საქმე №ას-613-2020 17 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – OOO „S. M. E.“, შპს „ბ.რ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – მომიჯნავე უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. OOO „S. M. E.“-მა და შპს „ბ.რ–სმა“ (შემდგომში _ პირველი ან მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო კომპენსაციის 400 000 ევროს დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 1 ივნისს, შპს ,,მ–ის“ მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში არაერთგზის განთავსდა შპს ,,მ–ის“ სარეკლამო რგოლი, რომელშიც გამოყენებულ იქნა Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები ,,Get Lucky“ შესრულებული Daft Punk-ის მიერ. ეს მუსიკალური ნაწარმოები წარმოადგენს 2013 წლის (და არა მარტო 2013 წლის) უდიდეს მუსიკალურ ჰიტს და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ამის დადასტურებაა, რომ ზემოაღნიშნულმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა გაიმარჯვა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების, GRAMMY-ს ნომინაციებში: წლის ალბომი; საუკეთესო საცეკვავო/ელექტრონული მუსიკის ალბომი. აღნიშნული შესრულების/ფონოგრამის სარეკლამო რგოლში გამოყენებისთვის/ჩართვისთვის შპს ,,მ–ს“ უნდა მოეპოვებინა შესაბამისი ლიცენზია მომიჯნავე უფლების მფლობელისგან. ამ უფლების მფლობელი არის Sony Music. ბ.რ–სი კი არის OOO „S. M. E.“-ის (რუსეთის ფედერაცია) სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ყველა იმ ნაწარმოებზე, რომლებზეც მომიჯნავე უფლებათა მფლობელია Sony Music, გასცემს ლიცენზიას ნაწარმოების გამოყენებაზე, მათ შორის ნაწარმოების რეკლამაში გამოყენებაზე.
1.2. მოპასუხის პოზიცია:
1.2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოს წარუდგინა როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო შესაგებელი, კერძოდ, მოპასუხე არ ეთანხმება, რომ: მუსიკალურ ნაწარმოებზე მომიჯნავე უფლების მფლობელია Sony Music და ეს უკანასკნელი სარგებლობს ყველა უფლებით, მათ შორის ლიცენზიის გაცემის ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით (ამ კონტექსტში მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელზე დართული დოკუმენტების ნამდვილობას იმ თვალსაზრისით, რომ დოკუმენტები წარმოდგენილია ასლების სახით და არ დგინდება ხელმომწერი პირების უფლებამოსილება); სარეკლამო რგოლში გამოყენებულ იქნა სადავო ფონოგრამა; შპს „ბ.რ–სი“ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, რადგან იგი Sony Music_თან იმყოფება დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში და საკუთარი სახელით ვერ გამოვა მოსარჩელედ, ამასთან დავალების ხელშეკრულება შპს „ბ.რ–სთან“ გაფორმდა მას შედეგ, რაც სავარაუდო დარღვევას ქონდა ადგილი; მოპასუხე სათანადო მხარეა, რადგან სარეკლამო რგოლი დაამზადა შპს „კ–მა“, ეს უკანასკნელი იყო პასუხისმგებელი ნაწარმოების შერჩევაზე, რომელმაც სარეკლამო რგოლში გამოიყენა სულ სხვა ნაწარმოები (ი.კოსკელაინენის ე.წ. ქავერ ვერსია). მოპასუხე ასევე სადავოდ ხდის კომპენსაციის გამოანგარიშების საფუძველს და აცხადებს, რომ მოთხოვნილ თანხასა და რეკლამის დამზადება/განთავსების საფასურს შორის არის აშკარა დისპროპორცია (სარეკლამო რგოლის დამზადებაში გადახდილ იქნა 880 ლარი, ხოლო ტელეკომპანიაში განთავსების საფასურმა შეადგინა 200 აშშ დოლარი).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით OOO „S. M. E.“-ისა და შპს „ბ.რ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,მ–ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 200 000 ევროს (ექვივალენტი ლარში) გადახდა, მხარეთა შორის განაწილთა პროცესის ხარჯები.
3. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით შპს ,,მ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნით, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელეთა მომიჯნავე უფლება, რის გამოც არსებობდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მატერიალური ნორმით განსაზღვრული ყველა წინაპირობა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული შემდეგი პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს:
ა) მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სპეციალური კანონის სუბიექტებს, მით უფრო მეორე მოსარჩელეს პირველისაგან არანაირი მომიჯნავე უფლება არ შეუძენია (მხარეებს შორის გაფორმებული ხელშკრულება თავისი შინაარსით დავალების ხელშეკრულებაა და არა სალიცენზიო), შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი საპროცესო მხარის სტატუსი;
ბ) მოპასუხემ კვალიფიციური შედავება წარადგინა ფონოგრამის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სადავო ფონოგრამის არსებობა, რაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო ექსპერტის დაკვნით, ასეთი კი საქმეში წარმოდგენილი არ არის;
გ) სადავო ქმედება, თუკი ასეთს ექნებოდა ადგილი, უნდა შეერაცხოს შპს „კ–ს“ და არა მოპასუხეს, რადგან სავარაუდო უფლება შეიძლებოდა დარღვეულიყო მხოლოდ ვიდეორგოლის შექმნის სტადიაზე, იგივე ქმედება კასატორსაც შეიძლება შეერაცხოს იმ პირობით, თუ შპს „კ–ი“ სადავო ფონოგრამის უნებრთვო ჩართვაზე კასატორმა დაიყოლია. ასეთი ფაქტი არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია;
დ) მოსარჩელეებს მიუღებელი შემოსავლის ოდენობის დამადასტურებელი პირდაპირი ხასიათის არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. საქმეზე წარმოდგენილი არ არის ასევე ექსპერტის დასკვნა, რომლითაც საქართველოში (ან ტერიტორიით, მოსახლეობის რაოდენობითა და ეკონომიკით მსგავს სხვა ქვეყანაში) სადავო ფონოგრამის რეკლამაში ჩართვის უფლების ღირებულება იქნებოდა დადგენილი;
ე) კომპენსაციის ოდენობა აშკარად გადაჭარბებულია და იგი არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ ტარიფებს (ფონოგრამის ვიდეორგოლში სინქრონიზაციის ღირებულება 442.50 ლარს შეადგენს და არა 20 000 ევროს).
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. Daft Punk-ის მიერ შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე ,,Get Lucky“ საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის S. M. E.-ს, რომელიც წარმოდგენილია საკუთარი განყოფილების, Columbia records-ის სახით;
1.2.2. OOO „S. M. E.“ (რუსეთის ფედერაცია) არ არის S. M. E.-ის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სალიცენზიო შეთანხმებაში მოხსენიებულია როგორც ფილიალი, უდავოა და მხარეებიც აღიარებენ, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან და ამ შემთხვევაში ,,ფილიალი“ არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული S. M. E.“-ის წარმომადგენლობა კონკრეტულ ქვეყანაში;
1.2.3. მოსარჩელეები არიან მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები, ვინაიდან, S. M. E.-მა მის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე უფლებები 2012 წლის 1 აპრილის სალიცენზიო შეთანხმებით გადასცა მოსარჩელეს OOO „S. M. E.“ (რუსეთის ფედერაცია), სალიცენზიო შეთანხმება აკმაყოფილებდა ამ შეთანხმების დადების ყველა პირობას და კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მოგვიანებით შევიდა ცვლილებები, რომელსაც ხელს აწერს ი.ჰ–ნი, მისი უფლებამოსილება დასტურდება, S. M. E.-ის წევრთა 2013 წლის 15 ივლისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმით, რომლის თანახმადაც, ვადამდე შეუწყდა საზოგადოების გენერალურ დირექტორს ი.ჰ–ნს შრომითი ხელშეკრულება და იგი გათავისუფლდა 2013 წლის 5 სექტემბრიდან, მის ნაცვლად კი 2013 წლის 6 სექტემბრიდან არჩეულ იქნა ა. დ–ვა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, სალიცენზიო შეთანხმების დადებისას და მასში ცვლილებების შეტანას ხელს აწერდა უფლებამოსილი პირი, ამ მტკიცებულების გასაბათილებლად კი მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია;
1.2.4. პირველმა მოსარჩელემ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დადო ხელშეკრულება შპს ,,ბ.რ–თან“, რომლითაც მეორე მოსარჩელე ვალდებული იყო განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებები Sony Music-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვისა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;
1.2.5. შპს ,,მ–ის“ მიერ მომიჯნავე უფლება დაირღვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კომპანიის სარეკლამო აქტივობებში გამოყენებულია Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები. მოპასუხის ამ ქმედების გამო, მოსარჩელეებს მიადგა ზიანი. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს დისკი, სადაც ჩაწერილია „მ–ის“ სარეკლამო რგოლი, რომელშიც გამოყენებულია Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოები ,,Get Lucky“ შესრულებული Daft Punk-ის მიერ, ასევე წარმოდგენილია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 1 ივნისს ეთერში განთავსდა კომპანია ,,მ–ის“ 10 წამიანი სარეკლამო რგოლი შემდეგი პერიოდულობით: 05:00:51; 09:07:26; 10:25:53; 13:23:11; 17:21:23; 18:40:09; 19:01:55; 19:09:22; 19:25:35; 19:32:59; 19:48:21. შპს ,,მ–მა“ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს;
1.2.6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით და სამართლებრივად დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საავტორო უფლების დარღვევის საკომპენსაციო თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით იმ ოდენობის ფარგლებში, რომელიც დადგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ საავტორო/მომიჯნავე უფლების კანონიერად გამოყენების საფასური განისაზღვრება არა რუსეთის ფედერაციაში ან ნებისმიერ სხვა მესამე ქვეყანაში, არამედ საქართველოში არსებული ფასებით და გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
ვიდრე საკასაციო სასამართლო უპასუხებდეს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიულ და პრაქტკულ საკითხზე:
1.3.1. სარჩელის ფორმალური დასაბუთებულობა მოწმდება მოსარჩელის სტადიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, იძლევა თუ არა მოსარჩელის მიერ თავის ახსნა- განმარტებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ მას მართლაც აქვს მოთხოვნის დაყენების უფლება. მოთხოვნის დაყენების უფლება უკავშირდება სათანადო მოსარჩელის საპროცესო სტატუსს, შესაბამისად მოსარჩელის განმარტებები ისეთი შინაარსით უნდა იქნეს გადმოცემული, რომ სასამართლოსთვის ნათელი და გასაგები გახდეს, რომ სწორედ მოთხოვნის აღმძვრელი პირია ის, ვისი უფლებაც დაირღვა და არა სხვა პირი. მართალია არ გამოირიცხება ამ საკითხის კვლავ დღის წესრიგში დაყენება მოპასუხის სტადიაზე, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მოსარჩელეს საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, ფორმალურად გამართოს სარჩელი. მოსარჩელის სტადიაზე მოწმდება კონკრეტულ საქმესა და მოსარჩელის პიროვნებას (იურიდიული პირის შემთხვევაში _ იურიდიულ პირს) შორის კავშირი, ხოლო ამის პარალელურად მოთხოვნის წარმოშობისათვის ნორმით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის არსებობა. სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: ვინ?, ვის?, რას?, რის საფუძველზე სთხოვს?, ამასთან პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან დაკავშირებით იძლევა პასუხს, მესამე _ დავის საგანთან, ხოლო მეოთხე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთან მიმართებაში. სარჩელის ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) შემდეგ მოწმდება შესაგებლის შინაარსი, კერძოდ მოპასუხემ როგორი შესაგებელი წარმოადგინა, ამის მიხედვით ხდება შესაგებლის კლასიფიკაცია. იურიდიული დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული შეხედულებების მიხედვით, შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია ასეთია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და არსებითი (კვალიფიციური) შესაგებელი. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, პირველ რიგში, საპროცესო, ხოლო შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შესაგებელი მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს (განუხორციელებელს ხდის) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
1.3.2. განსახილველ საქმეს თუ დავუბრუნდებით, სარჩელი მოსარჩელის სტადიაზე ერთი შეხედვით გამართულია: მოსარჩელე აცხადებს, რომ წარმოადგენს მომიჯნავე უფლების მფლობელს (აქვე უთითებს უფლების მოპოვების საფუძველს, თუმცა მითითების დონეზე საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ის განმარტება, რომ მას ეკუთვნის სადავო უფლება); მოპასუხემ თავისი აქტიური მოქმედებით ხელყო მოსარჩელის მომიჯნავე უფლება; უფლების დარღვევას შედეგად მოჰყვა ზიანი; ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ქმედების შედეგად (შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია: ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46(1); 48(1)(2.„ა“); 58(1)(2)(3.„ა“); 59(1.„ე“)(3). მიუხედავად ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს უფლების მოპოვების ნამდვილობაზე (თავის მხრივ ეს საკითხი მნიშვნელოვანია სათანადო მოსარჩელის დადგენისათვის) თითოეულ მოსარჩელესთან მიმართებაში, კერძოდ, პირველი მოსარჩელე განმარტავს, რომ მან მომიჯნავე უფლება მოიპოვა 2012 წლის 1 აპრილის სალიცენზიო შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც S. M. E.-მა ფილიალს გადასცა მის კატალოგში შესული ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია, საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფით (2(2.1.„ა“)), ფილიალისთვის ლიცენზიის გაცემა მოიცავს შემოსავლის მიღების უფლებას, ფილიალს აქვს ფონოგრამის სინქრონიზაციის უფლება, ასევე ფილიალს აქვს სარჩელის აღძვრის უფლება დამრღვევი მხარის მიმართ (6.2.). რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, სარჩელის თანახმად, მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება პირველ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებების განხორციელებით, რომელიც უკავშირდება Sony Music-ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვასა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევათა აღკვეთისათვის მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიაზე (წარმომადგენლობა, სასამართლოსთვის მიმართვა), ამასთან მეორე მოსარჩელე უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია. საგულისხმოა, რომ შპს ,,ბ.რ–თან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის სექტემბერში, მაშინ როდესაც უფლების სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა 2014 წლის ივნისში. ამდენად, განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკამათოა მეორე მოსარჩელის, როგორც უფლების მფლობელის საკითხი, ამ თვალსაზრისით მოპასუხემ წარადგინა საპროცესო შესაგებელი, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და სათანადოდ არგუმენტირებული, რაც მიუთითებს სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევაზე.
1.3.3. მას შემდეგ, რაც დავადგინეთ პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში მისი სარჩელის ფორმალური გამართულობა, მნიშვნელოვანია შემოწმდეს შესაგებლის არსებითობა. პროცუალური თვალსაზრისით, როგორც 1.3.2. პუნქტში ვახსენეთ, მოპასუხე არ ეთანხმება, რომ მეორე მოსარჩლეს აქვს დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ასევე თუკი ასეთი იარსებებს, უფლების მოპოვების დროიდან გამომდინარე, რაც სავსებით გასაზიარებელია, და საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მხრივ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული შედავება. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მან არ უნდა აგოს პასუხი სავარაუდო დარღვევისათვის, არამედ შპს „კ–მა“, როგორც აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელმა. საკასაციო პალატა ამ მხრივ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 22 მაისის ხელშეკრულებაზე (შპს „კ–სა“ სა შპს „მ–ს“ შორის), რომლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო რგოლის შემუშავება. მართალია ხელშეკრულების შინაარსი არ მოიცავს შეთანხმებას კონკრეტული ფინოგრამის რეპროდუცირებაზე/სინქრონიზაციაზე, თუმცა ივარაუდება, რომ შემსრულებელი, როგორც რეკლამის დამამზადებელი და გამოცდილი ამ სფეროში, აკეთებს შეთავაზებებს დამკვეთისადმი, ხოლო დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებით პრეზუმირებულია, რომ დამკვეთმა მოიწონა შესრულებული სამუშაო და ამით მიიღო კიდეც სარგებელი. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. თეორიული თვალსაზრისით შეიძლება შპს „კ–ი“ სოლიდარულ მოვალედაც კი მივიჩნიოთ, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
1.3.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს, რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ. თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება და მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვალიფიციურ შდავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოდ ხდის მოსარჩელის მოხსენებას. კვალიფიციური შედავებისას, მოსამართლემ უნდა შეამოწმოს რას პასუხობს მოპასუხის ვერსიას მოსარჩელე და ეს პროცესი გრძელდება, ვიდრე არ დასრულდება მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე გადასვლა და პირიქით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის სარეკლამო რგოლში, Pharell Williams-ის მუსიკალური ნაწარმოების ,,Get Lucky“-ის გამოყენების ფაქტს, რომელიც შესრულებულია Daft Punk-ის მიერ და აცხადებს, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებულია ი.კ–ნის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია. მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე პირველადი ვარაუდის მტკიცება იმისა, რომ სარეკლამო რგოლში ნამდვილად ის ფონოგრამა იქნა გამოყენებული, რომელზეც მომიჯნავე უფლების მფლობელია მოსარჩელე მხარე, ეკისრებოდა ამ უკანასკნელს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ამ მხრივ ისე გაიზიარეს მოსარჩელის ვერსია, რომ დაეყრდნენ CD დისკს და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ამასთან ეს საკითხი სპეციალისტის/ექსპერტის კვლევის საგანი არ გამხდარა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ სფეროში მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებიდან (სსსკ-ის 105-ე, 162-ე და 172-ე მუხლები). თუკი საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ დაძლია პირველადი ვარაუდის დამტკიცების ტვირთი, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ სარეკლამო რგოლში გამოყენებული იყო ი.კ–ნის ე.წ. ინსრუმენტალური ქავერ ვერსია.
1.3.5. ბოლოს საკასაციო პალატა შეეხება დაკისრებული თანხის საფუძვლიანობას და ამ კონტექსტში კასატორის პრეტენზიების არსებითობას. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი ითვალისწინებს მომიჯნავე უფლებების დაცვის რამდენიმე გზას, მათ შორისაა აღიარებითი სარჩელი; სარჩელი პირველადი მდგომარეობის აღდგენის, მოქმედების აღკვეთის შესახებ; სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ; სარჩელი შემოსავლის ჩამორთმევის შესახებ; მოპასუხისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება. როგორც სარჩელის შინაარსიდან დგინდება, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი ითხოვს ე.წ. სადამსჯელო თანხას (Punitive damages), რომელიც თავის თავში მოიცავს, როგორც ფაქტობრივი ზიანის ელემენტს, ისე სანქციის ელემენტს (კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები). როგორც წესი, დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის ამგვარი ზომის დაკისრების მიზანია შემაკავებელი ეფექტის მიღება, ამასთან ასეთი ტიპის სარჩელებში მნივნელოვანია ბრალის ელემენტის არსებობა, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მოპასუხე მოქმედებდა წინასწარი განზრახვით ან სულ მცირე უხეში გაუფრთხილებლობით მაინც. ამას მოწმობს სავარაუდო დარღვევის შემდეგ კანონში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ 59(7) მუხლის თანახმად, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათ შორის დამრღვევის განზრახვა. ე.წ. Punitive damages-სგან განსხვავდება Compensatory damages, რა დროსაც ხდება დაზარალებულის სრული ფაქტობრივი ანაზღაურება და მისი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ამ კონტექსტში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი, ასევე არასწორად იქნა განმარტებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის დებულებები, შესაბამისად კასატორის პრეტენზია გასაზიარებელია. რაც შეეხება კომპენსაციის იმ ელემენტს, რომელიც ეხება ფაქტობრივ ზიანს, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული რეკლამის დამზადება/განთავსების საფასური, სარეკლამო დრო და რეკლამის გავრცელების ტერიტორია. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივი ზიანის ელემენტის დასადგენად ათვლის წერტილი უნდა იყოს ქართული ბაზარი ან საქართველოს ტერიტორიით, მოსახლეობის რაოდენობითა და ეკონომიკით მსგავსი ქვეყანა და არა რუსეთის ფედერაცია, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორია დარღვევის მასშტაბი, დამრღვევის ქმედების ხასიათი და ის სარგებელი, რაც მან მიიღო უფლების ხელყოფის შედეგად, უნდა გაიზარდოს სადამსჯელო სანქციის ელემენტის ოდენობა.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ვინაიდან საჭიროა საპროცესო საკითხების გადაწყვეტა, ასევე მტკიცებულებათა გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412(1) მუხლის საფუძველზე, საქმეს ხელახლა განსახილვად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 284-ე, 285-ე 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი