Facebook Twitter

№ას-907-2018 27 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ლ.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.ც–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ დივიდენდის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ლ.კ–ის“ (შემდეგში: საზოგადოება, კომპანია, მოპასუხე, კასატორი) 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრებაზე აქციონერებზე განაწილდა დივიდენდი. მათ შორის, განისაზღვრა აქციების 9.33333 %-ის მფლობელი აქციონერის ე.ც–ას (შემდეგში: აქციონერი, მოსარჩელე) კუთვნილი დივიდენდის ოდენობა - 59 302.89 ლარი, თუმცა საზოგადოებამ მას განაწილებული დივიდენდი არ გადასცა. კრების ოქმის მიხედვით, 2013 წელს აქციონერის მიმართ გამოვლინდა კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმებისა და საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც აღძრულია სამოქალაქო სარჩელები. ამასთან, გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთა დამთავრებამდე აქციონერის წილი დივიდენდი - 59 302.89 ლარი გამოიყო, როგორც „გაუნაწილებელი დივიდენდი“.

2. აქციონერმა სარჩელი აღძრა საზოგადოების მიმართ და მოითხოვა აქციონერთა 08.04.2015 წლის კრების ოქმით (გადაწყვეტილებით) მისთვის გამოყოფილი 59 302.89 ლარის გადაცემა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ 2013 წელს აქციონერის მიმართ გამოვლინდა კორპორატიული ეთიკის და საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი დარღვევები. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ორი პირის მიერ ყალბი სესხების გაცემით კომპანიისათვის 807 471.76 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი. ყალბი სესხების გაცემის პროცესში მონაწილეობდა მოსარჩელეც. შესაბამისად, დივიდენდი უნდა გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო ორგანოებში გამოძიების დასრულების შემდეგ მოსარჩელის უდანაშაულობა დადგინდება. მოპასუხე მიუთითებს ასევე, რომ მოსარჩელეს პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრებისთვის ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ორთვიანი ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი აქციონერთა რიგგარეშე კრების 08.04.2015 წლის გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეზე დივიდენდის - 59302.89 ლარის გაცემა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

6.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დივიდენდის განაწილების საკითხი საწარმოს პარტნიორთა დისკრეციას განეკუთვნება, მის ფარგლებში სასამართლო ვერ შეიჭრება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტნიორთა კრებამ, დივიდენდის განაწილების პროცესში, საკუთარი უფლებამოსილება არამართლზომიერად გამოიყენა.

6.2. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, აქციონერთა კრების სადავო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობა არ დასტურდება. ამასთან, უკვე განაწილებული დივიდენდი პარტნიორის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი დივიდენდის დაკავების უფლებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 54-ე მუხლის თანახმად, პარტნიორთა გადაწყვეტილება, როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილია და საზოგადოება ვალდებულია, აქციონერს გადასცეს კუთვნილი დივიდენდი - 59 302.89 ლარი.

6.3. პალატამ მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აქციონერის მიერ საზოგადოების მიმართ დელიქტის ჩადენის ფაქტზე და დადგინდა, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. რამდენადაც აქციონერთა კრების სადავო გადაწყვეტილებას იგივე ფაქტები დაედო საფუძვლად, რაზედაც სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იმსჯელა, იმავე ფაქტების საფუძველზე მიღებული 08.04.2015წ. კრების გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს პარტნიორთა მხრიდან უფლების მართლზომიერ გამოყენებად.

6.4. სააპელაციო სასამართლომ არც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრეტენზია არ გაიზიარა და მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (სუსგ, ას-771-732-2013, 21.01.2014წ.), რომ დივიდენდის გაცემის საკითხი სცილდება საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას (მეწარმეთა კანონის მე-91 მუხლი) და ამ ტიპის დავებზე ვრცელდება ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა (მეწარმეთა კანონის 15.1 მუხლი).

6.5. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული საქმე, ვინაიდან მან, ერთხელ უკვე განიხილა ანალოგიური საფუძვლით იმავე მხარეებს შორის დავა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა მოსამართლის აცილებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევას, ხოლო მხარეს დასაბუთებული პრეტენზია მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით არ წარუდგენია.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით.

7.1. კასატორის განმარტებით, დადასტურებულია, რომ აქციონერი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირია. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოების ყოფილი თანამშრომლისა და სხვათა მიმართ, ეხება თაღლითობაში დახმარების ფაქტს. იგულისხმება თუ არა მოსარჩელე „სხვაში“ უნდა შეფასდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, არასწორია.

7.2. კასატორის მოსაზრებით, განაწილებული დივიდენდის დაკავების უფლება გამომდინარეობს საწარმოს დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებიდან, რომლის მონაწილე მოსარჩელეცაა. კასატორის მტკიცებით, მან სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა 23.04.2008 წლის აქციონერთა ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორთა შორის კეთილსინდისიერი ქცევისა და დელიქტის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხს.

7.3. არავინ დავობს, რომ მოსარჩელეს დივიდენდის მიღების უფლება აქვს, თუმცა პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ ერთ მხარეს დგას საწარმოსა და პარტნიორთა ინტერესები, მეორე მხარეს არაკეთილსინდისიერი და კანონთან კონფლიქტში მყოფი პარტნიორი. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა, რაც გულისხმობს გასანაწილებელი მოგების ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც და ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო უნდა შეიჭრას, თუ უფლებამოსილ პირთა მხრიდან ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, პარტნიორის უფლებების განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას (საქმე №ას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წელი). განსახილველ შემთხვევაში, საზოგადოება მოქმედებდა დამფუძნებელი დოკუმენტაციის, პარტნიორთა შორის 2010 წლის 1 დეკემბრის თანხმობის დოკუმენტებისა და 18.03.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინების შინაარსის მიხედვით.

7.4. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სასამართლომ ხანდაზმულობის შესაფასებლად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილი, ნაცვლად ამავე მუხლის პირელი ნაწილისა, რომელიც პარტნიორებს შორის პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგად ვადას ადგენს. განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების ოქმი არის გასაჩირებული, რომლის გასაჩივრება ოქმის შედგენიდან 2 თვის შემდეგ დაუშვებელია.

7.5. კასატორის მტკიცებით, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა იყო დასაბუთებული. ორივე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეებმა განიხილეს დავა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და სამართლებრივი დასკვნები გააკეთეს აქციონერის მიმართ კომპანიის იმ პრეტენზიებზე, რომელიც შეეხებოდა ამ პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებას და რომელი ქმედებებიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული პარტნიორთა კრების ოქმის მიღებას. ამასთან, სააპელაციო პალატას მიეწოდა სრული ინფორმაცია, თუ რა ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და აქციონერი და რომ მათ შორის ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობდა კომუნიკაცია. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებულია განჩინება, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების აქტის პრეტენზია. ამაზე მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების შეუსაბამო დასკვნები და განმარტებები.

7.6. კასატორი შუამდგომლობს წინამდებარე დავის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემას. დავა შეეხება არა დივიდენდის გაცემაზე უარს, არამედ გაუნაწილებელ დივიდენდად მიჩნევის გადაწყვეტილებას. აღნიშნულის საფუძველია აქციონერის კანონთან კონფლიქტში არსებობის ფაქტი. საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ დავაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია, აღნიშნულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით განმარტოს ნორმა და დაადგინოს მყარი პრაქტიკა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრებაზე წილის პროპორციული დივიდენდი - 59 302.89 ლარი, მასაც გაუნაწილეს, მაგრამ ამავე კრებაზე საზოგადოებამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება დივიდენდის დროებით (სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე) დაკავების შესახებ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს ზემოხსენებულ აქციონერთა კრებაზე განაწილებული დივიდენდის მისთვის გადაცემას. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება).

11. პალატა განმარტავს, რომ დივიდენდი წარმოადგენს იურიდიული პირის ფინანსური მოგების ნაწილს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის ფლობით (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი), შესაბამისად, მასზე „უფლება“ დაკავშირებულია პარტნიორის სტატუსთან (იხ.სუსგ Nას-1063-1018-2014 08.04.2015წ.). დივიდენდის მიღების უფლებით თითოეული აქციონერი სარგებლობს თავისი წილის პროპორციულად. ამასთან, დივიდენდის მიღების უფლება რეალიზდება გარკვეული წინაპირობების დაცვით. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ... პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა თუ დამტკიცდებოდა, რომ შპს-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე“ (იხ. სუსგ №ას-75-408-09, 02.07.2009წ). მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით განაწილდა დივიდენდი და მოსარჩელეს, როგორც აქციონერს, თავისი წილის პროპორციული თანხა გაუნაწილეს, თუმცა არ გადასცეს. როდესაც მიიღება გადაწყვეტილება დივიდენდების განაწილებაზე, პირი აღიჭურვება კრედიტორული უფლებით, რაც საზოგადოების წინაშე პარტნიორის მოთხოვნის უფლებას განამტკიცებს (იხ: ი.ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, თბილისი, 2010, გვ. 368- 369).

12. განსახილველ შემთხვევაში, საზოგადოება არ დავობს, რომ მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების აქციონერს, დივიდენდის მიღების უფლება აქვს, თუმცა მისი შესაგებლის მიხედვით, რაკი საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარეობს გამოძიება აქციონერის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე, ამ გამოძიების დასრულებამდე მოსარჩელეს დივიდენდი არ უნდა გადაეცეს. კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით, აქციონერი, დანაშაულის გამოვლენის პერიოდში, კომპანიის ოპერაციების მენეჯერი იყო და დამნაშავეებს ეხმარებოდა ე.წ. ყალბი სესხის გაცემაში. მოპასუხის ბრალდებების მიხედვით, მოსარჩელემ ეს ქმედებები ჩაიდინა როგორც საზოგადოების თანამშრომელმა. შესაბამისად, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დადასტურდა აქციონერის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, აღნიშნული კომპანიას წარმოუშობს უფლებას, აინაზღაუროს მისგან მიყენებული ზიანი. სწორედ ამიტომ მიიღო საზოგადოებამ გადაწყვეტილება აქციონერისათვის განაწილებული დივიდენდის დროებით დაკავების შესახებ.

13. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საწარმოს მოგებაში წილის მიღების უფლებას არაფერი აქვს საერთო პარტნიორის, როგორც დაქირავებული პირის, კომპეტენტურობასთან ან ქცევასთან, ანუ მის შესაფერისობასთან. ცუდი ქცევა ან არაკომპეტენტურობა პარტნიორს ართმევს უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კომპანიის საქმიანობაში ან მართვაში, მაგრამ არ ართმევს პასიური მონაწილეობის, ანუ კომპანიის მოგებიდან წილის მიღების უფლებას. აქციონერის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანი ამ უკანასკნელმა შეიძლება გაქვითოს აქციონერის კუთვნილ დივიდენდში (სსკ-ის 442-ე მუხლი), თუმცა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის აცილებელია, რომ არსებობდეს გასაქვითი მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, აქციონერს საწარმოს მიმართ მოთხოვნის უფლება გააჩნია, რადგან ის არის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით განაწილებული დივიდენდის მესაკუთრე. ამასთან, დადგენილი არაა აქციონერის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ცხადია, თუ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განჩენით დადგინდება აქციონერის ბრალეულობა საწარმოსათვის ზიანის მიყენებაში, საწარმოს გაუჩნდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამ ეტაპზე ასეთი მოთხოვნა არ არსებობს, შესაბამისად, ვერც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საკითხი ვერ დადგება. რაც შეეხება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის განაწილებული დივიდენდის დროებით დაკავების უფლებას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ასეთი უფლება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არაა. კასატორიც ვერ მიუთითებს კანონის ნორმაზე, რომელიც მას ასეთ უფლებას მიანიჭებდა. კასატორის მოსაზრებით, დივიდენდის დაკავების უფლება საზოგადოების დაფუძნების ხელშეკრულებიდან, პარტნიორთა შორის 2010 წლის 1 დეკემბრის თანხმობის დოკუმენტებიდან და 18.03.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებიდან გამომდინარეობს. საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან არც ერთი ზემოხსენებული დოკუმენტი კასატორს სადავო უფლებას არ ანიჭებს. გასათვალისწინებელია, რომ კასატორი მხოლოდ ზოგადად უთითებს ამ დოკუმენტებზე. იგი ვერ აზუსტებს, თუ კონკრეტულად რომელი დებულება ადგენს მის ასეთ უფლებას.

14. საკასაციო საჩივარში, კასატორი ძირითადად იმას მიუთითებს, რომ არამართლზომიერი ქმედებები მოსარჩელემ ჩაიდინა როგორც აქციონერმა, კერძოდ, მან დაარღვია კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებით. პალატა განმარტავს, რომ აქციონერები, სამართლებრივი ურთიერთობის სხვა მონაწილეთა მსგავსად, ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (სსკ-ის 8.3 მუხლი). ამ მოვალეობათა დარღვევამ შესაძლოა, აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს წარმოუშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოვალეობის დამრღვევი აქციონერისა თუ აქციონერთა მიმართ, თუმცა ეს არ ანიჭებს საზოგადოებას უფლებას, გამორიცხოს აქციონერი კომპანიის მოგების განაწილებისაგან ან „დაუკავოს“ მას დივიდენდი.

15. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ისეთ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს) გათვალისწინებული ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში (დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია) მითითებული გასაჩივრების ვადები შეეხება პარტნიორთა კრების მიერ საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-1310-1249-2014, 6.03.2015 წ., №ას-1047-1004-2014, 19.03.2015 წ.). ამასთან, სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ (იხ. სუსგ ას-1328-1170- 2010, 06.06.2011). ამდენად, 2015 წლის 8 აპრილის აქციონერთა კრების სადავო გადაწყვეტილების მიმართ მოქმედებს გასაჩივრების ხუთწლიანი ვადა, შესაბამიასდ, სარჩელი ხანდაზმული არ არის.

16. კასატორი, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილების წინმსწრებ განჩინებას მოსამართლეთა აცილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის განმარტებით, ეს განჩინება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმის განხილვაში, რადგან მანამდე მათ განიხილეს საქმე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე, სადაც ერთხელ უკვე შეაფასეს სადავო გარემოებები. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რადგან, ჯერ ერთი, იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე დავა არ განხილულა, ამასთან, იგივე მხარეების მონაწილეობით სხვა საქმის განხილვა მოსამართლეთა აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს არ წარმოადგენს. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების საკითხს, კასატორს არ წარუდგენია დასაბუთებული პრეტენზია მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, მხოლოდ მითითება გარკვეულ გარემოებაზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ვერ გახდება მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანისა და საქმის განხილვისაგან მისი ჩამოცილების საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.

17. დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 3911.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული რომელიმე წანამძღვარი საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადასაცემად. ამასთან, წინამდებარე განჩინებაში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, რომლითაც დადგენილია სტაბილური პრაქტიკა და რომლისგანაც განსხვავებული სამართლებრივი საკითხები, განსახილველ საქმეზე არ იკვეთება. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმის განსახილველად დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

18. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ლ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი