Facebook Twitter

№ ას-212-2021 7 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.წ–ი, თ.წ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მამობის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ს–ი (შემდეგში: მოსარჩელე) დაიბადა 1993 წლის 25 ივლისს, დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი. დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია - გ.ს–ი, დედის გრაფაში მითითებულია - მ.ს–ი, ხოლო აქტის ჩანაწერის ნომერი - 1299;

2. ც.ნ–ი და ვ.წ–ი (შემდეგში: მოსარჩელის გარდაცვლილი მამა) იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 1978 წლის 19 სექტემბერს დაბადებული გ.წ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, გარდაცვლილის შვილი, აპელანტი ან კასატორი) და 1980 წლის 15 ივლისს დაბადებული თ.წ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, გარდაცვლილის შვილი, აპელანტი ან კასატორი).

3. ც.ნ–ს და ვ.წ–ს შორის ქორწინება შეწყდა 1994 წლის 23 ივნისს (აქტის ჩანაწერ №138).

4. დ.ს–ძე და ვ.წ–ი დაქორწინდნენ 2001 წლის 15 ოქტომბერს (აქტის ჩანაწერ №3).

5. ვ.წ–ი დაიბადა 1956 წლის 5 ივლისს, მისი მშობლები იყვნენ ე.წ–ი და ზ.წ–ი, ე.წ–ი გარდაიცვალა 2016 წლის 30 სექტემბერს.

6. ვ.წ–ი გარდაიცვალა 2015 წლის 13 იანვარს (აქტის ჩანაწერი #01157....).

7. მ.ს–ს 1993 წლის 25 ივლისს შეეძინა შვილი მ.ს–ი. ვ.წ–ის მამობა მ.ს–ის მიმართ დადგენილი არ ყოფილა.

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N5000954918 წერილის თანახმად, ბიოლოგოური ნათესაური კავშირის დადგენა დედის ხაზით, სეებ-ში არ ხდება. მამის ხაზით ნათესაური კავშირის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მამრობითი სქესის პირებს შორის, მამაკაცთა სასქესო ქრომოსომების გამოკვლევით. ანტროპოპგიური გამოკვლევა ეხმარება უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, უცნობი გვამის აღმოჩენის ან ექსჰუმაციის შემთხვევაში, ჩონჩხის სავარაუდო იდენტიფიკაციაში, რომელიც შემდეგ საჭიროებს დნმ ვერიფიკაციას. ვ.წ–ის გვამური სისხლის ნიმუში ბიომასალათა არქივში არ ინახება.

9. შპს ,,ჰ–ის“ 2018 წლის 1 აგვისტოს N01-5/656 წერილის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შესახებ 2018 წლის 4 ივლისის განჩინების (საქმეზე N2/19151-17) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნა ვ.წ–ის გვამის ექსჰუმაციის თარიღი - 2018 წლის 31 აგვისტოს 9:30 საათი და იმავე დღეს ჩატარდა გვამის ექსჰუმაცია.

10. ნოტარიუსმა ნ.ხ–მა 2015 წლის 29 ივლის გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეგ.ნომერი N150814914), რომლის მიხედვით 2015 წლის 13 იანვარს გარდაცვლილი ვ.წ–ის სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილზე მემკვიდრედ ცნობილია შვილი - გ.წ–ი.

11. სარჩელის მოთხოვნა

11.1. სასარჩელო მოთხოვნას წარმოდგენდა მოსარჩელის მიმართ გარდაცვლილი ვ.წ–ის მამობის დადგენა და მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა.

12. მოპასუხეების პოზიცია

12.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ.წ–ი აღიარებულ იქნა მოსარჩელის მამად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დაევალა გადაწყვეტილების შესაბამისად მ.ს–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც მამის გრაფაში უნდა მითითებულიყო ვ.წ–ი.

14. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი

14.1. მოპასუხეებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

15.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

15.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტები სადავოდ ხდიდნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 იანვრის N5008122218 ექსპერტიზის დასკვნას იმ მოტივით, რომ მასში მითითებული გარემოება ვ.წ–ის მ.ს–ის მამობის დადგენის თვალსაზრისით არ იყო 100%-იანი სიზუსტის.

15.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ვ.წ–ის მ.ს–ის ბიოლოგიურ მამად ყოფნის ფაქტი და ამ ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მეტიც, იმ სახის მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა საპირწონე ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის უარყოფისა, აპელანტს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია, მით უფრო, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა, რითაც მოპასუხე მხარეს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც ის შეძლებდა შედავებოდა მოსარჩელე მხარეს, მაგრამ აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარადგინა (თავადვე განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი). ამასთან, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სხდომაზე მიიწვია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ვ.ო–ვა, რომელმაც განმარტა, რომ არსებობს ფორმულა, რომლითაც ისაზღვრება, შესაძლებელია თუ არა შემთხვევით მოხდეს დამთხვევა და ამ ფორმულის თანახმად, ვ.წ–ის ბიოლოგიური მამობის თეორიულმა ალბათობამ მ.ს–ის მიმართ შეადგინა 99,99999%, რაც ნიშნავს 100%-ს, რომელიც არ იწერება პროტოკოლის მიხედვით და ეს პროგრამა 2003 წლიდან არის აპრობირებული. (იხ. სხდომის ოქმი 17.05.2019წ. 13;24:51 სთ).

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

16.2. კასატორების განმარტებით, ექსჰუმაცია, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად მათი თანდასწრების გარეშე ჩატარდა.

16.3. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე გარდაცვლილი პირის შვილი იყო.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. განსახილველ შემთხვევაში კასატორების პრეტენზია სადავო საკითხის გამორკვევის მიზნით ჩატარებული ექსჰუმაციის პროცესის მათთვის შეუტყობინებლობას, მათი დასწრების გარეშე ჩატარებასა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის უტყუარობას ეხება.

22. საკასაციო სასამართლო კასატორების პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს, იყო თუ არა მოსარჩელე გარდაცვლილი პირის შვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას, იყო თუ არა მოსარჩელესა და ვ.წ–ს შორის გენეტიკური კავშირი, როგორც მამასა და შვილს შორის, დადებითი პასუხის გაეცა, შესაბამისად, გარდაცვლილი პირი მოსარჩელის მამას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ უარი განაცხადა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო საკასაციო საჩივრით პრეტენზიას გამოთხვამს ექსჰუმაციის ჩატარების პროცესის მისთვის შეუტყობინებლობის შესახებ, რაც დაუსაბუთებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპირისპიროდ რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა სადავო საკითხთან მიმართებით არ წარუდგენიათ.

23. ამდენად, ვინაიდან, სადავო საკითხის გამორკვევის მიზნით, მხოლოდ სპეციალური ცოდნის მქონე პირის/პირების მიერ ჩატარებული, შესაბამისი ღონისძიებების შედეგად შეიძლებოდა მხარეთა ურთიერთსაპირისპირო პოზიციებიდან, მართებული პოზიციის გარკვევა, აღნიშნული პროცედურებით კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი მოსარჩელის მამაა, ხოლო, მოპასუხეებს სხვა მტკიცებულებით არ გაუქარწყლებიათ წარდგენილი დასკვნა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ მითითებას, არსებული დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. და თ.წ–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. გ.წ–სა (.....) და თ.წ–ს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.წ–ის მიერ გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება N24613676, გადახდის თარიღი 2021 წლის 23 მარტი), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე