Facebook Twitter

საქმე №ა-1542-შ-34-2021 1 ივლისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „კ-უ–ლი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ S. S.“ (საარბიტრაჟო მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის #185/2019 გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის #185/2019 გადაწყვეტილებით შპს „ S. S.-ს“ (ს/ნ ....) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 127 400 აშშ დოლარის გადახდა მიწოდებული საქონლის დავალიანების დასაფარად და 5 617.60 აშშ დოლარის გადახდა გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ასანაზღაურებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2021 წლის 29 მარტს შუამდგომლობით მომართა შპს „კ-უ–ლის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობაზე დართულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და საარბიტრაჟო შეთანხმება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა შპს „ს.ს–ის“ დირექტორმა ნ.თ–ძემ. 2021 წლის 2 ივნისს შპს „ს.ს–ის“ დირექტორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2020 წლის 3 დეკემბრის პროცესის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 21 თეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის #185/2019 გადაწყვეტილებით შპს „ S. S.-ს“ (ს/ნ .....) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 127 400 აშშ დოლარის გადახდა მიწოდებული საქონლის დავალიანების დასაფარად და 5 617.60 აშშ დოლარის გადახდა გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ასანაზღაურებლად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის კონვენციას.

რაც შეეხება წარმოდგენილ განცხადებას მოპასუხე მხარის ინფორმირების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს და საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშიცაა განმარტებული იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა (შდრ. იხ.: სუსგ №ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016; №ა-5274-შ-130-2018, 11.06.2019; №ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018; №ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018), რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის, თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება. უფრო მეტიც, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი თავად მიუთითებს საქმისწარმოების შესახებ მის ინფორმირებაზე.

შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ცნობს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის #185/2019 გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს 150 ლარი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ბაჟის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ-უ–ლის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის #185/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის #185/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ S. S.-ს“ (ს/ნ ......) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 127 400 აშშ დოლარის გადახდა მიწოდებული საქონლის დავალიანების დასაფარად და 5 617.60 აშშ დოლარის გადახდა გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ასანაზღაურებლად.

3. შპს „ S. S.-ს“ შპს „კ-უ–ლის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. კაკაბაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

მ. ერემაძე