საქმე №ას-587-2021 19 ივლისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს ,,P.D.G "
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ა (ს–ი)
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.გ–ამ (ს–მა) (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,P.D.G "-ის (შემდგომ - მოპასუხე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 130 896 აშშ დოლარისა და 10 800 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, ........... ქუჩა №3-3ა-ში მდებარე №1 კომერციული ფართისა (მშენებარე, სართული №1 -112.75 კვ.მ. ფართი, ანტრესოლი - 104.24 კვ.მ ფართი, ს/კ. .......) და თბილისში, ........... ქუჩა №3-3ა-ში მდებარე №5 კომერციული ფართის (მშენებარე) (სართული №1 101.98 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 87.02 კვ.მ ფართი, ს/კ. .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 71 160 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 16 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - თბილისში, ........... ქუჩა №3-3ა-ში მდებარე №1 კომერციული ფართსა (მშენებარე, სართული №1-112.75 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 104.24 კვ.მ ფართი, ს/კ. ......) და თბილისში, ........... ქუჩა №3-3ა-ში მდებარე №5 კომერციული ფართის (მშენებარე, სართული №1 101.98 კვ.მ. ფართი, ანტრესოლი - 87.02 კვ.მ ფართი, ს/კ. ........) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შეცვლა ალტერნატიული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის - 73 345 ლარის (71160+2135+50=73345) შეტანით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში (მოპასუხისათვის 101 496 აშშ დოლარისა და 9 300 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში), უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა 69 660 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის (თანხის დეპოზიტზე განთავსების) თაობაზე მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი მოპასუხემ 2021 წლის 13 მაისს საჩივრით გაასაჩივრა.
8. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ორმა ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე და ის მხოლოდ 69 660 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საკითხი არის პროპორციულობის კრიტერიუმით შესაფასებელი - რამდენად თანაზომიერად არის დაცული მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები; ასეთი შეფასების შემთხვევაში კი, 73 345 ლარის დეპოზიტზე განთავსება სრულად უზრუნველყოფს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
10. განცხადებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ძირითად მოტივად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მართალია, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და მისი დაკმაყოფილებული ნაწილი ნაკლებია განმცხადებლის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე განსათავსებლად შეთავაზებულ თანხაზე - 73345 ლარზე, თუმცა არ იყო გასული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და, შესაბამისად, არ იყო გამორიცხული მოსარჩელის მიერ პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის წარდგენა (მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით). ამ პირობებში კი, პალატამ უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
11. საჩივრის ავტორმა 2012 წლის 14 ივლისს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა გავიდა და, რაკი მოსარჩელეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 196-ე მუხლი (მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე) ადგენს მხარეთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე) კი, გარანტირებულია მოპასუხის უფლება, სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალურად განხორციელების სწრაფ და ეფექტიან საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს - მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული და ადეკვატური უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანი და რისკები.
15. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება კი, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლაა, რა დროსაც სასამართლო ამოწმებს, რამდენად საფუძვლიანია მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ან მისი განუხორციელებლობით მიადგება თუ არა ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს. სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება.
16. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 130 896 აშშ დოლარისა და 10 800 ლარს დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 71 160 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 69 660 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხემ გაასაჩივრა სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, საკასაციო პალატა, იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვის დროისთვის მოსარჩელის მიერ მოგებული მოთხოვნის ღირებულება არ აღემატება 69 660 ლარს და ამ თანხის გაზრდის შესაძლებლობაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში აღარ არსებობს, რამდენადაც მოსარჩელეს საკასაციო საჩივარი არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264-ე მუხლი).
17. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს რა ერთი მხარის მოთხოვნის აღსრულებადობას, აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად არ უნდა განხორციელდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა მიზანშეწონილია, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა, საკასაციო ინსტანციაში კი დავის საგანი 69 660 ლარია, 73 345 ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, უზრუნველყოფს როგორც გადაწყვეტილების აღსრულებას, ისე მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას.
18. ამდენად, უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობას განპირობებს საქმეზე ზემოაღნიშნული შეცვლილი გარემოებები და უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის - 73 345 ლარის განთავსება საკასაციო პალატას უზენაეს სასამართლოში დავის საგნის ადეკვატურად მიაჩნია. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა უნდა შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 73 345 ლარის განთავსებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,P.D.G ”-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინება;
3. შპს ,,P.D.G ”-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,P.D.G ”-ს დაევალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის - 73 345 ლარის განთავსება;
5. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 73 345 ლარის განთავსების შემდგომ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს - შპს "P.D.G ”-ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, ........... ქუჩა №3-3ა-ში მდებარე №1 კომერციული ფართისა (მშენებარე, სართული №1 -112.75 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 104.24 კვ.მ ფართი, ს/კ. ......) და თბილისში, ........... ქუჩა №3-3ა-ში მდენარე №5კომერციული ფართის (მშენებარე, სართული №1 101.98 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 87.02 კვ.მ ფართი, ს/კ. ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
მ. ერემაძე
გ. მიქაუტაძე