საქმე №ას-668-2021 2 ივლისი, 2021 წელი
` ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები – გ.ყ–ძე, დ.ფ–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 6 მაისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „მ.ე.კ–მა“ (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დ.ფ–ძეს (შემდგომში - „პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე“) აკრძალვოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. ქუთაისი, .....ქუჩა №48/ქ. ქუთაისი, .....ქუჩა, მე-3 შესახვევის №3)(ს/კ ......) რაიმე სახით განკარგვა (გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (მისამართი: ქ. ქუთაისი, .... ქუჩა №48/ქ. ქუთაისი, ...... ქუჩა, მე-3 შესახვევის №3) (ს/კ .....) მისი წილის გასხვისება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებაში მითითებულია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინების ასლი პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს გაეგზავნა 2021 წლის 14 აპრილს და 2021 წლის 15 აპრილს ჩაბარდა მის მეუღლეს.
5. 2021 წლის 26 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებაზე პირველმა საარბიტრაჟო მოპასუხემ და გ.ყ–ძემ (შემდგომში - „მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე“) (შემდგომში ერთად - „საარბიტრაჟო მოპასუხეები“) წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 მაისის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეთა საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გამოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს, კერძოდ, მის მეუღლეს 2021 წლის 15 აპრილს ჩაბარდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული განჩინების გასაჩივრების 5-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 16 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 20 აპრილს ამოიწურა, თუმცა საჩივარი საარბიტრაჟო მოპასუხეებმა გასაჩივრებული ვადის დარღვევით წარადგინეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება წარმოადგენს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს.
11. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-470-438-2017, 2 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-299-284-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5-დღის ვადაში.
15. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-228-217-2017, 14 მარტი, 2017 წელი). ხოლო, თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობას.
16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინების ასლი პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს 2021 წლის 14 აპრილს გაეგზავნა და ამავე წლის 15 აპრილს ჩაბარდა მის მეუღლეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
18. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინების ასლი პირველ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, ამავე განჩინებაში მითითებული გასაჩივრების 5-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 16 აპრილს დაიწყო და ამოიწურა ამავე წლის 20 აპრილს.
19. საქმეზე დართულ საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით ირკვევა, რომ გზავნილი ფოსტაში 2021 წლის 24 აპრილს დარეგისტრირდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილს წარედგინა. თავად საჩივარზე დატანილი თარიღითაც დასტურდება, რომ იგი შედგენილია გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ - 2021 წლის 22 აპრილს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორებმა საჩივარი დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინეს.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო საჩივარი დაუშვებლად, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და იგი სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ყ–ძისა და დ.ფ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 6 მაისის განჩინებებზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი