საქმე №ას-152-2021 8 აპრილი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ს–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – გადასახდელი თანხის შემცირება და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, სს „თ–ის“ წინააღმდეგ, გადასახდელი თანხის შემცირებისა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი; ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა იმ ოდენობით, რომ უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით, ჯამში გადახდილ სახელმწიფო ბაჟსშეედგინა 94 000 ლარის 4% ლარში ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, - შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა.
3.2. აღნიშნული განჩინება აპელანტი კომპანიის ოპერატორს, შ.ბ–ს 2020 წლის 17 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა.
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად.
3.4. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
3.5. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმის გამო, რომ ოპერატორ შ.ბ–ისათვის გზავნილის ჩაბარება სსსკ-ის 73.8-ე მუხლის დანაწესს ეწინააღმდეგება. ამასთან, საფოსტო დასტურზე დატანილი ხელწერა შ.ბ–ს არ ეკუთვნის, ამის გამო კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს წინაშე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებაც კი იშუამდგომლა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის კერძო საჩივარი განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის შევსების მიზნით მას დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 94 000 ლარის 4 %, უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
10. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა. საქმის მასალებში ს. ფ. 273-ზე განთავსებულია შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, სადაც ფოსტის კურიერი უთითებს, რომ იგი მისამართზე გამოცხადდა, თუმცა ადრესატმა უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე, რადგან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ მეორედ გაუგზავნა ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს, რაც ჩაჰბარდა ოპერატორ შ.ბ–ს, შეტყობინების ბარათზე მითითებულია გზავნილის ჩამბარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გზავნილის ჩაბარების თარიღი (ს. ფ. 275).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული დანაწესის შესაბამისად ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
12. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ შეტყობინების ბარათზე არ არის შ.ბ–ის ხელმოწერა, რის გამოც კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას შუამდგომლობს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან სასამართლოში წარდგენილი საფოსტო დასტური მიიჩნევა ნამდვილად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ამისათვის, არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის საჭიროება. კერძო საჩივრის ავტორი არ აცხადებს, რომ პირადი ნომერი, რომელიც ფოსტის კურიერმა შეტყობინების ბარათზე მიუთითა, შ.ბ–ს არ ეკუთვნის და ადასტურებს, რომ შ.ბ–ი მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელია. რაც შეეხება გზავნილის მიმღები პირის ვალდებულებას, გზავნილი შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის გადაეცა, ეს გარემოება ამ დავის განხილვის საგანი არ არის და კერძო საჩივრის წარმატებას ვერ განაპირობებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება სსსკ-ის 73.8-ე მუხლით განსაზღვრული წესით ჩაჰბარდა ადრესატს.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, რომ ფოსტის კურიერი აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გამოცხადდა და პირველ ჯერზე ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ დისკრეციაზე, რომლითაც გზავნილი ჩაბარებულად არ მიიჩნია სსსკ-ის 75.1-ე მუხლის საფუძველზე და გზავნილი მეორედ გაეგზავნა აპელანტს.
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არსებობდა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ებები: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ-ები: N ას-693-2019, 28.06.2019წ.; Nას-1615-2019, 14.01.2020წ.).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს–ის" შუამდგომლობა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს "ს–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე