შვილს შორის ურთიერთობის შენარჩუნების ვალდებულებაზე (იხ. S.H. v. Italy, no. 52557/14, § 48, 13 ოქტომბერი 2015)“ - (იხ. CASE OF ZELIKHA MAGOMADOVA v. RUSSIA (Application no. 58724/14), § 98). მამისა და შვილის ურთიერთობის თაობაზე იხ. აგრეთვე - AFFAIRE ZAVŘEL c. RÉPUBLIQUE TCHÈQUE (Requête no 14044/05).

8. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამის შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღოს ყველა ზომა სასამართლო პრაქტიკის ევროპის კავშირის სამართალთან დასაახლოებლად. ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს ორივე მშობელთან მუდმივი პირადი ურთიერთობისა და უშუალო კავშირის შენარჩუნების უფლება, თუ ეს მის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის აუცილებლობის თაობაზე მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის (საქართველოს კანონი) 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიც.

9. ამრიგად, მოსარჩელეს (მამას) შვილთან სრულფასოვანი ურთიერთობის უფლება აქვს და ეს უფლება, შეიძლება, მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით შეიზღუდოს. ბავშვის უფლებათა შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება;

ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა;

გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება;

დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა;

ე) ბავშვის მოსაზრებები;

ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა;

ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა;

თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები;

ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე

10. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამ ნორმით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნდა შემოწმდეს.

11. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ურთიერთობის წესი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება მოსარჩელეს (არასრულწოვანისმამას) არ გაუსაჩივრებია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სააპელაციო სასამართლო საჩივარს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იხილავს. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილზე უფრო ხანგრძლივი დროით მამა-შვილს შორის ურთიერთობას ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მის ამოქმედებას სააპელაციო სასამართლო ვერ დაადგენს.

12. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში მამა-შვილს შეეძლებათ ერთმანეთთან ურთიერთობა კვირაში ორჯერ - ყოველი კვირის ოთხშაბათს, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე და შაბათს 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, ე.ი. მხოლოდ დღისით და ისიც, ჯამში, 15 საათის განმავლობაში. საყურადღებოა, რომ შაბათს 12-დან 17 საათამდე მამა-შვილის ურთიერთობის შესაძლებლობას აპელანტიც (ბავშვის დედაც) დაეთანხმა.

13. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ, მამა-შვილს შეეძლებათ ურთიერთობა ყოველი კვირის ოთხშაბათს სასწავლო პროცესის დასრულებიდან - 20:00 საათამდე და პარასკევს, სასწავლო პროცესის დასრულებიდან - შაბათს 21:00 საათამდე, ე.ი. ამ შემთხვევაში, ბავშვი მამასთან სრულყოფილად გაატარებს კვირაში მხოლოდ ერთ დღეს.

14. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ, კი, გარდა ამისა, ბავშვი შეიძლება მამასთან დარჩეს ზამთრის არდადეგებზე 7 დღის, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე, სულ ოთხი კვირის განმავლობაში.

15. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ, გადაწყვეტილების თანახმად, ურთიერთობის წესმა არ უნდა დაარღვიოს ბავშვის ყოველდღიური რეჟიმი და გადაწყვეტილების აღსრულების დროს უპირობოდ უნდა იქნას გათვალისწინებული მისი სურვილი.

16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებითად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სსკ-ის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დედას მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის ხელის შეშლა აეკრძალა, ე.ი. გადაწყვეტილება გამოტანილია აპელანტის (ბავშვის დედის) წინააღმდეგ და, მის მიმართ, იგი, შეიძლება, იძულებით აღსრულდეს; თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, ბავშვის მიმართ, გადაწყვეტილებას იგივე სამართლებრივი ძალა გააჩნია.

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს და, განსაკუთრებით, ბავშვს, აქვს სხვა პირთან, როგორც ურთიერთობის, ისე ურთიერთობაზე უარის თქმის უფლება და, სამართლებრივი ვალდებულების - მაგ. მოწმის სახით გამოცხადება, დასაქმებულის ან მოსწავლის მოვალეობის შესრულება და მისთ. - არარსებობის შემთხვევაში, მისთვის ურთიერთობის იძულება დაუშვებელია. ამის შესაბამისად, ბავშვის მიმართ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი, საკუთარი ნებით და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, გამოხატავს, დადგენილი წესით, მამასთან ურთიერთობის სურვილს. აღნიშნული, თავის მხრივ, ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობასაც გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ბავშვი, თუნდაც გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, დედასთან დაბრუნებას მოითხოვს, მისი სურვილი უნდა შესრულდეს.

18. როგორც აღინიშნა, ამჟამად, მამა-შვილს შორის ურთიერთობა სასამართლოს დროებითი განკარგულებით არის მოწესრიგებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დრო საქმის სასამართლოში განხილვიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სავსებით საკმარისია ამ ურთიერთობის იმ დონეზე მოსაწესრიგებლად, რომ ბავშვმა, მომავალში მამასთან ღამით დარჩენა გადაწყვიტოს. მნიშვნელოვანია, რომ ამას საქმეში არსებული ფსიქოლოგთა ყველა დასკვნა ადასტურებს.

19. საქმეში არ არის იმის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება და ამის თაობაზე არც მხარეებს მიუთითებიათ, რომ სასამართლოს მიერ განსაღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობა ძალადობის ფორმის, მისთვის შეურაცხმყოფელი ან მისი უსაფრთხოებისთვის სახიფათო იქნება.

20. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს აღნიშნულის თაობაზე არც მიუთითებიათ. აპელანტის პოზიციით, მამა-შვილის ურთიერთობის ძირითადი ხელშემშლელი გარემოება ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში არის რამდენიმე დასკვნა, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეამოწმა და იმსჯელა.

21. 2015 წლის 9 თებერვლის „დასკვნა“ შედგენილი არის დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის, გ.ჯ–ის მიერ. ამ დასკვნის შედგენის დროისათვის ბავშვი 5 წლის იყო და მის მშობლები უკვე დაშორებულნი იყვნენ. ფსიქოლოგი აღწერს შემთხვევას, რომელიც მოხდა მისი თანდასწრებით, ასევე მოსარჩელისა (მამის) და მისი შვილის დიალოგს - ბავშვი ამბობს: „ბ. მენატრება, ხოლმე, მაგრამ ქ. არ მიშვებს“. „მამასთან ერთად არის საკმაოდ მხიარული, ზის მის გვერდით (ერთ სავარძელზე), ხშირად უყურებს თვალებში და უყვება ამბებს, შემდეგ სთხოვს: „აუუ, ბ–ა, ძალიან გთხოვ წამოვალ შენთან, ხო დამპირდი წაგიყვანო? მამა - კაი მა, ქ–ს ვუთხრათ და თუ გამოგიშვა წაგიყვან. ბ–ო - აუუუ! (ამ დროს ფეხს ურტყამს მამას) ქ. არ გამომიშვებს! წამიყვანე ძაან გთხოვ. მამა - მა, დაწყნარდი, არაფერი სანერვიულო არაა, ქ–ს ხშირად გამოუშვიხარ, ვეტყვით და გაიგებს“. ამის შემდეგ, მამა-შვილი გადის გარეთ, სადაც არასრულწლოვანს ელოდება დედა, ბ–ო მას ეუბნება: „აუუ, ქ–ი, ძაან გთხოვ ბ–სთან წავალ რაა... დედა - არა, ბ–ო ჯერ მოდი სახლში ავიდეთ, აიღე სათამაშოები და მერე ამოვიდეს ბ. და წადი“. ბავშვი იწყებს ისტერიულ ტირილს, დედა მიდის ოთახიდან და ეუბნება: „კაიიი, მიდი და წადი, მერე ამოგიყვანოს“. ბავშვი ტირილით გარბის ოთახიდან“.

21.1. ფსიქოლოგის დაკვირვებით, ბავშვს გამოხატული ჰქონდა ემოციური გაორება და გააჩნდა მიჯაჭვულობა ორივე მშობლის, უპირატესად კი მამის მიმართ. მას, ამავდროულად, აღენიშნებოდა ემოციური ტრავმატიზების ნიშნები. ბავშვს აღენიშნებოდა მეხსიერების პრობლემა, რაც, მის ასაკში, დაკავშირებული იყო ტრავმატიზებასთან;

21.2. აღსანიშნავია, რომ მამა-შვილის ურთიერთობა ჰგავდა დიალოგს, ისინი ერთობლივად მიდიოდნენ დასკვნებამდე და თანხმდებოდნენ აქტივობებზე, თუმცა, ამავდროულად, საუბარი ხშირად მიდიოდა კონფლიქტისკენ, რა დროსაც საუბრის თემა იყო ბავშვის მამასთან წასვლა და მასთან ურთიერთობის სიმწირე. ბავშვი პროტესტის ნიშნად კითხულობდა, თუ რატომ არ ნახულობდა სხვადასხვა დღეებში მას მამა.

22. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ დასკვნიდან, ცალსახად, დგინდება, რომ ბავშვს მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის სურვილი ჰქონდა და მის ნაკლებობას მძაფრად განიცდიდა. ნათელია, რომ მამასთან მისი დაშორების მიზეზი მშობლებს შორის არსებული დაპირისპირება იყო, თუმცა 5 წლის ბავშვი ამას, ცხადია, სათანადოდ ვერ აღიქვამდა, ამიტომ, აღნიშნულში მამას ადანაშაულებდა და მის მიმართ თანდათან პროტესტის გრძნობა უჩნდებოდა.

23. მომდევნო დასკვნა შედგენილი არის 2016 წლის 11 აპრილს ფსიქოლოგ ქ.ჯ–ის მიერ. ამ დროს ბავშვი უკვე 6 წლის გახდა.ფსიქოლოგს მამისა და შვილის რამდენიმე შეხვედრა აქვს აღწერილი.

23.1. პირველი შეხვედრისას ბავშვი ფსიქოლოგთან მამასთან ერთად მივიდა. თავდაპირველად იგი ავტომობილიდან არ გადადიოდა და მამას სახლში წაყვანას სთხოვდა, თუმცა შემდეგ, თავისით გადავიდა და მამას ჩაეხუტა. ბავშვი თამაშის დროსაც მამას თვალებში უყურებდა და ეხუტებოდა, თუმცა, უცებ, მოიწყინა და წასვლა გადაწყვიტა;

23.2. მეორე შეხვედრის დროს ბავშვი მამას არ შორდებოდა, გვერდზე ეჯდა, ძალიან ბედნიერი და მხიარული იყო, თუმცა, ცოტა ხანში დაიღალა და მამიდასთან წასვლა ითხოვა. ამავდროულად, იგი მამას - „ეხუტებოდა და ეუბნებოდა: არ წამიყვანო ქ–სთან, მერე ქ. შენთან აღარ მიშვებს“;

23.3. მომდევნო შეხვედრებით ფსიქოლოგმა გაარკვია, რომ ბავშვი ასაკისთვის შეუფერებელ კომპიუტერულ თამაშებს იყო მიჯაჭვული. ამ დროს იგი ვერ გრძნობდა შიმშილს და წყურვილს, მისი შეწყვეტისთანავე ხდებოდა აგრესიული და გადადიოდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, მისი შერიგებისათვის კი მამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. ბავშვს ჰქონდა ტიპური მოძალადის პროფილი. იგი გაუცხოებული იყო ბუნებასთან, არ ჰქონდა ურთიერთობა თანატოლებთან, რთულად შედიოდა კონტაქტში მისი ასაკის ბავშვებთან, მათთან გართობა მალევე ბეზრდებოდა, შემდეგ კი მათ მიმართ აგრესიას ავლენდა. სახლში ყოფნა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. იგი შიშით რეაგირებდა დედის სატელეფონო ზარებზე და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მის მითითებებს;

23.4. კვლევის საფუძველზე ფსიქოლოგმა დაადგინა, რომ მამა-შვილს შორის არსებობდა მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობა და ბავშვი მამის გვერდით დაცულად გრძნოდა თავს. ამავდროულად, ბავშვი ემოციურად ტრავმული იყო;

23.5. საყურადღებოდა, რომ მეხსიერების პრობლემები ბავშვს ამჯერადაც აღენიშნებოდა, რაც ფსიქოლოგის დასკვნით, ტრავმატიზებასთან იყო დაკავშირებული.

24. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ ნეგატიურად შეიცვალა ბავშვის მდგომარეობა ერთ წლის განმავლობაში. იგი გახდა საკუთარ თავში ჩაკეტილი, აგრესიული მძიმე ემოციური სტრესიდან გამოსასვლელად უკვე კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება ესაჭირეობოდა; თუმცა, ამის მიუხედავად, მამასთან მიჯაჭვულობა არ დაუკარგავს.

25. როგორც აღინიშნა, 2015 წლის 9 თებერვლის დასკვნის თანახმად, ბავშვის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მამასთან ურთიერთობის სიმცირე იყო. სწორედ ამის გამო, გამოხატავდა იგი პროტესტს, ავლენდა აგრესიას - მამას ურტყამდა ფეხს და იწყებდა ისტერიულ ტირილს; თუმცა, სამწუხაროდ, მამასა და შვილს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ვერ მოხერხდა და ბავშვის პროტესტმაც უფრო მძაფრი და დამაზიანებელი ფორმა მიიღო.

26. საყურაღებოა, რომ ზემოხსენებულს, გარკვეულწილად, ადასტურებს აპელანტის მიერ წარმოადგენილი „ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის“ ფსიქოლოგების- ნ.ჩ–ას, ნ.ს–ძისა და თ.გ–ძის 2016 წლის 21 აპრილის დასკვნაც.

26.1. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ბავშვი იმყოფებოდა შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში და საჭიროებდა ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებას. გარდა ამისა, იგი ავლენდა ინტერნალურ ქცევის სტილს - უცხო გარემოს მიმართ შფოთს.

27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მართალია, ეს დასკვნა ძალზე ზოგადია, ბავშვის ქცევას საერთოდ არ აღწერს და, როგორც ჩანს, ფსიქოლოგები არც მამისა და შვილის ურთიერთობას არ დაკვირვებიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ბავშვის შინაგანი კონფლიქტის, მისი გამოხატულების, ე.ი. უცხო გარემოს მიმართ შფოთვის და ამის საფუძვლის - ოჯახური დაპირისპირების თაობაზე მითითებას მაინც შეიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური დაპირისპირება ბავშვის დედ-მამას შორის მიმდინარეობდა და, ამ დროს, ბავშვი დედასთან იმყოფებოდა, აშკარაა, რომ მისი „შინაგანი კონფლიქტის“ მიზეზი მამასთან განშორება იყო. ამის გამო, ამ „კონფლიქტის“ მოგვარებისა და გადაწყვეტის ძირითად საშუალებას მამა-შვილს შორის ურთიერთობის მოწესრიგება წარმოადგენდა.

28. მომდევნო დასკვნა შედგენილი არის 2018 წლის 20 ივნისს სოციალური მუშაკის, ქ.გ–ძის მიერ. ამ დროს ბავშვი 8 წლის იყო;

28.1. დასკვნის თანახმად, სოციალურ მუშაკთან გასაუბრების დროს ბავშვმა აღნიშნა, რომ მამასთან ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა. იგი ვერ იხსენებდა როდის ნახა მამა. მისი ნახვა არ სურდა, რადგან ნაწყენი იყო. მამა, მასთან ყოფნისას, ეჩხუბებოდა ხოლმე, მაგრამ ბავშვისთვის, მისივე თქმით, ყველაზე უსიამოვნო დედის შესახებ დასმული კითხვები იყო. ის თავისივე სურვილით აღარ მიდიოდა მამასთან, რომელიც მას, ზოგჯერ, სკოლაში ნახულობდა;

28.2. აქვე ასახულია მოსარჩელის განმარტებაც, რომლის თქმითაც იგი ბავშვს, ბოლო პერიოდში, სკოლაში ხვდებოდა და ბოლოს, დაახლოებით, თვენახევრის წინ ნახა.

29. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ დასკვნიდან, ყოველ შემთხვევაში, ის დგინდება, რომ მამა-შვილი ერთმანეთს სკოლაში უთუოდ ხვდებოდნენ. ის, რომ მოსარჩელე ბავშვს „ეჩხუბებოდა“ და „დედის შესახებ კითხვებს უსვამდა“, ნიშნავს, რომ ეს შეხვედრები, მეტ-ნაკლებად მაინც, ხანგრძლივად გრძელდებოდა. ამ ვითარებაში, ძნელად წარმოსადგენია, რომ ბავშვს მამასთან ბოლო შეხვედრის დრო და ვითარება არ დამახსოვრებოდა, მით უმეტეს, თუ ეს სულ რაღაც თვენახევრის წინ მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ან ბავშვს კვლავ მეხსიერების პრობლემები ჰქონდა, ან - მამასთან შეხვედრის თაობაზე საუბარს განზრახ გაურბოდა. დასკვნიდან სწორედ მეორე გარემოება გამომდინარეობს - „დედის შესახებ დასმული კითხვების“ გარდა, მამასთან კონფლიქტის სხვა კონკრეტული საფუძველი ბავშვს არ დაუსახელებია, ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვის გულმავიწყობის, ძირითადი, მიზეზი მშობლებს შორის არსებული დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მხარის არჩევა იყო.

30. არსებითად, იმავე შინაარსისაა სოციალური მუშაკის 2018 წლის 18 ოქტომბრის დასკვნაც, საიდანაც ჩანს, რომ 8 წლის ბავშვი მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის მხარედ იქცა - მამასთან უთიერთობის სიმცირით გამოწვეული პროტესტის, იმედგაცრუების, დედასა და მისი ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტისა და, სავარაუდოდ, არასასურველი ზეგავლენის ფონზე, იგი მამას დაუპირისპირდა. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიის დოქტორის, ნ.გ–ის 2018 წლის 12 ნოემბრის „ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე“.

30.1.გამოკვლევაში ბავშვის მონაწილეობით მომხდარი რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. კერძოდ, 2018 წლის 7 ნოემბერს ფსიქოლოგმა და მოსარჩელემ (ბავშვის მამამ), აპელანტის (ბავშვის დედის) თანხმობით, ბავშვს 55-ე სკოლის შენობაში მიაკითხეს. ბავშვი მათ არ მიესალმა, მამა აგრესიული და უხეში ტონით მოიცილა და, თითქმის, სირბილით დატოვა სკოლის ტერიტორია. მამასთან ფიზიკურ შეხებას - კოცნა, ხელის გადახვევა - იგი ყველანაირად ირიდებდა. მოგვიანებით, ფსიქოლოგს დაურეკა აპელანტმა (დედამ) და, ბავშვის უკიდურესად გაღიზიანებული ემოციური ფონის გამო, უსაყვედურა;

30.2.მეორედ ბავშვი ფსიქოლოგს დედასთან ერთად შეხვდა, თუმცა ბავშვმა სპეციალისტთან საუბარი არ ისურვა, „იჯდა მოღუშული, მოკუმული ტუჩებით, გაღიზიანებული და ცდილობდა საერთოდ არ შეეხედა“ ფსიქოლოგისათვის. რამდენჯერმე ცრემლით გაევსო თვალები, მოკუმა ტუჩები და სახლში წასვლა ითხოვა;

30.3. ფსიქოლოგმა ბავშვთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერც მესამე ჯერზე დაამყარა;

30.4.საბოლოოდ, ბავშვმა ვერ დაასახელა არსებითი მიზეზი, თუ რატომ იქცეოდა „ცუდად“ მამასთან მიმართებაში და რატომ არ სურდა მასთან კომუნიკაცია; აქვე, ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ მოსარჩელესთან (ბავშვის მამასთან) მიმართებით აგრესია გამოავლინა აპელანტმაც (ბავშვის დედამ), თუმცა მიზეზი, თუ რა დააშავა მამამ შვილთან ურთიერთობაში, ვერც მან ახსნა;

30.5. ფსიქოლოგის დასკვნით, ბავშვს აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური ტრავმატიზაციის სიმპტომები - ნევროტიულობა, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ემოციური და ქცევითი პრობლემები. ამის წინაპირობა კიმშობლების კონფლიქტი იყო, რომელსაც არაერთხელ შესწრებია ბავშვი. არსებობდა სერიოზული საშიშროება, რომ დაძაბული ფსიქოემოციური მდგომარეობა ასახულიყო ისეთი ფსიქოსომატური დაავადებების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა ლოგონევროზი, დეპრესიული მდგომარეობები, ფობიები (შიშები), შფოთვითი აშლილობები და სხვ;

30.6. ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დადებითი განწყობები მამასთან მიმართებით, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ცდილობდა დაეფარა ისინი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი შიში დედის მიმართ ან სურვილი, რომ მამასთან ყოფნით არ ეწყენინებინა დედისთვის და არ დაემსახურებინა მისი საყვედური.

31. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა შპს „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი-პერსონას“ ექსპერტ-ფსიქოლოგის, ნ.წ–ის სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;

31.1. ფსიქოლოგმა აღნიშნული კვლევა 2019 წლის 19 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში ჩაატარა, ე.ი. უკანასკნელი კვლევის ჩატარებიდან რამდენიმე თვეში. ეს დასკვნა, სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში, აპელანტის (ბავშვის დედის) თვალთხედვით, ბავშვის მშობლებს შორის კონფლიქტის ისტორიაცაა აღწერილი;

31.2. აღსანიშნავია, რომ, სხვა სპეციალისტებისაგან განსხვავებით, ფსიქოლოგი ნ.წ–ი მამა-შვილის ურთიერთობას არ დაკვირვებია. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ ფსიქოლოგის დასკვნა, მამა-შვილის ურთიერთობის შეფასების ნაწილში - „ამ ეტაპზე მამის და ბავშვის ურთიერთობის წესის განსაზღვრა იმ პერიოდულობით, რომელსაც მამა (მოსარჩელე) მოითხოვს, მიზანშეწონილი არ არის“ - არადამაჯერებლად შეაფასა.

32. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დედის (აპელანტის) ინიციატივით მიწვეული ფსიქოლოგის, ნ.წ–ის მიმართ, ნ.გ–ისაგან განსხვავებით, რომელთანაც ბავშვი „იქცეოდა აგრესიულად (უზრდელადაც კი), აგდებულად, ცდილობდა დისტანცირებას“ - ბავშვი არამოტივირებული, ნეგატიური წინასწარი განწყობით არ გამოირჩეოდა. ეს კი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ადასტურებს ფსიქოლოგ ნ.გ–ის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მის (სპეციალისტის) მიმართ ბავშვის მიუღებლობა „ავტორიტეტის მქონე პირთა მხრიდან არასასურველი ზემოქმედებით იყო ნაკარნახევი“; ასევე, ეჭვქვეშ აყენებს ფსიქოლოგ, ნ.წ–ის მოსაზრებას, რომ „ზოგადად, ბესო დიდად არავის აზრს არ ემორჩილება ბრმად... თავისი ნების წინააღმდეგ არაფერს არ აკეთებს“;

32.1. ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, დედის მონათხრობით, ბავშვის მშობლები განქორწინდნენ, როცა იგი 4 წლის იყო. ოჯახში მშობლებს შორის კონფლიქტები ხშირი იყო, რის გამოც, დედა-შვილმა მოსარჩელის (მამის) სახლი მიატოვეს. ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყებიდან 3 თვის მანძილზე, მამა არ იჩენდა ბავშვის მიმართ ყურადღებას, ხოლო სამი თვის გასვლის შემდეგ, მან ინტენსიური ყურადღების გამოჩენა დაიწყო. ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მამა მონაწილეობას არ იღებდა (არ ზრუნავდა მისი მკურნალობის ხარჯებზე, დასვენებაზე, კვებაზე, ჩაცმაზე). ბოლო ხანებში დაიწყო საჩუქრების მოტანა ბავშვისთვის. ხანგრძლივი დაპირებების შემდეგ, მოუტანა ტელეფონი ოქტომბრის თვეში, რომელიც დეკემბერში კვლავ უკან მოითხოვა... ეს ბავშვმა საშინლად განიცადა, როცა მამამ აჩუქა საახალწლოდ 300 ლარი, ეკითხებოდა დედას, ესეც უკან ხომ არ უნდა დაებრუნებინა.

33. სააპელაციო სასამართლომ ამ განმარტებაში, უპირველდ ყოვლისა, იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დედას უშუალოდ მამა-შვილს შორის არსებული კონფლიქტი არ აღუწერია. როგორც ჩანს, მოსარჩელე და აპელანტი ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა ბავშვი, ჯერ კიდევ, 4 წლის იყო. დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის, გ.ჯ–ისა და ფსიქოლოგ, ქ.ჯ–ის დასკვნებიდან ჩანს, რომ 2015-2016 წლებში, ე.ი. მშობლების დაშორებიდან ორი წლის შემდეგაც მამა-შვილს შორის ძლიერი ემოციური კავშირი შენარჩუნებული იყო (იხ. წინამდებარე განჩინების 21.1-21.2 და 23.1-23.5 ქვეპუნქტები). ეს კი ნიშნავს, რომ მშობლების ერთად ცხოვრების დროს არსებულ დაპირისპირებას მამის მიმართ ბავშვის ნეგატიური განწყობა არ გამოუწვევია. ერთადერთი შემთხვევა, რომელიც უშუალოდ, მამა-შვილის ურთიერთობას ეხებოდა და რომელსაც ბავშვის განაწყენება შეეძლო გამოეწვია - ტელეფონის უკან დაბრუნებაა, რაც 2018 წლის დეკემბერში მოხდა, თუმცა სოციალური მუშაკის, ქ.გ–ძის დასკვნით დგინდება, რომ, ყოველ შემთხვევაში, უკვე 2018 წლის ივნისში, ბავშვს მამასთან შეხვედრა აღარ სურდა. 2018 წლის დეკემბერში მომხდარი მოვლენა იმავე წლის ივნისში, ე.ი. რამდენიმე თვით ადრე ბავშვის განწყობებზე გავლენას, ცხადია, ვერანაირად მოახდენდა;

34. სააპელაციო სასამართლომ ფსიქოლოგიურ კვლევებში აღწერილი ორი საყოფაცხოვრებო შემთხვევა - კომპიუტერით ხანგრძლივად სარგებლობის გამო საყვედური და ერთ-ერთი საქციელის უზრდელურად შეფასება - ზემოხსენებულ შედეგს, თავისთავად, ვერანაირად გამოიღებდა. ფსიქოლოგ, ნ.გ–ის დასკვნის მიხედვით, მამის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები ვერც ბავშვმა და ვერც აპელანტმა ვერ დაასახელეს. განსახილველი შემთხვევა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური კვლევა ხუთი წლის ასაკიდან, პრაქტიკულად, ყოველწლიურად უტარდებოდა და მისი ემოციური განვითარების, მშობლებთან დამოკიდებულების ცვლილებებისათვის თვალის მიდევნება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა ზედმიწევნით ზუსტად არის შესაძლებელი;

35. ფსიქოლოგ, ნ.წ–ის დასკვნიდან ჩანს, რომ ბავშვს შფოთიანობა მცირე ასაკიდან აღენიშნებოდა - ჰქონდა სიბნელის შიში და ითხოვდა დედასთან წოლას, ასევე უნდოდა ძილის დროს ყოფილიყო შუქი ანთებული; თუმცა მცირე ტიკური გამოვლინებები 4 წლის ასაკიდან, ე.ი. მშობლების დაშორების დროიდან დაეწყო;

36. ფსიქოლოგ, გ.ჯ–ის დასკვნიდან დგინდება, რომ 5 წლის ასაკში ბავშვს მამასთან განსაკუთრებული, მომეტებული ემოციური კავშირი ჰქონდა. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვის რეაქცია მამის მიმართ დედის რეპლიკაზე - „დედა მამას: „ეს გაიზრდება! და ისეთი კაცი იქნება, რისი შიშითაც ბევრ რაღაცას ვერ გაბედავ, გაიგე?! დედა გადის ოთახიდან, ბავშვი მამას - ბ. მიყვარხარ, ის გიჟია, შენ მართალი ხარ, ის არ არის“.

37. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებულუი დასკვნების მიხედვით ნათელია, რომ ბავშვის ემოციური კავშირი მამასთან იმდენად ძლიერი იყო, რომ მშობლებს შორის არსებულ დაპირისპირებაში იგი მამის მხარის დაჭერას, მისგან უპირობო თანადგომასა და დახმარების მიღებას ცდილობდა; თუმცა, საბოლოოდ, მამა-შვილს შორის ურთიერთობა სათანადოდ ვერ მოწესრიგდა და უკვე ერთი წლის შემდეგ, ბავშვმა გაუცხოება დაიწყო.

38. ფსიქოლოგ ქ.ჯ–ის დასკვნის მიხედვით, 6 წლის ბავშვი მამას ჯერ ისევ ეხუტებოდა და თვალებში უყურებდა, თუმცა უკვე მისი ნდობის მოპოვება ჭირდა, ხასიათი ეცვლებოდა და მოიწყენდა. იგი მამას ეუბნებოდა: „არ წამიყვანო ქ.სთან, მერე ქ. შენთან აღარ მიშვებს“; თუმცა, თუ ერთი წლის წინ ბავშვი მამასთან დარჩენას ისტერიული ტირილით და ფეხების ქნევით ითხოვდა, ამჯერად მისი სიტყვებსა და ქმედებას - ჩახუტება - თხოვნის სახე ჰქონდა. ამგვარი ცვლილება ბავშვი იმედგაცრუების ცხადი და ნათელი ნიშანი იყო. აქედან ორი წლის შემდეგ, ბავშვმა მშობლებს შორის კონფლიქტში დედის მხარე დაიჭირა, მამასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა კი მას, პირდაპირი მნიშვნელობით, გაექცა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მამის მიმართ ბავშვის ნეგატიური განწყობა არა მოსარჩელის (მამის) გაუმართლებელმა ქმედებამ, არამედ მამა-შვილს შორის არსებული ძლიერი ემოციური კავშირის წყვეტამ, ამით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ და ფსიქოლოგიურმა შოკმა გამოიწვია.

39. ბუნებრივია, ეს იმედგაცრუება და შოკი ბავშვის ფსიქოლოგიაზეც ნეგატიურად აისახა, ეს ყველაფერი კი, მათ შორის, ფსიქოლოგ, ნ.წ–ის კვლევის შედეგებითაც ცხადად დასტურდება. ფსიქოლოგის დასკვნით, ბავშვს მომატებული აქვს ნევროტიზაციის ფონი, ზოგადი გაღიზიანების ზღურბლი. აქვს თვითდამკვიდრებისა და აღიარების ტენდენციები, აღენიშნება ტიკები, სახეზეა ემოციური არასტაბილობის სურათი. ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგთან მუშაობა თვითშეფასების ამაღლების, აგრესიული ტენდენციების კუპირების, ნევროტიზაციის დონის დარეგულირების, პოზიტიური რესურსების აქტივაციის და მამასთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით.

40. ბავშვის ფსიქოლოგიურ შოკს ადასტურებს ისიც, რომ 9 წლის ასაკშიც, იმის მიუხედავად, რომ ჰქონდა საკუთარი ავტომობილის ფორმის საწოლი, იგი მაინც დედასთან იწვა. ბავშვის ეს მოქმედება, ცალსახად, მშობლის დაკარგვის შიშითა და მამასთან განშორების ტრავმით იყო გამოწვეული.

41. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: ა) ბავშვის ფსიქოლოგიური ტრავმატიზება მშობლებს შორის კონფლიქტმა გამოიწვია; ბ) როდესაც მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ, ბავშვი 4 წლის იყო, თუმცა, ფსიქოლოგთა დასკვნებით დგინდება, რომ 5 და 6 წლის ასაკში ბავშვს მამასთან მიჯაჭვულობა შენარჩუნებული ჰქონდა და მასთან ახლო ურთიერთობა სურდა. ამის შესაბამისად, ნათელია, უშუალოდ, მეუღლეთა კონფლიქტს ბავშვისა და მამის ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია; გ) საქმის მასალებით არ დგინდება, რომ 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მოსარჩელემ ისეთი ქმედება ჩაიდინა, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობას განსაკუთრებით დაძაბავდა; დ) ბავშვის მშობლებს შორის, ამ ეტაპზე, კონფლიქტი განსაკუთრებით გამძაფრებული არ არის; ე) ბავშვი დედასთან იმყოფება და მასთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდის. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ მამასთან დაშორებით, მასთან არსებული ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის რღვევით არის გამოწვეული.

42. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგ, ნ.წ–ის დასკვნით ნევროზული სიმპტომატიკის დასარეგულირებლად, ბავშვს ესაჭიროება სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო. ორივე მშობელთან მხარდაჭერითი, მეგობრული კონტაქტი.

43. ფსიქოლოგ, ნ.გ–ის დასკვნითაც ბავშვი საჭიროებს კვალიფიციულ ფსიქოთერაპიულ კურსს, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული მამა და რომელიც დაეხმარება ბავშვს არსებული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მამის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება. ბავშვის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში მონაწილეობის მისაღებად მამას შვილთან სრულყოფილი ემოციური კავშირი უნდა ჰქონდეს. სრულყოფილი ემოციური კავშირის მიღწევა კი, ჯეროვანი ურთიერთობის გარეშე, შეუძლებელია. ამიტომ, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად და მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად მამა-შვილის, შეძლებისდაგვარად, ხშირი, სრულფასოვანი და დამოუკიდებელი ურთიერთობა კრიტიკულად აუცილებელია.

44. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმაზეც, რომ ბავშვმა სასამართლოში გასაუბრების დროს მამასთან შეხვედრასა და ურთიერთობაზე კატეგორიული უარი განაცხადა; თუმცა მისი პოზიციის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ფსიქოლოგ, ნ.წ–ის დასკვნა იმის თაობაზე, რომ:

44.1. „ბავშვს აღენიშნება ხასიათის აქცენტუალიზაცია, ემოუციური არასტაბილობა და ოპოზიციური ქცევითი მიდრეკილებები, მომატებული ნევროტულობა, რაც განპირობებულია მისი ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული ფსიქოტიპის თავისებურებებით და მოწყვლადი ფსიქიკით. ეს მოცემულობა საკმაოდ ხშირად გვხვდება უმწიფარ ფსიქიკის და სუსტი ემოციური კონტროლის ფონზე ნევროტული განვითარების ბავშვებთან. გაძლიერებულად გამოიხატა ბავშვის პროტესტის დემონსტრირებული ფორმისკენ მიდრეკილება, ეგოცენტრიზმი, განსჯის ზედაპირულობა და ქცევის სპონტანურობა,მოვლენების ჰიპერბოლიზებული, სენსიტიური აღქმა. სახეზეა ხასიათის აქცენტუაცია, ემოციური არასტაბილობა და ოპოზიციური ქცევითი მიდრეკილებები.

1.

პროტესტის დემონსტრაციული ფორმისკენ მიდრეკილება. სავარაუდოდ მის ქცევებს

განაპირობებს თავდაცვის და თვითდამკვიდრების პრობლემა, ამ ასაკობრივ ქცევისათვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმი“;

2.

44.2. „სახეზეა ემოციური არასტაბილობის სურათი, რომელიც უფრო მეტად არის აქცენტირებული უმწიფარი ფსიქიკით და ოჯახური დაპირისპირების სენსიტიურად აღქმის ტენდენციებით. ზოგადად, სიტუაციის აღქმისა და გააზრების უნარი ფორმალურია, განსჯით კომპონენტს მოკლებული და კიდევ უფრო გამოხატული ემოციური და ასაკობრივი უმწიფრობის გავლენით. მოვლენების აღქმა ზედაპირულია და პიროვნულ ჭრილში განიხილება. მისი ქცევის მიზეზ შედეგობრივი კავშირების გაანალიზების რესურსი ფორმალური და ზედაპირულია. აქვს ობიექტური რეალობის აღქმაში საკუთარი პასუხისმგებლობის როლის არაცნობიერად განდევნის ტენდენცია“.

45. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვის მიერ გაცხადებული პოზიცია განპირობებულია არა მისი რეალური სურვილებით, თუნდაც, ასაკის შესაფერისი განსჯითა და სინამდვილის აღქმით, არამედ მისი არასტაბულური ემოციური მდგომარეობით, წინააღმდეგობრივი ქცევითი მიდრეკილებებითა და პროტესტის დემონსტრაციულად გამოხატვისკენ სწრაფვით. ამ ვითარებაში, ბავშვის მიერ გაცხადებული ნება მის რეალურ სურვილებს და, მით უმეტეს, ინტერესებს შეიძლება არ შეესაბამებოდეს და მათი საწინააღმდეგოც კი იყოს. ეს ყველაფერი ბავშვთან მოსამართლის გასაუბრების დროსაც ნათლად გამოჩნდა. საყურადღებოა, რომ ბავშვს მოსამართლე მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაესაუბრა. სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებაზე ბავშვმა უარი განაცხადა, რაც დაადასტურეს, როგორც მისმა დედამ, ისე წარმომადგენელმა, ნათია ბერინაშვილმა.

45.1.უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გასაუბრების პროცესში უჩვეულოდ დაძაბული და შებოჭილი იყო. იგი ნეიტრალური შინაარსის კითხვებსაც კი თავს არიდებდა, ხოლო განმეორებითი კითხვის შემდეგ, მისი პასუხები შემოიფარგლებოდა მხოლოდ თავის დაკვრით, ერთი სიტყვით ან მოკლე, ორ-სამ სიტყვიანი ფრაზებით. ამის შესაბამისად, აშკარად ჩანდა ბავშვის პროტესტი მიმდინარე პროცესისა და მასში მისი მონაწილეობის მიმართ.

45.2. მამისადმი ნეგატიური დამოკიდებულების განმაპირობებელი არსებითი მიზეზები ბავშვმა ვერ დაასახელა, თუმცა ის კი დაადასტურა, რომ მასთან, ბოლო პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა - თუ ბავშვს მამასთან ურთიერთობა, გაუცნობიერებლად მაინც, არ სურდა, იგი მას, ცხადია, ტელეფონითაც არ დაელაპარაკებოდა. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების პროცესში, მამის ხსენების დროს, ბავშვი რამდენჯერმე მომეტებულად აღელდა, რაც მოსამართლემაც შეამჩნია და დამშვიდება სთხოვა. ეს კი ადასტურებს, რომ შინაგანად, ბავშვს მამასთან ემოციური კავშირი გააჩნია და მათი სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია.

45.3. მნიშვნელოვანია, რომ, როგორც აღინიშნა, არსებითად, ბავშვი მშობლებს შორის არსებული კონფლიქტში დედის მხარდამჭერად იქცა, ამას კი შეუძლებელია, გავლენა არ მოეხდინა ბავშვის დამოკიდებულებაზე მამის მიმართ.

45.4. გასათვალისწინებელია ფსიქოლოგ, ნ.გ–ის დასაბუთებული დასკვნაც იმის თაობაზე, რომ ბავშვის პოზიციაზე მნიშვნელოვან გავლენას „ავტორიტეტის მქონე პირთა მხრიდან არასასურველი ზემოქმედება“ ახდენდა; ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა: „1995 წელს შვეიცარიის კონფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განაცხადა, რომ ბავშვის მოსაზრება ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული დოზით, მშობლის გავლენითაა შექმნილი. ასეთ დროს უნდა დადგინდეს, მანიპულირებს თუ არა მშობელი ბავშვის აზრით“ (შდრ. „ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო“, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გვ. 86).

46. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით საქმეში არსებული ფსიქოლოგიური კვლევის ყველა შედეგიდან გამომდინარეობს, რომ მამა-შვილს შორის ამჟამად არსებული ვითარების შენარჩუნება ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისათვის ზიანის მომტანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე ბავშვის მიერ გამოთქმული მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, მით უმეტეს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი ბავშვის სურვილების გათვალისწინებით არის დადგენილი.

47. ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს კონვენციის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. ამ ნორმათა თანახმად, ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი მისი ასაკის და, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისა და, რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესების შესაბამისად უნდა იქნას გათვალისწინებული.

48. ზემოხსენებული მიზეზების გამო, ბავშვის უარი მამასთან სრულფასოვან ურთიერთობაზე მოცმეულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ უნდა იქნას. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი მამა-შვილის ურთიერთობის წესი:

ა) არ არღვევს: ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოებასა და ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობას; ბ) არ წარმოადგენს ბავშვის მიმართ ძალადობის რაიმე ფორმას; გ) არ აყენებს მას შეურაცხყოფას და არ უქმნის რაიმე სახის საფრთხეს; დ) ხელ უწყობს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას; ე) პატივს ცემს მის პიროვნებას, ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს - ამ თვალსაზრისით, პალატა იმეორებს, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი სურვილის გათვალისწინებით, რაც, სწორედ, ზემოხსენებულს გულისხმობს.

49. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეფასებულია ბავშვის მოსაზრებები, იგი ითვალისწინებს მშობელთან ურთიერთობას და მასში მითითებულია აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები - ყოველდღიური რეჟიმი და სურვილი. რაც მთავარია, გადაწყვეტილება ემსახურება ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების და აღდგენის მიზანს. სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე, სამართალწარმოების დროს არ გამოვლენილა. ზემოხსენებული მოტივაციით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

50. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

50.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით მოპასუხის (ბავშვის დედის) საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

51. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

52. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი. ამასთან, განსახილველი სადავო საკითხის სპეციფიკურობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არა მხოლოდ კასატორის დასაბუთებული შედავება, არამედ - სსსკ-ის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული წინაპირობების მიხედვით ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ დავებზე, სასამართლოსათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ინკვიზიციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს პროცესუალურსამართლებრივი წინაპირობა განსახილველი დავის არსებითად განსახილველად დასაშვებად.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

54. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

55. კასატორი ითხოვს მოსარჩელის (ბავშვის) მამის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფას. საკასაციო შედავება ძირითადად იმას ეფუძნება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოზარდის განცდა და სურვილი, ისე დაუდგინა მამასთან ურთიერთობა ღამისთევით, რაც წარმოადგენს არასრულწოვანის იძულებას, იქონიოს ურთიერთობა და ღამისთევით დარჩეს მისთვის არასასურველ პირთან; გაუმართლებელია 5 წლის წინ ჩატარებული ფსიქოლოგიური დასკვნებით ხელმძღვანელობა და ბავშვის ნება-სურვილის გაუთვალისწინებლობა; კასატორი უთითებს მისი მოსაზრებით არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ნუმერაციით ჩამოთვლის მათ (გასაჩივრებული განჩინების 4.15.2-4.15.7; 4.16-4.18.1; 4.19.1- 4,20; 4.21-4.21.7; 4.22-4.22.5; 4.23-4.24.3; 4.24.4-4.26; 4.28; 4.29; 4.29.1; 4.29.2;4.30-3.32.1) და ყველა დასახელებული ფაქტობრივი გარემოებაზე შედავების იმ კუთხით წარმოადგენს, რომ „არსებულ რეალობას აცდენილი ფსიქოლოგიური დასკვნების ფორმატში“ ბავშვის მამის მიმართ არსებული დამოკიდებულების სასამართლოსეული შეფასება ეფუძნება 4-5 წლის წინანდელ დასკვნებს, რომლითაც უგულებელყოფილია არა მხოლოდ ბავშვის ზრდის დინამიკა, არამედ- ბავშვის ინტერესები; სასამართლომ არ გაითვალისწინა სოციალური სააგენტოს ფსიქოლოგის ნ.პ–ის მოსაზრება, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ გამოკითხვის დროს ბავშვი არ იმყოფებოდა რაიმე სახის ზემოქმედების ან/და რომელიმე პირის ზეგავლენის ქვეშ და მისი მოსაზრებები რეალურად ასახავდა ბავშვის განწყობას მამასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

56. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს ზოგადად იმ მტკიცებულებათა სანდოობაზე (ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკის დასკვნებზე), რომლებზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური ტრავმატიზება მშობლებს შორის კონფლიქტმა გამოიწვია; დადგენილია, რომ ა) ბავშვის ფსიქოლოგიური ტრავმატიზება მშობლებს შორის კონფლიქტმა გამოიწვია; ბ) როდესაც მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ, ბავშვი 4 წლის იყო, თუმცა, ფსიქოლოგთა დასკვნებით დგინდება, რომ 5 და 6 წლის ასაკში ბავშვს მამასთან მიჯაჭვულობა შენარჩუნებული ჰქონდა და მასთან ახლო ურთიერთობა სურდა. ამის შესაბამისად, ნათელია, უშუალოდ, მეუღლეთა კონფლიქტს ბავშვისა და მამის ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია; გ) საქმის მასალებით არ დგინდება, რომ 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მოსარჩელემ (ბავშვის მამამ) ისეთი ქმედება ჩაიდინა, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობას განსაკუთრებით დაძაბავდა; დ) ბავშვის მშობლებს შორის, ამ ეტაპზე, კონფლიქტი განსაკუთრებით გამძაფრებული არ არის; ე) ბავშვი დედასთან (კასატორთან) იმყოფება და მასთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდის. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ მამასთან დაშორებით, მასთან არსებული ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის რღვევით არის გამოწვეული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-40 მუხლი).

57. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებშია არაერთი მტკიცებულება, ფსიქოლოგების, როგორც შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე პირების, დასკვნები ჩატარებული 2015 წლის 9 თებერვლიდან დაწყებული, როდესაც ბავშვი 5 წლის იყო, 2019 წლის 19-31 იანვრის პერიოდის ჩათვლით, რომლებშიც ბავშვზე დამოუკიდებლად, ასევე ბავშვისა და მამის ურთიერთობაზე დაკვირვების შედეგად მოკვლეული გარემოებებია აღწერილი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2019 წლის 20 ნოემბერს, სწორედ დინამიკის გათვალისწინებით მომზადებული დასკვნებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი დასკვნის მომზადებიდან ერთ თვეზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ (იხ. წინამდებარე განჩინების 21.1-21.2; 23.1-23.5; 25-ე, 27-ე, 29-ე, 30-ე პუნქტები; რომელთაგან 30.1-30.2 ქვეპუნქტებში ასახული ნ.წ–ის დასკვნა არადამაჯერებლად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ). პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მოისმინა არასრულწლოვანის აზრი (იხ. 44-45-ე პუნქტები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა დაფუძნებული და არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს მამა-შვილის ურთიერთობის წესებს, რაც არ შეიძლება ბავშვზე იძულებად შეფასდეს, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის მოსაზრების მოსმენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის, მისი სურვილის, მოწიფულობის, აღქმისა და გადმოცემის უნარის, ასევე, სხვა ფაქტორების გათვალისწინება, რათა მისივე საუკეთესო ინეტერესებიდან გამომდინარე არ მოხდეს ბავშვის ტრავმირება სასამართლოში არაერთხელ მისვლისა და მოსაზრების მოსმენის სახით, ისევე, როგორც დაუშვებელია დაუსრულებლად ჩატარდეს ფსიქოლოგიური კვლევები, რაც შესაძლოა დროის თვალსაზრისით გახანგრძლივდეს და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებლად გაჭიანურდეს.

58. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, „შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ“, ხოლო 1202-ე მუხლის თანახმად, “1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები”. სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

59. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს“ (იხ. სუსგ N ას-440-2020, 13.04.2021წ.).

60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინეტერსებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შენარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცმეულ შემთხვევაში - მამასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს (მამას) ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ-ები: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ.).

61. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

62. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება პრიორიტეტული მნიშვნელობა ჰქონდეს მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები: Nას-198-2019, 28.05.2019წ.; N ას-440-2020, 13.04.2021წ.).

63. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით, ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პიროების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება.

64. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრის განსაზღვრასა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვაში გამოიხატება (სსსკ-ის 354.1-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის ძირითადი არგუმენტი იმას ეხება, რომ ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიღებული გადაწყვეტილება მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, რაც ბავშვის ნების არარსებობის პირობებში, მასზე იძულებად უნდა შეფასდეს. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ 1988წ., და მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან ,თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი (იხილეთ ჰოკანენი, ციტირებულია ზემოთ, § 58). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი(No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი)“ -იხ. ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი # N. 71776/12; 02.02.2016წ.

65. მშობლის უფლების შემზღუდავი ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (სსკ-ის 1205-1207-ე მუხლები), თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით მოსარჩელის (მამის) უფლების -ჰქონდეს შვილთან სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ურთიერთობა - შეზღუდვის დამწესებელი გარემოებები არ გამოვლენილა და შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ არასრულწლოვანის კანონით დაცული უფლება, იქონიოს კავშირი მამასთან, თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ინტერესთან - ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი წინაპირობა იმისა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

66. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“ (იხ: სუსგ-ები # ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; # ას-53-51-2016, 06.07.2016წ; #ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ.).

67. საკასაციო სასამართლო მხარეთა საყურადღებოდ განმარტავს, რომ ნებისმიერ დავაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება უპირატესობა და ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სავსებით დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განმარტებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა ბავშვის, როგორც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მფლობელ სუბიექტად აღიარება და არა მისი დაცვის ობიექტად მიჩნევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ - იხ. სუსგ- ები: N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-861-2019, 03.10.2019წ; N ას-1232-2019, 05.06.2020წ.

68. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ.), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი (იხ. სუსგ-ები N ას-1232-2019, 05.06.2020წ; N ას -1149-1081-2015, 06.05.2016წ.)

69. კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რამდენადაც ის შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს და მიიღოს მათი მხრიდან ზრუნვა (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი); მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება( შეად. სუსგ N ას-1232-2019, 05.06.2020წ.).

70. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო განაცხადი; ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეებზე, საკასაციო სასამართლო თავისი ინიციატივითაც იკვლევს გარემოებებს, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობისათვის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით არსებობს საკმარისი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებისათვის.

71. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.ნ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, თ.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N34620010, გადახდის თარიღი 2021 წლის 29 მარტი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე