¹ ბს-1074-15-ა-03 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
განმცხადებლის მოთხოვნა: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 26 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა ი. რ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტის”, მინერალური წყალის “ბ.-ის” წარმოებისა და რეალიზაციის ხელშემწყობი ასოციაციის “ქ.-ის”, ...-ის ¹..., ¹... ჩამომსხმელი ქარხნების და სს “ბწ.-ის” მიმართ “საქპატენტის” მიერ 1998 წელს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების ¹ M..., ¹ M... ბათილად ცნობისა და “ს.-ის კომპანიისათვის” რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნით სარგებლობის აკრძალვის თაობაზე. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ი. რ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ასოციაცია “ქ.-ის” კოლექტიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა ¹..., ¹... და გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა მსჯელობა გ. გ.-ის ავტორობის შესახებ.
ი. რ.-მ 2003წ. 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა 2000წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ განმარტებულ იქნა, შემდგომ მოწვეული სპეციალისტების მიერაც დადასტურდა და სასამართლოც დაეთანხმა, რომ მინერალური წყლის _ “ბ.-ის” წარმოების სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის 1997წ. ¹95 ბრძანებულების მე-2 პუნქტში, რომელიც საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საუბარია არა ეტიკეტის კუთვნილებაზე, არამედ სასაქონლო ნიშანზე, რაც განმცხადებელმა მიიჩნია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან აღნიშნული მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნებოდა გამოტანილი.
მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა უსაფუძვლობის გამო მოითხოვა ი. რ.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აღნიშნა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და განმარტება, პროცესუალურად არ წარმოადგენენ სსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ი. რ.-ის განცხადების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ი. რ.-ი სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას. მითითებული ნორმის მიხედვით: “კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას”.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების საფუძველია გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც, მართალია, საქმის არსებითი განხილვის დროს არსებობდნენ, მაგრამ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვის დროს წარედგინა სასამართლოში, რომელიც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ი. რ.-ი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003წ. 15 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე ¹1/10/165). აღნიშნული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა ი. რ.-ის კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება, მაგრამ დაეთანხმა მხარეთა განმარტებას, რომ “მინერალური წყლის “ბ.-ის” წარმოების სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹95 ბრძანებულების მე-2 პუნქტში, როცა ლაპარაკია “ბ.-ის” ქარხნების ეტიკეტზე, იგულისხმება სასაქონლო ნიშანი.
საკასაციო პალატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და განმარტება პროცესუალურად არ წარმოადგენს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან:
ა) ახლად აღმოჩენილი გარემოება ან მტკიცებულება საქმის არსებითად განხილვის დროს უნდა არსებობდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2003წ. 15 ოქტომბერს;
ბ) სამართლებრივად არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც ზემდგომი სასამართლოს (აპელაცია-კასაცია) მიერ სხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მასში გამოთქმული ნორმის განმარტება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან კანონის (ნორმის) არასწორად განმარტება პროცესუალურად სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძველია და ამ ნაწილშიც სასამართლო სრულად იზიარებს მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლის მოსაზრებას;
გ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, მხარის მიერ აღმოჩენილი ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომელთა საქმის განხილვის დროს სასამართლოში წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის აზრით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹95 ბრძანებულების მე-2 პუნქტში, როცა ლაპარაკია ...-ის ქარხნების კუთვნილი ეტიკეტზე, იგულისხმება სასაქონლო ნიშანი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტება ან გარემოება, რომ ბრძანებულებაში ...-ის ქარხნების კუთვნილი ეტიკეტის ნაცვლად იგულისხმება კუთვნილი სასაქონლო ნიშანი, არსებითად არ ცვლის ი. რ.-სა და მოწინააღმდეგე მხარეთა შორის დავის არსს და საკასაციო სასამართლოში ამ გარემოების წარდგენა არ გამოიწვევდა ი. რ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრებას და თვლის, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და განმარტება პროცესუალურად არ წარმოადგენს სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ იქნება, რის გამოც ი. რ.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და მას უარი უნდა ეთქვას საკასაციო პალატის 2000წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. რ.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.