Facebook Twitter

საქმე №ას-1040-2020 19 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი _ პ.ა–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ი.ც–ძე

თარჯიმანი _ ნ.ი–ვი

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ა–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.კ–ლი

თარჯიმანი _ თ.ც–ძე

ცენტრალური ორგანო _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მესამე პირი _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

წარმომადგენელი _ გ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, 2020 წლის 16 ივლისის დროებითი განკარგულების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ.ა–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ო.ა–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე ან არასრულწლოვნის დედა) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ.ა–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან არასრულწლოვნის მამა) მიმართ და მოითხოვა არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნის _ ვ.ა–ის (დაბადებული 2014 წლის 1 ივნისს, შემდგომში _ არასრულწლოვანი ან ბავშვი) კვიპროსში დაბრუნება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართვის თანახმად, 2019 წლის 30 აგვისტოს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ფარგლებში მას მიმართა კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო წესრიგის სამინისტრომ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პ.ა–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - ვ.ა–ის (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე) სავარაუდო არამართლზომიერი გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით. კვიპროსის რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ო.ა–ი (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბ. 26.07.1984წ. პასპორტის #..., უცხოური პ/მ #...., ქორწინებამდელი გვარი - თ–ი) და პ.ა–ი (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბ: 1976 წლის 29 ივნისს, პ/#0..., უცხოური პ/მ #.....) დაქორწინდნენ 2013 წლის 13 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში. მეუღლეებს 2014 წლის 1 ივნისს შეეძინათ შვილი _ ვ.ა–ი (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის NP CZE 4...., პ/#0......, დროებითი ბინადრობის მოწმობის #....., უცხოური პ/ნ #.....). 2014 წლის დეკემბერში ოჯახი საცხოვრებლად გაემგზავრა კვიპროსის რესპუბლიკაში, 2018 წლის თებერვალში კი, დროებით ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 2018 წლის 30 აპრილს მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა კვიპროსის რესპუბლიკაში. 2018 წლის 4 დეკემბერს, პ.ა–იმ, დედის თანხმობის გარეშე, არასრულწლოვანი გადაადგილა საქართველოს მიმართულებით და უარს აცხადებს კვიპროსის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის ნებაყოფლობით დაბრუნებაზე.

2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგზე: არასრულწლოვანი ვ.ა–ი დაბადებიდან ცხოვრობს მამასთან, რომელიც ზრუნავს და უქმნის მას ყველა პირობას, რათა დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. არასრულწლოვნის დედასთან დაბრუნება არ ემსახურება მის საუკეთესო ინტერესებს, რადგან დედას არ აქვს საერთოდ გამოცდილება ბავშვთან დამოუკიდებელი ურთიერთობისა, არ იცის ჩეხური ენა, ხოლო ბავშვმა არ იცის რუსული და ინგლისური ენები. მოსარჩელე არის ნარკოტიკული საშუალების _ მარიხუანას მომხმარებელი, აქვს პათოლოგიური მიჯაჭვულობა ინტერნეტის მიმართ, მუდმივად იმყოფება სხვადასხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ, ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ბავშვთანაა, არ არის არასრულწლოვნის უსაფრთხოება დაცული.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა ბავშვი, არის სიცრუე, რადგან როგორც პირად საუბრებში, ასევე skype-ის მეშვეობით, ო.ა–ი ინფორმირებული იყო ბავშვის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით.

არასრულწლოვანი ვ.ა–ი ადაპტირებულია საქართველოში, ჰყავს მეგობრები, დადის საბავშვო ბაღში და აქვს ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები.

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნით, არასრულწლოვანი მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს საქართველოში 2018 წლის დეკემბრიდან. ბავშვის დედა მიმდინარე პერიოდისათვის ცხოვრობს და მუშაობს კვიპროსის რესპუბლიკაში. არასრულწლოვან ვ.ა–ს ესმის რუსული და ჩეხური ენები, მაგრამ საუბრობს მხოლოდ ჩეხურად. აქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და ბავშვი იყოს კეთილსაიმედო გარემოში. მამის განცხადებით ვ–სა დადის კერძო ბაღში. მამა-შვილს შორის არის მჭიდრო ემოციური კავშირი, რაც გამოიხატება მათ შორის მოფერებისა და ზრუნვის პროცესის დროს კომუნიკაციის ფორმებში. მამა ზრუნავს შვილზე და მობილიზებულია იმისათვის, რომ ბავშვს ყველანაირად შეექმნას კომფორტული გარემო. ვ.ა–ი მამის გვერდით თავს გრძნობს დაცულად და უზრუნველად. მამას აქვს ბავშვთან განშორების შიში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დარჩეს მასთან მუდმივ საცხოვრებლად, ის მუდმივად აკეთებს აქცენტს ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში შექმნილ პრობლემებზე.

მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ბავშვს უნდა ჰქონდეს ხშირი კომუნიკაცია დედასთან, რათა სრულად აღიდგინოს ნდობა დედის მიმართ, რასაც ხელი უნდა შეუწყოს მამამ. მამის ოჯახი არ ცდილობს დედის მიმართ კეთილგანწყობა და სიყვარული შეუნარჩუნოს ვ–ას. არასრულწლოვანთან დედის შეხვედრა მოხდა 2019 წლის 7 სექტემბერს, რა დროსაც დედის მოფერებაზე ბავშვი პასუხობდა კოცნით, მოფერებით და არ გამოხატულა მისი მხრიდან შფოთვა და აღელვება. დედა-შვილს შორის შეინიშნებოდა ჯანსაღი, თბილი და მშვიდი ურთიერთობა, რომელიც მეორე დღესაც იყო თბილი და მშვიდი. გამოიკვეთა, რომ ბავშვს, რომელიც არის მოსიყვარულე, სურვილი აქვს, ორივე მშობელთან ერთად ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში, მას სჭირდება როგორც დედის სითბო და ყურადღება, ასევე მამის მზრუნველობა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი ორივე მშობელს კიდებდა ხელს და ორივეს ერთად რთავდა თამაშში, ბავშვისათვის ოჯახის ცნება გამოხატული იყო ორივე მშობელთან ახლო კონტაქტით და იმის დანახვით, რომ დედ-მამა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ.

არასრულწლოვნის განვითარებისა და აღზრდისათვის, მისთვის კეთილსაიმედო გარემოს შესანარჩუნებლად, მიზანშეწონილია, ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს მჭიდრო და დადებითი ემოციური კავშირი, რაც, თავის მხრივ, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა შეუშალონ ხელი ერთმანეთს შვილთან ურთიერთობაში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო.ა–ის სარჩელი „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად კვიპროსის რესპუბლიკიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანი ვ.ა–ის ( დაბადებული 2014 წლის 1 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის #P CZE ..., პ/ნ ...., დროებითი ბინადრობის მოწმობის #1...., უცხოური პ/ნ .....) კვიპროსში დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა და არასრულწლოვანი დაბრუნდა კვიპროსის რესპუბლიკაში. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოდან კვიპროსის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის დაბრუნება (წაყვანა) განხორციელდებოდა დედის _ ო.ა–ის (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბ. 26.07.1984წ., პასპორტის #...., უცხოური პ/მ #...., გვარი ქორწინებამდე - თ–ი) მიერ. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსასრულებლად მოპასუხე პ.ა–ის (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბ. 29.06.1976წ. პ/ნ ..., უცხოური პ/მ #....) განესაზღვრა 10 დღის ვადა. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების საჭიროების შემთხვევაში, ჩართული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბავშვის დაბრუნების ხარჯები დაეკისრა მოპასუხეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, 2020 წლის 16 ივლისის დროებითი განკარგულების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ.ა–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის ფარგლებში განკარგა ყველა შესაძლებლობა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობლებს შორის წარმოშობილი დავის მორიგებით დასრულების მიზნით, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. პალატამ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა პოზიციები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ხსენებული ნორმით დადგენილი საქმის საკასაციო განხილვის ფარგლების მიუხედავად, საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენისას განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ინკვიზიციის უფლება მხარეთა იმ პრეტენზიების მიმართ, რომელთა კვლევა გავლენას იქონიებდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამოვლენაზე, სასამართლო სხდომაზე მოისმინა სოციალური სამსახურის განახლებული პოზიცია დავის განხილვის პერიოდში არასრულწლოვნის საქართველოში ინტეგრაციის, ასევე, თითოეულ მშობელთან მისი დამოკიდებულების თაობაზე, შესაბამისად წინამდებარე განჩინებით შეაფასებს კასატორის იმ მოსაზრებებსა და არგუმენტებს, რომლებიც შეეხება ბავშვის კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტებს, ასევე, ამ ფაქტების სუბსუმირებას კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო პალატის დასკვნით:

1.2.1. ო.ა–ი (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბ. 26.07.1984წ., პასპორტის #6....., უცხოური პ/მ #....) და პ.ა–ი (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბ. 29.06.1976წ., პ/ნ ...., უცხოური პ/მ #..., პასპორტის #4....) დაქორწინდნენ 2013 წლის 13 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში;

1.2.2. 2014 წლის 1 ივნისს მეუღლეებს შეეძინათ შვილი _ ვ.ა–ი (ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის #P .., პ/ნ 0..., დროებითი ბინადრობის მოწმობის #1.., უცხოური პ/ნ #....);

1.2.3. 2018 წლის დეკემბრიდან არასრულწლოვანი მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს საქართველოში;

1.2.4. პ.ა–ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 30 აპრილამდე. ამავე გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ვ.ა–ის, საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით, ასევე მიეცა ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 30 აპრილიდან 2020 წლის 30 აპრილამდე;

1.2.5. პ.ა–ი და არასრულწლოვანი ვ.ა–ი 2019 წლის 7 ივლისიდან დაზღვეული არიან სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ.ჰ–ში“;

1.2.6. ძიძისა და ოჯახის დიასახლისის მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირს ა.პ–ს და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს ე.ე–ს შორის 2019 წლის 1 აპრილს დაიდო ძიძისა და ოჯახის დიასახლისის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

1.2.7. შპს ,,თ–ას“ დირექტორის მიერ 2019 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით, ვ.ა–ი 2019 წლის 2 სექტემბრიდან რეგულარულად დადის საბავშვო ბაღ „თ–აში“ კვირაში ხუთი დღე 2-3 საათით და ესწრება ბაღის შინაგანაწესით გათვალისწინებულ აქტივობებს;

1.2.8. 2019 წლის 20 თებერვალს, ერთი მხრივ, შპს „ე–ას“ და, მეორე მხრივ, პ.ა–ის შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ონლაინ მედია მენეჯერის პოზიციაზე, სადაც დასაქმებულის ერთი თვის შრომის ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შეადგენს 4 000 ლარს. ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის თარიღიდან (20.02.2019წ.) 2 წლის განმავლობაში;

1.2.9. 2019 წლის 3 თებერვლის უძრავი ქონების გაქირავების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ერთი მხრივ, ნატო სეიდაშვილსა და, მეორე მხრივ, ა.პ–ს შორის, დაიდო ქ.თბილისში, ....... მდებარე #1 ბინის ქირავნობის ხელშეკრულება;

1.2.10. არასრულწლოვანი ვ.ა–ის საცხოვრებლის შეფასების შესახებ 2019 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვნის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი არის ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ..... საცხოვრებელი მდებარეობს კერძო დასახლებაში და წარმოადგენს ორსართულიან კეთილმოწყობილ სახლს, რომელსაც აქვს ეზო ნაწილობრივი მწვანე საფარით და მაღალი ქვითკირის ღობე, პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები და სამზარეულო (სტუდიოს ტიპის), ხოლო, მეორე სართულზე _ ბებიის, მ.ა–ის საძინებელი, არასრულწლოვანი ვ.ა–ის ოთახი და მამის - პ.ა–ის სამუშაო ოთახი. ვ.ა–ის ოთახში არის ბევრი სათამაშო, მათ შორის თვალსაჩინო ადგილზე იყო განლაგებული დედის ნაჩუქარი ნივთები და წერილები. ოთახს აქვს ასევე საკუთარი სველი წერტილები. სახლს და მათ შორის ბავშვის ოთახს აქვს ბადიანი კარ-ფანჯარა, სახლს ასევე აქვს სიგნალიზაცია. მასში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა დაცული იქნას იქ მცხოვრებელთა უსაფრთხოება;

1.2.11. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2018 წლის 19 თებერვლის ამონაწერის მიხედვით შპს „ტ.ი–ის“ (ს/კ #......, მის: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი, .......) მესაკუთრე, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი პ.ა–ია;

1.2.12. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2018 წლის 31 მაისის ამონაწერის მიხედვით შპს „ი–ის“ (ს/კ #....., მის: ქ.თბილისი, დიდუბის რაიონი, ...., შენობა #2, ბინა #11) მესაკუთრე, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ო.ა–ია;

1.2.13. შპს „მ.მ–ძის საბალეტო სტუდია ვ.უ–ის ტანც კლასის“ მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით, ვ.ა–ი არ ირიცხება მ.მ–ძის საბალეტო სტუდიაში;

1.2.14. 2014 წლის დეკემბერში ოჯახი საცხოვრებლად გაემგზავრა კვიპროსის რესპუბლიკაში. 2018 წლის თებერვალში დროებით ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 2018 წლის 30 აპრილს მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად დაბრუნდა კვიპროსის რესპუბლიკაში. 2018 წლის 4 დეკემბერს, პ.ა–იმ, არასრულწლოვანი ვ.ა–ი, დედის თანხმობის გარეშე, გადააადგილა საქართველოს მიმართულებით;

1.2.15. ჰააგის 1980 წლის კონვენციის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ფარგლებში, 2019 წლის 30 აგვისტოს, კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტისადმი გაგზავნილი მიმართვის თანახმად, ო.ა–იმ 2019 წლის 9 აგვისტოს მიმართა კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს შვილის - ვ.ა–ის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას - კვიპროსში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ბავშვი წამოყვანილია საქართველოში, 2018 წლის დეკემბერში მამის - პ.ა–ის მიერ, დედის თანხმობის გარეშე და დღემდე იმყოფებიან საქართველოში;

1.2.16. შპს „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - პ–ას“ ექსპერტის, კლინიკური ფსიქოლოგის ნ.წ–ის მიერ, პ.ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 3 ივნისს გაცემული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (#2), მიხედვით, ვ.ა–ის მამასთან და ბებიასთან სეპარაცია, ვისთანაც მას აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ამ ორი ადამიანის მიმართ, იქნება სერიოზული ტრამვა, რამაც შესაძლოა საკმაოდ შეაფერხოს ბავშვის ფუნქციონირების და სოციალური ადაპტაციის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ცდილობს, ბავშვმა არ გაწყვიტოს დედასთან ემოციური კონტაქტი და ხშირად სკაიპით ესაუბრება ვ–სა დედას, ამ ეტაპზე, დედას არ აქვს სტაბილური საცხოვრებელი ადგილი, არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ხშირად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, ეწევა თავისუფალ ცხოვრებას და აქვს ბავშვის მოვლის და მასზე ზრუნვის უნარ-ჩვევების დეფიციტი;

1.2.17. შპს „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - პ–ას“ ექსპერტის, კლინიკური ფსიქოლოგის ნ.წ–ის მიერ 2019 წლის 10 ოქტომბერს მომზადებული გამოკვლევის მიხედვით, ექიმი იძლევა რეკომენდაციას, რომ ვ.ა–ის სჭირდება სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო, რეკომენდებულია, იგი იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთანაც მას აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა და სადაც დარწმუნდება მათ უპირობო სიყვარულში. აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს დედასთან კონტაქტი, რომელიც გამოიმუშავებს იმ მიდგომებს ბავშვთან, რომელიც არ იქნება მკაცრი, ბავშვისთვის საყვარელი ადამიანები არ იქნებიან უარყოფით კონტექსტში გოგონასთან მოხსენიებული, იქნება არა მუქარის შემცველი (მამას, ბებიას პოლიცია წაიყვანს და დააპატიმრებს), არამედ ბავშვისათვის სახალისო, თბილი, მოსიყვარულე, რომელიც ვ–ას დაარწმუნებს დედის უპირობო სიყვარულში. აგრძნობინებს მას თანაგრძნობას და მხარდაჭერას;

1.2.18. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის 15 ოქტომბრის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ის მიხედვით, მკურნალი ექიმი ვ.ა–ის მიმართ გასცემს რეკომენდაციას, რომ მისთვის სასურველია მშვიდი, უსაფრთხო გარემო, აუცილებელია, თავიდან იქნას აცილებული ბავშვის ადაპტაციის პრობლემები, ცხოვრების სტილის (ჩვეული წესის) შეცვლა და შფოთვით-ფობიური პრობლემები;

1.2.19. 2015 წლის 17 დეკემბერს ო. თ–ს (ო.ა–ი) და პ.ა–ის შორის დაიდო შეთანხმება მცირეწლოვანი ქალიშვილის _ ვ.ა–ის მიმართ ურთიერთობის მოწესრიგების (აღზრდა და ალიმენტი) შესახებ, რომლის მიხედვით, როგორც განქორწინებამდე, ასევე განქორწინების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მცირეწლოვან ვ.ა–ის უნდა დაენიშნოს მამის მხრიდან ექსკლუზიური მოვლა-პატრონობა. დედა ვალდებულია, წვლილი შეიტანოს მცირეწლოვანი ვ–ას მოვლა-პატრონობაში ყოველთვიურად 3 000 ჩეხური კრონის ოდენობით თანხის გადახდით, რომელიც უნდა გადაუხადოს მამას ხელზე გადაცემით, წინასწარ ყოველი თვის არაუგვიანეს მე-15 დღისა. მშობლები ასევე შეთანხმდნენ, რომ მცირეწლოვანმა ბავშვმა იცხოვროს ჩეხეთის რესპუბლიკისა და კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მშობლები ვალდებულებას იღებენ, წინასწარ შეატყობინონ ერთმანეთს წერილობითი ფორმით მცირეწლოვნის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკის ან კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიების გარდა ნებისმიერი გამგზავრების (იქნება ეს მოვლა-მზრუნველობის ან ორმხრივი კონტაქტის პერიოდი) შესახებ და თანხმდებიან მცირეწლოვანის ნებისმიერ ასეთ გამგზავრებაზე;

1.2.20. 2018 წლის 2 მაისის ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსულის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 30 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამოცხადდა პ.ა–ი, განცხადებით მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ვ.ა–ისათვის ჩანაცვლებითი სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით. განმცხადებელი მოთხოვნის მიზეზად აცხადებდა ბავშვის სამოგზაურო დოკუმენტის დაკარგვას. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გასცა ვ.ა–ის სახელზე შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი #0111945. 2018 წლის 2 მაისს თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამოცხადდა ბავშვის დედა ო.ა–ი, რომელმაც განაცხადა საკუთარი შვილის გატაცების შესახებ, რადგან შვილი მამასთან ერთად გაემგზავრა მისი თანხმობის გარეშე, ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებას წარუდგინა ბავშვის პასპორტის ორიგინალი იმის დასტურად, რომ ბავშვის პასპორტი არ დაკარგულა და მამამ საელჩოს მიაწოდა ყალბი ინფორმაცია დოკუმენტის დაკარგვის შესახებ, რათა დოკუმენტის მიღების შემდგომ, მისი თანხმობის გარეშე, წაეყვანა შვილი;

1.2.21. ო.ა–ი და პ.ა–ი განქორწინებულები არ არიან და უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კვიპროსში ან/და საქართველოში, არასრულწლოვანი ვ.ა–ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული არ არის;

1.2.22. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებსა და მის მიერ ჩატარებულ კვლევას, არასრულწლოვან ვ.ა–ის და დედას _ ო.ა–ის შორის შეინიშნება ჯანსაღი, თბილი და მშვიდი ურთიერთობა. ბავშვს არ ემჩნევა არანაირი სტრესი, არის ძალიან ბუნებრივი და მოსიყვარულე დედის მიმართ. სოციალური მუშაკის განმარტებით, მას მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანს დედასთან ჰქონდეს სისტემატიური ურთიერთობა, რადგან ეს მის ემოციებზე აისახება დადებითად.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით განხილვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა არ დგინდება. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის სამართლებრივ ასპექტებსა და რამდენიმე თეორიული მნიშვნელობის საკითზე:

1.3.1. განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნის გადაადგილების კანონიერება და უარყოფით შემთხვევაში, მისი დაბრუნების წინაპირობების არსებობა, იმგვარად, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს მეურვეობის საკითხი, უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, მოცემული სარჩელის საფუძვლიანობა განაპირობებს შემდგომში რომელი ქვეყნის სასამართლო იქნება კომპეტენტური გადაწყვიტოს საოჯახო ურთიერთობიდან გამომდინარე არასრულწლოვნის მიმართ უფლებები და მოვალეობები. ამდენად, საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინებაში შეაფასებს მხოლოდ მთავარ საკითხს _ ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილებას ან დაკავებას პრევენციის კონტექსტში, ხოლო მხარეთა სხვა პრეტენზიებს, რომლებიც შეეხება მეურვეობის უფლებათა არსს, შეფასების გარეშე დატოვებს, რადგანაც ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს (იხ. „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-19 მუხლი).

1.3.2. საკასაციო პალატა უპირველესად შეჩერდება „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციაზე (შემდგომში _ ჰააგის კონვენცია), რომლის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებია: ა) რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა; და ბ) უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებანი, გათვალისწინებული ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ეფექტიანად სრულდებოდეს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობაა იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ სახეზეა თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება და/ან დაკავება. კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე. კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს.

1.3.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად მეურვეობის საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების არარსებობისა, ბავშვი, რომელიც დედის თანხმობის გარეშეა გადაადგილებული კონვენციის წევრი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კონვენციის სუბიექტს წარმოადგენს და უნდა დადგინდეს გადაადგილების კანონიერება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მშობლები ოფიციალურად განქორწინებულნი არ არიან, ამასთანავე რომელიმე მათგანს არ აქვს შეზღუდული ან ჩამორთმეული შვილთან დაკავშირებული უფლებები, კონვენციის მიზნებისათვის კვლავ ბავშვის მეურვედ განიხილებიან და სრული უფლება გააჩნიათ, ისარგებლონ საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული უფლებებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევა მოთხოვნის უფლების მქონე სათანადო სუბიექტად და მას სრული შესაძლებლობა გააჩნია, წამოაყენოს მისი ნების გარეშე გადაადგილებული ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მოთხოვნა.

1.3.4. შემდეგი საკითხი, რომლის შეფასებასაც საკასაციო სასამართლო განახორციელებს, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ინსტიტუტი და ვ.ა–ის მიმართ ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობის დადგენაა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებსა და უდავო ფაქტებზე: არასრულწლოვანი ვ–სა დაიბადა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2014 წლის 1 ივნისს, ამავე წლის დეკემბერში ოჯახი საცხოვრებლად გაემგზავრა კვიპროსის რესპუბლიკაში. 2018 წლის თებერვალში ოჯახი დროებით ჩამოვიდა საქართველოში და ამავე წლის 30 აპრილს მამა შვილთან ერთად კვლავ კვიპროსში დაბრუნდა. პრაღის საქალაქო სასამართლოს, როგორც სააპელაციო სასამართლოს რეზოლუციის მიხედვით, 2018 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია კვიპროსის რესპუბლიკა. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვის მამამ 2018 წლის 19 ოქტომბერს მოითხოვა დედა-შვილის ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დროებითი განკარგულების გაუქმება იმ მიზეზით, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს 2014 წლიდან შუამდგომლობის წარდგენის დღემდე წარმოადგენდა კვიპროსის რესპუბლიკა. სასამართლომ გაიზიარა პ.ა–ის მტკიცება და ვინაიდან არასრულწლოვნის საცხოვრებელს წარმოადგენდა კვიპროსის რესპუბლიკა, კომპეტენციის მიზეზით შეწყვიტა საქმის წარმოება. დავა შეეხებოდა მეუღლეთა განქორწინებას და არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. პრაღის მე-5 საქალაქო რაიონის გამგეობის სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის ცნობით, 2018 წლის 24 სექტემბერს პ.ა–იმ აღიარა, რომ ფაქტიურად კვიპროსში ცხოვრობს. ამავე ანგარიშის თანახმად, შესაბამის სამსახურს კონტაქტი აქვს ორივე მშობელთან და პ.ა–ი, რომელიც ბავშვთან ერთად ცხოვრობს კვიპროსში, არ აძლევს დედას შვილზე მეურვეობის განხორციელების უფლებას. ბავშვთა საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ოფისის 2019 წლის 9 სექტემბრის წერილის თანახმად, ბავშვის საცხოვრებლის მიხედვით, საჭიროა კვიპროსის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენისათვის. კვიპროსის, ლარნაკას პოლიციის 2019 წლის 9 ივლისის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობითაც კი, ვერ უპასუხა დედის შეკითხვას ქალიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ და ინფორმაცია პოლიციისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე პ.ა–იმ აღიარა, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს იმყოფებოდა კვიპროსის რესპუბლიკაში და საქართველოში ბავშვის გადაადგილების შესახებ არ უცნობებია ო.ა–ისათვის. მოხმობილი გარემოებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევა-შეფასების შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს კვიპროსის რესპუბლიკა. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიშველია და განმარტა ჰააგის კონვენციის დებულებები „ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის“ განსაზღვრის კუთხით. საკასაციო საჩივარი კი, ზემოხსენებული არგუმენტების წინააღმდეგ დასაბუთებულ მტკიცებას არ შეიცავს.

1.3.5. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით (იხ.პ.1.3.4), ასევე, ქ.თბილისის, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის მე-7 განყოფილებისათვის მიმართვით, ჩეხეთის საკონსულოს წერილით არასრულწლოვნის ძებნის შესახებ, ქ.თბილისის პროკურორისათვის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისათვის წარდგენილი წერილით, პრაღის მე-5 საქალაქო რაიონის გამგეობის სოციალურ საქმეთა და დანაშაულის თავიდან აცილების დეპარტამენტისათვის მოსარჩელის მიერ მიწერილი წერილებით, არასრულწლოვნის სამგზავრო დოკუმენტის მამის მხრიდან დამალვითა (რომელიც რეალურად დედასთან ინახებოდა) და მის ნაცვლად ახალი დოკუმენტის აღებით, ასევე, თავად მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღიარებული ფაქტით (იხ. 22.10.2019წ. სხდომის ოქმი, 11:50:31-12:00:17 სთ) სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მამამ ვ–სა დედის ნებართვის გარეშე წამოიყვანა საქართველოში და მოსარჩელე 2018 წლის 1 მაისიდან 2019 წლის სექტემბრამდე განუწყვეტლივ ცდილობდა შვილის მოძიებას და მასთან დაბრუნებას. საკასაციო პალატა ამ კუთხით მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 17 დეკემბერს მშობლებს შორის დადებულ შეთანხმებაზე, რომლითაც განისაზღვრა მცირეწლოვანი ქალიშვილის მიმართ ურთიერთობის მოწესრიგების საკითხი. დოკუმენტით მართალია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ როგორც განქორწინებამდე, ასევე განქორწინების გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მცირეწლოვან ვ.ა–ის უნდა დანიშვნოდა მამის მხრიდან ექსკლუზიური მოვლა-პატრონობა, თუმცა, დოკუმენტის შინაარსი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის თანხმობის გარეშე შეეძლო არასრულწლოვნის საცხოვრებლის შეცვლა, მისი სხვა ქვეყანაში თვითნებურად გადაადგილება და დედასთან შვილის დაშორების შესაძლებლობა. ამ კუთხით ვერც საკასაციო საჩივარში და ვერც საკასაციო სასამართლოში გამართული ზეპირი მოსმენისას ვერ წარმოადგინა მოპასუხემ მყარი და წონადი არგუმენტები. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სახეზეა ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრული არასრულწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილება კვიპროსის რესპუბლიკიდან და მისი არამართლზომიერი დაკავება საქართველოს ტერიტორიაზე.

1.3.6. იმ გარემოებათა დადგენის შემდგომ, რომ არასრულწლოვანი ვ.ა–ის ჩვეულებრივ საცხოვრებელს წარმოადგენდა კვიპროსის რესპუბლიკა და მამამ ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა საქართველოს ტერიტორიაზე, პალატამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა ბავშვის კვიპროსში დაბრუნების გამომრიცხველი გარემოებები. საკასაციო პალატა მოიშველიებს ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის პირველ და მე-2 აბზაცს, ასევე, მე-13 და მე-20 მუხლების დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავენ მოთხოვნის უარყოფის წინაპირობებს. ხსენებული ნორმების თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში. მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ:

ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან

ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.

ამ მუხლში მოხსენიებული გარემოებების განხილვისას, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები მხედველობაში ღებულობენ ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიწოდებულს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

მე-12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია თანახმად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება.

1.3.7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს არასრულწლოვნის ახალ გარემოში ადაპტაციის თაობაზე, რადგანაც ამ მხრივ დასაბუთებული პრეტენზია მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ კონვენციის მიზნებისათვის ადაპტაცია განიხილება არა გარემოსადმი შეგუებად, არამედ არასრულწლოვნის მხრიდან გარემო-პირობების, ცხოვრების წესის იმგვარ ადაპტაციად, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, ობიექტურად განიცდის კეთილგანწყობას იმ ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი, სადაც მას მოუხდა ცხოვრება და ფაქტობრივად ჩამოუყალიბდა ოჯახური ცხოვრების განცდა, რომლის დარღვევაც მეტი ზიანის მომტანი იქნება მისთვის. საგულისხმოა, რომ საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მოსმენილ იქნა არასრულწლოვნის პოზიცია, რომელმაც დაადასტურა კვიპროსში დაბრუნების სურვილი, ამასთანავე, სათანადო მტკიცებულებით ვერ იქნა გამყარებული მოპასუხის შედავება დედის არაჯანსაღი ცხოვრების წესის თაობაზეც, რაც ნეგატიურად იმოქმედებდა არასრულწლოვნის ინტერესებზე. საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის ანგარიშებით, მისი სიტყვიერი განმარტებითა და ფსიქოლოგის დასკვნით იკვეთება ბავშვის ძველ, ჩვეულ გარემოში დაბრუნების აუცილებლობა. სპეციალისტები ხსენებულ პოზიციას ამყარებენ არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ კავშირზე დედისადმი და მასთან მიჯაჭვულობაზე, ამასთან გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნება არავითარ ზიანს არ მოუტანს ბავშვს. საკასაციო პალატა საჩივრის ფარგლებში შეფასებას აძლევს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომ მის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები ადასტურებს დედასთან ბავშვის დაბრუნების გამომრიცხავ გარემოებებს. პალატა ამ მხრივ მხედველობაში იღებს თავად მტკიცებულების იურიდიულ ძალას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, ის ყველა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე _ საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში. ამ მხრივ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები დასაბუთებულია, რადგანაც კვლევა ცალმხრივ ინფორმაციას ეყრდნობა და არ არის გადმოცემული ობიექტური სურათი, ვერ აქარწყლებს საქმეში არსებულ ფსიქოლოგიური კვლევის სხვა შედეგებს და საკასაციო სასამართლოს თხოვნით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ განახლებულ მონაცემებს დედა-შვილის ურთიერთობის თაობაზე. საგულისხმოა ისიც, რომ არც სოციალური მუშაკის შეფასებები და დასკვნები და არც რაიმე სხვა დოკუმენტი არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ დედასთან ყოფნა და კვიპროსის რესპუბლიკაში ბავშვის დაბრუნება არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველია. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ ბავშვის კვიპროსის რესპუბლიკაში დაბრუნების გამომრიცხველი წონადი არგუმენტები კასატორის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი და სათანადო წესით დადასტურებული.

1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კასატორმა ვერ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია. ამდენად, სასამართლო უარყოფს საკასაციო საჩივარში გადმოცემულ შედავებებს და ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას. ამასთანავე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითად გადაწყვეტამდე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოყენებული იყო დროებითი განკარგულებები. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება დასრულდა და აღარ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35110 მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა დროებითი ღონისძიებაც.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკისრა მოპასუხეს, პალატის შეფასებით სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35118 მოთხოვნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 284-ე, 285-ე, 35110, 35118, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოყენებული დროებითი განკარგულებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ზ. ძლიერიშვილი