საქმე №ას-188-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,ბ.ლ. ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ო.კ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ბ.ლ. ი–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნით (დაზუსტებული მოთხოვნა).
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის - დირექტორის 2016 წლის 21 მარტის ბრძანება; დამსაქმებელს დაეკისრა 2016 წლის მარტიდან იმავე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იძულებითი განაცდურის - მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის - 7500 აშშ დოლარის ანაზღაურება დასაქმებული სასარგებლოდ, სულ - 52500 აშშ დოლარი (საქართველოს კანონდმებლობით დადგენილი გადასახადის გარეშე - ხელზე მისაღები); მოსარჩელეს უარი ეთქვა დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელის მოთხოვნა და საქალაქო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4. 2019 წლის 1 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება 3 (სამი) თვის ხელფასის ოდენობით (22500 აშშ დოლარი) მოითხოვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, ხოლო - მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო წესით წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა.
6.1 გაუქმდა გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება.
6.2 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
6.3 დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი 3 (სამი) თვის ხელფასის (იძულებითი განაცდურის) მიკუთვნების ნაწილში.
მოპასუხის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) 2020 წლის 18 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2020 წლის 6 იანვრის განჩინების ბათილად და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განჩინების ბათილად ცნობა და იძულებითი აღსრულების შეჩერება (მოთხოვნა და მისი საფუძვლები 2020 წლის 14 მაისის განცხადებით დაზუსტდა).
8. დამსაქმებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმაში მითითებული სიტყვები ,,არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“ შეეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც გარკვეული საკითხი წყდება ზეპირი მოსმენის გარეშე და მხარე სათანადოდ ინფორმირებული არ არის განსახილველი საკითხის შესახებ, რის გამოც მას არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლოს საკუთარი პოზიცია და მტკიცებულებები წარუდგინოს.
9. დამსაქმებლის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე განიხილეს და გადაწყვიტეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ დასაქმებულის განცხადება, რომ დამსაქმებლისათვის არ უცნობებიათ, შესაბამისად, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა არ მიეცა, საკუთარი პოზიცია სასამართლოსათვის წარედგინა, რითაც მხარის და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
10. მოპასუხე მიუთითებს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ნიშნავს, რომ სასამართლომ არ უნდა მიაწოდოს მხარეს ინფორმაცია და არ განუსაზღვროს დრო პოზიციის წარსადგენად.
სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დამსაქმებლის განცხადება განუხილველად დარჩა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც დასაქმებულის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი 3 თვის ხელფასის (იძულებითი განაცდურის) მიკუთვნების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინება არ წარმოადგენდა ბათილად ცნობის და საქმისწარმოების განახლების ობიექტს. სასამართლოს განმარტებით, ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, საქმის წარმოების შეწყვეტისა და განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება, იყოს საქმის განახლების მიზნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით არა საქმისწარმოების არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებები სრულდება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (სუსგ. საქმე Nას-1222-ბ-10-2015, 2015 წლის 10 სექტემბერი).
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება თავისი ბუნებით შუალედური ტიპის განჩინებაა და საქმისწარმოების რაიმე ეტაპს საბოლოოდ არ ამთავრებს, შესაბამისად, თუ განჩინებით არ სრულდება საქმის განხილვა, იგი არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ბათილად ცნობის გამო საქმისწარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დასაშვებია (იხ. საქმეზე Nას-543-513-2011, 2011 წლის 30 მაისის განჩინება).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მოპასუხის განცხადება განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
16. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მისი გაუქმება და 2020 წლის 6 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების სხვა მოსამართლის მიერ განხილვა მოითხოვა.
17. კერძო საჩივრის ავტორის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, 2020 წლის 6 იანვრის განჩინება შუალედური განჩინებაა და საქმისწარმოების რაიმე ეტაპს არ ასრულებს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ანუ ფაქტობრივად კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილი.
18. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსსკ-ის მე-10 მუხლზე, ასევე, იმავე კოდექსის 267-ე მუხლზე და განმარტავს, რომ იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შესაბამისად, სსსკ-ის 267-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, 2020 წლის 6 იანვრის განჩინება სწორედ საბოლოო და არა შუალედურ განჩინებათა რიგს მიეკუთვნება, ვინაიდან სხვაგვარად მოპასუხე არ იქნებოდა ვალდებული იძულებით, 22500 აშშ დოლარი გადაეხადა.
19. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 270-ე მუხლზე მითითებით (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას) განმარტავს, რომ მათ 2020 წლის 6 იანვრის განჩინების გასაჩივრების უფლება უნდა ჰქონოდათ.
20. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე (მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან, თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებულობაში) და განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინების განმხილველი მოსამართლე ვალდებული იყო, თვითაცილება განეცხადებინა, ვინაიდან იგი დაინტერესებული იყო მისივე გადაწყვეტილების ბათილად არ ცნობილიყო იმ მოტივით, რომ მას უნდა ჩაება მხარე კერძო საჩივრის განხილვაში, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, 2020 წლის 6 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი 2020 წლის 6 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმისწარმოების განახლებას მოითხოვდა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველით. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის (დასაქმებულის) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია, დასაშვებია თუ არა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ განჩინებაზე, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილი (3 თვის ხელფასის ოდენობით) მოპასუხეს წარედგინა განცხადება მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-13-მე-14 პუნქტებში მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 421-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმისწარმოება დამთავრდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს შეიძლება, განეკუთვნებოდეს მხოლოდ საქმისწარმოების შეწყვეტისა (სსკ-ის 272-ე მუხლი) და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები (სსკ-ის 275-ე მუხლი), ანუ განჩინებები, რომლითაც საქმისწარმოება მთავრდება (შდრ. საქმე Nას-543-513-2011, 2011 წლის 30 მაისის განჩინება).
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2020 წლის 6 იანვრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილი (3 თვის ხელფასის მიკუთვნებით ნაწილში) დაუყოვნებლივ აღასარულებლად მიექცა ვერ იქნება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განხილების ობიექტი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საქმე არსებითაც არ გადაწყვეტილა, არამედ გადაწყდა მხოლოდ საქმის განხილვის დროს წამოჭრილი საკითხი (დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ), რაც თავისთავად ვერ ჩაითვლება საქმისწარმოების დასრულებად, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილი განცხადება განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით კანონიერად დატოვა განუხილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
29. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტშია მითითებული საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVIII თავის ნორმები აწესრიგებს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წესს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, კერძოდ, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი იმ შემთხვევათა ჩამონათვალს განსაზღვრავს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მხარის შუამდგომლობა. ეს უკანასკნელი სამართლებრივი ნორმა კი, გამორიცხავს მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მის აღსრულებას.
30. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში, განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ მიიღო მისი დაკმაყოფილების შესახებ განჩინება. აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას კი, კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს.
31. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების განმხილველ მოსამართლეს უნდა განეცხადებინა თვითაცილება, ვინაიდან დაინტერესებულია არ მოხდეს მისივე განჩინების ბათილად ცნობა, რაც უსაფუძვლოა საკასაციო პალატის შეფასებით და არ შეიძლება, გახდეს მისი პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ბ.ლ. ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე