საქმე №ას-1046-2019 1 აპრილი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ნ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით: ნ.ა–ვის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ა.ნ–ვის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით. კერძოდ, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2018 წლის 19 ნოემბერს, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 20 ნოემბერს და, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2019 წლის 19 დეკემბერს. შესაბამისად, სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 3 იანვარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 8 იანვარს წარადგინა, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევით.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და თანდართული მასალა საქალაქო სასამართლოში ფოსტით გადაიგზავნა 2019 წლის 3 იანვარს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოში - სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 8 იანვარს დარეგისტრირდა, თუმცა მას არ დაერთო საფოსტო ბარათი. ამდენად, სსსკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოპასუხისთვის გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 20.12.18წ. და ამოიწურა 03.01.19წ.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რადგან საააპელაციო საჩივარი სასამართლოს ფოსტით გაუგზავნა 14-დღიანი ვადის ბოლო დღეს.
14. ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია კერძო საჩივარზე დართული ცნობა შპს „ს.ე–დან“, რომლის თანახმად მოპასუხის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოში გასაგზავნი სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2019 წლის 3 იანვარს ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ Nას-1693-2019, 10.02.2020; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-320-2019, 24.04.2019).
16. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ნ–ვის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ა.ნ–ვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე