საქმე №ას-1386-2020 4 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/ შგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.მ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგ მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ჯ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ბინის გაუმჯობესების ხარჯის 16 782 აშშ დოლარის, ასევე უძრავი ქონების შეძენისთვის გადახდილი 3 000 აშშ დოლარის დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ 1996 წლის ოქტომბერში ე.ჯ–ისაგან 1000 აშშ დოლარად შეიძინა 35,84 კვ ფართის ბინა ქალაქ რუსთავში, ...... მოპასუხემ ბინაზე გადასცა მინდობილობა გასხვისების უფლებით სამი წლის ვადით. ბინა გადაეცა მოსარჩელეს მფლობელობაში. 1996-1999 წლებში ბინის გაცვლის შედეგად ბინის ფართი გაიზარდა, გაცვლის დროს დამატებით გადაიხადა 3000 აშშ დოლარი და 1999 წლის 5 იანვრიდან მის მფლობელობაშია 92,60 კვმ საცხოვრებელი ბინა რუსთავი, ...... 1996 წელს გაცემული მინდობილობის ვადის გასვლის გამო 2001 წელს ე.ჯ–მა ხელმეორედ გასცა მინდობილობა უვადოდ ქონების გასხვისების უფლებით. დღემდე ცხოვრობს ამ მინდობილობების საფუძველზე გაცვლილ ბინაში. 2018 წელს მოპასუხემ გააუქმა მინდობილობა და ბინა მოსარჩელეს აღარ გადასცა საკუთრებაში. რუსთავში, ....... ბინის საბაზრო ღირებულებაა 14 471 აშშ დოლარია, ხოლო მესხიშვილის 1-ლი გასასვლელი N9-63 ბინის საბაზრო ღირებულება 29 253 აშშ დოლარია. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს 35 84 კვ. ბინის შეძენისათვის გადაუხადა 1000 აშშ დოლარი, ხოლო ამ ბინის უფრო მეტი ფართის ბინაში გაცვლის დროს გადაიხადა 2000 აშშ დოლარი. საბოლოო ჯამში ე.ჯ–ის კუთვნილი უძრავი ქონება გაიზარდა 56,66 კვ.მ-ით, რომლის საბაზრო ღირებულებაა 16 782 აშშ დოლარი. მოსარჩელეს, როგორც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ამ თანხის ოდენობით გაუმჯობესების ანაზღაურება მოითხოვოს.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა გ.მ–ის მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე ქ.რუსთავი, ...... პირველი გასასვლ. N9, ბინა 63) გამოთხოვა.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ.მ–ის უკანონო მფლობელობაშია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, რის გამოც როგორც მესაკუთრე ბინას ვერ იყენებს.
1.3. მოპასუხეების პოზიცია:
1.3.1. თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება წარადგინა. მისი განმარტებით გ.მ–თან ბინის ნასყიდობის თაობაზე შეთანხმება არ ჰქონია, მინდობილობების გაცემის მიზანი იყო გ.მ–ს მოეძებნა სარფიანი ბინის მყიდველი, ხოლო გ.მ–ისთვის უნდა გადაეხადა გასამრჯელო. გაუგებარია მოსარჩელემ ვის გადაუხადა 2000 აშშ დოლარი, რადგან მან გაცვლის ხელშეკრულება გააფორმა, საიდანაც 1997 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მითითებული ბინების ფასებს შორის სხვაობის გადახდის შესახებ, ხოლო 1999 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ე.ჯ–ის სახელით გადახდილია 500 ლარი.
1.3.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი. მისი განმარტებით, მის მიერ განხორციელებული ბინების გაცვლის შედეგად ამჟამად ე.ჯ–ის საკუთრებაშია იმაზე მეტი ფართის ბინა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა. გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურებამდე მას უფლება აქვს შეინარჩუნოს ბინის მფლობელობა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.მ–ის სარჩელი. ე.ჯ–ს დაეკისრა გ.მ–ის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის და 500 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გაუმჯობესების ხარჯის 16 782 აშშ დოლარის და უძრავი ქონების გაცვლის ხარჯის 2000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. დაკმაყოფილდა ე.ჯ–ის შეგებებული სარჩელი. გ.მ–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ.რუსთავში, ....... ბინა 63 (ს/კ: .........). მხარეთა შორის განაწილდა პროცესის ხარჯები.
3. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.ჯ–ს გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 782 აშშ დოლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ჯ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
უპირველესად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო განხილვის საგანია უძრავი ქონებების გაცვლის შედეგად გაუმჯობესების (რაც გამოიხატა გაზრდილ ფართში) ღირებულების კასატორისათვის დაკისრების კანონიერება. თავდაპირველ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მისთვის გ.მ–ის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარისა და 500 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. თავდაპირველ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება ვინდიკაციის ნაწილში, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, მითითებულ ნაწილებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. კასატორის ძირითადი პრეტენზიები მდგომარეობს შემდეგში: საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გაცვლის ხელშეკრულების დადების დროს გ.მ–ის მიერ მოხდა თანხების გადახდა; მხარეებს შორის არანაირი ვალდებულება არ წარმოშობილა, მიუხედავად იმისა, რომ ქონება იყო მოწინააღმდეგე მხარის მფლობელობაში; მართალია, გაცვლის შედეგად გაიზარდა კასატორის ქონება, თუმცა ამავდროულად უმჯობესდებოდა თავდაპირველი მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობებიც; თუ გ.მ–ის აქტიური მოქმედებით ხდებოდა მინდობილობის საფუძველზე ბინების გაცვლის ხელშეკრულებების გაფორმება, მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა მეგობრული ურთიერთობიდან და ბინით უსასყიდლოდ სარგებლობიდან გამომდინარე.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:
1.2.1. 1996 წლის 10 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით, ე.ჯ–მა გ.მ–ს მიანიჭა უძრავი ქონების (მდებარე ქ.რუსთავში, ....), განკარგვის უფლებამოსილება, მათ შორის გაყიდვის, გაჩუქების და გაცვლის. მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით.
1.2.2. 1997 წლის 22 აგვისტოს ე.ჯ–სა (ზემოაღნიშნული მინდობილობით წარმომადგენელი გ.მ–ი) და ვ.გ–ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთების გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე.ჯ–მა მის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ. რუსთავი, ......, ბინის ფართი 36,84 კვ.მ., ბინის ფასი 1 371 ლარი, გაცვალა ვ.გ–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში მდებარე ქ. რუსთავი, ....... ბინის ფართი 48,64 კვ.მ., ბინის ფასი 475 ლარი. გაცვლის დროს ბინების ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის
1.2.3. გ.მ–მა 1996 წლის 10 ოქტომბრის მინდობილობის საფუძველზე, 1999 წლის 5 იანვარს, ე.ჯ–ის სახელით გააფორმა გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ე.ჯ–მა მის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ.რუსთავი, ........, ფართი 48.64 კვ.მ, გაცვალა გ.მ–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში მდებარე ქ.რუსთავი, მესხიშვილის 1-ლი გასასვლელი, კორპ. 9, ბინა 63., რომლის ფართი იყო 92.50 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, ე.ჯ–ის ბინის ფასი შეადგენდა 1202 ლარს, ხოლო გ.მ–ის ბინის ფასი _ 2 150 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გაცვლა მოხდა 500 ლარის ოდენობის ფულადი დანამატით.
1.2.4. 2001 წლის 12 დეკემბერს, მოპასუხემ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით, „საკუთრების მინდობა განკარგვის უფლებით“, გ.მ–ს უვადოდ მიანიჭა უფლებამოსილება ემართა და განეკარგა, გაესხვისებინა, მათ შორის გაეცვალა და გაეყიდა, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
1.2.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გაუმჯობესების ხარჯების დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გ.მ–ის მიერ უშუალოდ გაწეული მატერიალური დანახარჯების შედეგად ბინის გაუმჯობესება არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან სწორედ გ.მ–ის აქტიური მოქმედებით (გაცვლის ხელშეკრულებების გაფორმებით) მოხდა ქონების ღირებულების გაზრდა და საბოლოოდ მოპასუხემ ერთ ოთახიანი ბინის ნაცვლად საკუთრებაში მიიღო ოთხ ოთახიანი ბინა, მოპასუხისთვის გაზრდილი ფართის პროპორციული ღირებულების დაკისრება საფუძვლიანია.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
ვიდრე საკასაციო სასამართლო უპასუხებდეს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიულ და პრაქტკულ საკითხზე:
1.3.1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა, ამდენად, დავის არსებითად განხილვამდე, უნდა შემოწმდეს, ვინ?, ვისგან?, რას?, რის საფუძველზე ითხოვს?, ამასთან პირველი ორი კითხვა სათანადო მხარესთან დაკავშირებით იძლევა პასუხს, მესამე _ დავის საგანთან, ხოლო მეოთხე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთან მიმართებაში. სამართლის თეორიაში აღიარებულია, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის სწორად დადგენა რთული საკითხია და ამისათვის მოსამართლეს დიდძალი შრომა სჭირდება, რადგან თუ რელევანტური ფატების წარდგენა მხარეთა პასუხისმგებლობაა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება სასამართლოს პრეროგატივაა და მოსამართლეს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კუთხით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ერთი მხრივ ფაქტების რელევანტურობას განაპირობებს სამართლის ნორმა, ხოლო მეორეს მხრივ ფაქტები განსაზღვრავენ რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მოსაზრებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი პრინციპი _ da mihi facta, dabo tibi ius – მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს.
1.3.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა ის ფაქტი, რომ მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება დაუკავშირა გ.მ–ის, როგორც რწმუნებულის ქცევას, რომლის აქტიური მოქმედებით (გაცვლის ხელშეკრულებების გაფორმებით) მოხდა კასატორის, როგორც მარწმუნებლის სასარგებლოდ უფრო დიდი ფართის ბინის მიღება. ამ კონტექსტში საკასაციო პალატა მოიშველიებს სამოქალაქო კოდექსის 716-ე და 717-ე მუხლებს, რომლებითაც დადგენილია, რომ ქონება, რომელიც რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას შეიძინა მარწმუნებლის ხარჯზე და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებელმა გადასცა მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად, კრედიტორებთან რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნა არ არსებობს, თუ ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ ხარჯებისათვის, რომლებიც მას უნდა აუნაზღაურდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, პირველ რიგში მოთხოვნის საფუძვლიანობა სწორედ სახელშეკრულებო ნორმებით უნდა შემოწმდეს, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა (სსსკ-ის 393.2(ა)). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შემოწმდეს ნორმები სხვა ინსტიტუტებიდან (სანივთო სამართალი; კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი; დელიქტური ვალდებულებანი). როგორც სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, მოსარჩელე არ ითხოვს გასამრჯელოს დავალებული მოქმედების შესრულებისათვის, იგი არც აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს. ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლოს მიერ სანივთო სამართლის ნორმების გამოყენება არარელევანტურია (სკ-ის 163-ე მუხლი) და მოთხოვნა არც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან/დელიქტიდან არ გამომდინარეობს.
1.3.3. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თავდაპირველმა მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა საკმარისი ფაქტები, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას მოეხდინა მათი სუბსუმირება სამართლის ნორმასთან, შესაბამისად, სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში მოსარჩელის სტადიაზევე უსაფუძვლოა.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ.მ–ის სარჩელი ე.ჯ–ისათვის 16 782 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მხარეთა მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი და გადახდილი ბაჟის მხედველობაში მიღებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ე.ჯ–ს (პ/#......) გ.მ–ის (პ/#........) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარისა და 15 ლარის გადახდა, ხოლო გ.მ–ს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ _ 839,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 55-ე, 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის 2.1. და მე-3 პუნქტები) მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. გ.მ–ის სარჩელი ე.ჯ–ისათვის 16 782 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2.2. ე.ჯ–ს (პ/#.........) გ.მ–ის (პ/#......) სასარგებლოდ დაეკისროს 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარისა და 15 ლარის გადახდა.
2.3. გ.მ–ს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 839,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი