საქმე №ას-768-2021 23 ივლისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - დ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ძის უფლებამონაცვლე ქ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებით დ.ბ–ის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც "საჩივრის ავტორი") განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განიმარტა, რომ განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივრდებოდა საჩივრით 5 დღის განმავლობაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან, ხოლო განჩინება ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში არ საჩივრდებოდა (საქმე №2ბ/1673-21, ს.ფ.12-16).
2. 03.06.2021წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინების გაუქმების და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით (საქმე №2ბ/1673-21, ს.ფ. 22-24).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განჩინება ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით (იხ.: საქმე №2ბ/1673-21, ს.ფ. 25-28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებაში არის აღნიშნული და საქმის მასალებითაც დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინება საჩივრის ავტორის წარმომადგენლის - ი.ა–ის თანამშრომელს ჩაჰბარდა 25.05.2021წ. თავად წარმომადგენლის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე (იხ.: მისამართი, საქმე №2ბ/1673-21, ს.ფ.3; შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, საქმე №2ბ/1673-21, ს.ფ.21). ამდენად, განჩინების გასაჩივრების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 26 მაისს და ამოიწურა 2021 წლის 31 მაისს (რადგან ბოლო დღე იყო ყოველკვირეული დასვენების დღე - კვირა). საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 03.06.2021წ. (საქმე №2ბ/1673-21, ს.ფ.22), ანუ დადგენილი ვადის დარღვევით.
6. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალიწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
7. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებაზე საჩივარი წარდგენილია საჩივრის შეტანის 5-დღიანი ვადის დარღვევით. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
8. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში და თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას (სუსგ.: №ას-253-2020, 17.06.2020წ.; №ას-1308-2020, 28.01.2021წ.). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატა განმარტავს, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებით საჩივარი დაუშვებლობის საფუძვლით გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, იგი წინამდებარე საჩივრის ფარგლებში ამოწმებს მხოლოდ ერთ საკითხს, რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ მისი დაუშვებლობის წინაპირობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აფასებს არც უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინების კანონიერებას, არც ამ განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაბუთებულობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს დ.ბ–ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.04.2021წ. განჩინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე