საქმე №ას-802-2021 19 ივლისი 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ტ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ძის უფლებამონაცვლე გ. კ–ძე (მოსარჩელე)
მოპასუხე - მ.შ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ანდერძის, სამკვიდრო მოწმობის, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.კ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.შ–ის და ნ.ტ–ძის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ანდერძის, სამკვიდრო მოწმობის, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით საკასციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. ი.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ამავე სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით ი.კ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. კ–ძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკასაციო წარმოებისათვის ნ.ტ–ძის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი ნ.ტ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ი.კ–ძის უფლებამონაცვლეს - გ. კ–ძეს.
სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ნ.ტ–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი.კ–ძისათვის ნ.ტ–ძის სასარგებლოდ 6 000 ლარის გადახდის დაკისრება, მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
ნ.ტ–ძის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ნ.ტ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენს ნ.ტ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ი.კ–ძისათვის დაკისრება. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს სასამართლო ხარჯი, რომელზედაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ნ.ტ–ძის მოთხოვნა სასამართლო ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით წარმოადგენს არა საკასაციო მოთხოვნას, არამედ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოთხოვნას, რაც განახორციელა კიდეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 20 ნოემბერს განცხადების წარდგენით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოცემულ დავაზე საკასაციო წარმოებისათვის ნ.ტ–ძის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი, ნ.ტ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ი.კ–ძის უფლებამონაცვლეს - გ. კ–ძეს. ამდენად, ნ.ტ–ძის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური