Facebook Twitter

საქმე №ას-327-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ.ღ–ი (მოპასუხე), ნ.მ–ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უსწორობის გასწორება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ღ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ....../..... ქუჩა №9-ში მდებარე 66 კვ.მ უძრავი ქონება; ს/კ .....) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება ნ.მ–ი (შემდგომში - „მესამე პირი“).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

7. 2020 წლის 17 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხემ და მესამე პირმა (შემდგომში ერთად - „განმცხადებლები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

8. აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მის სახელზე რეგისტრირებული ქონების ½ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ მიეკუთვნა მოსარჩელეს. საქმის განხილვა მიმდინარეობდა სადავო უძრავი ქონების უშუალოდ აპელანტის კუთვნილ ½ ნაწილზე, აპელანტის ქონების ½ ნაწილი წარმოადგენს მესამე პირის (აპელანტის შვილი) და არა მოსარჩელის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სცილდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. შესაბამისად, მასში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს. ახალი გადაწყვეტილებით წილების მიკუთვნება უნდა მომხდარიყო მხოლოდ აპელანტზე რეგისტრირებული ½ ნაწილიდან. აპელანტის მთელი ქონებიდან არ უნდა მოხდეს წილის გამოყოფა.

9. 2020 წლის 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართეს განმცხადებლებმა და მოითხოვეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

10. განმცხადებლებმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

10.1. 2006 წელს მოსარჩელემ განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლოს წარუდგინა შესაბამისად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რომლითაც აღიარა, რომ სადავო უძრავ ქონება მოპასუხის საკუთრებაა და მასზე არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. მესამე პირს (შვილს) კი წილის სახით გადასცა ანდერძით მიღებული უძრავი ქონება. მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრე რომ ყოფილიყო, იგი ამ ქონებიდან გადასცემდა წილს საკუთარ შვილს. აღნიშნულ ფაქტზე არაფერია ნათქვამი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში;

10.2. გაუგებარია, რის საფუძველზე მიაკუთვნა სასამართლომ მოპასუხეზე რეგისტრირებული ქონებიდან 1/3 ნაწილი მოსარჩელეს. სადავო უძრავი ქონება, საპრივატიზაციო ხელშეკრულებით მიღებული ქონების გარდა, მოიცავს მოპასუხის მიერ საკუთარი სახსრებით შესყიდულ, დამოუკიდებელ საცხოვრებელ ფართს;

10.3. მოსარჩელემ არასწორად მოითხოვა მოპასუხეზე რეგისტრირებული ქონების ნახევარი. მოსარჩელე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას ფაქტობრივი დამქირავებელი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, გაუგებარია, როგორ განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ სადავო უძრავი ქონებიდან მოსარჩელის წილი და რა საფუძვლით მიაკუთვნა მას;

10.4. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობის განსაზღრისას არ გამოიყენა მეუღლეთა განქორწინების შემდგომ ქონების გაყოფის მომწესრიგებელი ნორმა, რომლის თანახმად ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობა 3 წელია;

10.5. მოსარჩელის მშობლებმა ახალი ბინა 1987 წელს მიიღეს, ხოლო 1989 წელს ამოეწერნენ სადავო უძრავი ქონებიდან. შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების დამქირავებელი და მოსარგებლე მოპასუხე გახდა. აღნიშნული ფაქტი სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია, რამდენადაც მოსარჩელე მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამრთლოსთვის არ წარუდგენია;

10.6. 1990 წლიდან სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხე და მესამე პირი (შვილი) მარტო ცხოვრობენ. მოსარჩელემ კი სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების ფაქტი ვერ დაადასტურა;

10.7. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია აპელანტის მიერ მითითებული, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, ასევე გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მთავრობის №189 დადგენილების შესახებ; სააპელაციო სასამართლო უნდა დაყრდნობოდა პრეზიდენტის №73 ბრძანებულებასა და მთავრობის №189 დადგენილებას;

10.8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენს მოსარჩელის სამკვიდრო ქონებას. სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ სადავო უძრავ ქონებაში;

10.9. მოპასუხემ, როგორც კანონიერმა მოსარგებლემ, სადავო უძრავი ქონება დაუთმო მოსარჩელეს. კონკრეტულ მისამართზე პირის ჩაწერა არ წარმოშობს ქონებაზე მის უფლებას. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია;

10.10. მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ გასწია. მიუხედავად ამისა, მას მიეკუთვნა ის, რაც არ მოუთხოვია. გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული რისგან შედგება მოპასუხის კუთვნილი 1/3 წილი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელთა მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 261-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლები არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ და მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება სცილდება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განცხადებაში მითითებული საფუძვლები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობად, ამასთან, მითითებული საფუძვლით დამატებითი განჩინების მიღების შესაძლებლობას არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის რომელიმე ქვეპუნქტი ითვალისწინებს. განმცხადებლები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შეცვლას და მის ახლებურად ჩამოყალიბებას, რაც სააპელაციო პალატის მითითებით, საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებლებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

15. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

15.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, რას მოიცავს მოსარჩელის კუთვნილი წილი და რატომ მიეკუთვნა მას მოპასუხეზე რეგისტრირებული ქონებიდან 1/3 ნაწილი. მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი შეძენილია წლების შემდეგ მოპასუხის პირადი თანხებით, რომელსაც არ მოიცავდა პრივატიზაციის ხელშეკრულება. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული სარდაფი კი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე გასხვისდა, რის შესახებაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას;

15.2. მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარგებლედ/მფლობელად ყოფნის დამადასტურებელი, შესაბამისი მტკიცებულებები. სადავო უძრავ ქონებაში მოსარჩელე 1985 წლის ნოემბრიდან აღარ ცხოვრობს;

15.3. მოპასუხე მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს არასდროს გადაუხდია კომუნალური გადასახადები, რითაც დადასტურდებოდა მისი სადავო უძრავი ქონების დამქირავებლად ყოფნის ფაქტი. მოსარჩელეს კანონის შესაბამისად გათვალისწინებულ ვადაში, 1998 წლიდან შეეძლო სარჩელის წარდგენა. მან კი აღნიშნულის საპირისპიროდ თანხმობა განაცხადა მოპასუხისა და მესამე პირის ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხულიყო სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელე არც საპრივატიზაციო ქონების დამქირავებელია და არც მფლობელი. სადავო უძრავ ქონებაზე მისი თანამესაკუთრედ ყოფნის ფაქტი არ დასტურდება არც საჯარო რეესტრის მონაცემებით;

15.4. მოპასუხემ როგორც ახსნა-განმარტებით, ისე შუამდგომლობით მოითხოვა, რომ სასამართლოს აღიარებით მტკიცებულებად მიეჩნია წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მოსარჩელემ განაცხადა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე პრეტენზია არ ჰქონდა;

15.5. მოპასუხეზე რეგისტრირებული ქონების 1/3 ნაწილის მოსარჩელისათვის მიკუთვნება არასწორია და შეუსაბამო პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონების რეალურ ფართთან. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს არ მიუთითებია რისგან შედგება ის წილი, რომელიც მოსარჩელეს მიეკუთვნა. მოპასუხეზე რეგისტრირებულია 66 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია 55 კვ.მ ფართი, რომელიც შედგება 23 კვ.მ საცხოვრებელი ფართისგან, 17 კვ.მ დამხმარე ფართისგან და 15 კვ.მ სარდაფისგან. ზემოაღნიშნულ ფართებს შორის სხვაობა 26 კვ.მ-ა და ეს ფართი მოპასუხეს შეძენილი აქვს საკუთარი სახსრებით, პრივატიზაციის შემდგომ. 2018 წლის 18 მარტს სარდაფი გასხვისდა, სააპელაციო განხილვისას საპრივატიზაციო ფართი შეადგენდა 40კვ.მ-ს და არა 66 კვ.მ-ს, რაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

20. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს, ხოლო ამავე კოდექსის 261-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა. დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც განხილვის საგანი იყო, მაგრამ სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება ამ კონკრეტული მოთხოვნის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სასამართლომ არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი და დამატებითი გადაწყვეტილებით ეს ხარვეზი სწორდება.

22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ წარდგენილ როგორც უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებაში, ისე დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ორივე განცხადებაში მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 8-10 პუნქტები) არსებითი ხასიათის მსჯელობებს შეიცავს. განმცხადებლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობენ, მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული კი არა დამატებითი გადაწყვეტილების ან უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გამოტანის, არამედ საკასაციო საჩივრის წარდგენის საფუძვლებს წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განმცხადებლების მოთხოვნა უსწორობის გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ამჟამადაც, განსახილველი კერძო საჩივრით მხარე მსჯელობს არა კონკრეტულ უსწორობის გასწორებაზე ან გარემოებაზე, რომელიც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. განმცხადებლები არ ეთანხმებიან გადაწყვეტილების შედეგს, სასამართლოს მიერ მტკიცებულების გამოკვლევასა და მის მიერ დადგენილ ფატქობრივ გარემოებებს, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ იქნება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი არსებითად სწორია.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ღ–ისა და ნ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი