Facebook Twitter

№ას-444-444-2018 30 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – შპს„თ–ი“, შპს „მ.ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.გ–ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 7 მაისს მ.გ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე, მყიდველი) ქ.ქუთაისში, ელექტროტექნიკის მაღაზიაში შპს ,,თ–ი“-სგან (შემდეგში - პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი, გამყიდველი), გადახდის განვადებით, 2148 ლარად შეიძინა ,,სონის“ ტელევიზორი, საგარანტიო ვადად განისაზღვრა 24 თვე. მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური - 2148 ლარი.

2. ტელევიზორის შეძენიდან მეორე დღეს, პროგრამული გაუმართაობის გამო (ტელევიზორი ვერ უკავშირდებოდა ინტერნეტ საიტებს) მოსარჩელემ მიმართა მაღაზიას, სადაც უზრუნველყვეს ტელევიზორის პროგრამული განახლება. შეძენიდან მე-18 დღეს ტელევიზორს კვლავ აღმოაჩნდა ხარვეზი, კერძოდ, ეკრანზე გაუჩნდა ორი ვერტიკალური წვრილი წითელი ხაზი, რის გამოც მოსარჩელემ ტელევიზორი დიაგნოსტიკისა და შეკეთებისთვის საგარანტიო სერვისის ფარგლებში შპს ,,მ.ს–ში“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი, სერვის ცენტრი) წარადგინა. სერვის ცენტრმა მყიდველს უარი უთხრა საგარანტიო მომსახურების გაწევაზე, ვინაიდან ტელევიზორს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანება და არ ექვემდებარებოდა საგარანტიო მომსახურებას.

3. 2016 წლის 4 ივნისს მყიდველმა დაზიანებული ნივთის ახლით შეცვლა მოითხოვა, რაზედაც მას უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ნივთს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანება.

4. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს N005113616 დასკვნის თანახმად და სასამართლოზე გამოკითხული ექსპერტის ჩვენებით, დადგენილია, რომ: 1) ექსპერტიზაზე წარდგენილი ტელევიზორის თხევადკრისტალურ ეკრანს არ აღენიშნებოდა რაიმე მექანიკური დაზიანება. თხევად კრისტალური ეკრანის დაზიანების მიზეზი იყო მისი ქარხნული წუნი, რომელიც არ ექვემდებარებოდა აღდგენას. არსებულ ვითარებაში ტელევიზორი უვარგისი იყო შემდგომი გამოყენებისათვის, 2) ტელევიზორის გვერდებიდან, 2სმ-ის დაშორებით, ვერტიკალური ხაზის გაჩენის მიზეზი არ იყო დაკავშირებული კედელზე მისი დაკიდების პროცედურასთან, 3) ტელევიზორის თხევადკრისტალურ ეკრანზე, გვერდებიდან თანაბარი მანძილებით დაშორებული, ორი ვერტიკალური ხაზის გაჩენა არ იყო ეკრანის მექანიკური დაზიანების შედეგი, არამედ ეს იყო თხევადკრისტალური ეკრანის ქარხნული წუნი.

5. 2016 წლის 25 ოქტომბერს მყიდველმა სარჩელით მიმართა სასამართლოს გამყიდველისა და სერვის ცენტრის წინააღმდეგ და მის მიერ ტელევიზორის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა.

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყვეს სარჩელის საფუძვლიანობა. მოპასუხეთა მტკიცებით, მოსარჩელემ მაღაზიიდან უნაკლო ნივთი წაიღო და ისინი არ იყვნენ ვალდებული, აენაზღაურებინათ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა. მათი მოსაზრებით, დეფექტის გამოვლენა ტელევიზორის ეკრანზე შეძენიდან მე-18 დღეს არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ქარხნულ წუნად.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2148 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გაცემული საგარანტიო ფურცელი ითვალისწინებდა ნაკლის მქონე ნივთის გამყიდველის მიერ შეკეთების ვალდებულებას, საგარანტიო ფურცელში მითითებული გარემოებების არსებობისას. პალატის განსჯით, გარანტიის გამცემმა პირმა ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობილი დაზიანება არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს და გარანტიის გამცემს არ გააჩნდა დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება. შესაბამისად, პალატის დასკვნით, გამყიდველი ვალდებული იყო შეეკეთებინა წარდგენილი ნივთი, თუმცა მან ეს ვალდებულება არ შეასრულა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ წარმოშობილი დაზიანება არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს და გარანტიის გამცემს არ გააჩნდა დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება, პალატის განმარტებით, ეკისრებოდა სწორედ საგარანტიო ფურცლის გამცემს, ანუ გამყიდველს, რომელმაც ამ საპროცესო ვალდებულებას თავი ვერ გაართვა.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. კასატორთა მტკიცებით, სასამართლომ გაიზიარა დაუსაბუთებელი ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, ექსპერტიზა ჩატარებული იყო არაკომპეტენტური ექსპერტის მიერ, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს საქმეზე წარმოდგენილი ჰქონდა სონის ავტორიზებული ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც მითითებული იყო ტელევიზორის ეკრანის მექანიკურ დაზიანებაზე, ეკრანის შიდა ბზარებზე, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შემდგენელ ექსპერტს არ შეუმჩნევია.

11.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ სადავო ტელევიზორის დაზიანება გამოწვეულია ქარხნული წუნით, ვინაიდან, ეკრანზე მექანიკური დაზიანების შედეგად ზედა მარცხენა კუთხეში ფიქსირდება ბზარი, რომელიც გაშლილია და ტელევიზორის ეკრანზე აღინიშნება ნაკაწრები. ამავდროულად, კასატორის განმარტებით, ქარხნული წუნი ნაკლის ისეთი სახეა, რომელიც ვლინდება მყისიერად და, ამდენად, ნივთის შეძენიდან 18 დღის შემდეგ ტელევიზორის ეკრანზე ხაზების გაჩენა არ შეიძლება შეფასდეს ქარხნულ წუნად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

13. მოსარჩელის განმარტებით, გამყიდველმა მას მიჰყიდა ნაკლიანი ნივთი. საგარანტიო პირობების შესაბამისად, მყიდველმა გამყიდველს მოსთხოვა ნივთის ნაკლის გამოსწორება, შემდეგ კი, ნაკლიანი ნივთის ახლით შეცვლა, რაკი მისი შეკეთება შეუძლებელი იყო. გამყიდველმა უარი განაცხადა როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნაკლიანი ნივთის ახლით შეცვლაზე. ამის შემდეგ მყიდველმა გამყიდველს მოსთხოვა ნასყიდობის საფასურის დაბრუნება, რაზეც უარი მიიღო. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 491.1 (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.), 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) და 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) მუხლები.

14. ნასყიდობის ხელშეკრულება კონსენსუალურ გარიგებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც კონტრაჰენტი პირებისთვის სამართლებრივ შედეგებს სახელშეკრულებო შეთანხმების მიღწევის მომენტიდან წარმოშობს. ნასყიდობის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი შემძენისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემაა. ამ მოთხოვნის უგულებელყოფა გამყიდველისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი საკანონმდებლო დანაწესით (სსკ-ის 490-ე-494-ე მუხლებით) განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნის. კანონიდან გამომდინარე, ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი შესრულება (სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში). დამატებითი შესრულების მოთხოვნა უპირატესია სხვა მოთხოვნის უფლებებთან მიმართებით (იგულისხმება სსკ-ის 477-ე და 492-ე მუხლები - ფასის შემცირება; სსკ-ის 477-ე, 487-ე, 491-ე, 405.1-ე და 352.1-ე მუხლები - ხელშეკრულებიდან გასვლა; 477-ე, 494.1-ე, 394.1-ე და 408.1-ე მუხლები - ზიანის ანაზღაურება ან 477-ე, 487-ე, 491-ე, 405-ე, 352-ე, 494.1-ე, 394.1-ე, 407-ე მუხლები - ხელშეკრულებიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება კუმულირებულად). იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ შეასრულებს დამატებითი შესრულების მოთხოვნას, მყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის უკან დაბრუნება. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც გამყიდველი ნივთის გადაცემისას განსაზღვრავს ნივთის ვარგისიანობის ვადას (საგარანტიო ვადა), მისი ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ განსაზღვრული დროითაა შემოფარგლული და ეს აისახება მისი პასუხისმგებლობის თავისებურებაზეც. სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის გარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ. საქმე Nას-1020-963-2015, 25 ნოემბერი, 2015 წელი).

15. განსახილველ შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში, მყიდველმა გამყიდველს ჯერ ნივთის ნაკლის აღმოფხვრის (ტელევიზორის შეკეთების), ხოლო შემდგომ ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა გამყიდველისგან როგორც ნაკლის აღმოფხვრის, ასევე ნაკლის მქონე ნივთის შეცვლაზე უარი მიიღო. ამდენად, რაკი გამყიდველმა დამატებით შესრულებაზე უარი თქვა, მყიდველს ხელშეკრულების მოშლისა და გამყიდველის მიერ მიღებული შესრულების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. ამასთან, ეს მოთხოვნა წარმატებული იქნება, თუ მყიდველი დაამტკიცებს, რომ გამყიდველმა მას ნაკლიანი ნივთი გადასცა. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ექპსერტიზის დასკვნა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ნივთის ქარხნულ წუნზე (იხ. ამ გაჩინების პ.4). მითითებული ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა მან ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ზემოხსენებულ დასკვნას დაუპირისპირდებოდა. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს შპს „ლ–ოს“ მიერ შედგენილ დეფექტურ აქტზე, მაგრამ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს აქტი ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ფაქტებს. კერძოდ, ე.წ. დეფექტური აქტი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას დასკვნის შედგენის თარიღის, დასკვნის გამცემი პირის სამართლებრივი სტატუსისა და ტელევიზორის შეფასების მეთოდოლოგიის თაობაზე. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მეორე მოპასუხის მიერ გაცემული 2017 წლის 16 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ შესაკეთებლად ნივთის მეორე მოპასუხისათვის გადაცემის მომენტში და ნივთის უკან დაბრუნების დროს ნასყიდობის საგნის მდგომარეობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, კერძოდ, მყიდველმა ნივთი უკან ჩაიბარა სრულიად უფუნქციო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მან სერვის ცენტრში ნივთი მიიტანა მუშა მდგომარეობაში, რომელსაც ჩართვისას ეკრანზე კიდეებში აღენიშნებოდა ორი ვერტიკალური წითელი ხაზი. დეფექტური აქტიდან კი არ დგინდება, თუ რა მდგომარეობაში გადაეცა ტელევიზორი შესაბამის ავტორიზებულ სერვის ცენტრს და გამოიტანა თუ არა სპეციალისტმა დასკვნა ტელევიზორის დაზიანების წარმომავლობის თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, მას შეეძლო თავად უზრუნველეყო ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ან სასამართლოსათვის მიემართა შესაბამისი შუამდგომლობით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს ამ საპროცესო უფლებებით არ უსარგებლია.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით დაადასტურა გამყიდველის მიერ ნაკლიანი შესრულების, კერძოდ, მყიდველისათვის ნივთობრივად ნაკლიანი ნივთის გადაცემის ფაქტი. ეს გარემოება მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი გამყიდველმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მყიდველს მიაწოდა ნაკლიანი ნივთი, ამასთან, საქმის მასალებით იკვეთება, რომ გამყიდველმა მყიდველს უარი უთხრა, როგორც ნაკლის აღმოფხვრაზე, ასევე ნაკლიანი ნივთის ახლით შეცვლაზე, მყიდველს წარმოეშვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, რაც მან მართლზომიერად განახორციელა. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა (სსკ-ის 405.3 მუხლი). შესაბამისად, სსკ-ის 352.1 მუხლის საფუძველზე, გამყიდველი (რესტიტუციის მოვალე) ვალდებულია, მყიდველს (რესტიტუციის კრედიტორს) დაუბრუნოს ტელევიზორის შესაძენად გადახდილი თანხა.

18. ამდენად, პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას) მუხლის საფუძველზე, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

19. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საგარანტიო ტალონით ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების, მათ შორის, საგარანტიო პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა იკისრა პირველმა მოპასუხემ. შესაბამისად, სწორედ ის იმყოფება სახელშეკრულებო ბოჭვაში მყიდველთან და ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე პასუხისმგებელი პირიც ისაა. ცხადია, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების სამართლებრივ შედეგებზეც ის აგებს პასუხს. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, ის სახელშეკრულებო ბოჭვაში არ იმყოფება მყიდველთან. მას პირველი მოპასუხე იყენებს მყიდველის წინაშე საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად. კერძოდ, საგარანტიო პირობების მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია, აღმოფხვრას ნვთის ნაკლი, რომელიც მყიდველის ბრალით არ არის გამოწვეული. ამ ვალდებულების შესასრულებლად გამყიდველი იყენებს ნასყიდობის საგნის შეკეთებაზე სპეციალიზებულ იურიდიულ პირს, რაც არ ცვლის იმ სამართლებრივ სურათს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად რჩება გამყიდველი და არა ის პირი, რომელსაც გამყიდველი საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად იყენებს. უფრო მეტიც, გამყიდველი თავად ამ პირის მოქმედებისთვისაც ისეთივე მოცულობით აგებს პასუხს, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის (სსკ-ის 396-ე მუხლი). გარდა ამისა, მეორე მოპასუხე ვერ იქნება სსკ-ის 352-ე მუხლით გათვალისწინებული რესტიტუციის მოვალე, რადგან, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მას მყიდველისგან რაიმე შესრულება არ მიუღია და, ცხადია, ვერც იმას დააბრუნებს, რაც არ მიუღია. აქედან გამომდინარე, მეორე მოპასუხისათვის, პირველ მოპასუხესთან ერთად, სადავო თანხის სოლიდარულად დაკისრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394.„ე“ მუხლის მიხედვით, მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, რაკი არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა), საკასაციო პალატა, სსსკ-ის 411-ე მუხლის (საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები) მიხედვით, უფლებამოსილია თავად მიიღოს ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილება. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები - მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2148 ლარის, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯის - 85.92 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის - 60 ლარისა და ამ უკანასკენლის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე , 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „თ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „მ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები - შპს „მ.ს–ისთვის" მოსარჩელის სასარგებლოდ 2148 ლარის, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯის - 85,92 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის - 60 ლარისა და ამ უკანასკენლის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. მ.გ–იას სარჩელი, მის სასარგებლოდ, შპს „მ.ს–ისათვის“ 2148 ლარის, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯის - 85,92 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის - 60 ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯის - 100 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ე.გასიტაშვილი