საქმე №ას-697-651-2017 20 მაისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ე–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. კ.ე–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგ მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.დ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა:
1.1.1. დაევალოს მოპასუხე დ. (დ.) დ–ს მის მიერ მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გაკეთებული, კ.ე–ძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების მასმედიის იმავე საშუალებით უარყოფა (ანალოგიური წესით პრესკონფერენციის ჩატარება, ინტერნეტ საიტ r.ge-ზე და გაზეთ „ა–ში“ საგაზეთო პუბლიკაციის გამოქვეყნება), კერძოდ, უარყოფილ იქნას შემდეგი განცხადებები:
ა) 78 კოლეჯის ავტორიზაციის უზრუნველყოფაში ლომის წილია კ.ე–ძის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევით იყო შეყვანილი ავტორიზაციის საბჭოში და მისი უშუალო ხელშეწყობით და ზეგავლენით ზოგიერთ კოლეჯებზე ავტორიზაცია მიიღო კერძო კოლეჯებმა, მაგრამ მათი უმრავლესობა დღემდე ვერ იღებს პროფესიულ სტუდენტებს და კოლეჯების დამფუძნებლები აღმოჩნდნენ გაკოტრების წინაშე;
ბ) კ.ე–ძე არის წარუმატებელი პროფესიული კოლეჯების დირექტორი და სტუდენტების მასთან სწავლის განხორციელებით ორწლიანი უარის შემდეგ, მან იგივე შენობაში დააარსა კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც მიიღო ძალზე ნაკლები სტუდენტთა რაოდენობა;
გ) კ.ე–ძე არის იმ შენობის მფლობელი, რომელიც წინათ ეკუთვნოდა ყრუ-მუნჯების საზოგადოებას და შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან იმით, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მან ხსენებული შენობა და რა სახსრებით ჩატარდა საკმაოდ ძვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაობები;
დ) კ.ე–ძე არის ის ადამიანი, რომელიც 2014 წელს ეროვნული ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1.6 მლნ ლარიდან იყო დანიშნული რამდენიმე სპეციალობების ფასილიტატორად და თითოეულში 3 თვის განმავლობაში იღებდა თვეში 1600 ლარს, პროფესიული სტანდარტების შემუშავება-გადამუშავებისათვის და მათ საფუძველზე ხანგრძლივი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის. დღემდე მის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად არ არის დამტკიცებული არც ერთი პროფესიული სტანდარტი, ხოლო მან ცენტრის დირექტორის ე. ჯ–ძის ბრძანებით პრემიერ-მინისტრის №300 ბრძანების საწინააღმდეგოდ არ განახორციელა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირება, არამედ ცალკეული მოკლე კურსების პილოტირება, რომელიც სასამართლოს განჩინებით 28 ნოემბრიდან იყო შეჩერებული 13 კოლეჯში, მათ შორის კ.ე–ძის ორგანიზაციაშიც;
ე) კ.ე–ძე არის ის პიროვნება, რომელმაც სასამართლოს მიერ 27 ნოემბრის განჩინების მიუხედავად 2 დეკემბრის „ობიექტივის“ ტელეეთერში ტრაბახით განაცხადა, რომ მისთვის სასამართლოს განცხადება არის კანონი და ის გააგრძელებს ცალკეული მოდულების პილოტირებას. მან იქვე უპასუხა წამყვანს, რომ შეუძლია ასევე გააგრძელოს იმ პროგრამების პოლიტირებაც, რომლებსაც ახორციელებდნენ სხვა საჯარო და კერძო კოლეჯებიც, თუ მაგის საშუალებას მისცემს მასთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
ვ) კ.ე–ძე არის ის პიროვნება, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა და აცხადებს, რომ მის მოსვლამდე თურმე პროფესიულ განათლებაში ჯერ მიმდინარეობდა მხოლოდ თეორიის შესწავლა და მხოლოდ მისი ამოწურვის შემდგომ პრაქტიკული სწავლება. მას საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს პროფესიულ განათლებაზე;
ზ) კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელსაც დაებადა ზრახვა თავის მიზნის მისაღწევად და იმისათვის, რომ მისთვის სასურველი თანამდებობის მისაღწევად, ასიამოვნოს თავის უშუალო მფარველებს და ხელისშემწყობები ზემოქმედება აწარმოოს რიგ საჯარო და კერძო კოლეჯებზე პროფკავშირიდან გასვლის მიზნით და ამისათვის ავრცელებს მისივე შექმნილ ჭორს, რომ ჩვენს პროფკავშირიდან გამოსვლის შემდეგ მათ შეიკედლებს ან სხვა პროფკავშირი ან და შეიქმნება ახალი;
თ) კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოდან 2014 წელს გამოყვანის შემდეგ ე. ჯ–ძეს დაანიშნინა თავი ექსპერტად, დადიოდა ე. ჯ–ძის ბრძანებით პროფესიულ კოლეჯებში და უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტებით და ჩამოჰქონდა მხოლოდ დადებითი დასკვნები, მაშინ როდესაც არ ერკვევა და არც არის არცერთი იქ მოსამზადებელი სპეციალობის შესაბამისი განათლების მქონე. შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან კ.ე–ძის და სხვა ექსპერტების მიერ ავტორიზაციის საბჭოსათვის წარმოდგენილი დასკვნებით, რომლის საფუძველზე საბჭო უყოყმანოდ არ ანიჭებდა ანდა უარს ეუბნებოდა ავტორიზაციაზე კოლეჯებს;
ი) კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად სხვებთან ერთად ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებზე;
კ) კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის ფაქტიურად უკვე დანიშნულია დირექტორის მოადგილის მეორე თანამდებობაზე, საჭირო იქნება მხოლოდ თვის ბოლომდე ფორმალური კონკურსის ჩატარება;
ლ) კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელმაც განუცხადა საზოგადოებას და თავის მხარდამჭერებს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ცენტრის დირექტორი ფორმალურად დაიკავებს ამ თანამდებობას და მხოლოდ ხელს მოაწერს;
მ) კ.ე–ძეს პირადად ორჯერ ურჩია შორს იყოს ეროვნული ცენტრისგან სანამდე არ დასრულდება სასამართლო პროცესი და არ გაირკვევა მის „მიღწევებზე“ ეროვნულ ცენტრში კანონის მხრიდან დამოკიდებულება;
ნ) მაშინ როდესაც, განათლების სამინისტროში გრძელდება კოჰაბიტაციური პროცესები, წინაურდებიან წინა მთავრობის მხარდამჭერები, არ მიკვირს კ.ე–ძის და მისი მხარდამჭერების მცდელობა, გაიყვანონ ზემოთხსენებული თვისებების და ბიოგრაფიის მქონე ადამიანი განათლების სისტემისათვის ასე მნიშვნელოვან თანამდებობაზე;
ო) კიდევ ერთხელ მივმართავ ბ-ნ ი.ღ–ს დროულად განახორციელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ასე საჭირო საკადრო ცვლილებები, რომელსაც ელოდება მთელი ქვეყნის საზოგადოება და შეარჩიოს სამინისტროში ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც შეძლებს რეფორმების განხორციელებას, უზრუნველყოფს უღირსი კადრების შეცვლას და არ დაუშვებს კ.ე–ძისნაირი ადამიანების საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე შეღწევას.
1.1.2. დაევალოს მოპასუხე დ. (დ.) დ–ს მის მიერ მასმედიის საშუალებებით (მედიაკავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში) და საკუთარ facebook გვერდზე საჯაროდ გაკეთებული, კ.ე–ძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების მასმედიის იმავე საშუალებებით უარყოფა, კერძოდ, უარყოფილ იქნას შემდეგი განცხადებები:
ა) უვიც ადამიანს რომ აქვს ეს კანონპროექტი დაწერილი ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ, ის რომ ავანტურისტია ეს პიროვნება ამაზეც ვილაპარაკებთ, მაგრამ აფერისტიც არის, მიჩივლოს ახლა კ.ე–ძემ რომ ვიძახი რომ აფერისტია;
ბ) ნახეთ ეს უვიცი ადამიანი რას აკეთებს;
გ) შემთხვევითი ადამიანი ე–ძე, ავანტურისტი, რომელსაც ჯერ უნდოდა ეროვნულ ცენტრში დირექტორის მოადგილეობა, რომელიც იყო ნამდვილად წარუმატებელი კოლეჯების დირექტორი და მერე უმაღლესი სასწავლებლის დირექტორი, გადაწყვიტა რომ მოდი მე ამათ მოვატყუებ და კარგი ლაპარაკი აქვს, შეუძლია გაასულელოს ზოგიერთი ქალბატონი ან ვაჟბატონი და შეუძვრა ეროვნულ ცენტრს ... ადამიანს, რომელსაც ასეთი უარყოფითი ისინი ახასიათებს არ შეიძლება მისცე ასეთი ფართე ასპარეზი;
დ) ხელფასი აქვს 2850 ლარი;
ე) ამის მაგივრად ჩუმად, სადღაც სოროში, ე–ში ან სახლში ან კიდევ მათ იმაში დაიწე– ეს 8 პუნქტიანი ისა... ეს არის აფერისტობა, ეს არის ავანტურისტობა;
ვ) მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ ვითომ პროფესიონალ ე–ძეზე, თუ მისმენ კ. მე ერთხელ მოგმართე და გითხარი კ. პროფესიონალურ განათლებას ცოტა შორი დაიჭირე რადგანაც შენნაირი ადამიანები სარგებელს არ გაუკეთებენ და შენ გააუბედურე კერძო კოლეჯები, როცა იყავი კერძო კოლეჯების ასოციაციის თავმჯდომარე. ... ხომ შეიტანე სასამართლოში ჩემს მიმართ ისა, რითი დაგიმთავრდება ჩემო კ. მაგას ვნახავ, რადგან შენ საქართველოდან გასაპარი არ გქონდეს ისა... .
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 22 იანვარს მოპასუხე დ.დ–მა გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თავის გამოსვლაში დ.დ–მა უარყოფითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მოსარჩელე კ.ე–ძე და ბრალი დასდო დანაშაულებრივ ქმედებებში. ამ პრესკონფერენიის და ამავე შინაარსის დამატებით სხვა რამდენიმე განცხადების შემდგომ, 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელე კ.ე–ძემ გამართა პრესკონფერენცია და განუცხადა დ.დ–ს სამი დღის ვადაში მოეხადა ბოდიში. ამ განცხადების პასუხად 2015 წლის 28 იანვარს დ.დ–მა უარი განაცხადა ბოდიშის მოხდაზე და კვლავ გაიმეორა იგივე შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები. დ.დ–მა კ.ე–ძე მოიხსენია როგორც აფერისტად ასევე ავანტურისტად, ასევე ეჭვი შეიტანა მის პროფესიონალიზმში და ბრალი დასდო კერძო კოლეჯების გაუბედურებაში. ამ და სხვა განცხადებების გაკეთების შემდგომ შეილახა კ.ე–ძის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
1.3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით კ.ე–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ. (დ.) დ–ს დაევალა:
ა) პრესკონფერეციის ჩატარება, ინტერნეტ საიტ r.ge-ზე და გაზეთ „ა–ში“ საგაზეთო პუბლიკაციის გამოქვეყნება და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული კ.ე–ძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი შემდეგი განცხადებების უარყოფა:
ა.ა) კ.ე–ძე არის შენობის მფლობელი, რომელიც წინათ ეკუთვნოდა ყრუ-მუნჯების საზოგადოებას და შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან იმით, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მან ხსენებული შენობა და რა სახსრებით ჩატარდა საკმაოდ ძვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ა.ბ) მას (კ.ე–ძეს) საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს პროფესიულ განათლებაზე;
ა.გ) კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელსაც დაებადა ზრახვა თავის მიზნის მისაღწევად და იმისთვის, რომ მისთვის სასურველი თანამდებობის მისაღწევად, ასიამოვნოს თავისი უშუალო მფარველებს და ხელისშემწყობი ზემოქმედება აწარმოოს რიგ საჯარო და კერძო კოლეჯებზე პროფკავშირიდან გასვლის მიზნით და ამისათვის ავრცელებს მისივე შექმნილ ჭორს, რომ ჩვენს პროფკავშირიდან გამოსვლის შემდეგ მათ შეიკედლებს ან სხვა პროფკავშირი ან და შეიქმნება ახალი;
ა.დ) კიდევ ერთხელ მივმართავ ბ-ნ ი.ღ–ს .... უზრუნველყოს უღირსი კადრების შეცვლა და არ დაუშვას კ.ე–ძისნაირი ადამიანების საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე შეღწევა;
ბ) მედიაკავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში და საკუთარ facebook გვერდზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული კ.ე–ძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი შემდეგი განცხადებების უარყოფა:
ბ.ა) უვიც ადამიანს რომ აქვს ეს კანონპროექტი დაწერილი ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ, ის რომ ავანტიურისტია ეს პიროვნება ამაზეც ვილაპარაკებთ მაგრამ აფერისტიც არის, მიჩივლოს ახლა კ. ე–ძემ რომ ვიძახი რომ აფერისტია;
ბ.ბ) ნახეთ ეს უვიცი ადამიანი რას აკეთებს;
ბ.გ) შემთხვევითი ადამიანი ე–ძე, ავანტიურისტი, რომელსაც ჯერ უნდოდა ეროვნულ ცენტრში დირექტორის მოადგილეობა, რომელიც იყო ნამდვილად
წარუმატებელი კოლეჯების დირექტორი და მერე უმაღლესი სასწავლებლის დირექტორი, გადაწყვიტა, რომ მოდი მე ამათ მოვატყუილებ და კარგი ლაპარაკი აქვს შეუძლია გაასულელოს ზოგიერთი ქალბატონი ან ვაჟბატონი და შეუძვრა ეროვნულ ცენტრს ... ადამიანს რომელსაც ასეთი უარყოფითი ისინი ახასიათებს არ შეიძლება მისცე ასეთი ფართო ასპარეზი...;
ბ.დ) ამის მაგივრად ჩუმად, სადღაც სოროში, ე–ში ან სახლში ან კიდევ მათ იმაში დაიწერა ეს 8 პუნქტიანი ისა ... ეს არის აფერისტობა, ეს არის ავანტურისტობა;
ბ.ე) მოდი ახლა გავიდეთ ჩვენ ვითომ პროფესიონალ ე–ძეზე, თუ მისმენ კ. მე ერთხელ მოგმართე და გითხარი კ. პროფესიონალურ განათლებას ცოტა შორი დაიჭირე რადგანაც შენნაირი ადამიანები სარგებელს არ გაუკეთებენ და შენ გააუბედურე კერძო კოლეჯები როცა იყავი კერძო კოლეჯების ასოციაციის თავჯდომარე.
3. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია მოპასუხის მიერ ინტერნეტ საიტზე და საგაზეთო სტატიაში, ასევე მედიაკავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში და საკუთარ facebook გვერდზე საჯაროდ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები არსებითად მცდარი ფაქტის შემცველია და პირისთვის ზიანის მიმყენებელია, რის გამოც გამართლებულია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. კასატორის ძირითადი პრეტენზიები მდგომარეობს შემდეგში:
ა) სასამართლომ არასწორად არ დაადგინა მოსარჩელე და მოპასუხე საჯარო პირებია თუ კერძო პირები, მიუხედავად იმისა, რომ დავა მიმდინარეობდა ორ საჯარო პირს შორის;
ბ) მოპასუხე მოქმედებდა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სტატუსით, ხოლო სასამართლომ მის მიმართ დავა განიხილა, როგორც ფიზიკური პირის მიმართ, რაც სსსკ-ის 85-ე მუხლის დარღვევაა.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
1.2.1. 2015 წლის 22 იანვარს დ.დ–მა (ა(ა)იპ საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე) გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თავის გამოსვლაში დ.დ–მა უარყოფითად შეაფასა მიმდინარე პროცესები და მოსარჩელე კ.ე–ძე მოიხსენია შემდეგი სიტყვებით: „კ.ე–ძე არის შენობის მფლობელი, რომელიც წინათ ეკუთვნოდა ყრუ-მუნჯების საზოგადოებას და შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან იმით, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მან ხსენებული შენობა და რა სახსრებით ჩატარდა საკმაოდ ძვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები“; „მას (კ.ე–ძეს) საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს პროფესიულ განათლებაზე“; ,,კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელსაც დაებადა ზრახვა თავის მიზნის მისაღწევად და იმისთვის, რომ მისთვის სასურველი თანამდებობის მისაღწევად, ასიამოვნოს თავისი უშუალო მფარველებს და ხელისშემწყობი ზემოქმედება აწარმოოს რიგ საჯარო და კერძო კოლეჯებზე პროფკავშირიდან გასვლის მიზნით და ამისათვის ავრცელებს მისივე შექმნილ ჭორს, რომ ჩვენს პროფკავშირიდან გამოსვლის შემდეგ მათ შეიკედლებს ან სხვა პროფკავშირი ან და შეიქმნება ახალი“; „კიდევ ერთხელ მივმართავ ბ-ნ ი.ღ–ს .... უზრუნველყოს უღირსი კადრების შეცვლა და არ დაუშვას კ.ე–ძისნაირი ადამიანების საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე შეღწევა.“.
1.2.2. 2015 წლის 2 ივლისს დ.დ–მა მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თავის გამოსვლაში და facebook გვერდზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცახდებებით დ.დ–მა მოსარჩელე კ.ე–ძე მოიხსენია შემდეგი სიტყვებით: „უვიც ადამიანს რომ აქვს ეს კანონპროექტი დაწერილი ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ, ის რომ ავანტიურისტია ეს პიროვნება ამაზეც ვილაპარაკებთ მაგრამ აფერისტიც არის, მიჩივლოს ახლა კ. ე–ძემ რომ ვიძახი რომ აფერისტია“; „ნახეთ ეს უვიცი ადამიანი რას აკეთებს“; „შემთხვევითი ადამიანი ე–ძე, ავანტიურისტი, რომელსაც ჯერ უნდოდა ეროვნულ ცენტრში დირექტორის მოადგილეობა, რომელიც იყო ნამდვილად წარუმატებელი კოლეჯების დირექტორი და მერე უმაღლესი სასწავლებლის დირექტორი, გადაწყვიტა, რომ მოდი მე ამათ მოვატყუებ და კარგი ლაპარაკი აქვს შეუძლია გაასულელოს ზოგიერთი ქალბატონი ან ვაჟბატონი და შეუძვრა ეროვნულ ცენტრს ... ადამიანს რომელსაც ასეთი უარყოფითი ისინი ახასიათებს არ შეიძლება მისცე ასეთი ფართო ასპარეზი“; „ამის მაგივრად ჩუმად, სადღაც სოროში, ე–ში ან სახლში ან კიდევ მათ იმაში დაიწერა ეს 8 პუნქტიანი ისა ...
ეს არის აფერისტობა, ეს არის ავანტურისტობა“; „მოდი ახლა გავიდეთ ჩვენ ვითომ პროფესიონალ ე–ძეზე, თუ მისმენ კ. მე ერთხელ მოგმართე და გითხარი კ. პროფესიონალურ განათლებას ცოტა შორი დაიჭირე რადგანაც შენნაირი ადამიანები სარგებელს არ გაუკეთებენ და შენ გააუბედურე კერძო კოლეჯები როცა იყავი კერძო კოლეჯების ასოციაციის თავჯდომარე“.
1.2.3. დ.დ–მა კ. ე–ძე ამხილა ყრუ-მუნჯთა საზოგადოების კუთვნილი შენობის ,,ხელში ჩაგდებაში“, ანუ არამართლზომირად, არაკეთილსინდისიერად დაუფლებაში და შესაბამის ორგანოებს მოუწოდა შეესწავლათ კ.ე–ძის არაკეთილსინდისიერება აღნიშნული შენობის უკანონო სარგებლობისთვის. საქმის განხილვით დადგინდა, რომ შენობა არ ეკუთვნოდა ყრუ-მუნჯთა საზოგადოებას. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცხადებული ფაქტი კ. ე–ძის არამართლზომიერი ქმედების მხილებაში მცდარი აღმოჩნდა. დ.დ–ის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხდებებით, კ.ე–ძე მოხსენიებულია როგორც უღირსი, არაკეთილსინდისიერი და უზენო პიროვნება. გარდა იმისა, რომ დ.დ–ის მიერ მოყვანილი ფაქტი მოსარჩელე მხარის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მცადრი აღმოჩნდა, მის მიერ გამოთქმული ეპითეტები განცხადებების კონტექსტიდან გამომდინარე არის დამამცირებელი, უხამსი და ზღვარგადასული, რომელიც უხეშად არღვევს მოსარჩელე მხარის პატივისა და საქმიანი რეპუტაციის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას.
1.2.4. მოსარჩელე კ. ე–ძე არის კერძო პირი და მისი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების დაცულობის სტანდარტი უფრო მაღალია საჯარო პირებთან შედარებით, რომელთაც სიტყვის თავისუფლების მიმართ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრებათ. ამასთან, მოსარჩელის პატივი და საქმიანი რეპუტაცია საზოგადეობაში განვითარებულია მისი სოციალური მდგომარეობით, ის მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში და ეწევა საპასუხიმგებლო საქმიანობას მათ შორის, სამეცნიერი მოღვაწეობას, აქვს გამოქვეყნებული პუბლიკაციები, მონაწილობას ღებულობდა საერთაშორისო პროექტებში. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე წარმოადგენს ღვაწლმოსილ, საზოგადოებისათვის ცნობილ პიროვნებას, რომლის მიერ გამოთქმული კრიტიკა ამა თუ იმ პიროვნების მიმართ არის უფრო დამაჯერებელი, მეტი მნიშვნელობისა და წონის მქონე, ვიდრე ჩვეულებრივი კერძო პირის მიერ გამოთქმული კრიტიკა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ადამიანების მიერ არ იქნეს სხვათა პირადი ღირსება შელახული.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
ვიდრე საკასაციო სასამართლო უპასუხებდეს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხზე, როგორიცაა: სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებანი; ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებისა და მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვის ურთიერთმიმართება; დაცულ უფლებაში ჩარევის სტანდატი; სადავო განცხადებების შინაარსი.
1.3.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში _ კონვენცია) პირველი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვით „უზრუნველყოფენ“ პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტების და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, EჩHღ 2013).
1.3.2. იმ საქმეებში, რომლებშიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვა (კონვენციის მე-8 მუხლი), პირველ რიგში ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: ა) რამდენად ეხება კონკრეტული გამონათქვამი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილი მიადგა პატივსა და ღირსებას, როგორია კონტექსტი _ ეხება თუ არა გამონათქვამი პიროვნების საჯარო საქმიანობას, საქმე გვაქვს ფაქტთან თუ შეფასებით მსჯელობასთან, როგორია გამოხატვის ფორმა და შინაარსი; გ) რამდენად იყო პირის მიმართ გავრცელებული გამონათქვამი პროვოცირებული თავად ამ პირის მიერ; დ) ეროვნულმა ორგანოებმა როგორ დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის.
1.3.3. როდესაც ვსაუბრობთ ჩარევის სტანდარტზე, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: ექცევა თუ არა საკითხი კონვენციის შესაბამისი მუხლით დაცულ სფეროში? ჰქონდა თუ არა ადგილი დაცულ სფეროში ჩარევას? ჩარევა გათვალისწინებულია თუ არა კანონით? ჩარევა ემსახურება თუ არა ლეგიტიმურ მიზანს? ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში? ჩარევის ფორმა არის თუ არა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების პროპორციული?. ჩარევის ფარგლებთან დაკავშირებით სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი შეფასების ფარგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება კონვენციური უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის კუთხით, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ, ექცევა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტროლის ქვეშ.
1.3.4. რაც შეეხება გამოხატვის ბუნებას, აღიარებულია, რომ მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის ისეთ ფორმებსაც, რომლებიც სხვებისთვის დამაზიანებელია ან ასეთი ზიანის საფრთხეს ქმნიან. ზოგადად, მოსაზრებები, რომლებიც მისაღებია საზოგადოების უმრავლესობისთვის, ნაკლებად ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, თუმცა პრეცედენტული სამართლით აღიარებულია, რომ მე-10 მუხლი ფარავს ისეთ აზრებს და ინფორმაციასაც, რომლებიც მისაღებია უმცირესობისთვის ან ცალკეული ინდივიდებისთვის, მათ შორის რომლებიც შოკისმომგვრელია უმრავლესობისთვის. ინდივიდუალური მოსაზრებების შემწყნარებლობა მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24)). ამგვარი გამონათქვამების დაცვა დამოკიდებულია გამოთქმის კონტექსტზე და კრიტიკის მიზანზე. იმ საქმეებში, სადაც გამონათქვამი ეხება საჯარო დებატებს ან საჯარო ინტერესს, ან კრიტიკა მიმართულია საჯარო მმართველობის წინააღმდეგ, „მძაფრი“ ანდა „მკვახე გამონათქვამები“ უფრო მეტად არის შეწყნარებული.
1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელის ფაბულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ საკითხი (აზრის გამოხატვის თავისუფლება) ექცევა კონვენციის მე-10, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე(მე-17) მუხლებით დაცულ სფეროში. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან ამ უკანასკნელის მიერ სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ეს ცალსახად მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება განიხილება ჩარევად დაცულ სფეროში, რომელიც უნდა განხორციელდეს ზემოთ განხილული პირობების მკაცრად დაცვით (გათვალისწინებულია კანონით; ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს; აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით (მუხლი 4.1), ამასთან, სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების კუთხით, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ცილისწამებისთვის (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება).
1.3.6. წინა პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტის ფარგლებიდან გამომდინარე (ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო უარყოფის ნაწილში მოსარჩელეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია), პირველ რიგში უნდა შეფასდეს სადავო განცხადებები წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას (ფაქტების შემცველ განცხადებას), დადებით შემთხვევაში, შეილახა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მოსარჩელის უფლებები. იმისათვის, რომ კონვენციის მე-8 მუხლი მოქმედებაში მოვიდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდ. მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. იმავენაირად, კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015 (ამონარიდები)). პრეცედენტული სამართლის თანახმად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა („ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივლისი, § 46, სერია A, N10 და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“, (N 1), 1991 წლის 23 მაისი, § 63, სერია A, N 204). ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო, შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის. თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“ §47; „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV; „რასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ“, N71343/01, § 36, 11/04/2006 და „ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული“, §55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).
1.3.7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო განცხადებების შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები შეიცავს როგორც ფაქტებს, ასევე შეფასებით მსჯელობებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ფაქტების შემცველია მაგალითად შემდეგი განცხადებები: „კ.ე–ძე ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევით იყო შეყვანილი ავტორიზაციის საბჭოში და მისი უშუალო ხელშეწყობით და ზეგავლენით ზოგიერთ კოლეჯებზე ავტორიზაცია მიიღო კერძო კოლეჯებმა, მაგრამ მათი უმრავლესობა დღემდე ვერ იღებს პროფესიულ სტუდენტებს და კოლეჯების დამფუძნებლები აღმოჩნდნენ გაკოტრების წინაშე“; „კ.ე–ძე არის ის ადამიანი, რომელიც 2014 წელს ეროვნული ცენტრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1.6 მლნ ლარიდან იყო დანიშნული რამდენიმე სპეციალობების ფასილიტატორად და თითოეულში 3 თვის განმავლობაში იღებდა თვეში 1600 ლარს, პროფესიული სტანდარტების შემუშავება-გადამუშავებისათვის და მათ საფუძველზე ხანგრძლივი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის. დღემდე მის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად არ არის დამტკიცებული არც ერთი პროფესიული სტანდარტი, ხოლო მან ცენტრის დირექტორის ე. ჯ–ძის ბრძანებით პრემიერ-მინისტრის №300 ბრძანების საწინააღმდეგოდ არ განახორციელა მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირება, არამედ ცალკეული მოკლე კურსების პილოტირება, რომელიც სასამართლოს განჩინებით 28 ნოემბრიდან იყო შეჩერებული 13 კოლეჯში, მათ შორის კ.ე–ძის ორგანიზაციაშიც“; „კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოდან 2014 წელს გამოყვანის შემდეგ ე. ჯ–ძეს დაანიშნინა თავი ექსპერტად, დადიოდა ე. ჯ–ძის ბრძანებით პროფესიულ კოლეჯებში და უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტებით და ჩამოჰქონდა მხოლოდ დადებითი დასკვნები, მაშინ როდესაც არ ერკვევა და არც არის არცერთი იქ მოსამზადებელი სპეციალობის შესაბამისი განათლების მქონე. შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან კ.ე–ძის და სხვა ექსპერტების მიერ ავტორიზაციის საბჭოსათვის წარმოდგენილი დასკვნებით, რომლის საფუძველზე საბჭო უყოყმანოდ არ ანიჭებდა ანდა უარს ეუბნებოდა ავტორიზაციაზე კოლეჯებს“; „კ.ე–ძე არის იმ შენობის მფლობელი, რომელიც წინათ ეკუთვნოდა ყრუ-მუნჯების საზოგადოებას და შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან იმით, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მან ხსენებული შენობა და რა სახსრებით ჩატარდა საკმაოდ ძვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები“. საგაზეთო სტატიაში, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, მოპასუხე საუბრობს კიდევ უფრო მძიმე ბრალდებაზე _ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე („სასამართლოშია ჯერ კიდევ საქმე და არ არის ცნობილი, რა ბრალს წაუყენებს სასამართლო კოლეჯებს, სადაც ხდებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და სადაც დაიხარჯა უამრავი საბიუჯეტო თანხა“; „ვესაუბრე კ.ე–ძეს და ვთხოვე, რომ სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდებოდა, შორს ყოფილიყო ეროვნული ცენტრიდან, რადგანაც კაცმა არ იცის, ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეთქი“(იხ. ტ.1, ს.ფ.20-21)). არცერთი აქ მოყვანილი განცხადება, გარდა ერთისა _ „კ.ე–ძე არის იმ შენობის მფლობელი, რომელიც წინათ ეკუთვნოდა ყრუ-მუნჯების საზოგადოებას და შესაბამისი ორგანოები ალბათ დაინტერესდებიან იმით, თუ როგორ ჩაიგდო ხელში მან ხსენებული შენობა და რა სახსრებით ჩატარდა საკმაოდ ძვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები“, საკასაციო განხილვის საგანი არ არის, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მხრიდან არ გასაჩივრებულა. რაც შეეხება ამ უკანასკნელ განცხადებას, მართალია მასში საუბარია შენობის ხელში ჩაგდებაზე, თუმცა მოპასუხე არ საუბრობს გადაჭრით, მტკიცებით ფორმაში, ამასთან მოპასუხის განმარტებით ეს საკითხი უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოების განხილვის საგანი. ერთ-ერთ განცხადებაში მოპასუხე განმარტავს შემდეგს _ „კ.ე–ძე ის პიროვნებაა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად სხვებთან ერთად ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებზე“, ანუ მოპასუხე აქცენტს აკეთებს ვარაუდზე და არ არის დარწმუნებული, რომ უტყუარად ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი. რაც შეეხება სხვა განცხადებებს, რომელთა უარყოფაც დაავალა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს, მხოლოდ მოპასუხის სუბიექტურ, შეფასებით დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს.
1.3.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რადგანაც იგი ეხება პროფესიული განათლების სფეროს, ამ სფეროში საბიუჯეტო სახრების ხარჯვას და საგანმანათლებლო პროგრამების და სტანდარტების შემუშავებას, შესაბამისად გავრცელებული განცხადებები თავისი შინაარსით მიზნად უნდა ისახავდეს კორუფციასთან ბრძოლას. მართალია გავრცელებული ინფორმაცია ჩრდილს აყენებს მოსარჩელის პატივს და ღირსებას, მაგრამ საინტერესოა რა კონტექსტში მოხდა ეს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, _ „მოსარჩელე მოღვაწეობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ექსპერტად, შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელად. ასევე იგი იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს წევრი. სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში მოღვაწეობას და მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას ეხება წინამდებარე სარჩელი. მოპასუხის მიერ გამოთქმული კრიტიკა წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების განხორციელებისას თანამდებობის პირის გადაწყვეტილებების შეფასებას.“. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მოსარჩელე არ ჩათვალეს საჯარო პირად, ფაქტია, რომ მათივე მსჯელობით სადავო გამონათქვამები დაუკავშირეს ინდივიდის საჯარო საქმიანობას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შესაძლებლობას კიდევ უფრო ამცირებს.
1.3.9. პალატა მიუბრუნდება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სტანდარტს და კონვენციური სამართლით განმტკიცებული პროპორციულობის ტესტის ფარგლებში აღნიშნავს, რომ შეზღუდვის ლეგიტიმაციას ევროკონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი აწესრიგებს და ადგენს, რომ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუ დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ამასთანავე, უფლებაში ჩარევა უნდა იყო პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ, იგი კრიტიკულად აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამავდროულად უნდა იყოს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული. საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის ფაქტობრივი გარემოებების, შეზღუდვის სტანდარტისა და პრეცედენტული სამართლის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.
1.4. გასაჩივრებული განჩინების შეცვლის პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია მატერიალური სამართლის ნორმათა მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, რადგანაც სარჩელი დაკმაყოფილებულ ნაწილში უსაფუძვლოა, პალატა აღარ იმსჯელებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებზე, რომლებიც ეხება საპროცესო საკითხებს.
2. პროცესის ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და სრულად იქნა უარყოფილი სარჩელი, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გადახდილი ბაჟის _ 450 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 55-ე, 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ.დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. კ.ე–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.2. კ.ე–ძეს (პ/#.....) დ.დ–ის (პ/#......) სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი