Facebook Twitter

№ას-207-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ბ. ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. ჯ–ი, ნ. ჯ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ. ჯ–ი (შემდეგში - მამკვიდრებელი) 2005 წლის 1 მარტს გარდაიცვალა. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - ნ. ჯ–ი (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), მ. ჯ–ი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები) და ბ. ჯ–ი (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი).

2. 2011 წლის 10 მაისის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მოპასუხე 2005 წლის 1 მარტს გარდაცვლილი მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრეა, რომელმაც საკუთრებაში მიიღო მამის სამკვიდრო ქონება - ქ.თბილისში, ..... მდებარე N1, N4, N5, N6 შენობა-ნაგებობები და N7 შენობის ½ ნაწილი. 2015 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონებები: ქ.თბილისში, ..... მდებარე N1, N4, N6, N7(12.30კვ.მ) და N8, N9, N12 შენობა-ნაგებობები. N8, N9 და N12 შენობა-ნაგებობა მოპასუხემ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ დაირეგისტრირა.

3. 2016 წლის 30 მარტს მოსარჩელეებმა ნოტარიუსს მიმართეს და უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვეს. მათ უარი ეთქვათ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, რადგან 2005 წლის 1 მარტს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში ჰქონდა მიღებული მოპასუხეს (საფუძველი - 2011 წლის 10 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა).

4. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ: ქ.თბილისში, ..... მდებარე N1, N4, N7-ში 12.30კვ.მ შენობა-ნაგებობისა და N6, N8, N9 შენობა-ნაგებობის 1/3 წილის (თითოეული მათგანი, ხოლო ორივე - 2/3 წილის) მესაკუთრედ.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში დაეუფლნენ ქ.თბილისში, .... მდებარე მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.

7.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული მემკვიდრეთა ნება, რომელიც გამოვლენილია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა (ზ.ყ–ი და გ.ვ–ძე) ჩვენებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეები მამის (მამკვიდრებლის) გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც, სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, საქმის მასალებში არსებობდა სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეთა რეგისტრაციის მისამართია, ქ.თბილისი, ..... ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მამის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს აპელანტმა, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა. აქედან გამომდინარე, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დაამტკიცეს მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. ეს გარემოება კი, სსკ-ის 1306-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელეთა მოთხოვნას.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:

8.1. სასამართლომ მოპასუხეს ხელი არ შეუწყო მოწმეების წარმოდგენაში.

8.2. სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტზე, რომლითაც მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეები, ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი განცხადებებით, ადასტურებდნენ მოწინააღმდეგე მხარის მოწმეებისგან განსხვავებულ გარემოებებს.

8.3. საქმის გადაწყვეტისათვის ერთადერთი რელევანტური მტკიცებულება მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებია, თუმცა აქ საყურადღებოა ერთი დეტალი: სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებები ისე უნდა დაედგინა, რომ დარწმუნებულიყო მეორე მხარისაგან საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენის შეუძლებლობაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ითხოვდა მოწმეთა წარდგენას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მას არამხოლოდ უარი უთხრა განჩინებით მოწმეთა დაკითხვაზე, არამედ ამ მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებიც კი არ განიხილა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

13. მოსარჩელეები მათ მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული მამის სამკვიდროს მესაკუთრეებად ცნობას მოითხოვენ. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.I-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები . . . ), 1421.2 (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

14. ზემოხსენებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნა წარმატებული იქნება, თუ ისინი სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს დაადასტურებენ. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. იხ. სუსგ-ები №ას-348-2019, 22.11.2019; №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; №ას-203-193-2016, 02.06.2016; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურეს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. მოპასუხემ, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს.

16. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ: სასამართლომ მას მოწმეების წარმოდგენაში ხელი არ შეუწყო; სასამართლომ არ იმსჯელა წერილობით დოკუმენტზე, რომლითაც მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეები, ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი განცხადებებით, ადასტურებდნენ მოწინააღმდეგე მხარის მოწმეებისგან განსხვავებულ გარემოებებს; სასამართლომ მოპასუხის არც ის თხოვნა არ გაითვალისწინა, რომ ასაკოვანი მოწმე სკაიპის საშუალებით ან ადგილზე დაეკითხათ.

17. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, დასაშვები იყო თუ არა აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას კანონი ითვალისწინებს, თუმცა სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს იმ ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომელთა წარდგენა მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო და რომლებიც მან არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა (სსსკ-ის 380-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა სწორედ ამ ნორმის საფუძველზე არ დააკმაყოფილა, რადგან არ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ახალი ფაქტების დაშვების წინაპირობები. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 22 მარტს, მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა მოწმეთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების მიღებაზე, რაც არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 220-229). ამ შემთხვევაშიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 219.1 (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული) მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები ახალი მტკიცებულებების მისაღებად. ამდენად, რაკი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის შესახებ მოპასუხეს არ უშუამდგომლია და არც ამ შუამდგომლობის დაუყენებლობის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოპასუხის ზემოხსენებული შუამდგომლობა.

18. რაც შეეხება სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა განცხადებებს, პალატა აღნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ასეთი მტკიცებულებები დასაშვები არაა, რამდენადაც სასამართლოს იგი მთავარ სხდომაზე წარედგინა. ამასთან, მოწმე ჩვენებას იძლევა სასამართლოში მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემით (სსსკ-ის 147-148-ე მუხლები). სანოტარო წესით დამოწმებული პირის განცხადება კი, მოწმის ჩვენებად ვერ შეფასდება. სწორედ ასეთი განმარტება გააკეთა საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე: მოწმეების განმარტებები მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ ისინი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოწმის სანოტარო წესით დადასტურებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებას (იხ. სუსგ №ას-545-508-2017, 21.09.2017წ.).

19. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლო მას უნდა დახმარებოდა მოწმეთა წარმოდგენაში. სასამართლომ მოწმე შეიძლება დაიბაროს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 178-ე და 140.3-ე მუხლები). როგორც ზემოთ ითქვა, კასატორს ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია. მას არც მოწმის იძულებით მოყვანაზე (სსსკ-ის 145.1 მუხლი) და არც მოწმის ადგილზე (სსსკ-ის 147-ე მუხლი) ან დისტანციურად დაკითხვაზე (სსსკ-ის 148.6 მუხლი) არ უშუამდგომლია პირველი ინსტანციის სასამართლოში.

20. საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ 2020 წლის 17 ივლისის განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე, რადგან ამ გარემოებებზე კასატორს თავის დროზე არ მიუთითებია. სსსკ-ის 407.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ. ჯ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (სანოტარო აქტები, ს.ფ. 374-375) 2 (ორ) ფურცლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი