Facebook Twitter

№ას-655-655-2018 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლ. მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - კ.კ–ია (უფლებამონაცვლეები - ლ., მ. და ე. კ–ები), მ.ჩ–ია, ზ.ჩ–ია, გ.ჩ–ძე, ზ.ხ–ი, ი.პ–ი, გ.ზ–ა, ბ.ბ–ძე, ლ. კ–ა, დ.ი–ი, შპს „ჩ–ი“

(მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „ს–ო ......“, შპს „ჯ.გ–ი“, შპს „გ.პ–ი“ (მოპასუხეები)

მეორე კასატორი - შპს „ჯ.გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - კ.კ–ია, მ.ჩ–ია, ზ.ჩ–ია, გ.ჩ–ძე, ზ.ხ–ი, ი.პ–ი, გ.ზ–ა, ბ.ბ–ძე, ლ. კ–ა, დ.ი–ი, შპს „ჩ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2013 წლის 20 ივნისის №13.2.199 დადგენილებით, დაკმაყოფილდა ბმა „ს–ო ...“-ის (შემდგომში „ამხანაგობა“ ან „პირველი მოპასუხე“) თავმჯდომარის - ი.მ–ის განცხადება და ქ. თბილისში, ...... მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის (შემდგომში „ავარიული კორპუსი“) გაძლიერება-გამაგრების მიზნით, ამხანაგობას გამოეყო 489 156 ლარი.

2. 2013 წლის 9 ივლისს ამხანაგობას, როგორც დამკვეთს და შპს „გ.პ–ს“ (შემდგომში „მეორე მოპასუხე“, „შემსრულებელი“ ან „შემსრულებელი კომპანია“), როგორც შემსრულებელს, შორის გაფორმდა ხელშეკრულება ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომლის მიხედვით, შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები ორ ეტაპად, ხოლო პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება პირველი ეტაპის სამუშაოების წარმოების საპროექტო მონაცემების დათვლით განისაზღვრა 549 063 ლარით.

3. ავარიული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპისათვის შემსრულებელს ავანსის სახით გადაეცა 59 906,32 ლარი.

4. 2013 წლის 23 ივლისს შემსრულებელი კომპანიის დირექტორის ბრძანებით, ავარიული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების სპეციფიკურობის გამო, შეიქმნა ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფი, სამუშაოს დამთავრების ვადით, შემდეგი შემადგენლობით: 1. კ.კ–ია - ჯგუფის ხელმძღვანელი; მ.ჩ–ია - ჯგუფის ტექნიკური მენეჯერი; 3. ზ.ჩ–ია - სამუშაოთა მწარმოებელი; 4. გ.ჩ–ძე - ელ. მექნიკოსი; 5. ზ.ხ–ი - მბურღავის დამხმარე; 6. ი.პ–ი - მბურღავის დამხმარე; 7. გ.ზ–ა - მბურღავი; 8. ბ.ბ–ძე - მბურღავის დამხმარე; 9. ლ. კ–ა - მბურღავი; 10. დ.ი–ი - მბურღავის დამხმარე (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე ფიზიკური პირები“ ან „პირველი კასატორი“).

5. ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფის წევრთა შრომის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით. ამავე ბრძანებით ჯგუფის ხელმძღვანელს (კ.კ–იას) დაევალა ჯგუფის სამუშაო გრაფიკის მომზადება, შრომის ორგანიზება და საერთო ხელმძღვანელობა.

6. 2013 წლის 27 ივლისს შემსრულებელ კომპანიასა და შპს „ჩ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე კომპანია“ ან „პირველი კასატორი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მანქანა-მექანიზმების და მოწყობილობა-დანადგარების ქირავნობის შესახებ, რომლითაც შემსრულებელს დროებით სარგებლობაში გადაეცა 6 ერთეული ტექნიკა, ხოლო ხელშეკრულების საგნის ღირებულება თვეში 4000 ლარით (დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა.

7. 2013 წლის 12 ოქტომბერს ამხანაგობასა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ (გამსესხებელმა) შემსრულებელს (მსესხებელს) გადასცა 22 000 ლარი მიზნობრივად ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გასამაგრებლად და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 12 დეკემბერი.

8. 2013 წლის 3 ნოემბერს, ერთი მხრივ, მეორე მოპასუხეს (როგორც დამკვეთს) და მეორე მხრივ, შპს „ჯ.გ–ს“ (შემდგომში „მესამე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“), როგორც შემსრულებელს, შორის გაფორმდა ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომლის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო ამავე ეტაპის სამუშაოთა წარმოების ღირებულებამ 409 063 ლარი შეადგინა. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 9 ივლისს ამხანაგობასა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით და განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა უშუალოდ ამხანაგობის მიერ შემსრულებლისათვის (მესამე მოპასუხისთვის) თანხის ჩარიცხვის გზით ისე, რომ აღნიშნული თანხა არ მოხვდებოდა მეორე მოპასუხის ანგარიშზე, რაზეც მეორე მოპასუხეს პრეტენზია არ გააჩნდა. მითითებული ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) მოიწონა ამხანაგობის თავმჯდომარემ.

9. 2013 წლის 31 დეკემბერს მეორე მოპასუხეს, მესამე მოპასუხესა და ამხანაგობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ 2013 წლის 9 ივლისის ხელშეკრულებით და 2013 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებით (ქვეკონტრაქტი) ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულყოფილად და შეთანხმდნენ, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა 472 940,89 ლარი გამგეობის მიერ უნდა ჩარიცხულიყო ამხანაგობის ანგარიშზე, საიდანაც ამხანაგობა ვალდებული იყო 409 063 ლარი ჩაერიცხა მესამე მოპასუხის ანგარიშზე, ხოლო 63 877,89 ლარი უნდა ჩარიცხულიყო მეორე მოპასუხის საბანკო ანგარიშზე.

10. შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა 409 063 ლარი ამხანაგობამ 2014 წლის 22 იანვარს ჩაურიცხა მესამე მოპასუხეს, ხოლო 40 469 ლარი 2014 წლის 17 თებერვალს ჩაირიცხა მეორე მოპასუხის ანგარიშზე.

11. ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალურ მუშაკთა ჯგუფის ანაზღაურება განისაზღვრა სამუშაოთა დასრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური ფიქსირებული ოდენობით, კერძოდ, კ.კ–იას სასარგებლოდ, თვეში 2500 ლარით, მ.ჩ–ას სასარგებლოდ - 2000 ლარით, ზ.ჩ–იას სასარგებლოდ - 2000 ლარით, გ.ჩ–ძის სასარგებლოდ - 1500 ლარით, ზ.ხ–ის სასარგებლოდ - 1500 ლარით, ი.პ–ის სასარგებლოდ - 1500 ლარით, გ.ზ–ას სასარგებლოდ - 1800 ლარით, ბ.ბ–ძის სასარგებლოდ - 1500 ლარით, ლ. კ–ას სასარგებლოდ - 1800 ლარით, დ.ი–ის სასარგებლოდ - 1500 ლარით.

12. ავარიული საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ამხანაგობის დაკვეთით, ჩატარდა ექსპერტიზა, პირველად - 2013 წლის 6 ნოემბერს და მეორედ - 2013 წლის 30 დეკემბერს. საექსპერტო დასკვნებში მითითებულია, რომ პირველ ეტაპზე ჩატარებული სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, დღგ-ს, საავტორო ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების ჩათვლით, საექსპერტო კვლევის მომენტში შეადგენს 140 429,05 ლარს, ხოლო 2013 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, მეორე ეტაპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, განისაზღვრა 392 408,16 ლარით.

13. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ შესრულებულ სამუშაოთა აქტი #2-ის თანახმად, მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის ხარჯი სამუშაოების პირველ ეტაპზე, ნოემბრამდე შეადგენს 4000 ლარს, ხოლო, მეორე ეტაპზე, დეკემბრისთვის,წარმოებული სამშენებლო-გამარებითი სამუშაოების მიზნით მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვრულია 16 000ლარით.

14. 2013 წლის 25 დეკემბერს მეორე მოპასუხესა (როგორც დამკვეთს) და მესამე მოპასუხეს (როგორც შემსრულებელს) შორის შედგა მიღება-ჩ–არების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს აღნიშნული დროისთვის მესამე მოპასუხის მიერ 409 063 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი.

15. სასარჩელო მოთხოვნა:

15.1. ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფის წევრებმა და მოსარჩელე კომპანიამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მეორე და მესამე მოპასუხეების, ასევე, ამხანაგობის (შემდგომში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელე ფიზიკურ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების, ასევე გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე მოსარჩელე კომპანიის მიერ გამოყენებული სპეციალური მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობა-დანადგარების ღირებულების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.

16. მოპასუხეთა შესაგებელი:

16.1. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა არასათანადო მოპასუხეობაზე. მისივე განმარტებით, მოსარჩელეთა მიმართ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებები ამხანაგობამ შეასრულა პირნათლად და არ არსებობს რაიმე თანხის მისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

16.2. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მასსა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელეთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა იტვირთა მესამე მოპასუხემ, ამდენად, მეორე მოპასუხე წინამდებარე საქმეში წარმოადგენდა არასათანადო მხარეს.

16.3. მესამე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მასსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებულია ორი შეთანხმება - 2013 წლის 3 ნოემბრის ქვეკონტრაქტი და 2013 წლის 31 დეკემბრის შეთანხმება, რომლითაც დარეგულირდა ურთიერთობა ამ ორ ორგანიზაციას შორის, თუმცა არცერთ ხელშეკრულებაში არსადაა ნახსენები მოსარჩელე ორგანიზაცია ან მისთვის რაიმე სახის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნული თანხა არ ჩარიცხვია მესამე მოპასუხეს, შესაბამისად, იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მხარეა.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1) მეორე მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის ანაზღაურება (საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით), ხოლო მოსარჩელე ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ შემდეგი ოდენობით თანხის გადახდა: კ.კ–იას სასარგებლოდ - 7500 ლარი, მ.ჩ–იას სასარგებლოდ - 6000 ლარი, ზ.ჩ–იას სასარგებლოდ - 6000 ლარი, გ.ჩ–ძის სასარგებლოდ - 4500 ლარი, ზ.ხ–ის სასარგებლოდ - 4500 ლარი, ი.პ–ის სასარგებლოდ - 4500 ლარი, გ.ზ–ას სასარგებლოდ - 5400 ლარი, ბ.ბ–ძის სასარგებლოდ - 4500 ლარი, ლ. კ–ას სასარგებლოდ - 5400 ლარი, დ.ი–ის სასარგებლოდ - 4500 ლარი;

2) მესამე მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 16000 ლარის ანაზღაურება (საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით), ხოლო მოსარჩელე ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ შემდეგი ოდენობით თანხის გადახდა: კ.კ–იას სასარგებლოდ - 5000 ლარი, მ.ჩ–იას სასარგებლოდ - 4000 ლარი, ზ.ჩ–იას სასარგებლოდ - 4000 ლარი, გ.ჩ–ძის სასარგებლოდ - 3000 ლარი, ზ.ხ–ის სასარგებლოდ - 3000 ლარი, ი.პ–ის სასარგებლოდ - 3000 ლარი, გ.ზ–ას სასარგებლოდ - 3600 ლარი, ბ.ბ–ძის სასარგებლოდ - 3000 ლარი, ლ. კ–ას სასარგებლოდ - 3600 ლარი, დ.ი–ის სასარგებლოდ - 3000 ლარი;

3) სარჩელი ამხანაგობის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, ასევე მოპასუხეებისთვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

18. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

18.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა და მოსარჩელე კომპანიამ, ასევე მესამე მოპასუხემ.

18.2. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

18.3. მესამე მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

19.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

19.3. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის ივლისიდან იმავე წლის ნოემბრამდე, ასევე, სამართალურთიერთობაში მესამე მოპასუხის შემოსვლის შემდეგაც, 2013 წლის ნოემბრიდან სამუშაო პროცესის სრულად დასრულებამდე, საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა მოსარჩელე ფიზიკური პირების მიერ შემდგარი მბურღავ-მომწყობთა ჯგუფი, ასევე, მესამე მოპასუხე სამუშაოებს აწარმოებდა მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი მანქანა-მექანიზმების გამოყენებით.

19.4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ის ფაქტი, თუ რა სახის სამუშაოები გაწია მესამე მოპასუხემ დარჩენილი 409 063 ლარის ფარგლებში და რომ ამ სამუშაოების შესრულებისთვის მოსარჩელე ფიზიკურ პირთა შრომის, ასევე, მოსარჩელე კომპანიის მანქანა-მოწყობილობების გამოყენება მის მიერ არ მომხდარა, სწორედ მისი (მესამე მოპასუხის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მხარეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც იმ ფაქტს დაადასტურებდა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მან იკისრა სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, მისი განხორციელებისათვის მითითებული პირების შრომა, ასევე, მოსარჩელე კომპანიის მანქანა-მექანიზმები არ გამოუყენებია, და სამუშაოებს ასრულებდა სხვა დასაქმებულების, ან/და ტექნიკის მეშვეობით.

19.5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით უდავოდ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ავარიული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა მეორე მოპასუხეს ორ ეტაპად, რისთვისაც მას ავანსის სახით გადაეცა 59 906.32 ლარი. ამასთან, 2013 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულების (ქვეკონტაქტის) საფუძველზე ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა მესამე მოპასუხემ, რომელმაც დაასრულა აღნიშნული სამუშაოები და ამისათვის, დამკვეთმა ამხანაგობამ მას, როგორც შემსრულებელს, აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

19.6. სასამართლომ, ასევე, ყურადღება მიაქცია საქმის მასალებით დადგენილ იმ უდავო გარემოებას, რომ მეორე მოპასუხე 2013 წლის ივნისიდან ნოემბრამდე სამუშაოებს ახორციელებდა მოსარჩელე ფიზიკური პირების შრომისა და მოსარჩელე კომპანიის მანქანა-მექანიზმებისა და ტექნიკის გამოყენებით. ხოლო იმ პირობებეში, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მესამე მოპასუხეს სამუშაოების ღირებულება აუნაზღაურდა ტექნიკის გამოყენებისა და მოსარჩელე ფიზიკურ პირთა შრომის ანაზღაურებისათვის განსაზღვრული თანხის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მესამე მოპასუხის პრეტენზიის გაზიარებისა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

19.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე მუხლებზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არცერთი წინაპირობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველად, 2013 წლის 23 ივლისის ბრძანების საფუძველზე, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელე ფიზიკურ პირებსა და მეორე მოპასუხეს შორის. ამხანაგობასთან 2013 წლის 9 ივლისს დადებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით კი, იმავე სამუშაოების წარმოებისათვის მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობა-დანადგარების ქირავნობის ხელშეკრულება მეორე მოპასუხემ გააფორმა მოსარჩელე კომპანიასთან.

19.8. 2013 წლის 3 ნოემბერს მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ამხანაგობასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების ვალდებულება მთლიანად მესამე მოპასუხეს გადაეცა. მეორე მოპასუხის ვალდებულებად მხოლოდ სამუშაოთა შესრულებაზე კონტროლი განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, მის ღირებულებად და მესამე მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად განისაზღვრა გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებასა და მეორე მოპასუხის მიერ ფაქტობრივად უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, სხვაობა 409 063 ლარი, რაც, საბოლოოდ, დათქმულ ვადაში შესრულდა კიდეც, რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს აუნაზღაურდა შეთანხმებული თანხა. რაც შეეხება მეორე მოპასუხის მიერ წარმოებულ სამუშაოთა პროცესში, 2013 წლის ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში წარმოშობილ ვალდებულებებს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ვალდებულების მესამე მოპასუხისთვის გადაკისრება არ მომხდარა და მასზე მხარეები სსკ-ის 203-204-ე მუხლებით დადგენილი წესით არ შეთანხმებულან. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი შრომის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.

19.9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე საქმეში წარდგენილ საექსპერტო დასკვნებზე და მიიჩნია, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიზნით მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისთვის განსაზღვრული საიჯარო ქირის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა იმ მოცულობით, როგორც იგი ასახულია შესაბამისი სამუშაოებისთვის გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში და რასაც მოიცავს მათთვის ამხანაგობის მიერ ანაზღაურებული თანხა.

19.10. რაც შეეხება მოსარჩელეთა მიმართ ამხანაგობის ვალდებულებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ამხანაგობას პირნათლად აქვს შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც არ არსებობდა მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

19.11. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა მესამე მოპასუხის პრეტენზია საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ 215-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ მითითებული მტკიცებულებების (საექსპერტო დასკვნების) საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენის შესაძლებლობა მოსარჩელეებს არ ჰქონდათ (საექსპერტო დასკვნები შედგენილი იყო მეორე მოპასუხის დაკვეთით და იმყოფებოდა მასთან, ხოლო აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეებმა შეიტყვეს 2017 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის შემდეგ), შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

20. კასატორების მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

20.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მესამე მოპასუხემ.

20.2. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

20.3. მესამე მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20.4. მოსარჩელეთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განამარტა სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე მუხლები და მოპასუხეები არასწორად არ მიიჩნია სოლიდარულ მოვალეებად. 2013 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებითა და 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით მხარეთა შორის რიგი საკითხები დარეგულირდა ახლებურად, მესამე მოპასუხემ მოსარჩელეთა დავალიანება გადაიკისრა 2013 წლის 23 ივლისის #3 ბრძანებისა და მოსარჩელე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რაც სასამართლოს სსკ 204-ე მუხლით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობად უნდა შეეფასებინა. სასამართლოს ასევე უნდა ეხელმძღვანელა სსკ 205-ე მუხლით და დაედგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალის გადაკისრება განხორციელდა სწორედ მოვალესა (მეორე მოპასუხეს) და მესამე პირს (მესამე მოპასუხეს) შორის შეთანხმებით, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო მხოლოდ კრედიტორების, მოსარჩელე ფიზიკურ პირთა და მოსარჩელე კომპანიის თანხმობაზე. მათ კი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი დაკისრებულ სამუშაოთა შესრულებით მოიწონეს ვალის გადაკისრება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ეკისრებოდა თუ არა მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელეთა მიმართ შესრულებული სამუშაოსა და ქირავნობის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

20.5. მესამე მოპასუხის საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები და არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. კერძოდ, სასამართლომ მხოლოდ მესამე მოპასუხეს დააკისრა იმ გარემოების დადასტურების ვალდებულება, რომ მას გარდა მოსარჩელე ფიზიკურ პირთა შრომისა ან/და მოსარჩელე კომპანიის მანქანა-დანადგარებისა არ გამოუყენებია ნებისმიერ სხვა პირთა შრომა ან მანქანა-დანადგერები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმეში არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მესამე მოპასუხეს თანხა ჩაერიცხა მოსარჩელე ფიზიკურ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოსარჩელე კომპანიის ტექნიკისათვის განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით.

20.6. სასამართლომ ასევე არასწორად დაასკვნა, რომ საქმეზე მტკიცებულებების დართვის შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არცერთი საპატიო მიზეზი, რაც გაამართლებდა მოსარჩელეთა მიერ მტკიცებულებების (საექსპერტო დასკვნების) სასამართლოს მთავრ სხდომაზე წარდგენას, ხოლო სასამართლოს მითითება, რომ აღნიშნული მტკიცებულებების შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 18 აპრილის სხდომის შესახებ, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს ვარაუდი.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

21.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩნებით მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

21.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით მოსარჩელე კ.კ–იას უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები - ლ. კ–ა, მ. კ–ა და ე. კ–ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს გამოკვლეული.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

26. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების, მოსარჩელეთა ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სამივე მოპასუხისთვის სოლიდარულად უნდა დაეკისრებინათ მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების თანხა.

27. აღნიშნული საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სოლიდარული ვალდებულების სამართლებრივ ბუნებაზე.

28. სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით - სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა. სოლიდარული ვალდებულება კრედიტორს არა მარტო მოთხოვნის სწრაფი დაკმაყოფილების შესაძლებლობას ანიჭებს, არამედ მოთხოვნის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 463, ველი2. www.gccc.ge).

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ შეიძლება გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ დაეკისროს ვალდებულების შესრულების ვალდებულება.

30. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან.

31. სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.

32. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს (თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ).

33. ამასთან, მითითებული მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი (შდრ. სუსგ №ას- 164-158-2011, 01 აგვისტო, 2011). გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 464-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა (Numerus Clausus).

35. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია ხელშეკრულება. იმისათვის, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვას, აუცილებელია, რომ რამდენიმე პირმა სოლიდარულად იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე. სოლიდარულმა მოვალეებმა კრედიტორთან ხელშეკრულება შესაძლოა ერთდროულად ან ცალ-ცალკე გააფორმონ. შესაძლებელია სოლიდარული ვალდებულების შეთანხმების შემდეგ, კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთი მოვალე შემდეგ შევიდეს ვალდებულებაში სოლიდარულ მოვალედ. მთავარია კრედიტორთან გაფორმებული შეთანხმება ნათლად ადასტურებდეს თითოეული მოვალის სურვილს - სხვა მოვალეებთან ერთად სოლიდარულად აგონ კრედიტორის წინაშე პასუხი. სოლიდარული ვალდებულების შესახებ შეთანხმებას იმ შემთხვევაშიც ექნება ადგილი, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კრედიტორს საკუთარი სურვილისამებრ მთლიანად ანდა ნაწილობრივ შეუძლია ნებისმიერი მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, დანარჩენებსაც ათავისუფლებს შესრულების ტვირთისაგან (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას- 599-2019, 04 დეკემბერი, 2019; საქმე №ა1158-1104-2014, 06 მაისი, 2015).

36. იმ საკითხის შესამოწმებლად, განსახილველ დავაში არიან თუ არა მოპასუხეები მოსარჩელეთა მიმართ სოლიდარული მოვალეები, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ავარიული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების განხორციელება ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თავდაპირველად იკისრა მეორე მოპასუხემ (იხ. 2013 წლის 9 ივლისის ხელშეკრულება, ტ. 1. ს.ფ 15-19), ხოლო 2013 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულების (ქვეკონტაქტის) საფუძველზე, სამუშაოების შესრულების ვალდებულება აიღო მესამე მოპასუხემ, მეორე მოპასუხის ვალდებულებად მხოლოდ სამუშაოთა შესრულებაზე კონტროლი განისაზღვრა (იხ. ტ. 1. ს.ფ 63-68). ამავე ხელშეკრულებით, მის ღირებულებად და მესამე მოპასუხისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად განისაზღვრა გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებასა და მეორე მოპასუხის მიერ ფაქტობრივად უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, სხვაობა 409 063 ლარი, რაც, საბოლოოდ, დათქმულ ვადაში შესრულდა კიდეც, რის საფუძველზეც, მესამე მოპასუხეს აუნაზღაურდა შეთანხმებული თანხა.

37. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ასევე ზემოთ მითითებული განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის სსკ 463-ე მუხლით განსაზღვრული სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევა, კასატორებსაც არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

38. რაც შეეხება მეორე კასატორის (მესამე მოპასუხის) საკასაციო პრეტენზიას მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის არასწორად განაწილების შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულ გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

39. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

40. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

41. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელ.ტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

42. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

43. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებების, ქვეკონტრაქტისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩ–არების აქტებით, ხარჯთაღრიცხვებით, ასევე, საექსპერტო დასკვნებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელეთა მიმართ გააჩნდა დავალიანება მოსარჩელე კომპანიის მანქანა-დანადგარებისთვის განსაზღვრული საიჯარო ქირისა და მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი თანხის სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გაბათილება კი კასატორმა (მესამე მოპასუხემ) სათანადო და რელ.ტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ შეძლო. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მისი პრეტენზია მოსარჩელეთა სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხის უსაფუძვლოდ დაკისრების შესახებ.

44. საკასაციო სასამართლო მესამე მოპასუხის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მას არასწორად უთხრეს უარი საოქმო განჩინების (მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ) გაუქმებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც არსებითად შეფასდა აღნიშნული საკითხი (იხ. ტ. 1. ს.ფ 673-674), იზიარებს მასში ასახულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორი მითითებულ მსჯელობას ვერ აბათილებს სათანადო დასაბუთებით (ან/და მტკიცებულებით).

45. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 2 560 ლარის 70% – 1 792 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.კ–იას (უფლებამონაცვლეები - ლ., მ. და ე. კ–ები), მ.ჩ–იას, ზ.ჩ–იას, გ.ჩ–ძის, ზ.ხ–ის, ი.პ–ის, გ.ზ–ას, ბ.ბ–ძის, ლ. კ–ას, დ.ი–ის, შპს „ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

3. შპს „ჯ.გ–ს“ (......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ს–ძის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 560 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 17 ივლისი), 70% – 1 792 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე