Facebook Twitter

საქმე №ას-205-2021 30 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი.ნ–ა, ლ.ნ–ა (მოპასუხეები; ლ.ნ–ას უფლებამონაცვლეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ო.კ–ი, თ.გ–ძე, ქ.მ–ძე, რ.ლ–ა, კ.ს–ა, თ.გ–ძე, ნ.ხ–ძე, ნ.ბ–ი (მოსარჩელეები)

მოპასუხე – ი.ხ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო.კ–მა, თ.გ–ძემ, ქ.მ–ძემ, რ.ლ–ამ, კ.ს–ამ, თ.გ–ძემ, ნ.ხ–ძემ და ნ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი.ხ–ნის (შემდგომში - პირველი მოპასუხე“), ი.ნ–ას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ლ.ნ–ასა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ლ.ნ–ას (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო მეოთხე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

4. 2019 წლის 26 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხეების წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 მაისს გარდაიცვალა მეოთხე მოპასუხე, რის გამოც მოითხოვა საქმისწარმოების შეჩერება საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით საქმეზე შეჩერდა წარმოება სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის ეტაპზე, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვით.

6. 2020 წლის 27 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელეების წარმომადგენელმა და მოითხოვა მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების დადგენის მიზნით სასამართლო სხდომის ჩანიშვნა.

7. თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმეზე განახლდა წარმოება და სავარაუდო უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით 2020 წლის 17 სექტემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა სხდომა.

8. თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა მომდევნო სასამართლო სხდომაზე მ.ნ–სა (დაბადებული: 1956 წლის 1 მაისს; პ/ნ .....; მისამართი: ქ. თბილისი, .....) და მ.ნ–ას (დაბადებული: 1958 წლის 24 სექტემბერს; პ/ნ ......, მისამართი: ქ. ბათუმი, ......) დაბარების შესახებ დაკმაყოფილდა.

9. მ.ნ–სა და მ.ნ–ას ეცნობათ მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების დადგენის მიზნით 2020 წლის 8 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომის თაობაზე.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე მ.ნ– და მ.ნ–ა არ გამოცხადდნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეზე მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მეორე და მესამე მოპასუხეები.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 92-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მეორე და მესამე მოპასუხეები ცნობილ იქნენ მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითებით, დასაშვები იყო საპროცესო უფლებამონაცვლეობა.

12. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე მეორე და მესამე მოპასუხეებმა (შემდგომში ერთად - „კერძო საჩივრის ავტორები“ ან „განმცხადებლები“) წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

13. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატამ სიღრმისეული შესწავლისა და შეფასების გარეშე მიიღო განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მეოთხე მოპასუხის კანონისმიერი მემკვიდრეების ვინაობის გამოკვლევის შემდგომ მიეღო განჩინება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

19. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

20. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმისწარმოება. ამავდროულად, საქმისწარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.

21. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ სიღრმისეული შესწავლისა და შეფასების გარეშე მიიღო განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მეოთხე მოპასუხის კანონისმიერი მემკვიდრეების ვინაობის გამოკვლევის შემდგომ მიეღო განჩინება.

22. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი დაუსაბუთებელია.

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეოთხე მოპასუხე გარდაიცვალა. მოსარჩელე მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მეოთხე მოპასუხის კანონისმიერი მემკვიდრეების, შემდგომ კი მისი უფლებამონაცვლეების დადგენის მიზნით მოითხოვა სასამართლო სხდომის დანიშვნა. შუამდგომლობას თან ერთვოდა 2019 წლის 25 დეკემბერს გაცემული №16/15569 ცნობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან (იხ. ტომი 3, ს.ფ. 429), რომლის თანახმად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში არ ინახება მეოთხე მოპასუხის სახელით დამოწმებული ანდერძი. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდა შვილიშვილებისა (მეორე და მესამე მოპასუხეები) მეოთხე მოპასუხეს ჰყავს ორი მემკვიდრე (მ.ნ– და მ.ნ–ა).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე საქმეზე მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების დადგენის მიზნით თბილისის სააპელაციო სასმართლოში 2020 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სასამართლო სხდომა. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა შემდეგ სასამართლო სხდომაზე მ.ნ–სა და მ.ნ–ას დაბარების შესახებ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებში არსებული სატელეფონო აქტებით (იხ. ტომი 3, ს.ფ. 459-460) დასტურდება, რომ 2020 წლის 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შესახებ, რომელზეც უნდა დადგენილიყო მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეების ვინაობა, გაფრთხილებული იყვნენ მ.ნ. და მ.ნ–ა, თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში მოიპოვება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული, 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2/32111-19, მოსარჩელე - მ.ნ–ი), რომლის თანახმად მეორე და მესამე მოპასუხეები ცნობილ იქნენ მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლეებად. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხარეები უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე და ეთანხმებიან მის სარეზოლუციო ნაწილს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი შედავება, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ნ–ასა და ლ.ნ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი