Facebook Twitter

საქმე №ას-226-2021 18 ივნისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ა. "მ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბმა „მ–ის“ სარჩელი ნ.ლ–იას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, კრების ოქმის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 63-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.

3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2020 წლის 23 ოქტომბერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, სსსკ-ის 216.3 მუხლით დადგენილი წესით, 2020 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილით გაფრთხილებული იქნენ მოპასუხის წარმომადგენლები - ე.მ–ძე და ზ.ჯ–ა ( ს.ფ. 238).

3.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 25 იანვარს (ს.ფ. 274-287).

3.3. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული ცნობის საფუძველზე, გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, 2020 წლის 31 დეკემბერს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით მიმართული ჰქონდათ სასამართლოსათვის კანონით დადგენილ 20-დან 30 დღემდე ვადაში განცხადებით გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ. ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება სატელეფონო კომუნიკაცია სასამართლოს მოხელესთან გადაწყვეტილების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რა დროსაც სასამართლომ შეუზღუდა მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გამოცხადება და განცხადების წარდგენა;

3.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს კანონით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში, დადგენილ ვადაში არ მიუმართავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, შესაბამისად მხოლოდ ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, ვერ გახდება გასაჩივრების ვადის ჩაბარებიდან ათვლის საფუძველი. ამიტომ მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო 2020 წლის 25 ნოემბერს და დასრულდა 2020 წლის 8 დეკემბერს 24:00 საათზე.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

5. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მის მიერ არაერთხელ იქნა მოთხოვნილი გადაწყვეტილების ჩაბარება, რა დროსაც, სასამართლოს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტის კერძო საჩივარი განსახილველად მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 25 ნოემბრიდან და 2020 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ხოლო, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 25 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქედან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ - სასამართლოს მიზეზით.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

10. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (შეად. სუსგ #ას-1535-2019, 19.12.2019 წ., #ას-938-2019, 25.07.2019 წ., #ას-675-2019, 28.06.2019 წ., #ას-1853-2018, 27.02.2019 წ.).

12. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, ივარაუდება, რომ სასამართლოს მზად ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილება. ამასთან, თუ საქმის მასალების შეფასებით საპირისპირო გარემოება დადასტურდება, მაშინ გაქარწყლდება ზემოხსენებული პრეზუმფცია და, დაინტერესებული პირის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიუხედავად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, როგორც ზემოთ ითქვა, მისი ჩაბარების მომენტიდან დაიწყება.

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა, საქმის მასალებშია განთავსებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივნის მიერ შედგენილი ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2020 წლის 31 დეკემბერს მომზადდა (ს. ფ. 269). შესაბამისად, გასაზიარებელია მოპასუხის მოსაზრება, რომ იგი სთხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემას, მაგრამ, მისივე განმარტებით, ვერ მიიღო. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხესთან გადაწყვეტილების გაგზავნის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ ჰქონდა, თავად გაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი მას (ს. ფ. 270), რაც დამატებით უმყარებს საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის ჩაბარების დღიდან უნდა დაიწყოს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის ჩაბარებიდან. შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ლ–იას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ნ.ლ–იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური