Facebook Twitter

საქმე №ას-1120-2020 27 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ე–მა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის შპს "ე–მას" წინააღმდეგ, დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება კერძო საჩივრის ავტორისთვის, კერძო საჩივარსე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს, ხოლო მის ავტორს გადახდილი აქვს 150 ლარი.

იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კერძო საჩივრის ავტორისთვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის დაბრუნების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ე–მას" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (საგადახდო დავალება №1593590993, გადახდის თარიღი 2020 წლის 1 ივლისი);

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე