Facebook Twitter

საქმე №ას-892-2020 5 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი .“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „გ“-მა (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, მენარდე ან კომპანია) 2017 წლის 3 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/220 ხელშეკრულებით, აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის (შემდეგში: მოპასუხე, მერია, შემკვეთი, აპელანტი ან კასატორი) გაეწია მომსახურება, რაც გულისხმობდა ქ.თბილისში, ..... და ..... ქუჩის დამაკავშირებელი .... გზატკეცილზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 229 894.85 ლარით.

2. ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ნერგების მიწოდება-დარგვა ხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (3.2.2 პუნქტი).

3. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის საფუძველზე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის (მათ შორის შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში) გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.

4. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო არსებული მცენარეების 100%-იანი გახარება მოვლა-პატრონობის პერიოდში (გარდა მიზანმიმართული მექანიკური დაზიანებისა და ქურდობის ფატებისა) და ამავე პერიოდში გამხმარი მცენარეების ჩანაცვლება ახლით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ხელმოწერიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი (ხელშეკრულების 2.5. პუნქტი).

5. ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე 2017 წლის 10 ნოემბრის შეთანხმებით დამატებით განხორციელდა სარწყავი სისტემის მოწყობა, რაც თავდაპირველი ხელშეკრულების დადების დროს არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, უნალექობამ გამოიწვია გვალვა, რის გამოც გაიზარდა მორწყვის რეჟიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება გაიზარდა 20 417,33 ლარით და განისაზღვრა 229 894,85 ლარი (თავდაპირველი ღირებულება - 209 423.52).

6. მხარეთა 2018 წლის 10 აპრილის შეთანხმებით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენელების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

7. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე 2019 წლის 31 იანვრის შეთანხმებით, ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 30 კალენდარული დღით და ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 2019 წლის 02 მარტის ჩათვლით “.

8. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 17 ოქტომბრის წერილით, კომპანიას ეცნობა, რომ დანაკლისი ხეების 100%-იანი ჩანაცვლება უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 05 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. აღნიშნული წერილის პასუხად, კომპანიამ მოითხოვა დაზუსტება, თუ რა სახეობისა და რა რაოდენობის მცენარეები იყო ჩასანაცვლებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესასრულებლად.

9. შემკვეთმა, 2018 წლის 25 დეკემბრის წერილით აცნობა მენარდეს, რომ არსებული დანაკლისი შეადგენდა - 945 ბუჩქოვანსა და 410 ახალგაზრდა ხე-მცენარეს, რომლის ჩანაცვლებაც 2018 წლის 28 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო. აღნიშნული წერილის პასუხად, მენარდემ განმარტა, რომ ვალდებულება ჯეროვნად აქვს შესრულებული, მოსაწყობ ტერიტორიაზე, მცენარის ხმობის ფაქტი არ გამოვლენილა, ხოლო, ნარგავების დაზიანებისა თუ ქურდობის ფაქტზე კომპანია არ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს.

10. მერიის 2018 წლის 3 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ ხე-მცენარეთა დარგვისა და ჩანაცვლებითი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

11. საქმეში არსებული 2019 წლის 25 თებერვლის აქტით დგინდება, რომ კომპანიამ, ხელშეკრულების შესაბამისად, 2019 წლის 18 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით ჩაანაცვლა 410 ხე და 945 ბუჩქი.

12. კომპანიას, 2019 წლის 1 მარტის წერილით ეცნობა, რომ ხე-ბუჩქნარის ჩანაცვლების 57 დღით ვადაგადაცილების გამო დაკისრებული ჰქონდა პირგასამტეხლო 6 552 ლარი.

13. სარჩელის მოთხოვნა

13.1. მერიამ სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 6 552 ლარის დაკისრება მოითხოვა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

16.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

16.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა-ახსნა განმარტებების გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობდა პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

16.4. დადგენილი იყო, რომ 2019 წლის 31 იანვარს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად „არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“, ცვლილება შევიდა თავდაპირველი ხელშეკრულების 2.5. პუნქტში და მისი მოქმედების ვადა გაიზარდა 30 კალენდარული დღით და გაგრძელდა 2019 წლის 2 მარტის ჩათვლით.

16.5. ამდენად, 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - ახალი მცენარეებით ჩანაცვლება, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებდა, შესაბამისად, სწორედ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლო დღეს არსებული შეთანხმება „ხელშეკრულების მოქმედების ვადის“ კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელებაზე, ასევე 2019 წლის 25 თებერვლის აქტი, რითაც მერიამ მიმწოდებლისგან მიიღო შესრულებული სამუშაო და ასევე ის გარეოება, რომ იმავე პერიოდში არ ყოფილა საბანკო გარანტია გამოთხოვილი, ადასტურებს, რომ დამკვეთმა მიიღო შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაო მისი თანხმობით ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე.

17. მერიის საკასაციო საჩივარი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

17.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა ერთი და იგივე იყო. აქედან გამომდინარე არასწორადვე დაადგინეს, რომ ვალდებულება ჯეროვნად და დათქმულ ვადაში შესრულდა.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

22. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას პირგასამტეხლოს ფუნქციასა და მიზანზე გაამახვილებს და განმარტავს, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის დასახელებული საშუალება აქცესორული ხასიათისაა, რომლის განხორციელებაც ძირითადი ვალდებულების არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული.

23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული თავდაპირველი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არაერთხელ გაგრძელდა „არსებული საჭიროებიდან გამომდინარე“. საბოლოოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვარს გაგრძელდა 2 მარტამდე, ამასთან, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიზნით, მერიის მიმართვის პასუხად, კომპანიამ 2019 წლის 18-23 თებერვლის პერიოდში მითითებული ხე-ბუჩქნარი შესაბამისი რაოდენობით ჩაანაცვლა, რაც დადგენილია და არ დავობენ მხარეები, აღნიშნულს ადასტურებს მხარეთა შორის გაფორმებული 2019 წლის 25 თებერვლის აქტი, ვალდებულების შესრულების შესახებ.

24. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კომპანიამ, თავდაპირველი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა, ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, გამხმარი ხე-ბუჩქნარი ჩაანაცვლა, შესაბამისად გაუგებარი და დაუსაბუთებელია ვალდებულების შესრულების პირობებში, ხელშეკრულების შესრულების ვადისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გამიჯვნით მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარე ვერ ასაბუთებდა, თუ რას ემსახურება აღნიშნული სახის გამიჯვნა.

25. კასატორი, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე