საქმე №ას-441-2021 24 მაისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ლ.კ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.პ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2021წ. განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.პ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "შეგებებული სარჩელით მოპასუხე") სარჩელი აღძრა ლ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "შეგებებული სარჩელით მოსარჩელე") მიმართ და მოითხოვა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე - 43 370 ლარის და პროცესის ხარჯების გადახდა (ტ.1, ს.ფ.1-25).
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში 45 791 ლარის ფარგლებში; ასევე, ყადაღა დაედო მოპასუხის მოთხოვნას საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშიდან 33 700 ლარის ჩარიცხვის თაობაზე. დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა დარჩეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ.: ტ.1, ს.ფ.86-91). განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 96-100).
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.11.2017წ. განჩინებით მოპასუხის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა - 6966,1 ლარის ოდენობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (იხ.: ტ.1, ს.ფ.186-193).
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებით მოპასუხის საჩივარი 26.09.2017წ. განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (იხ.: ტ.1, ს.ფ.208-211).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2017წ. განჩინებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.11.2017წ. და 22.11.2017წ. განჩინებები, მოპასუხის საჩივარი და 21.11.2017წ. განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.: ტ.1, ს.ფ.214-219).
6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 11.01.2018წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე და მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება 6966.1 ლარის ოდენობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით (იხ.: ტ.1, ს.ფ.221-224). მოსარჩელემ თანხა განათავსა ანგარიშზე. 22.01.2018წ. განჩინებით ყადაღა მოეხსნა სს "ლ.ბ–ში" მოპასუხის ანგარიშზე დადებულ თანხას მხოლოდ საარსებო მინიმუნის - 150 ლარის ფარგლებში (ტ.1, ს.ფ.228-231).
7. 15.10.2018წ. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა დამატებით ერთ წელზე, 6966.1 ლარის ოდენობით (იხ.: ტ.1, ს.ფ.280-282).
8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.11.2018წ. განჩინებით მოპასუხის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: ტ.1, ს.ფ.296-300). მოპასუხემ განჩინებაზე წარადგინა კერძო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.12.2018წ. განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 09.11.2018 წ. განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად (იხ.: ტ.1, ს.ფ. 315-317).
9. 22.06.2020წ. მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 06.08.2013წ. გაფორმებული სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ.28-49).
10. მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში დამატებით იშუამდგომლა შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მიუთითა მის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებულ ზიანზე (ტ.2, ს.ფ.41,42).
11. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.06.2020წ. განჩინებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე (ტ.2, ს.ფ.85-89). განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.
12. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25.06.2020წ. განჩინებით მოპასუხის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.2, ს.ფ.98-101).
13. მოპასუხემ 03.08.2020წ. სასამართლოს მიმართა დაზუსტებული შეგებებული სარჩელით, რომელშიც კვლავ იშუამდგომლა უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა (ტ.3, ს.ფ.49-50).
14. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 03.08.2020წ. განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა უზრუნველყოფის გარანტიის დამატებით გამოყენების თაობაზე (იხ. განჩინება, ტ.3, ს.ფ.28-33).
15. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 13.11.2020წ. განჩინებით მოპასუხის საჩივარი ამავე სასამართლოს 23.06.2020წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ.4, ს.ფ. 7-11).
16. 24.11.2020წ. მოპასუხემ კვლავ მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის - 6966,1 ლარის სამმაგი ოდენობის - 20 898,3 ლარის - გამოყენების თაობაზე (ტ.3, ს.ფ.204-209).
17. ამავე სასამართლოს 28.11.2020წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის დამატებით გამოყენების თაობაზე (იხ. განჩინება, ტ.3, ს.ფ.228-231).
18. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 31.12.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა 11 910 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 31 460 ლარის დაკისრებაზე. შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, ძალაში დარჩა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშიდან მოპასუხის სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნაზე მხოლოდ 11 910 ლარის ნაწილში. დანარჩენი თანხის ნაწილში (21 790 ლარი) ყადაღა გაუქმდა, ასევე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი, რითაც ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, 45 791 ლარის ფარგლებში (იხ. გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ.273-296). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა.
19. 02.12.2020წ. მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წერილობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (რომლის წარმოებაშიც იყო დაუსაბუთებლობის საფუძვლით გადაგზავნილი მისი საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.06.2020წ. განჩინებაზე) და კვლავ მოითხოვა უზრუნველყოფის გარანტიის - 6966,1 ლარის სამმაგი ოდენობის - 20898,3 ლარის - განთავსება სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (ტ.4, ს.ფ.16-22).
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2021წ. განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 23.06.2020წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. ამავე განჩინებით მოპასუხის 02.12.2020წ. განცხადება მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე დარჩა განუხილველად. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში განმარტებულია, რომ განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ საჩივრდება, ხოლო განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით. განჩინებაზე კერძო წარადგინა მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები და მიიჩნევს, რომ იგი შინაარსობრივად არის საჩივარი, შესაბამისად, მოცემული საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესით. სსსკ-ის 420-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.02.2021წ. განჩინებით მოპასუხის 02.12.2020წ. განცხადება მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე ( 20 898,30 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის მოსარჩელის დავალდებულების შესახებ) დარჩა განუხილველად. განჩინება ძირითადად დაფუძნებულია მასზე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25.06.2020წ., 03.08.2020წ. განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობები მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე, მოპასუხე კი 02.12.2020წ. განცხადებით კვლავ ითხოვს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფას (ტ.4, ს.ფ.32-33).
23. შესაბამისად, წინამდებარე განჩინების ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია - სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების (უზრუნველყოფის გარანტიის) თაობაზე განცხადების (სსსკ-ის მუხლი 199), განმეორებით მიმართვის საფუძვლით, განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გასაჩივრების წესი.
24. პალატა აღნიშნულთან დაკავშინერით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღურების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების განჩინება საჩივრდება საჩივრით და არა კერძო საჩივრით (დაწვრილებით იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.03.2017წ. განჩინება საქმეზე №ას-228-217-2017; სუსგ №ას-430-402-2017, 19.05.2017წ., პუნქტი 5.1., 6 ).
25. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესუალური საკითხები რეგლამენტირებულია სსსკ-ის 191-1991 მუხლებში. კანონმდებელი პირდაპირ არ არეგულირებს უზრუნველყოფის გარანტიის თაობაზე განცხადებით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში განცხადების განხილვის/თუ განუხილველად დატოვების/ წესს და მიღებული განჩინების გასაჩივრების პროცედურას, მაგრამ, საკასაციო სასამართლო იზიარებს მიდგომას, რომ ამ დროს გამოყენებულ უნდა იქნეს სსს-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). ამდენად, სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სსსკ-ის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც მსგავს ურთიერთობას არეგულირებს და ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების (უზრუნველყოფის გარანტიის) თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება საჩივრდება საჩივრით (იხ.: სუსგ. საქმეზე №ას-228-217-2017, 14.03.2017წ.; №ას-430-402-2017, 19.05.2017წ., პუნქტი 5.1., 6 ).
26. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს, რომ საჩივრის შემტანი პირი თავის პრეტენზიას წარუდგენს იმავე სასამართლოს, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული განჩინება. შესაბამისი ინსტანციის სასამართლო, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, წარმოებაში მიიღებს საჩივარს და თავადვე იმსჯელებს მის სამართლებრივ დასაბუთებულობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს საჩივრის მოტივებს, იგი დააკმაყოფილებს საჩივარს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, მიიღოს განჩინება, სადაც დაასაბუთებს თავის მოსაზრებას საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე და საქმეს საჩივართან ერთად 5 დღის ვადაში გადაუგზავნის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში. იმ პირობებში, როდესაც მოცემული საჩივარი სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას და მიიჩნევს, რომ წინამდებარე საჩივარი საქმის მასალებთან ერთად წარმოებაში მიღების შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. შესაბამისად, მხარეს არ უნდა წაერთვას გასაჩივრების უფლება, უბრალოდ, განხილვისას დაცული უნდა იქნეს კანონით დადგენილი თანმიმდევრობა, პროცედურა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 1971-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.კ–ის საჩივარი მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხის 02.12.2020წ. განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.02.2021წ. განჩინებაზე, წარმოებაში მიღების შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე