№ას-888-2019 24 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – შპს „ბ-ქ. ა–ია“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – თ.გ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, ვალდებულების არარსებობის აღიარება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიუღებელი ხელფასისა და პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ბ-ქ. ა–ია“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი, დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით თ.გ–ასათვის (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, დასაქმებული) 7050,53 ლარის დაკისრების თაობაზე დამსაქმებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დამსაქმებელს 5888 ლარისა და ამ თანხის 0.07%-ის გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ დააკისრა. ამავდროულად, სასამართლომ ბათილად ცნო მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილი (1.3 და 2.2.4 პუნქტები).
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა. მისი განმარტებით, სასწავლო პროგრამაში დასაქმებულის მონაწილეობის ხარჯების დამსაქმებლის მიერ დაფარვის თაობაზე ელექტრონულ მეილზე მიწერილი პირობა და 2017 წლის 11 ივლისის შეთანხმება წარმოადგენდა მხარეთა შორის მიღწეული კონსენსუსის ერთიან წერილობით დოკუმენტს და, ამდენად, თავდაპირველი შეტყობინება არ შეიცავდა საკითხის განსხვავებულ რეგულირებას, ხოლო მოგვიანებით გაფორმებული წერილობითი დოკუმენტი არ აუარესებდა დასაქმებულის მდგომარეობას. კასატორი საკუთარი კეთილსინდისიერი ქცევის დასადასტურებლად ასევე მიუთითებს 2017 წლის მაისში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯების გაღების ფაქტზე, რაც, კასატორის მოსაზრებით, გამორიცხავს დასაქმებულთან ურთიერთობაში დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერებას და, ამავდროულად, ადასტურებს დამსაქმებლის მზაობას დასაქმებულის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დასაქმებულის მონაწილეობა ჰარვარდის საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მივლინებად. კასატორის განმარტებით, მითითებული სამართლებრივი ნორმის შესატყვისად, მივლინების მიზანი და საფუძველია, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული მივლინების დროს ტერიტორიულად სხვა ადგილას ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ სამუშაოს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ჰარვარდის უნივერსიტეტში ყოფნის დროს მოსარჩელე სამუშაოს კი არ ასრულებდა, არამედ სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ, კასატორის მითითებით, დასაქმებულს გადაეცა მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) 2015 წლის სექტემბრიდან დაწყებითი სკოლის დირექტორად დასაქმდა მოსარჩელესთან.
5.2.2. 2016 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 10-14).
5.2.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამსაქმებელმა დასაქმებულს შესთავაზა აშშ-ში, ჰარვარდის უმაღლესი განათლების სკოლის „ახალი და პერსპექტიული სკოლის ლიდერის“ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსება. 2017 წლის 24 იანვარს დასაქმებულს ელექტრონული შეტყობინებით ეცნობა, რომ დამსაქმებელი სრულად დაფარავდა ხარჯებს, თუ შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის გაგრძელდებოდა მინიმუმ 2019 წლის სექტემბრამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა 2018 წლის სექტემბრამდე, დამსაქმებელი აანაზღაურებდა ხარჯების 50%-ს (ტ.1, ს.ფ.24).
5.2.4. დამსაქმებლის 2017 წლის 9 მარტის ბრძანების თანახმად, დამსაქმებლის საქმიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დასაქმებული 2017 წლის 25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით მივლინებულ იქნა აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტში „ახალი და პერსპექტიული სკოლის ლიდერის“ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, (ტ.1, ს.ფ.28).
5.2.5. 2017 წლის 11 ივლისს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმდა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის დაფინანსების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების 1.3 მუხლის თანახმად, დათქმულ ვადამდე (2019 წლის სექტემბრამდე) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებული იქნებოდა, აენაზღაურებინა დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯები შემდეგი პირობების დაცვით: შრომითი ურთიერთობის 2018 წლის სექტემბრამდე ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტისას, დასაქმებულს დამსაქმებლისათვის სრულად უნდა აენაზღაურებინა გაწეული ხარჯი, ხოლო მითითებული თარიღის შემდგომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი, დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯის 50%. სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები მოიცავდა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის საფასურს, მგზავრობის (ავიაბილეთების ღირებულებას ორივე მიმართულებით), სასტუმროში ცხოვრებისა და ყოველდღიურ ხარჯებს, რაც ჯამურად 12 939,53 ლარს შეადგენდა (ტ.1, ს.ფ.26-27).
5.2.6. 2017 წლის 9 აგვისტოს დამსაქმებელმა დასაქმებულს ელექტრონული წერილით შეატყობინა, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდა (ტ.1, ს.ფ.62) .
5.2.7. 2017 წლის 21 ოქტომბერს დამსაქმებელმა დასაქმებულს აცნობა, რომ შრომის ანაზღაურების საბოლოო ანგარიშსწორებიდან, 5888 ლარი პროგრამაში მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურების ანგარიშში გაუქვითა, დარჩენილი თანხა კი - 7050.53 ლარი დასაქმებულს დამსაქმებლისათვის უნდა აენაზღაურებინა (ტ.1, ს.ფ. 63).
6. განსახილველ შემთხვევაში, სასწავლო პროგრამაში დასაქმებულის მონაწილეობისათვის დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივ უსაფუძვლობას სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) სამართლებრივი წინაპირობების არარსებობა განაპირობებს.
7. სსკ-ის 976-ე მუხლი ეხება შესრულების კონდიქციის გამოყენების მთავარ შემთხვევას, კერძოდ, შესრულების უკუმოთხოვნას, რომელიც განხორციელდა ვალდებულების შესასრულებლად. ეს ნორმა მოიცავს შემთხვევებს, რომელშიც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, ასევე ბათილი ან არშემდგარი ხელშეკრულებების უკუქცევის შემთხვევებს. ზემოხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის უფლების წინაპირობებს. მოთხოვნის უფლების მოცულობა კი გამომდინარეობს სსკ-ის 979-ე-981-ე მუხლებიდან. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების წინაპირობებია: ა) მიმღებისათვის რაღაცის გადაცემა (გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას, როდესაც მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ განხორციელდება გარკვეული სახის შესრულება შეგნებულად და ნებაყოფლობით); ბ) შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა; გ) მიმღების გამდიდრება.
8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს სშკ-ის 21-ე მუხლის (1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე ... 4. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯი) შესაბამისად აუნაზღაურა სადავო მივლინების ხარჯი. შესაბამისად, ამ შესრულებას სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა, რაც გამორიცხავს მისი უკუქცევის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას დასაქმებულის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შრომის კოდექსით განსაზღვრულ მივლინებად შეფასების არარელევანტურობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დამსაქმებელმა დასაქმებული ჰარვარდის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სწორედ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გაგზავნა, რადგანაც დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება დამსაქმებლის ინტერესში შედიოდა. ამ ფაქტს ადასტურებს თავად დამსაქმებლის მიერ 2017 წლის 9 მარტს გამოცემული ბრძანების ტექსტი, რომლითაც დასაქმებულის ჰარვარდის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა არა სასწავლო შვებულებად, არამედ მივლინებად გაფორმდა, სადაც დასაქმებულის მივლინების მიზნად, დამსაქმებლის საქმიანი ინტერესი მიეთითა. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მივლინებამდე რამდენიმე თვით ადრე დამსაქმებელმა თავად შესთავაზა დასაქმებულს მივლინების (სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის) ხარჯის ანაზღაურება, თუკი ეს უკანასკნელი 2019 წლის სექტემბრამდე გააგრძელებდა შრომით ურთიერთობას, რაზეც დასაქმებულმა თანხმობა განაცხადა. ამ გარემოებათა წინააღმდეგ კასატორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მისი მტკიცების ტვირთის შესატყვისი მტკიცებულებები თუ სამართლებრივად წონადი არგუმენტაცია.
9. ამასთან, ზემოხსენებული მსჯელობა საკამათოდ რომც მივიჩნიოთ, საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა მაინც არ გააჩნია. კერძოდ, დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება 2017 წლის 11 ივლისის შეთანხმებაზე, რომელიც, მისი მოსაზრებით, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის ხარჯის დასაქმებულის მიერ ანაზღაურების საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატის შეფასებით, ამ შეთანხმების სადავო დათქმის დამსაქმებლის მოსაზრების შესატყვისი გაგება, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება კონტრაჰენტ მხარეთა შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს. ამასთან, შეთანხმებული პირობის დადგომა მხოლოდ დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული, რაც ამ პირობის დამდგენს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და იმთავითვე უფლებით ბოროტად სარგებლობის საფრთხეს ქმნის. სწორედ ამ სახელშეკრულებო რისკის დაზღვევას და ორმხრივ ურთიერთობაში სამართლიანი ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება სსკ-ის 98-ე მუხლის დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეზე დამოკიდებულ პირობას სამართლებრივი ძალის არმოქონედ აცხადებს, თუკი ამ პირობის დადგომას არაკეთილსინდისერად შეუწყო ხელი ამ უფლების მქონე კონტრაჰენტმა. განსახილველ შემთხვევაშიც, დამსაქმებელმა დასაქმებულთან 2017 წლის სექტემბრიდან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმით, ისე, რომ მას დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის პატივსადებ ინტერესზე არ მიუთითებია, ბოროტად ისარგებლა 2019 წლის 6 სექტემბრამდე შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის სახელშეკრულებო დანაწესთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგის - სწავლებაზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ფორმალური წინაპირობების შესაქმნელად. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო მნიშვნელობის იმ გარემოებასაც, რომ დამსაქმებლსა და დასაქმებულს შორის ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში შემდგარი თავდაპირველი მოლაპარაკების დეტალები არ ითვალისწინებდა შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის - დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის მიერ თანხის დაბრუნების შესაძლო ვალდებულებას. პირიქით, ელექტრონული მიმოწერით ირკვევა, რომ დამსაქმებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას, გადაეხადა დასაქმებულის სწავლების დაფინანსება, თუ დასაქმებული მინიმუმ 2019 წლის სექტემბრამდე შეინარჩუნებდა შრომით ურთიერთობას დამსაქმებელთან. ფაქტობრივად, დამსაქმებელი დასაქმებულთან შეთანხმების მიღწევით შეეცადა, შეექმნა კონკრეტულ თარიღამდე დასაქმებულის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში დასაქმებულის სწავლებაზე გაწეული ფინანსური რესურსის უკან დაბრუნების გარანტიები, ვინაიდან დასაქმებულის სწავლებაში დამსაქმებლის მატერიალური რესურსის ინვესტირება დამსაქმებლის საქმიანი ინტერესით იყო განპირობებული.
10. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სახელშეკრულებო დათქმის (2019 წლის სექტემბრამდე) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯები შემდეგი პირობების დაცვით: შრომითი ურთიერთობის 2018 წლის სექტემბრამდე ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს დამსაქმებლისათვის სრულად უნდა აენაზღაურებინა გაწეული ხარჯი, ხოლო მითითებული თარიღის შემდგომ ხელშეკრულების შეწყვეტისას კი, დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯის 50%.) გონივრული განსჯის შესატყვისად განმარტებაც არ იძლევა მისი იმგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ დამსაქმებელს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო უკან მოეთხოვა მის მიერ გაწეული ხარჯი. ხელშეკრულების სადავო პირობის ამავე ხელშეკრულების სხვა დანაწესებთან ერთობლივად განხილვა, ასევე, საქმეში დაცული ამ შეთანხმების წინმსწრები 2017 წლის 24 იანვრის ელექტრონული შეტყობინების შინაარსი ქმნის ერთიან სამართლებრივ სურათს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის დაფინანსების ინიციატორს თავად დამსაქმებელი წარმოადგენდა, იმ პირობით, რომ დასაქმებული 2019 წლის სექტემბრამდე იმუშავებდა მოსარჩელესთან. ამ პირობას დასაქმებული დაეთანხმა, რათა მას შემდგომში არ დაჰკისრებოდა მივლინებაზე დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯების უკან დაბრუნება. შესაბამისად, შეთანხმების დათქმა, რომელიც ნებისმიერი მიზეზით შრომითი ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივ შედეგებს ადგენს, მოიაზრებს არა დამსაქმებლის დისკრეციას, მისი ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტისას მოითხოვოს დასაქმებულის სწავლებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება, არამედ წარმოადგენს, ერთი მხრივ, სამართლებრივ ბერკეტს დამსაქმებლის ხელში, რათა მან შეინარჩუნოს ის სამუშაო კადრი, რომლის სწავლების დაფინანსებაზეც იზრუნა და, მეორე მხრივ, დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას, შეთანხმებულ ვადამდე დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, უკან დაიბრუნოს დასაქმებულის სწავლებაზე გაწეული დანახარჯები.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებლის სარჩელი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
12. შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნაა მიუღებელი ხელფასისა და ხელფასის დაყოვნების გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 41-ე (1. შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. 2. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 3. შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ. 4. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.) მუხლები.
13. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თავადაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შრომის ანაზღაურების საბოლოო ანგარიშსწორებით მოსარჩელეს მისაღები ჰქონდა 5888 ლარი, რომელიც გადახდილი არაა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა დამსაქმებელს როგორც მითითებული თანხის, ასევე ამ თანხის დაყოვენების ყოველი დღისათვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 646.92 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 646.92 ლარის (საგადახდო დავალება #1561407108, გადახდის თარიღი - 26.06.2019) 70% – 452.84 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ-ქ. ა–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ბ-ქ. ა–იის“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 646.92 ლარის (საგადახდო დავალება #1561407108, გადახდის თარიღი - 26.06.2019) 70% – 452.84 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი