საქმე №ას-832-2020 21 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე.მ–მა სახელმწიფოსაგან შეიძინა მარნეულის რ-ნის სოფ ....... მდებარე 14 513 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ ......).
2. აღნიშნული ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოქმნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: ......) 2013 წლის 2 დეკემბერს ე.მ–ისაგან იყიდა ი.მ–ვმა (შემდგომში „მოსარჩელე“) და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ. მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მისამართია მარნეულის რაიონი, სოფ. ........
3. ამავე მისამართზე მდებარე 5821.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .....) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
4. სახელმწიფოსა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდებით: ....... და .......) წარმოადგენენ მეზობელ მიწის ნაკვეთებს. მოსარჩელის მიწის ნაკვეთს ასევე ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდებით: .....; ......; .......).
5. მოსარჩელემ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას, თუმცა 2015 წლის 16 აპრილს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო უზრუნველყოფილი მისასვლელი გზით.
6. მოსარჩელემ შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც იგი საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად სარგებლობდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 აპრილის ბრძანებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად (მიენიჭა საკადასტრო კოდი ......).
7. საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაპოვებლად მოსარჩელემ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), რაზეც ეთქვა უარი.
8. მოსარჩელის მოთხოვნა
8.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და სარჩელზე დართული საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, მოითხოვა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა.
9. მოპასუხის პოზიცია
9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განცხადებით, სარჩელზე დართული საექსპერტო დასკვნიდან არ ირკვევა, რომ მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი ერთადერთი და აუცილებელი გზა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთია. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის გარეშე დარჩა უძრავი ქონების არასწორად გამიჯვნის გამო.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს გაცემული N5004511117 დასკვნის შესაბამისად.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, გარდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, დგას საცხოვრებელი სახლები, მოპასუხის მიწის ნაკვეთი კი თავისუფალ სივრცეს წარმოადგენს მინდვრის სახით.
12.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით და დაასკვნა, რომ აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს იყო, რომელმაც სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებების წარდგენით უზრუნველყო მისი რეალიზება. წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ უტყუარად დაადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი და მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა ერთადერთი და გარდაუვალი აუცილებლობაა. სააპელაციო პალატამ წარდგენილი საექსპერტო დასკვნისა და საქმეზე დაკითხული ექსპერტის ჩვენების ურთიერთშეჯერებით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მართალია, არ წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო საშუალებას, რათა მოსარჩელემ შეძლოს აუცილებელი გზით სარგებლობა, თუმცა არის ყველაზე ოპტიმალური და უმოკლესი შესაძლებლობა იმ მიზნის მისაღწევად, რაც მოსარჩელეს ამოძრავებს (იგი არ მოიცავს რამდენიმე მიწის ნაკვეთს და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დიდ ფართობს).
12.4. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
13. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
13.2. კასატორის განცხადებით, მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელ ერთადერთ და აუცილებელ გზას არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. საქმეში არსებულ საექსპერტო დასკვნაში არ არის მითითება ამის შესახებ. დასკვნიდან ასევ არ ჩანს, თუ რა ფორმით ან რა კონფიგურაციითაა შესაძლებელი გზის მოწყობა. ამასთან, სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტოს უარი სერვიტუტის უფლების დადგენასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, რის გამოც იგი წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; საქმე №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
19. ამასთან, აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).
20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის (მოპასუხის) მხრიდან სადავოა საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოსარჩელეს საკუთარ ნაკვეთთან ალტერნატიული მისასვლელი გზა/ან მისი მოწყობის საშუალება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა - მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მან სათანადოდ გასწია.
21. მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით, ასევე სასამართლოში დაკითხული ექსპერტის ჩვენების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის უძრავ ქონებაზე გავლით მართებულად მიენიჭა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოთ მითითებულ საექსპერტო დასკვნის კვლევითი ნაწილის შინაარსს, სადაც მითითებულია, რომ საკვლევი მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან, ოთხივე მხრიდან მას ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და ნაკვეთთან მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული მიწის ნაკვეთების გავლით (იხ. ტ. 1. ს.ფ 55). ამასთან, ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი სახის კითხვები: 1) აქვს თუ არა მიწის ნაკვეთის (ს/კ:N ...) მფლობელს (მოსარჩელეს) მის ქონებასთან სატრანსპორტო საშუალებით მისასვლელი გზა; 2) ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რომელი უძრავი ქონების გავლით შეიძლება მისი მფლობელი (მოსარჩელე) დაუკავშირდეს სოფლის გზას და არსებობს თუ არა ამისათვის სხვა ალტერნატიული საშუალება. პირველ კითხვაზე გაცემულია უარყოფითი პასუხი, ხოლო მეორე კითხვის პასუხად მითითებულია შემდეგი: მარნეულის რაიონში, სოფ. .......ში მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან უმოკლესი (ოპტიმალური) საავტომობილო და საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან, N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. ტ. 1. ს.ფ 54).
23. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელ ერთადერთ და აუცილებელ გზას არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მსგავსი მითითება არც საექსპერტო დასკვნაშია ასახული.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016,28 დეკემბერი, 2016 წელი).
26. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
27. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
28. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორი მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის არარელევანტურობაზე უთითებს, თუმცა მის საწინააღმდეგოდ არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი (მტკიცებულება), რომელიც დაადასტურებდა საექსპერტო დასკვნისაგან განსხვავებულ გარემოებას - ალტერნატიული გზის შესაძლო მოწყობას ისე, რომ მოსარჩელემ საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად არ გამოიყენოს მოპასუხის მიწის ნაკვეთი.
30. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სერვიტუტის უფლების დადგენაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში ასახული შედეგი გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე საქმის სამართლებრივ ბედზე და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების წინაპირობა. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი წარდგენილია აუცილებელი გზის უფლების დადგენის შესახებ, რომლის წარმატებულობა სსკ 180-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების (მოსარჩელე უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება) დაკმაყოფილებას უკავშირდება, ხოლო ვინაიდან მოსარჩელემ თავისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეძლო ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული წინაპირობების დადასტურება, მართებულად დაკმაყოფილდა მის მიერ წარდგენილი სარჩელი.
31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით მოსარჩელის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობად მართებულად განისაზღვრა მოპასუხის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობის დადგენა.
32. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე (მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლი)), რომლის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სათანადოდ დაძლია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და დაადასტურა სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია მითითებული პირობების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მოპასუხის პრეტენზიის უარყოფის თაობაზე.
33. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
34. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე №ას-261-2020, 30 სექტემბერი, 2020 წელი). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ლ. მიქაბერიძე