საქმე №ას-188-2020 31 ივლისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,ბ.ლ. ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ო.კ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ბ.ლ. ი–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნით (დაზუსტებული მოთხოვნა).
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 2016 წლის 21 მარტის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა 2016 წლის მარტიდან იმავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის 7500 აშშ დოლარის ოდენობით, სულ - 52500 აშშ დოლარი (საქართველოს კანონდმებლობით დადგენილი გადასახადის გარეშე - ხელზე მისაღები); მოსარჩელეს უარი ეთქვა დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურებაზე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამსაქმებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387.3 და 229-ე მუხლზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი; 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2019 წლის 29 ოქტომბერს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ.
8. სააპელაციო სასმართლომ მიუთითა სსსკ-ის 70-ე და 73-ე მუხლების პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მხარეთა წარმომადგენლებისათვის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 29 ოქტომბერს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ცნობილი იყო, რაც 2019 წლის 16 აგვისტოს სატელეფონო აქტებით დასტურდება.
9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, იმავე კოდექსის 231-ე მუხლსა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე და დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
12. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის გ.ს–ძის (შემდგომ - მოპასუხის, აპელანტის ან კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი) განმარტებით, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია N2/1402-19 სამოქალაქო საქმე, კომპანიის სარჩელის გამო, მოპასუხეების წინამდებარე დავაში დასაქმებულისა (მოსარჩელისა) და კ.კ–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სწორედ აღნიშნულ საქმეზე, 2019 წლის 29 ოქტომბერს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა, რომელსაც ის და კომპანიის მეორე წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
13. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლი მიუთითებს, რომ სხდომის განმავლობაში მუცლის არეში ტკივილსა და სისუსტეს გრძნობდა, ასევე - ტემპერატურის მატებას. უჭირდა მოსამართლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რასაც წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ღამით არ ეძინა. აღენიშნებოდა სავარაუდო საკვებით ინტოქსიკაციის ტიპობრივი ნიშნები, დილით კი მდგომარეობა გაუმწვავდა, თუმცა საქალაქო სასამართლოში მაინც გამოცხადდა.
14. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სხდომა სასამართლოში დიდხანს არ გაგრძელებულა, სხდომის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში სასამართლოს საპირფარეშოში ცუდად გახდა, რის შემდგომაც თავისმა კოლეგამ ინფექციურ საავადმყოფოში მანქანით წაიყვანა.
15. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები ეცადდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს დაკავშირებოდნენ და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ ეცნობებინათ, თუმცა 2019 წლის 29 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების ვებსერვისებზე განხორციელებული მაშტაბური კიბერშეტევის შედეგად არ ფუნქციონირებდა სასამართლოს ვებგვერდი და შეუძლებელი იყო საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.
16. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტს არ მიეცა საშუალება სრულყოფილად დაეცვა საკუთარი კანონით გათვალისწინებული უფლებები და ინტერესები. სააპელაციო საჩივარი კი, ისეთ საკითხს ეხება, რაც საქმის არსებით განხილვას საჭიროებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკსაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძველბის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კი, გაუქმდეს და საქმე იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
19. სსსკ-ის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ეე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
20. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
22. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. Nას-1445-1459-2011, 2011 წლის 31 ოქტომბერს განჩინება; Nას-1410-1330-2017; 2008 წლის 30 იანვრის განჩინება).
23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
25. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
26. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (შდრ. სუსგ. №ას-1109-1029-2017, 18.10.2017 წ., №ას-749-749-2018, 23.01.2019წ).
27. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის ამსახველ, კერძო საჩივარზე დართულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობა დამოწმებულია მკურნალი ექიმის ხელმოწერით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით. ცნობის შინაარსით ირკვევა, რომ ავადმყოფს დაავადება დაეწყო მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის 38.5 გრადუსამდე მომატებით, გულისრევით და ა.შ; ჯანმართელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად ავადმყოფობის მიმდინარეობა მწვავეა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობაზე, სახელდობრ, დიაგნოზი და სიმპტომები (სიცხე, შემცივნება, გულისრევა და ა.შ.), სწორედ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის შემადგენლობას ქმნის, ხოლო ცნობის ფორმალური შეუსაბამობა კანონთან არ შეიძლება, მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით აფასებს (შდრ. სუსგ. №ას-955-917-2014, 24.07.2015 წ., №ას-187-179-2016, 6.05.2016წ.). ამდენად, გასაზიარებელი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პრეტენზია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა.
29. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. საკასაციო პალატა სსსკ-ის 215.3 მუხლზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს იმ შემთხვევასაც, როდესაც პირი საერთოდ ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონით დადგენილი წესით.
30. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების ვებსერვერებზე განხორციელებული მაშტაბური კიბერშეტევის შედეგად არ ფუნქციონირებდა სასამართლოს ვერგვერდი და შეუძლებელი იყო სასამართლოს შემადგენლობის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, რაც ქმნის კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის მიმართ ობიექტურ გარემოებებას, ვინაიდან 2019 წლის 28 ოქტომბერს მართლაც განხორციელდა ფართომაშტაბიანი კიბერშეტევა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე, მათ შორის სასამართლოზე და გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლებელი იყო სასამართლოების ვებგვერდებთან წვდომა (სსსკ-ის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი).
31. საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კომპანიის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი იცავდა, მეორე წარმომადგენლის მინდობილობა კი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა წარდგენილი უკვე ვადაგასული იყო (მოქმედებდა 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით, სასამართლო სხდომა კი, რომელზეც აპელანტის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა დანიშნული იყო 2019 წლის 29 ოქტომბერს), შესაბამისად, ეს უკანასკნელი კომპანიის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში ვერ დაიცავდა.
32. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ პოზიციაზეც, რომლითაც ეს უკანასკნელი იმავე მხარეებს შორის სხვა დავის ფარგლებში ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მიუთითებს, სადაც აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ წინამდებარე დავა გასაჩივრებული იყო სააპელაციო წესით, რომელიც ჯერ არ იყო ჩანიშნული. აღნიშნულის გათვლისწინებით, მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სხდომის თარიღი დაავიწყდა, რაც გახდა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაციას სადავო საკითხთან მიმართებით არ გააჩნია სამართლებრივი მნიშვნელობა. როგორც აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომის განმავლობაში მუცლის არეში ტკივილსა და სისუსტეს გრძნობდა, უჭირდა მოსამართლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ამასთან, შესაბამისი მტკიცებულებით უტყუარად დადასტურებულია სხდომის დღეს აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობა, შესაბამისად, მის მიერ შეუძლოდ ყოფნის დროს გაკეთებული განმარტება, რომ წინამდებარე დავა სააპელაციო სასამართლოში ჯერ არ იყო ჩანიშნული, ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის ხელხალა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ბ.ლ. ი–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე