Facebook Twitter

საქმე №ას-598-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ფ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.შ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ა.წ–ამ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და ზ.ფ–მა (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „დ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეთა სარჩელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დაეკისრა 347,68 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის დარიცხული ხელფასის 510 ლარის, ჯამში 857,68 ლარის გადახდა, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 1004, 88 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის დარიცხული ხელფასის 650 ლარის, ჯამში 1004, 88 ლარის გადახდა, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 189, 42 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის დარიცხული ხელფასის 408 ლარის, ჯამში 597, 42 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში შევიდა ცვლილება და მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 189, 42 ლარის ნაცვლად 1840, 60 ლარი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 26 მარტს მიიღო განჩინება ამავე სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ. კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში არსებული ჩანაწერის - ,,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და შპს ,,დ–ს“ ზ.ფ–ის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისათვის ნაცვლად 189,42 ლარისა დაეკისროს 1840,60 ლარი“ ნაცვლად უნდა მიეთითოს შემდეგი: ,,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში შეტანილი იქნეს ცვლილება და შპს ,,დ–ს“ ზ.ფ–ის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ნაცვლად 189,42 ლარისა დაეკისროს 1840,60 ლარის და კომპენსაციის სახით ორი თვის დარიცხული ხელფასის 800 ლარის, ჯამში 2 640, 60 ლარის გადახდა“.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

7.1. მესამე მოსარჩელის ხელფასი საშუალოდ თვეში 400 ლარს (და არა 204 ლარს, როგორც ეს დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ), ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის მესამე მოსარჩელის ანაზღაურება 1840, 60 (1227,2x1,5) ლარს შეადგენდა;

7.2. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ მისი შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, დაეკისრა ორი თვის კომპენსაციის - 800 (400x2=800) ლარისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 1840, 60 ლარის, ჯამში კი 2 640, 60 (1840,6+800=2 640,60) ლარის გადახდა.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ მესამე მოსარჩელის ხელზე გასაცემი ხელფასი საშუალოდ თვეში 400 ლარს შეადგენდა. სააპელაციო პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში უნდა განხორციელდეს ცვლილება, კერძოდ, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ნაცვლად 189, 42 ლარისა უნდა დაეკისროს 1840, 60 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად კი მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 189, 42 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის დარიცხული ხელფასის 408 ლარის, ჯამში 597, 42 ლარის გადახდა. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში არასწორად მიეთითა მესამე მოსარჩელის ასანაზღაურებელი ორი თვის კომპენსაციის ოდენობა - 800 ლარის ნაცვლად 408 ლარი. ასევე არასწორად მიეთითა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ასანაზღაურებელი თანხისა (1840, 6 ლარი) და კომპენსაციის (800 ლარი) ჯამი - ნაცვლად 2 640, 60 ლარისა - 1840, 60 ლარი.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

11.1. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით, არამედ ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლო სხდომაზე;

11.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 408, 60 ლარის გადახდა, ხოლო ამავე თარიღის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 640, 60 ლარის გადახდა, რაც გადაწყვეტილებაში მითითებულ თანხაზე 232 ლარით მეტია;

11.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისა და ორი თვის კომპენსაციის თანხები, რამდენადაც სასამართლოს შეფასებით, მესამე მოსარჩელის ხელფასი იყო 400 ლარი, საიდანაც იანგარიშა ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხა და არ გაითვალისწინა, რომ 400 ლარი მოიცავდა ძირითად ხელფასს 204 ლარს, ხოლო 196 ლარი იყო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული თანხა. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის მესამე მოსარჩელეს მიღებული აქვს თანხა, რაც დასტურდება ყოველთვიურად 400 ლარის დარიცხვით;

11.4. მესამე მოსარჩელეს არ მოუთხოვია ორი თვის კომპენსაცია, შესაბამისად, მისი მოპასუხისათვის დაკისრება არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 248-ე მუხლებს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია უსწორობის გასწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ნაცვლად უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 261-ე მუხლით და საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლო სხდომაზე.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია, სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული ისეთი შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი განჩინებით გაასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის შესახებაც საკითხს, თავისი შეხედულებისამებრ, განიხილავს სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ყოვლად დაუშვებელია შეცდომის გასწორების ფარგლებში დავის ხელახლა განხილვა და აღნიშნულის შედეგად სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ან დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გამოტანისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე მოსარჩელის ხელფასი საშუალოდ თვეში 400 ლარს, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ასანაზღაურებელი თანხა 1840,60 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ მისი შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, უნდა დაკისრებოდა ორი თვის კომპენსაციის - 800 (400x2=800) ლარისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 1840, 60 ლარის, ჯამში კი 2 640, 6 (1840,6+800=2 640,6) ლარის გადახდა, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოპასუხისათვის დასაკისრებელ თანხად შეცდომით მითითებულია 1840,60 ლარი.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გამოტანის საფუძველი.

21. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო სასამართლო.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ აქვს, რამდენადაც აშკარაა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა უსწორობები, რომლებიც ტექნიკური ხასიათისაა და საქმის განხილვაზე რაიმე გავლენას არ ახდენს, სწორედ ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე მუხლით და მართებულად გამოიტანა განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ.

24. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 408, 60 ლარის გადახდა, ხოლო ამავე თარიღის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 640, 60 ლარის გადახდა, რაც გადაწყვეტილებაში მითითებულ თანხაზე 232 ლარით მეტია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაში შეცდომით აქვს დაჯამებული თანხები, რამდენადაც 1840, 6 ლარს + 800 ლარი შეადგენს 2 640, 60 ლარს და არა 2 408,60 ლარს, თუმცა აღნიშნული შეცდომა უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით გამოსწორდა.

25. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 11.3 და 11.4 პუნქტებში მითითებულ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი არ ეხება გასაჩივრებულ განჩინებას, არამედ წარმოადგენს არსებითი ხასიათის პრეტენზიებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კერძო საჩივრის ფარგლებში ამ პრეტენზიებზე მსჯელობის შესაძლებლობას.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი