საქმე № ა-1507-2021 30 ივნისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ა–ა, ვ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ა–ის სარჩელი მოპასუხეების ფ.ა–ას და ვ.მ–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მ.ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. 2020 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელს გაეგზავნა გასაჩივრებული განჩინება (დასაბუთებული) და 2021 წლის 9 იანვარს ჩაჰბარდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 130 - 131).
5. 2021 წლის 4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
7. 2021 წლის 16 თებერვალს კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით მ.ა–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა: 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
9. 2020 წლის 9 ივნისს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით მ.ა–ის წარმომადგენელს ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ტ.2, ს.ფ. 166).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით მ.ა–ის წარმომადგენელს ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ტ.2, ს.ფ. 166).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, განმცხადებლისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 10 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 14 ივნისს (ორშაბათი). ამდენად, განმცხადებელი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით შეევსო, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 423-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ.ა–ის განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე