№ას-719-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ს.მ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „რ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.მ–ა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, შემძენი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი შპს რ–ის (შემდეგში - მოპასუხე, გამყიდველი) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, გამყიდველმა მას ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიაწოდა ნაკლის მქონე ნივთი, კერძოდ, მიწოდებული კატრიჯები არ იყო ექსპლუატაციისთვის ვარგისი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათავლისწინებულ ნასყიდობის საგნის ხარისხს. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება შემძენისათვის მიეწოდებინა ახალი და ხარისხიანი ნივთი, რომელიც, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, დააკმაყოფილებდა საქონლის ტექნიკურ პირობებს.
2.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქმეზე მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - დეფექტური აქტი, რომელიც ადასტურებდა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი პროდუქციის მიწოდებას. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხის მზაობას, ნასყიდობის საგანზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა, რაც ვერ მოხერხდა ასეთი ექსპერტიზის ჩამტარებელი აკრედიტებული კომპანიების არარსებობის გამო.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.1.1. 2017 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №103/17 ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, 30 კალენდარულ დღეში შემძენისათვის მიეწოდებინა ფერადი კარტრიჯები. ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 6790 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლი ჩაითვლებოდა მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე, ხოლო ჩაბარების აქტი უნდა შემდგარიყო საქონლის (ან მისი ნაწილის) ყოველი მიწოდების დასრულების შემდეგ. ხელშეკრულების მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ხელშეკრულებითვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგარანტიო პერიოდში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 3 კალენდარულ დღეში, მიმწოდებელი შეცვლიდა წუნდებულ საქონელს (ტომი 1, ს.ფ. 19-21).
5.1.2. გამყიდველმა, 2017 წლის 31 აგვისტოს, №103/17 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემძენს მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში – 2017 წლის 29 სექტემბერს, რაზეც გაფორმდა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი. მყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება გადახდილი აქვს სრულად.
6. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს გარემოებები, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
7. მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის საგნის ნაკლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
8. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული წინაპირობების არსებობა არ დასტურდება. კერძოდ, დადგენილია, რომ გამყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემძენს შეთანხმებულ ვადაში მიაწოდა, რის თაობაზეც შედგა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი. მყიდველმა საქონელი მიიღო და მიწოდებული საქონლის ღირებულებაც სრულად გადაიხადა. ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობებში ფორმირებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის არსებობის მტკიცების ტვირთი, მყიდველს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შემძენს ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის ნივთი გადაეცა. აქედან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელეს (მყიდველს) უნდა ემტკიცებინა, რომ მას გამყიდველმა ნაკლიანი ნივთი გადასცა. ამ სადავო გარემოების დასამტკიცებლად, მყიდველმა სასამართლოს წარუდგინა ე.წ. „დეფექტური აქტი“, რომელიც შედგენილია თავად მყიდველი დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ცალმხრივად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, ზემოხსენებული მტკიცებულების შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მითითებული დასკვნით სადავო გარემოება ვერ დადასტურდება. კერძოდ, ასეთი დასკვნა, სამართლებრივი მნიშვნელობით, თავად მყიდველის ახსნა-განმარტებას/შედავებას უტოლდება. წარმოდგენილ დეფექტურ აქტში აღწერილი გარემოებები, თავის მხრივ, საჭიროებს დამტკიცებას საამისოდ კომპეტენტური დაწესებულების/სპეციალისტის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც გამყიდველისა და მყიდველისაგან ნეიტრალური, ნივთის ნაკლის შეფასების მიზნებისათვის კვალიფიციური პირი იქნება და ობიექტურად განსაზღვრავს ნასყიდობის საგნის მდგომარეობას.
9. მყიდველი საქმეზე ექპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობას საქმეში დაცული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ პასუხით ამართლებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ბაზაში არ მოიძებნა კატრიჯებზე ექსპერტიზის ჩამტარებელი აკრედიტებული კომპანიები. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორის მიერ მოხმობილი ეს დოკუმენტი მყიდველს მტკიცების ტვირთისაგან არ ათავისუფლებს. კერძოდ, მართალია, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ამოცანაა აღიაროს შესაბამისობის შემფასებელი იურიდიული ან ფიზიკური პირების (ექსპერტების) უფლებამოსილება შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად, თუმცა ის გარემოება, რომ ამ დაწესებულების ბაზაში არ მოიძებნა კარტრიჯების ექსპერტიზის ჩამტარებელი აკრედიტრებული პირები, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კარტრიჯების ნივთობრივი ნაკლის გამოსავლენი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
11. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებების არასაკმარისობის პირობებში სასამართლომ ვერ დაადგინა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ფაქტობრივი გარემოების - ნაკლიანი შესრულების არსებობა, რის გამოც საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რაკი კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის
საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #241, გადახდის თარიღი - 30.04.2019) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.მ–ას“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #241, გადახდის თარიღი - 30.04.2019) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი