საქმე №ას-1085-2020 6 ივლისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ი–ი, ზ.ბ–ი, მ.თ–ძე და კ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც “უძრავი ქონება”, “თანასაკუთრებაში არსებული ქონება”, “სადავო ქონება”) თ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“), ლ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), ზ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“), ლ.ლ–ძისა და მ.გ–ძის თანასაკუთრებაა.
2. მოსარჩელის სახელზე ირიცხება უძრავი ქონების 3/15 ნაწილი, მ.გ–ძის სახელზე - 4/15 ნაწილი, ლ.ლ–ძის სახელზე - 3/15 ნაწილი, პირველი მოპასუხის სახელზე - 1/9 ნაწილი, ხოლო მეორე მოპასუხის სახელზე - 2/9 ნაწილი. თანასაკუთრება შედგება: ფართი - 60 კვ.მ., შემოსასვლელი - 6.00 კვ.მ., დერეფანი - 6 კვ.მ., სამზარეულო - 6 კვ.მ., აბაზანა-საპირფარეშო - 4.60 კვ.მ., საკუჭნაო - 10 კვ.მ., ლოჯია - 16 კვ.მ..
3. სადავო ქონება საჯარო რეესტრში მ.თ–ძის და კ.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, „მეოთხე მოპასუხე,“ დანარჩენ მოპასუხეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „კასატორები“) საკუთრებაში არ ირიცხება, თუმცა, ისინი ცხოვრობენ დედასთან, პირველ მოპასუხესთან ერთად და სარგებლობენ მისი კუთვნილი ფართით.
4. სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათი მხრიდან უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. მოსარჩელის განმარტებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების დღიდან მოპასუხეები ხელს უშლიან სარგებლობაში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლა.
6. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.07.2020წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ თითოეული მესაკუთრე ვალდებულია, პატივი სცეს თანამესაკუთრის უფლებას - ისარგებლოს კუთვნილი წილით და ზიანი არ მიაყენოს მას.
7.2. მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოება, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრება იდეალური წილის სახით არსებობს და მას რეალური წილი გამოყოფილი არ აქვს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ გამორიცხავს სარგებლობის უფლებას.
7.3. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170.1, 170.2, 173-ე, 953-ე, 955.2 მუხლები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება - ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
8.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები ხელს უშლიან მოსარჩელეს კუთვნილი წილის ფლობაში. საკითხის ამგვარად შეფასება არასწორია, რადგან არ არის დადგენილი - კონკრეტულად რომელი ფართის მესაკუთრეა მოსარჩელე.
8.2. სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, კუთვნილი წილის შესაბამისი რომელი ფართის სარგებლობაში არ უნდა შეუშალონ მოპასუხეებმა ხელი მოსარჩელეს. სასამართლოს განჩინება ზოგადი ხასიათის მსჯელობას შეიცავს და კონკრეტიკას მოკლებულია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.04.2021წ. განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად კანონიერად დააკმაყოფილა სასამართლომ ნეგატორული სარჩელი, კერძოდ, რამდენად მართებულია სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვება.
13. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
14. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
15. ამ ტიპის სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, №ას-1250-2018, 21.12.2018; №ას-1041-998-2014, 12.02.2016; №ას-843-809-2016, 26.10.2016).
16. კასატორებს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენიათ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიმართ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა (საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე ირიცხება უძრავი ქონების 3/15 ნაწილი, მ.გ–ძის სახელზე - 4/15 ნაწილი, ლ.ლ–ძის სახელზე - 3/15 ნაწილი, პირველი მოპასუხის სახელზე - 1/9 ნაწილი, მეორე მოპასუხის სახელზე - 2/9 ნაწილი. რაც შეეხება მესამე და მეოთხე მოპასუხეებს, ისინი პირველი მოპასუხის ოჯახის წევრები არიან და ცხოვრობენ მასთან ერთად) და იგი, მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
17. სსკ-ის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 955-ე მულის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორების მითითება მასზე, რომ საზიარო უფლების გაუქმების გარეშე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ არ არის დადგენილი - კონკრეტულად რომელი ფართის მესაკუთრეა მოსარჩელე. სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგებისას ამოსავალია ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების არსებობის ფაქტის დამტკიცება და არა ის, მისი წილი რეალურია თუ იდეალური. ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვის მოთხოვნა იდეალური წილის მესაკუთრესაც აქვს (შდრ. №ას-230-230-2018, 23.05.2019).
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1723-2019, 19.03.2020; №ას-876-843-2016, 20.01.2017).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% –105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ი–ის, ზ.ბ–ის, მ.თ–ძის და კ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.ი–ს (პ/ნ .......), ზ.ბ–ს (პ/ნ .......), მ.თ–ძეს (პ/ნ.......) და კ.თ–ძეს (პ/ნ ......) უკან დაუბრუნდეს კ.თ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 10575341174, გადახდის თარიღი 10.03.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე