Facebook Twitter

№ას-1557-2019 17 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ნ–ი, შპს „. და .“;

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ჯ–ა“, შპს „დ–ი“, შპს „B.....”, შპს „ი–ი“, შპს „დ–ე ...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

დავის საგანი - საავტორო უფლებისა და დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის აკრძალვა, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ 2015 წლის 28 აპრილს გაცემული მოწმობის მიხედვით, მ.ნ–ი (შემდგომში „ლიცენზიარი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) არის D626 დიზაინის მფლობელი. დიზაინის დასახელება: 1. მარაო-ანბანი; 2. მარაო ციფრებით.

2. 2015 წლის 1 აგვისტოს ლიცენზიარსა და შპს ,,. და .“-ს (შემდგომში „ლიცენზიატი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლიცენზიატმა გამოთქვა მზადყოფნა დააკმაყოფილოს ლიცენზიარის ოფერტი, რომელიც ეხება პროდუქტის - მარაო-ანბანი, მარაო ციფრებით დიზაინად გამოყენების განსაკუთრებული უფლების მიცემას ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით, აგრეთვე, ლიცენზიატმა გამოთქვა თანხმობა მიეღო ამ დიზაინზე განსაკუთრებული ლიცენზია და დაეცვა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები. ხელშეკრულების საგანია: დიზაინების 1. მარაო-ანბანი; 2. მარაო ციფრებით გამოყენება, ამ დიზაინის მიხედვით ნაწარმის დამზადება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, იმპორტის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებულ უფლებათა დარღვევის ყოველ გამოვლენილ შემთხვევაში ლიცენზიარი გამოდის მოსარჩელედ, ხოლო ლიცენზიატი იმოქმედებს ლიცენზიარის მხარეზე.

3. სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ საპატენტო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დარეგისტრირებულია N14136 ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე, მფლობელი/ლიცენზიარი: მ.ნ–ი; ლიცენზიატი: შპს ,,. და .“. სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015-09-17-დან 2024-09-17-მდე. ლიცენზიის ფორმა: ექსლუზიური.

4. სასაქონლო ზედნადებების თანახმად, შპს ,,ი–მა“, შპს ,,B....’’-მ, შპს „.–იმ“ და შპს ,,.–ე ...“-მა (შემდგომში „მოპასუხეები“) გ.ბ–ს მიჰყიდეს საქონელი დასახელებით: მარაო ანბანი ციფრები (საქონლის კოდი: 04349), სასკოლო მარაო (საქონლის კოდი: 0009), მოძრავი ანბანი (საქონლის კოდი: 15/705) და მარაო ანბანი და ციფრები (საქონლის კოდი - 112).

5. 2016 წლის 9 სექტემბერს ლიცენზიარმა წერილობით მიმართა მოპასუხეებს და მოითხოვა მისი დიზაინით გაფორმებული პროდუქციის („მარაო ანბანი“ და ,,მარაო ციფრებით“) სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისა და რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის შეწყვეტა. ასევე მოითხოვა მოპასუხეებთან არსებული კონტრაფაქციული პროდუქციის ზუსტი რაოდენობის, დამზადების ადგილის და მისი მომწოდებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.

6. სასარჩელო მოთხოვნა:

6.1. ლიცენზიარმა და ლიცენზიატმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ, მოითხოვეს 1) ლიცენზიარის ნებართვის გარეშე მოპასუხეებისთვის ,,მარაო-ანბანისა“ და ,,მარაო ციფრების“ დიზაინით საქონლის დამზადების, გაყიდვის, გასაყიდად შეთავაზების, გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვის და ასეთი პროდუქტის ამ მიზნებისათვის შენახვის, ასევე საბითუმო-საცალო რეალიზაციის ან/და რაიმე სახით გასხვისებისა და გავრცელების აკრძალვა; 2) ,,მარაო-ანბანისა“ და ,,მარაო ციფრების“ დიზაინით (მოწმობა D626) დამზადებული საქონლის მოპასუხეებისგან ამოღება და განადგურება; 3) სალიცენზიო ხელშეკრულებით დადგენილი თანხის 3000 ლარის ოცმაგი ოდენობის, 60 000 ლარის მოპასუხეებისთვის ლიცენზიარის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრება.

6.2. სარჩელის თანახმად, ლიცენზიარის ავტორობით 2014 წელს შექმნილი ,,მარაო-ანბანი“ და ,,მარაო ციფრებით“ სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისთანავე მიბაძვისა და რეპროდუქცირების ობიექტი გახდა, რის გამოც 2015 წლის 14 აპრილიდან აღნიშნული დიზაინი ლიცენზიარის დაცული ინტელექტუალური საკუთრებაა და მისი გამოყენების უფლება 2015 წლის 1 აგვისტოს სალიცენზიო ხელშეკრულებით სასყიდლით გადაცემული აქვს ლიცენზიატისთვის. 2015 წლის სასწავლო წლის დაწყების წინ მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ საქართველოს რეზიდენტი კომპანიების დაკვეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამზადდა და საქართველოში იმპორტირებულ იქნა პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ლიცენზიარის საკუთრებაში დაცული დიზაინის გამოყენებით და მოსარჩელეთა ნების წინააღმდეგ შეტანილ იქნა და თავისუფლად იყიდებოდა საცალო ვაჭრობის ქსელში. 2015 წელს მოსარჩელეებმა მათი უფლების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს დამრღვევ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც დაპირდნენ უფლების დარღვევის აღკვეთას, თუმცა უშედეგოდ. 2016 წელს მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს სულ მცირე 50 000 ერთეულზე მეტი „მარაო-ანბანი“ და „მარაო ციფრებით“, რომელიც დაამზადეს ჩინეთში მ.ნ–ის დიზაინის გამოყენებით და მისი თანხმობის გარეშე. სასწავლო წლის მოახლოებისთანავე საქონელი შეიტანეს სამოქალაქო ბრუნვაში. 2016 წელს სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი კონტრაფაქციული საქონლის ღირებულება აღემატება 60 000 ლარს და სავარაუდოდ 100 000 ლარამდეა. ასეთივე დანაშაულებრივი ქმედებით მოპასუხეებმა ჯერ კიდევ 2015 წლის სასწავლო წლის დაწყების წინ უკვე მიაყენეს მოსარჩელეებს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 15 000 ლარზე მეტი ოდენობის ზარალი. ამდენად, მოსარჩელეების მითითებით, მათთვის მიყენებული ზიანი შედგენს სავარაუდოდ 100 000 ლარს, თუმცა, ვინაიდან ვერ მოიძიეს დოკუმენტები, ამიტომ, ზარალის ანაზღაურების მიზნით მოითხოვეს მოპასუხეებისთვის კომპენსაციის დაკისრება.

7. მოპასუხეთა შესაგებელი:

7.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ არ დაურღვევიათ მოსარჩელეთა უფლებები და არც რაიმე სახის მტკიცებულება არსებობს ამ გარემოების დასადასტურებლად.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კვლევისა და შეფასების საგანია, იყენებდნენ თუ არა მოპასუხეები ლიცენზიარის დიზაინს მისი ნებართვის გარეშე.

10.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 301-ე მუხლებით, ასევე მიუთითა „ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 26-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ლიცენზიარის განსაკუთრებული უფლება საქპატენტში მის მფლობელობაში დაცულ დიზაინზე, თუმცა რა დიზაინის საქონელი შემოჰქონდათ მოპასუხეებს, საქმეში წარდგენილი ზედნადებებით არ დასტურდება, ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელეთა ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებს არ ერთვის საქონლის ფოტო, რის გამოც, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე შესყიდული საქონელი შეედარებინა დაცული დიზაინისთვის.

10.4. მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინების შესაბამისად აღმასრულებელმაც კი ვერ მოახერხა კონტრაფაქციული საქონლის მოძიება, ამასთან, მოპასუხეები უარყოფენ მასთან სადავო დიზიანის პროდუქციის არსებობას, მოსარჩელეთა შუამდგომლობის (მოპასუხეებისგან კონტრაფაქციული საქონლის ან/და მის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვნიის შესახებ) დაკმაყოფილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

11. კასატორების მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის ფაქტს დაადასტურებდა მაშინ, როდესაც დაზუსტებულ სარჩელს ერთვის როგორც სალიცენზიო ხელშეკრულებით დამზადებული ორიგინალი საქონლის და კონტრაფაქციული საქონლის ფოტოები, ასევე ნივთმტკიცებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ წარდგენილი ზედნადებები და სალარო აპარატის ჩეკი არ არის საკმარისი კონკრეტული საქონლის შეძენის დასადასტურებლად.

11.3. საკითხი, რომლის გამოკვლევაც სასამართლომ არ ისურვა, მარტივია: სასაქონლო ზედნადებში მეწარმის მიერ მინიჭებული სასაქონლო კოდით მისსავე ელექტრონულ კანცელარიაში შენახულ ინფორმაციაში ჩანს, თუ მოსარჩელისთვის ამ კოდით მიყიდული საქონელი უფრო ადრე ვისგან და რა რაოდენობით შეიძინეს ან რა რაოდენობით შემოიტანეს საქართველოში მოპასუხეებმა. შესაბამისად, თუ ამ საქონელს მოპასუხეები არ შეიძენდნენ მოსარჩელე ლიცენზიატისგან, იგი ავტომატურად კონტრაფაქციული იქნებოდა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „დიზიანის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და, აქედან გამომდინარე, უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისთვის, რაც გულისხმობს დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე პროდუქტის (რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება) დამზადებას, გაყიდვას, გამოყენებას, იმპორტს ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარად ჩართვას.

18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ ხდიან ლიცენზიარის დიზაინით გაფორმებული პროდუქციის („მარაო ანბანი“ და ,,მარაო ციფრებით“) მოსარჩელეთა ნებართვის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისა და რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ფაქტს და აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016,28 დეკემბერი, 2016 წელი).

21. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

23. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ საქართველოს რეზიდენტი კომპანიების დაკვეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამზადდა და საქართველოში იმპორტირებულია პროდუქცია მოსარჩელის საკუთრებაში დაცული დიზაინის გამოყენებით და მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ თავისუფლად იყიდება საცალო ვაჭრობაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს - სასაქონლო ზედნადებებს, ფოტო-მასალას, ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმს, ასევე ნაკეთობის სახით წარდგენილ მარაო-ანბანსა და მარაო ციფრებს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ აღნიშნული მასალებით ვერ ხერხდება მოპასუხეთა მიერ გაყიდული საქონლის (როგორც მოსარჩელეები მიუთითებენ, კონტაფქტული საქონლის) დაცულ დიზაინთან შედარება. წარდგენილ ფოტო-მასალაზე გამოსახული პროდუქციის ნაწილზე, მართალია, მითითებულია წარწერა „კონტრაფაქტი“, ხოლო ნაწილზე სიტყვა „ორიგინალი“, თუმცა აღნიშნული ფოტოებით შეუძლებელია მითითებული წარწერების რელევანტურობის ან თუნდაც ფოტოებზე ასახული პროდუქციის ნამდვილობის (მოსარჩელის მფლობელობაში დაცული დიზაინის სახით) დადგენა (იხ. ტ. 2. ს.ფ 27-29), ასევე იმ გარემოების დადასტურება, რომ სწორედ ფოტოებზე ასახული „მარაო-ანბანი“ და „მარაო ციფრებია“ ის პროდუქცია, რომელიც მოპასუხეებმა მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისეს. შესაბამისად, ამ მხრივ, ასევე უსაფუძვლოა სასაქონლო ზედნადებებზე, როგორც სათანადო მტკიცებულებებზე, აპელირება, ვინაიდან ვერც მითითებული ზედნადებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწორედ მათში ასახული პროდუქციაა (საქონლის დასახელების ველში მითითებული „მარაო ანბანი ციფრები“, სასკოლო მარაო“, „მოძრავი ანბანი“ და „მარაო ანბანი და ციფრები“) ის პროდუქცია, რომლის დიზაინის მფლობელის გარეშე დამზადება და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვაც განახორციელეს მოპასუხეებმა (იხ. ტ. 2. ს.ფ 30-33).

25. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევას ვერ ადასტურებს, ასევე, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, რომელშიც ასახულია ქ. თბილისში, ...... მდებარე სკოლის ფოტოები, ასევე აღნიშნული სკოლის მოსწავლეთა საკუთრებაში არსებული „მარაო ანბანისა“ და მარაო ციფრების“ ფოტოები (7 ფოტო). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერც მითითებული ოქმით ირკვევა ის გარემოება, რომ ფოტოებზე ასახული პროდუქტი მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ მოპასუხეთა მიერ ბაზარზე გატანილი პროდუქციაა (იხ. ტ. 2. ს.ფ 170-173). ამ გარემოებას ასევე ვერ დაადასტურებს ნაკეთობის სახით მოსარჩელეთა მიერ საქმეზე დართული „მარაო ანბანი“ და მარაო ციფრები“, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ვერ ხერხდება მათი სადავო დიზაინის მქონე პროდუქტთან (კონტრაფაქტულ პროდუქტთან) შედარება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, საქმის მასალებით დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ ფაქტს იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების (იხ. ტ. 1. ს.ფ 30-41) აღსრულების მიზნით, თვით აღმასრულებელმა ვერ შეძლო კონტრაფაქტული პროდუქციის მოპასუხეებთან მოძიება და მათი დაყადაღება, რაც დამატებით ამყარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ.

26. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ სადავო დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის დამადასტურებელი სათანადო და რელევანტური მტკიცებულება (მაგ. მტკიცებულება, რომელიც მოპასუხეთა მიერ გასხვისებული პროდუქციისა და მოსარჩელეთა მიერ მითითებული კონტრაფაქტული პროდუქტის იდენტურებას დაადასტურებდა), ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა უარყოფილი მათი მოთხოვნა მოპასუხეთათვის ,,მარაო-ანბანისა“ და ,,მარაო ციფრების“ დიზაინით საქონლის დამზადების, გაყიდვის, გასაყიდად შეთავაზების, გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვის და ასეთი პროდუქტის ამ მიზნებისათვის შენახვის, ასევე საბითუმო-საცალო რეალიზაციის ან/და რაიმე სახით გასხვისებისა და გავრცელების აკრძალვის, მოპასუხეებისგან ამ სახის საქონლის ამოღებისა და მათთვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ისა და შპს „. და .-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე