Facebook Twitter

საქმე № ას-703-2021 12 ივლისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ნ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ვა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.12.2020წ. განჩინებით ნ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე") განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ლ.კ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ქ. ბათუმი, ......, სადარბაზო 1, სართული 2, ბინა N3, ფართი N95.31 კვ.მ, ს/კ ......; ქ. ბათუმი, ......./ქ. ბათუმი, ..... ქუჩა N128-130-132-134, ტერასა, ფართი N121.90 კვ.მ, ს/კ ......; ქ. ბათუმი, ..... ქუჩა N6-8, ბინა N17, 27.83 კვ.მ, ს/კ ......; ქ. ბათუმი, ...... N14, ქ. ბათუმი, ..... ქუჩა N128-130-132-134, სართული 13, ბინა N129, 128.70 კვ.მ; ს/კ ..... განცხადება უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: ს.ფ. 21-26). განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2021წ. განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (იხ.: ს.ფ. 108-110).

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.12.2020წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონებების: ა) ქ. ბათუმი, ..... ქუჩა N14, ქ. ბათუმი, ..... ქუჩა N128-130-132-134, ტერასა, ფართი N121.90 კვ.მ, ს/კ ....... და ბ). ქ. ბათუმი, ..... ქუჩა N6-8, ბინა N17, 27.83 კვ.მ, ს/კ ..... - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სხვა ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.12.2020წ. განჩინება დარჩა უცვლელად (იხ.: ს.ფ.158-169).

4. განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის/საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

7. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.12.2020წ. განჩინება ორ უძრავ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში. განჩინებაში მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ.: ს.ფ.158-169).

8. 08.06.2021წ. მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინების გაუქმება.

9. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ანუ კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება.

10. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-134-2021, 22.02.2021წ., №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ. №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსსკ-ის 1971 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სუსგ. Nას-976-940-2016, 25.11.2016წ.) შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე