№ას-1741-2019 28 ივლისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)- სს ,,ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები) - შპს ,,ო.“, შპს ,,ო–ა .“, შპს ,,ო.მ–სი“, შპს ,,ი–ი“, შპს ,,ლ–ი“, შპს ,,მ–ი“, შპს ,,მ–ე“, შპს ,,კ–უ“, შპს ,,ი-..“, შპს ,,ს–ი“, შპს “ბ - B.“
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,ს.ბ–მა“ (შემდეგში - ბანკი, მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს ,,ო–ს“, შპს ,,ო. .-ის“, შპს ,,ო.მ–ის“, შპს ,,ი–ის“, შპს ,,ლ–ის“, შპს ,,მ–ის“, შპს ,,მ–ეს“, შპს ,,კ–უს“, შპს ,,ი–ა-..-ის“, შპს ,,ს–ის“, შპს “ბ–ი - B -ის“ (შემდეგში - მოპასუხეები, აპელანტები) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა - შპს ,,ო–მ“, შპს ,,ო–ა-.-მა“, შპს ,,ო.მ–მა“, შპს “ბ–ი - B-მა და შპს ,,კ–უმ“ ბანკის, ,,B.G.L.“-ისა და სს ,,ბ.ჯ–ის“ წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი წარადგინეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა (შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებმა) და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე 2019 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს ბანკის წარმომადგენლებმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების პერსპექტივის შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბანკის მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას განაპირობებს მოპასუხე კომპანიების მხრიდან აქტივების გადამალვა. ამასთან, მოპასუხე კომპანიები საკუთარი ბრუნვის სხვა საბანკო დაწესებულებაში გადატანით აქტიურად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და არაკეთილსინდისიერად არიდებენ თავს ვალდებულების შესრულებას მოსარჩელის წინაშე. ისინი მიზანმიმართულად არიდებენ თავს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასაც, რის გამოც საგადასახადო ორგანოს მათ საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება აქვს გამოყენებული, ხოლო შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეთა ქონება აქვს დაყადაღებული, რაც ამცირებს ბანკის მხრიდან საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 268-ე მუხლის, როგორც საპროცესოსამართლებრივი დანაწესის მიზანზე. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიურობით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის დავებზე გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება აღსრულების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ (შდრ: იხ. სუსგ Nას- 734-702-2014, 25.07.2014წ.; №ას-543-518-2016, 15.07.2016წ.). ამდენად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მიზანია, მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლამდე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი ვეღარ დადგება, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ისედაც ექვემდებარება აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო ამ განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით. ამდენად, რაკი გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა საჭირო აღარაა. კერძოდ, არსებობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოსარჩელის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი