Facebook Twitter

საქმე №ას-679-2020 15 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ც–ი, თ.ც–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.შ–ვა, ი.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე.შ–ვამ და ი.ს–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ.ც–ისა და თ.ც–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „კასატორები“) მიმართ და მოითხოვეს საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. თბილისში, რ. დავითაშვილის ქუჩა (ყოფ. შრომის) N83 (ს/კ 01.16.04.030.016) (შემდეგში "საზიარო საგანი“) მხარეთა თანასაკუთრებაა.

2.2. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2009წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება მისი ნატურით გაყოფის გზით, შეუძლებელია.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არიან საზიარო საგნის თანამესაკუთრეები. მოსარჩელეებს არაერთხელ შესთავაზეს მათი წილის შესაბამისი საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, თუმცა, უშედეგოდ. მოსარჩელეები იქცევიან აგრესიულად, მოპასუხეების ოჯახის წევრებს აყენებენ შეურაცხყოფას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.12.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება საზიარო საგანზე მისი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მათი წილების შესაბამისად შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. საზიარო საგანი მხარეთა თანასაკუთრებაშია შემდეგი წილობრივი მონაცემებით: მოსარჩელეებს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ 1/3 ნაწილი, 2/3 ნაწილი აღრიცხულია მოპასუხეების სახელზე.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2009წ. გადაწყვეტილებით სარჩელი საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის გზით, შეუძლებელია.

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 961-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

4.4. სსკ-ის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ხოლო ამავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2009წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება მისი ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს სსკ-ით დადგენილი ალტერნატიული გზით - ქონების აუქციონზე რეალიზაციით.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2020წ. განჩინებით მოპასუხების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. კასატორებს არაერთგზის ჰქონდათ მოსარჩელესთან მორიგების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ.

7.2. მოსარჩელეებმა არაერთხელ შეიტანეს საჩივარი მოპასუხეთა წინააღმდეგ, რაც მათი დაჯარიმების საფუძველი გახდა.

7.3. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელეების წინააღმდეგ მიმდინარეობს დავა (საქმე N2/30785-19) უძრავი ნივთის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 279-ე მუხლის “დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული საქმის გადაწყვეტამდე უნდა შეჩერდეს წინამდებარე საქმის წარმოება, ვინაიდან მისი განხილვა შეუძლებელია ამ საქმის გადაწყვეტამდე. სასამართლოს მიერ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება აღუსრულებელი, ვინაიდან უძრავი ნივთის რეალიზაცია გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე N2/30785-19 საქმის საბოლოოდ დასრულება და საზიარო საგნის რეალიზაციიდან ამონაგებ თანხას ვერ გამოაკლდება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული თანხები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. სარჩელის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

13. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სსკ-ის 963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია (სუსგ. Nას-1441-2018, 08.05.2020წ.).

14. სსკ-ის 963-ე მუხლის საფუძველზე, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ. Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2009წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შეუძლებელია სსკ-ის 963-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება 1/3 და 2/3 წილების შესაბამისად.

15. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და მისი გაზიარების საფუძველი ვერ გახდება კასატორების პოზიცია მასზე, რომ არაერთგზის ჰქონდათ მოსარჩელეებთან მორიგების მცდელობა, თუმცა, უშედეგოდ. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში - ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება (საქმე №ას-1058-2020, 09.02.2021წ.). საქმის წარმოების ეტაპზე ასეთი ნება ორივე მხარეს არ გამოუვლენია. პალატა აქვე განმარტავს, რომ მორიგება შესაძლებელია საქმის განხილვის დასრულების შემდეგაც.

16. სასამართლომ მართებულად გააუქმა საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით (სსკ-ის 964-ე მუხლი).

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.). განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას კასატორების მიერ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სამოქალაქო დავის განხილვის დასრულებამდე. დაუსაბუთებელია შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. დ.ც–ის და თ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. დ.ც–ს (პ/ნ 01034001620) და თ.ც–ს (პ/ნ 01005035733) უკან დაუბრუნდეთ ეკატერინე მახარაშვილის (პ/ნ 01019022882) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 9733782900, გადახდის თარიღი 21.08.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე