№ას-1741-2019 28 ივლისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - სს ,,ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები) - შპს ,,ო.“, შპს ,,ო..“, შპს ,,ო. მ–ი“, შპს ,,ი–ი“, შპს ,,ლ–ი“, შპს ,,მ–ი“, შპს ,,მ–ე“, შპს ,,კ–უ“, შპს ,,ი.-..V“, შპს ,,ს–ი“, შპს “ბ–ი - B.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,ს.ბ–მა“ (შემდეგში - ბანკი, მოსარჩელე, საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს ,,ო–ს“, შპს ,,ო. .-ის“, შპს ,,ო.მ–ის“, შპს ,,ი–ის“, შპს ,,ლ–ის“, შპს ,,მ–ის“, შპს ,,მ–ეს“, შპს ,,კ–უს“, შპს ,,ი -..-ის“, შპს ,,ს–ის“, შპს “ბ - B-ის“ (შემდეგში - მოპასუხეები, აპელანტები) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა - შპს ,,ო–მ“, შპს ,,ო–ა-.-მა“, შპს ,,ო.მ–მა“, შპს “ბ–ი - B-მა და შპს ,,კ–მ“ ბანკის, ,,B.G. L.“-ისა და სს ,,ბ.ჯ–ის“ წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი წარადგინეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა (შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებმა) და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. 2019 წლის 1 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა. კერძოდ, მოპასუხეთა უძრავ ქონებაზე, არამატერიალურ აქტივებსა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, მოპასუხეთათვის დივიდენდების გაცემის აკრძალვა, მოპასუხეთათვის საბანკო დაწესებულებებში საბანკო ოპერაციების განხორციელების აკრძალვა, რეორგანიზაციის, ინვესტიციების განხორციელების აკრძალვა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი ვალდებულებების აღების აკრძალვა, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების სავალდებულო წესით დაზღვევა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, იმისათვის რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი არ გახდეს, აუცილებელია მისი აღსრულების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარეშე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეეშლება, რამდენადაც მოპასუხეები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კერძოდ, მათ გადამალეს კომპანიის აქტივები. ამასთან, მოპასუხე კომპანიები საკუთარი ბრუნვის სხვა საბანკო დაწესებულებაში გადატანით აქტიურად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და არაკეთილსინდისიერად არიდებენ თავს ვალდებულების შესრულებას მოსარჩელის წინაშე. ისინი მიზანმიმართულად არიდებენ თავს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასაც, რის გამოც საგადასახადო ორგანოს მათ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება აქვს გამოყენებული, ხოლო შემოსავლების სამსახურს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხეთა ქონებაზე ყადაღა აქვს დადებული. ამდენად, მოპასუხეები აგროვებენ ვალდებულებებს, რაც ამცირებს ბანკის მხრიდან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 271-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
11. სსსკ-ის 271-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს), (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას) შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რომელიც კანონიერ ძალაში არ შესულა ან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ გადაცემულა. კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა საჭირო აღარაა, რამდენადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ყველა საჭირო მექანიზმს.
12. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო ამ განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით. ამდენად, რაკი გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, მისი უზრუნველყოფა საჭირო აღარაა. კერძოდ, არსებობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი