Facebook Twitter

საქმე №ა-2368-შ-56-2021 26 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.პ–ვა

მოპასუხე – ზ.გ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2-453/2020 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2-453/2020 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 1959 წლის 11 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ..... დაბადებული თ.ა. ძე შ–ძე არის 2007 წლის 6 სექტემბერს დაბადებული მ.პ–ვასა და 2007 წლის 6 სექტემბერს დაბადებული ლ.პ–ვას მამა; ბავშვები შეეძინა ს.პ–ვას, რაზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ შედგა სააქტო ჩანაწერები; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა დაბადების შესახებ სააქტო ჩანაწერიდან ამოშლილიყო ცნობები 2007 წლის 6 სექტემბერს დაბადებული მ.პ–ვასა და 2007 წლის 6 სექტემბერს დაბადებული ლ.პ–ვას მამის - 1972 წლის 8 ივლისს დაბადებული ზ.გ.ძე გ–ის შესახებ.

2. 2021 წლის 14 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ს.პ–ვამ (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2-453/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სურს ცვლილება შეიტანოს ბავშვების დაბადების მოწმობაში, რისთვისაც ესაჭიროება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2-453/2020 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 9 აპრილს. საქმეზე თანდართული ბავშვების დაბადების მოწმობების თანახმად, ისინი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები არიან.

4. რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2-453/2020 გადაწყვეტილებიდან აგრეთვე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ზ.გ.ძე გ–ის მიმართ; ზ.გ.ძე გ–მა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და თანხმობა განაცხადა მისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მოპასუხემ ცნო სარჩელი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ზ.გ–ის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

8. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

11. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის) სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ზ.გ–ის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს ზედიზედ ორჯერ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შუამდგომლობაში მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ....., კ. 2, ბინა №261. მიუხედავად ამისა, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათებში ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ მისამართზე არავინ იყო.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს 2021 წლის 24 მაისის განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ საფოსტო გზავნილში კურიერის მიერ მითითებულ დროს - 2021 წლის 1 ივლისს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 2 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 8 ივლისს. ამ დროის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი და 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.პ–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის კრასნოსელის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2-453/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური