Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 3გ/ად-9ა-01 6 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: პრივატიზაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996 წლის 3 ივლისს შედგა სიღნაღის სოფ. ... კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება, რომლის დადგენილების საფუძველზეც ვ. მ-შვილს მიეყიდა წინა მინდვრის ტერიტორიაზე არსებული მეღორეობის ზედა ბინა, ხოლო ე. მ-შვილი წინა მინდვრის ტრერიტორიაზე, ალაზნის პირზე მდებარე მეღორეობის ფერმის ქვედა ბინა. აღნიშნული კრების დადგენილება ძალაში იქნა დატოვებული კოოპერატივ «ა.» წევრთა საერთო კრების მიერ 1996 წლის 2 სექტემბერს. ე. მ-შვილმა აღნიშნულ ფერმაში გადაიხადა გამოსასყიდი თანხა – 1663 ლარი, შედგა ფერმის მიღება-ჩაბარების აქტი, 1996 წლის 17 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ე. მ-შვილი-მ-შვილზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო, სიღნაღის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, ვ. და ე. მ-შვილებს, 1996 წლის 30 ივლისის განცხადების საფუძველზე, 1996 წლის 5 ნოემბერს იჯარით გადასცა 80 ჰა სახნავი და 46 ჰა საძოვარი მიწა, ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვ. და ე. მ-შვილებზე იჯარით გაცემულ იგივე ტერიტორიაზე სიღნაღის რაიონის გამგეობასა და ი. თ-შვილს შორის 1996 წლის 15 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომელიც სიღნაღის პროკურორის თანაშემწის გ. სესიტაშვილის წერილით ყალბად იქნა მიჩნეული. აღნიშნული წერილის საფუძველზე სიღნაღის მიწის მართვის სამმართველომ გააუქმა ი. თ-შვილზე გაცემული საიჯარო ხელშეკრულება, რის შემდეგაც, ა. მ-შვილის წარმომადგენელმა თ. ბ-შვილმა 1997 წლის 17 ივლისს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სოფ. ... მეღორეობის ფერმის პრივატიზაციის გაუქმება.

მოპასუხემ, ე. მ-შვილი-მ-შვილმა შეგებებული სარჩელი შეიტანა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ ფერმის შესყიდვა მოხდა კანონიერად, ა. მ-შვილი უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა აღნიშნულ ფერმას და მოითხოვა მეღორეობის სადავო ფერმის ა. მ-შვილისა და ი. თ-შვილისაგან გამოთავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფლდა ა. მ-შვილისა და ი. თ-შვილის სარჩელი, დაკმაყოფილდა ე. მ-შვილი-მ-შვილის შეგებებული სარჩელი და ა. მ-შვილსა და ი. თ-შვილს დაეკისრა სადავო მეღორეობის ფერმის გამოთავისუფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 97-ე მუხლით, რომლის თანახმადაც კოლმეურნეობის ქონება კოლმეურნეობის საკუთრებას წარმოადგენს წესდების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავა სწორედ საკოლმეურნეო ქონების გასხვისებას შეეხებოდა. სიღნაღის რაიონის სოფ. ... 1984 წლის 24 იანვრის საკოლმეურნეო წესდების მე-11 მუხლით, ანაგის კოლმეურნეობის საკუთრებას შეადგენს მისი კუთვნილი შენობები, ნაგებობანი, მანქანა-მოწყობილობა და სხვა ქონება, ამავე წესდების მე-13 მუხლით კი ამ ქონების განკარგვის უფლება ჰქონდათ მისი მართვის ორგანოებს, ძირითადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობათა შეძენა, გაყიდვა და ჩამოწერა ხდებოდა კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატის აზრით, წესდების საფუძველზე სოფ. ... კოლმეურნეობის 1996 წლის 3 ივლისს საერთო კრებამ დაადგინა, რომ თავიანთი საკუთრება _ სადავო ფერმა მიეყიდა მოპასუხეებისათვის, ე. მ-შვილ-მ-შვილისა და ვ. მ-შვილისათვის, ხელშეკრულება დაიდო 1996 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 156-157-ე მუხლების დაცვით. სამოქალაქო სამართლის კოდექსი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებასა და რეგისტრაციას ითვალისწინებდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის მიმართ, ამიტომ საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მეღორეობის ფერმის გასხვისება ე. მ-შვილ-მ-შვილზე ნამდვილია, არ უნდა გაუქმდეს, რის გამოც მას უფლება ჰქონდა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა თავისი ქონება უკანონო მფლობელებისაგან _ ა. მ-შვილისა და ი. თ-შვილისაგან.

2001 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეებმა, ა. მ-შვილმა და ი. თ-შვილმა უზენაეს სასამართლოში შეიტანეს განცხადება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-430-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განცხადებაში მითითებულია, რომ უკანასკნელად მოცემულ საქმეს სწავლობდა კახეთის საოლქო პროკურორის თანაშემწე დ. მაისურაძე, რომელმაც საკითხის შესწავლა დაამთავრა 2001 წლის 7 სექტემბერს, გაარკვია, რომ სიღნაღის პროკურორის თანაშემწეს ჟ. ს-ს ჩაუდენია უკანონობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, თავისი წერილით (რომელიც თავისი შინაარსით იყო წარდგინება) ყალბად მიუჩნევია სიღნაღის გამგეობისა და ი. თ-შვილს შორის დადებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სიღნაღის გამგეობას გაუუქმებია განმცხადებლებთან დადებული, ფერმის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება. განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება არის უზენაესი სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველი.

მოწინააღმდეგე მხარე ე. მ-შვილი-მ-შვილმა და ვ. მ-შვილმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით და კანონიერ ძალაში შესული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება კოოპერატივ «ანაგასა» და ე. მ-შვილ-მ-შვილს შორის 1996 წლის 17 დეკემბერს დადებული მეღორეობის ფერმის ქვედა ბინის ნასყიდობის კანონიერების საკითხი, მიწის იჯარა დავის საგანს არ წარმოადგენდა და ამიტომ, არც სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება სიღნაღის პროკურორის თანაშემწის ზემოაღნიშნულ წერილსა და მიწის იჯარის ხელშეკრულების მოშლას.

კოოპერატივი «ა.», სიღნაღის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსა და სიღნაღის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები, მიუხედავად სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ, ამიტომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე განცხადება საკასაციო პალატამ მათი დასწრების გარეშე განიხილა, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ა. მ-შვილისა და ი. თ-შვილის განცხადებისა და თანდართული მასალების გაცნობის, მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის შემდეგ მიიჩნევს, რომ განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარი უნდა ეთქვას, ვინაიდან სიღნაღის რაიონის პროკურორის თანაშემწის ჟ. ს-ის 1996 წლის 2 დეკემბრის წერილის უკანონობა და კახეთის საოლქო პროკურორის თანაშემწის 2001 წლის 7 სექტემბრის წერილი სამართლებრივად არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას და შესაბამისად ვერც საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდება, რადგან ჟ. ს-ის წერილს არ დაყრდნობია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. უზენაეს სასამართლოში დავა შეეხებოდა არა მიწის იჯარის ხელშეკრულებას და მისი მოშლის კანონიერებას, არამედ საკოლმეურნეო ქონების გასხვისების, კოოპერატივ «ა.» მიერ მეღორეობის ფერმის ქონებაზე ე. მ-შვილთან 1996 წლის 17 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ნასყიდობის აღნიშნული ხელშეკრულება. სასამართლომ იხელმძღვანელა არა ზემოთ მითითებული წერილით, არამედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 97-ე, 157-ე, 146-ე მუხლებით, სიღნაღის რაიონის სოფ. ... 1984 წლის 24 იანვრის საკოლმეურნეო წესდების მე-11, მე-13 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და მიიჩნია, რომ სადავო ფერმის მოპასუხეებისათვის მიყიდვა უფლებამოსილი პირის (კოლმეურნეობის საერთო კრების) თანხმობით განხორციელდა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ მოპასუხეები სადავო ფერმის კანონიერი მესაკუთრეები იყვნენ, ამიტომ მათი მოთხოვნა უკანონო მფლობელებისაგან _ ა. მ-შვილი ი. თ-შვილისაგან (განმცხადებლებისაგან) თავიანთი ქონების (ფერმის) გამოთხოვის შესახებ კანონიერი იყო და დაკმაყოფილდა. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული კახეთის საოლქო პროკურორის თანაშემწის ჟ. ს-ის წერილის არაკანონიერება უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან აღნიშნული წერილი საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც რომ ყოფილიყო მხარისათვის ცნობილი, ვერ გამოიწვევდა მათი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას.

სარეზოლუციო ნაწილი:

უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 261 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-431-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-შვილისა და ი. თ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებაზე და საქმის წარმოების განახლებაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan gakavSirebiT ix. susg 2000, #3, samoq., gv. 105-108.