№ას-762-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „ს–ა & ლ–ა“ (შპს „ე–ის“ უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ლ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს–ა & ლ–ა“ (შპს „ე–ის“ უფლებამონაცვლე, შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მოსარჩელე, გამქირავებელი, საზოგადოება, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე.
2. საკასაციო პრეტენზია ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2.1. მხარეებმა 2013 წლის 16 მარტის ხელშეკრულება სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენიდან 1 თვის გასვლამდე დადეს, ხოლო 2014 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ამ ფაქტიდან 1 წელიწადში გააფორმეს. ამ პერიოდში ხანძრის შედეგად შენობების დაზიანება/განადგურების გამო სავაჭრო ცენტრში ავეჯის ბაზრობა სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა. მათ ამ ხელშეკრულებებით ნება გამოხატეს, რომ სავაჭრო ცენტრის შიგნით ფართის გამოყოფამდე დამქირავებელი ყოველთვიურ ქირას ერთ შემთხვევაში არ გადაიხდიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მას შეთანხმებულზე 114 აშშ დოლარით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 442.1 მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. მხარეთა შორის ზემოაღნიშნული შეთანხმების არსებობა იმას ადასტურებს, რომ დამქირავებლის მიერ ქირის სახით გადაუხდელი თანხა მისთვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ჩაითვლებოდა. ვინაიდან ხანძრით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დამქირავებელს 27 791.15 ლარი უკვე მიღებული ჰქონდა (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად), ფართით სარგებლობისათვის გადასახდელ ქირაზე შეღავათის დაწესებით იგი 2 232.23 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
5. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.1. მოსარჩელის საკუთრებაშია ქ.თბილისში, .......... მდებარე ავეჯის სავაჭრო ცენტრი „ს–ა” (შემდეგში: სავაჭრო ცენტრი).
5.2. 2013 წლის 1 იანვარს მოსარჩელესა და შპს „ლ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, დამქირავებელი) შორის დაიდო სავაჭრო ფართის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
5.3. 2013 წლის 26 თებერვალს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 6500კვ.მ-ზე განთავსებული სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, მოპასუხის მიერ დაქირავებული ფართი და მასში არსებული საქონელი.
5.4. 2013 წლის 16 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს სავაჭრო ცენტრში დროებით სარგებლობაში გადაეცა 2.50კვ.მ ფართის ღია ტერიტორია. ეს ხელშეკრულება მოქმედებდა სავაჭრო ობიექტში ფართის გამოყოფამდე. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, 1კვ.მ ფართის ქირის საფასური შეადგენდა 2 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, ამავე პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამქირავებელი ფართით სარგებლობისთვის ქირას არ იხდიდა.
5.5. 2014 წლის 1 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სავაჭრო ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა სავაჭრო ცენტრში მდებარე 38კვ.მ ფართი. ხსენებული ხელშეკრულება 2015 წლის 1 თებერვლამდე მოქმედებდა. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქირის ოდენობა და გადახდის გრაფიკი მხარეთა დამატებითი შეთანხმებით განისაზღვრებოდა, კერძოდ: ქირის ოდენობა 494 აშშ დოლარით განისაზღვრა, დღგ-ს ჩათვლით და დადგინდა, რომ გადახდა გრაფიკის მიხედვით იწარმოებდა. ამავე შეთანხმებაში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, ქირა შეღავათის (114 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, 2014 წლის მარტის თვიდან 2015 წლის იანვრის თვის ჩათვლით 380 აშშ დოლარს შეადგენდა. მოსარჩელემ შეთანხმებული ქირა 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით გადაიხადა.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით გამქირავებელს, დამქირავებლის სასარგებლოდ, დაეკისრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 27 791.15 ლარის ანაზღაურება. ეს გადაწყვეტილება არსრულებულია.
6. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს გარემოებები, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 2 232.23 ლარის დაბრუნებას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ხანძრის შემდეგ მოპასუხეს შეღავათიან ფასად მიაქირავა ფართი. ამ შეღავათით დაზოგილმა თანხამ შეადგინა 2 232.23 ლარი. ეს თანხა, მოსარჩელის მოსაზრებით, ექვემდებარებოდა გაქვითვას ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის გამო დამქირავებლის სასარგებლოდ დაკისრებულ 27 791.15 ლარში. მაგრამ, რაკი ეს თანხა დამქირავებელმა სრულად მიიღო, ეს უკანასკნელი გამდიდრდა 2 232.23 ლარით.
8. მოსარჩელის ზემოხსენებული მოთხოვნის უსაფუძვლობას სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) წინაპირობების არარსებობა განაპირობებს. კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების მთავარი არსი ისაა, რომ არ მოხდეს ერთი პირის მიერ მეორის ხარჯზე გამდიდრება. კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ჩაითვლება, რომ ერთი პირიდან მეორეზე ქონების გადაცემა გამართლებული არ არის. ეს წინაპირობებია: მიმღებისათვის შესრულების გადაცემა; ამის შედეგად მოპასუხის გამდიდრება, ხოლო მოსარჩელის ქონების შემცირება; ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა.
9. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხის გამდიდრების ფაქტი არ არსებობს. კერძოდ, სადავო არაა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამქირავებელს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი - 27 791.15 ლარი აუნაზღაურდა. ეს თანხა წარმოადგენდა დამქირავებლის კუთვნილი საქონლის ღირებულებას, რომელიც მას დაქირავებულ ფართში ჰქონდა განთავსებული და, რომელიც გამქირავებლის ბრალით გამოწვეული ხანძრის შედეგად განადგურდა. შესაბამისად, დამქირავებელმა მისი კუთვნილი საქონლის ღირებულება კანონიერად მიიღო, რაც, ცხადია, გამორიცხავს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გამქირავებლის ხარჯზე, დამქირავებლის გამდიდრებას. რაც შეეხება შემცირებული ქირით დაზოგილ თანხას, ვერც ეს თანხა ვერ ჩაითვლება დამქირავებლის უსაფუძვლო გამდიდრებად, რადგან ქირის შემცირების თაობაზე მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ. შესაბამისად, ამ შეღავათს სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამქირავებელმა დამქირავებელს ქირის გადახდაზე შეღავათი იმიტომ დაუწესა, რომ ამით მისთვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა. პირიქით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმდინარე დავაში გამქირავებელი თავს არ მიიჩნევდა ვალდებულ პირად და არც გაქვითვის შესაგებელი არ წარუდგენია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი არ არსებობს.
11. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს–ა & ლ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს–ა & ლ–ას“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 383, გადახდის თარიღი 10.06.2019) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე. გასიტაშვილი