საქმე №ას-618-2020 28 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ლ.ნ–ი (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.პ–ი (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე), ლ.ჩ–ი (შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე), ზ.ლ–ი (შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა (ძირითადი სარჩელით), ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.პ–მა (შემდგომ – ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ნ–ის (შემდგომ – შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში - მოპასუხე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. ლ.ნ–ის შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას კი, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა წარმოადგენს (შეგებებული სარჩელის ავტორმა, ძირითად მოპასუხესთან ერთად მოპასუხეებად ზ.ლ–ი (შემდგომ - მეორე შეგებებული მოპასუხე) და ლ.ჩ–ი (შემდგომ - მესამე შეგებებული მოპასუხე) მიუთითა).
მოპასუხის პოზიცია:
2. თავდაპირველმა და შეგებებულმა მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელები არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო უძრავი ნივთები გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონებების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
4. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეგებებულ მოპასუხეს სადავო უძრავი ნივთების გასხვისება აეკრძალა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძირითადი სარჩელის მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მოპასუხის (აპელანტის) მოთხოვნა და რაიონული/სააპელაციო სასამართლოს განჩინებები:
6. 2020 წლის 17 თებერვალს მოპასუხემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირველი და მეორე შეგებებული მოპასუხეებისათვის უძრავ ქონებებზე (ქ. გურჯაანი ......ქუჩა ს/კ N ......; ქ. გურჯაანი, ....., ს/კ .. ....; ქ. გურჯაანი, ....., ს/კ ......) სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა მოითხოვა.
7. ამასთან, მოპასუხემ 2020 წლის 17 თებერვალს წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხელი რომ არ შეეშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას, პირველი და მეორე შეგებებული მოპასუხეებისათვის სადავო უძრავი ქონებების სარგებლობის ხელშეშლის, დანგრევის ან გადაკეთების აკრძალვა მოითხოვა.
8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით, 2020 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განჩინებით კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ გასაჩივრებულა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო საჩივარში შუამდგომლობით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება იდენტური იყო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობისა.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 194-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან ემყარებოდა იმავე დავის საგანსა და იმავე საფუძველს, რაც სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა.
საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
12. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
13. საჩივრის ავტორის განმარტებით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უკვე შეტანილი იყო სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნილი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, როდესაც პირველმა და მეორე შეგებებულმა მოპასუხეებმა უძრავი ქონების სახურავისა და კიბის ნგრევა დაიწყეს, ამ დროს საქმე სააპელაციო სასამართლოში ჯერ არ იყო გადაგზავნილი, შესაბამისად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა.
14. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება რაიონული სასამართლოს განჩინებასაც და მიიჩნევს, რომ იგი არ არის საკმარისად დასაბუთებული.
15. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ მოპასუხის უძრავი ქონების განადგურება გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2020 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2020 წლის 17 თებერვალს აპელანტმა განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონული სასამართლოს და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, პირველ და მეორე შეგებებულ მოპასუხეებს აკრძალვოდათ სადავო ფართით სარგებლობის ხელშეშლა.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ აპელანტის განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ გაუსაჩივრებია.
19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის იდენტურია. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, აპელანტის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან იგი ეფუძნებოდა იმავე დავის საგანსა და იმავე საფუძველს, რაც ერთხელ უკვე განხილულ იქნა სასამართლოს მიერ.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრი დაუსაბუთებელია და საჩივრის ავტორი არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს განსხვავებული სამართლებრივი შეფასების საფუძველს შექმნიდა, ვიდრე გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
23. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განხილვის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინების კანონიერება, რომლითაც აპელანტის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მსგავსი მოთხოვნითა და საფუძვლით სასამართლოს მანამდე ერთხელ უკვე მიმართა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, მხარე მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას, სასამართლოსთვის ანალოგიური განცხადებით ხელახლა მიემართა.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იმავე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ 2020 წლის 17 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართა და პირველი და მეორე შეგებებული მოპასუხეების მიმართ უძრავ ქონებებზე (ქ. გურჯაანი, ...... ს/კ ......; ქ. გურჯაანი, ..... ქუჩა N10, ს/კ .....; ქ. გურჯაანი, ......ქ. N4, ს/კ .....) სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა მოითხოვა. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა იმ გარემოებაზე დააფუძნა, რომ მეორე შეგებებულმა მოპასუხემ სადავო უძრავ ქონებას სახურავი გადახადა, კიბე და აივანი დაანგრია და მოპასუხე და მისი ხანდაზმული დედა გამოაგდო, მაშინ, როდესაც, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული. მოპასუხემ 2020 წლის 17 თებერვალს წარდგენილი სააპელაციო საჩივრითაც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება, ხელი რომ არ შეშლოდა აპელანტს გადაწყვეტილების აღსრულებაში, პირველი და მეორე შეგებებული მოპასუხეებისათვის სადავო უძრავი ქონებების სარგებლობის ხელშეშლა, დანგრევის ან გადაკეთების აკრძალვა მოითხოვა. მოპასუხემ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ზემოთ მითითებული ანალოგიური საფუძვლებით მოითხოვა.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ მოთხოვნის საფუძვლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი შუამდგომლობებით ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითა. რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნას, განსხვავება წინამორბედ და ამჟამინდელ განცხადებებს შორის იყო ის, რომ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი განცხადებით, შეგებებული მოსარჩელე მოპასუხეებისათვის უძრავ ქონებებზე სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვას მოითხოვდა, ხოლო სააპელაციო საჩივარში არსებული შუამდგომლობით, როგორც სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვას, ასევე - სადავო უძრავი ქონებების დანგრევის ან გადაკეთების აკრძალვას, რაც არსობრივად არ ცვლის მოთხოვნის შინაარსს.
28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმგავარად განიმარტება, რომ მასში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაც ვიგულისხმოთ, ვინაიდან სსსკ-ის 271-ე მუხლი, რომელიც უფლებას ანიჭებს ეროვნულ სასამართლოს, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულებისას სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებაზე.
29. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით სურს იმ შედეგის მიღწევა რაც სასამართლოს მიერ უკვე შეფასებულია და შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, არ არსებობს განცხადების მიღებისა და მისი შინაარსობრივი საფუძვლიანობის შესწავლის პროცესუალური წინაპირობები
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხის მიერ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი შუამდგომლობების როგორც მოთხოვნის შინაარსი, ასევე - მისი საფუძვლები იდენტურია, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაფუძნებით, გამართლებული იყო განცხადების განუხილველად დატოვება.
31. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ ამ დასკვნების საწინააღმდეგო არცერთი დასაბუთებული არგუმენტი არ წარუდგენია საჩივრის ავტორს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე, 1971, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ნ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე