საქმე №ას-168-2020 15 ივნისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ–ი, დ. მ–ი, თ. მ–ი, ვ. მ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა, სავალდებულო წილის განსაზღვრა, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და სავალდებულო წილის პროპორციულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. მ–მა (შემდგომ - პირველი მოსარჩელე), დ. მ–მა (შემდგომ - მეორე მოსარჩელე), თ. მ–მა (შემდგომ - მესამე მოსარჩელე) და ვ. მ–მა (შემდგომ - მეოთხე მოსარჩელე, ყველა ერთად - მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე. მ–ის (შემდგომ - მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა, სავალდებულო წილის განსაზღვრა, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და სავალდებულო წილის პროპორციულ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეების განმარტებით, 2000 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა თ. მ–ი (შემდგომ - აწ გარდაცვლილი, მამკვიდრებელი), რომელიც პირველი მოსარჩელის მეუღლე და დანარჩენი მოსარჩელეების მამა იყო.
3. მოსარჩელეების განმარტებით, მათ ნოტარიუსისათვის, კანონით დადგენილი ექვსთვიანი საპროცესო ვადის მანძილზე, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად არ მიუმართავთ. ისინი ქონებას ფაქტობრივად დაეუფლნენ და დღემდე ფლობენ. მოსარჩელეებმა სახლში, რაც ძვირფასი და ღირებული იყო, რომ არ დაკარგულიყო და არ დაზიანებულიყო, თბილისში, საკუთარ სახლში წაიღეს. დატოვეს ქონების ის ნაწილი, რაც სოფელში ჩასულებს დასჭირდებოდათ. მამისეული ბიბლიოთეკა დღემდე მეოთხე მოსარჩელესთან ინახება. მოსარჩელეები ამ დრომდე ფლობენ და მართავენ მამკვიდრებლის მიწის ნაკვეთებს, ერთ-ერთ ნაკვეთში დარგულია კაკლები და ყოველ სეზონზე მოსავალს იღებენ.
4. სამკვიდროში შემავალი ქონების რეგისტრაციისათვის, მოსარჩელეებმა აუცილებელი საბუთების მოძიება დაიწყეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მამკვიდრებელს 1999 წლის 24 სექტემბერს შეუდგენია ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელი თავისი ქონება საკუთარ დას - მოპასუხეს უანდერძა.
5. მოპასუხემ 2001 წლის 18 აპრილს, ანუ ძმის გარდაცვალებიდან რვა თვის შემდეგ, სამკვიდრო მოწმობა მიიღო.
6. მას შემდეგ, რაც ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის შესახებ მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, ისინი შეეცადნენ მოპასუხესთან საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, შესთავაზეს მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის, გადაეცა სავალდებულო წილი, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები:
8. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა.
8.1 მოსარჩელეების მიერ აწ გარდაცვლილის სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი დადგინდა.
8.2 შევიდა ცვლილება 2001 წლის 18 აპრილის სამკვიდრო მოწმობაში და სამკვიდროში შემავალი სრული ქონების 1/2 ნაწილი, რომელიც მოიაზრება სავალდებულო წილად, ცნობილ იქნა მოსარჩელეების საკუთრებად.
9. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს სარჩელში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 20 მაისს პირადად ჩაჰბარდა (ტ. 1, ს.ფ. 78).
10. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არც შესაგებელი წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ ცნობებია სასამართლოსათვის.
11. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე, 74-ე, 201-ე, 2321-ე, 233-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1336-ე, 1421-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო სსსკ-ის 233-ე მუხლით, რის გამოც მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საჩივრის საფუძვლები:
12. ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
13. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, არამედ ჩაჰბარდა მხოლოდ კონვერტი, რომელშიც სარჩელი და თანდართული მასალები არ იყო.
14. კასატორმა სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.
რაიონული სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ:
15. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
16. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს მის მიერ ჩაბარებული გზავნილის სასამართლოში წარდგენა დაევალა, თუმცა ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე მითითებული კონვერტი ვერ წარადგინა.
17. რაიონული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საჩივარი დასაბუთებულად და საფუძვლიანად ჩაითვალოს, აუცილებელია, საჩივრის ავტორმა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე მიუთითოს და იგი სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, სასამართლოს, თუ რატომ არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რა საპატიო მიზეზი არსებობდა შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის.
18. რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ შესაგებლის წარდგენის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა და დანიშნულ დროში შესაგებელი არ წარადგინა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
სააპელაციო საჩივარი
19. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა.
21. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
22. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-200, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 241-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრულ საჩივარში მოპასუხე შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე (სარჩელისა და თანდარული მასალების ჩაუბარებლობაზე) მიუთითებდა, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
23. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივრის მიხედვით, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე აღარ მიუთითებდა და ამტკიცებდა, რომ, მიუხედავად შესაგებლის წარუდგენლობისა, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი და ხანდაზმული იყო.
24. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სასამართლოში აღძრულია მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენის, სავალდებულო წილის განსაზღვრის, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნული წილის პროპორციულ ქონებაზე (სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე) მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა მიუთითეს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით ა) ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებლის - 2000 წლის 11 აგვისტოს აწ გარდაცვლილი პირველი რიგის მემკვიდრეებს; ბ) მოსარჩელეებს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებული აქვთ სამკვიდრო ქონების ნაწილი; გ) მოპასუხე აწ გარდაცვლილის ანდერძისმიერი მემკვიდრეა; დ) მოპასუხის სახელზე გაცემულია ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ, სსსკ-ის 230-ე და 2321 მუხლების საფუძველზე, დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სსკ-ის 1336-ე, 1371-ე, 1421-ე, 1433-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობდა, რის გამოც სარჩელის განმხილველმა სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული იყო. რაც შეეხება აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მასზე მითითება, საქმის წარმოების ამ ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ვარგის საფუძვლად ვერ მიიჩნეოდა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
27. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 2321 მუხლის მეორე ნაწილი უგულებელყო, რომელიც იმპერატიულად ამბობს, რომ სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის განმარტებით, არც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სასარჩელო მოთხოვნას ამართლებდა. საქმეში წარდგენილი იყო 2001 წლის 18 აპრილის სამკვიდრო მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ქონება მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ფაქტობრივად რა ქონება მიიღეს მოსარჩელეებმა, არც საქმის მასალებში და არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, რაც იმთავითვე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა.
28. კასატორის განმარტებით, საქმეში წარდგენილი 2001 წლის 18 აპრილის სამკვიდრო მოწმობით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ სამკვიდრო სრულად მიიღო და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, მოსარჩელეებმა კი, 2019 წლის 10 მაისს, სარჩელით მიმართეს სასამართლოს, მაშინ, როდესაც, მამკვიდრებლის სამკვიდრო ამ უკანასკნელის სახელზე 2001 წლის 18 აპრილიდან არ არსებობდა.
29. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივი ფლობა დგინდება იმ შემთხვევაში, თუ სადავო ქონება აწ გარდაცვლილის სახელზე ირიცხება. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო ქონება მის სახელზე არ ირიცხებოდა, რაც ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლების ფაქტს გამორიცხავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
33. საკაასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3-მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1423-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).
35. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონშიც და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 241-ე მუხლი). საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობებს.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგინდა სსსკ-ის 70-ე-73-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებანი, რომლებიც იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითლება კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით (კასატორი საკასაციო საჩივრით არ ხდის სადავოდ), რაც, ამავდროულად, გულისხმობს, რომ მხარე ინფორმირებულ იქნა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე.
37. კასატორის საკასაციო პრეტენზიას ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, კასატორი სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითებს.
38. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სსკ-ის 1336-ე, 1371-ე, 1421-ე და 1433-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
39. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არამედ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. სარჩელში მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოსარჩელეთა მიერ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებაზე მიუთითებს, ამასთან, მოსარჩელეები აწ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან, შესაბამისად, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსსკ-ის 2321 მუხლი.
41. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამოც ითხოვს. კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ამასთან, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მასზე მოპასუხე მიუთითებს შესაგებელში, კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლო ხანდაზმულობის საკითხს ვერ გამოიკვლევდა საკუთარი ინიციატივით.
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1356-2018, 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება; №ას-1290-2019, 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება; №ას-152-2019, 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება; №ას-629-629-2018, 2018 წლის 13 ივლისის განჩინება).
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 500 ლარის 70% – 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ე. მ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.ბ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება №7004 / გადახდის თარიღი 06.03.2020), 70% - 350 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე