საქმე №ას-1405-2020 16 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე, ბმა გ–ი, თ.გ–ძე, ა.ჭ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულების და კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ვ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ.თ–ძის, თ.გ–ძის, ა.ჭ–ძისა და ბმა „გ–ის“ წინააღმდეგ, კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78 მუხლები მოიხმო და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2020 წლის 22 სექტემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, რადგან მისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის უცნობი იყო.
7. მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას პირადად არ ეცნობა სხდომის თაობაზე, მის ადვოკატს კი უფლებამოსილების ვადა სხდომის წინა დღეს ამოეწურა. მიუხედავად ამისა, აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მისაღებში განთავსებულ ყუთში მოათავსა განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სათანადო და შესატყვისი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. აპელანტს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოებისათვის არ წარუდგენია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას აპელანტის (წარმომადგენლის) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე ემსჯელა. რაც შეეხება საავადმყოფო ფურცელში, რომელიც 2020 წლის 22 სექტემბერიდან 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლითაა გაცემული, არ არის მითითებული, რომ ადვოკატ მ.ნ–ძეს 2020 წლის 22 სექტემბერს 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო. ასევე ამ მტკიცებულების არასათანადოობაზე ისიც მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მის წარმომადგენელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და იგი ახალი წარმომადგენლის დაქირავებას ვერ მოასწრებდა (მინდობილობა, ს. ფ. 71). აქედან გამომდინარე, თავად აპელანტი აცხადებს, რომ ადვოკატ მ.ნ–ძეს იგი 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე არ უნდა წარმოედგინა (შეად. სუსგ #ას-752-2019, 02.08.2019 წ.).
14. სსსკ-ის 215.3-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც მხარე თვითონაც არ ხდის სადავოდ. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოპასუხეთა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადვოკატ მ.ნ–ძისათვის მინიჭებული მინდობილობის ვადა 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2020 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედებდა. 2020 წლის 22 სექტემბრის სხდომის თაობაზე მოსარჩელის ადვოკატს 2020 წლის 24 აგვისტოს ეცნობა, ანუ ის იყო მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელ;ი (ს. ფ. 351). კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს ფაქტს იმის შესახებ, რომ მან სხდომის თაობაზე საკუთარი ადვოკატისაგან შეიტყო.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ვ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური