Facebook Twitter

საქმე №ას-1003-2020 23 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ჭ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ზ–ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (თავდაპირველ სარჩელში), უძრავი ქონების ვინდიცირება, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/ შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ.ჭ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი, ასევე მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ზ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე, ასევე გამყიდველი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 23 917.4 ლარისა და 9000 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე მხარეებს შორის 2017 წლის 9 ნოემბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის გადახდის განვადებით დადებული ხელშეკრულების იმ პუნქტის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებას იმ პერიოდში გადახდილ თანხაზე.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 9 ნოემბერს ლ.ზ–ძესა (გამყიდველი) და გ.ჭ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისი, ......, მეოთხე სადარბაზო, მეცხრე სართული, ს/კ ....... აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გ.ჭ–ძეს გამყიდველისთვის უნდა გადაეხადა 2000 აშშ დოლარი პირველ ეტაპზე 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც მყიდველს ეძლეოდა შესაძლებლობა ეცხოვრა და ესარგებლა უძრავი ქონებით. აღნიშნული ვალდებულება გ.ჭ–ძის მხრიდან კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული, რაც დასტურდება გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. გ.ჭ–ძეს წარმოეშვა ბინაში ცხოვრების უფლება. საცხოვრებელ ბინაში ჩამოვიდა წყალი, რის შედეგადაც დაზიანდა ინტერიერი. გ.ჭ–ძემ ჩაატარა რემონტი, რა მიზნითაც გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 23 917.4 ლარი. რემონტის ჩატარების ფაქტი დასტურდება აუდიტორული დასკვნით (№18/05-06/01) და ხარჯთაღრიცხვით. უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მითითებულია ლ.ზ–ძე. ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხერხდა, გ.ჭ–ძე ვეღარ მიიღებს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე ს/კ ......, შესაბამისად, მის მიერ ბინის გარემონტებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა ლ.ზ–ძე, უსაფუძვლო გამდიდრების თანხის ოდენობა კი შეადგენს 23 917.4 ლარს, რაც ასევე დასტურდება აუდიტორული დასკვნით №18/05-06/01. 9.03.2018 წელს გ.ჭ–ძემ გადაიხადა კიდევ 1000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება გადახდის ქვითრით. გ.ჭ–ძის დედამ, ნ.გ–მა 12.03.2018 წელს ლ.ზ–ძის სახელზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე ჩარიცხა 6 000 აშშ დოლარი. ჯამში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით ნასყიდობის საფასურის თანხად გადახდილი იქნა 9 000 აშშ დოლარი. ლ.ზ–ძემ 5.05.2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა 2017 წლის 9 ნოემბრის გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისი, ......, მეოთხე სადარბაზო, მეცხრე სართული, ბინა №20ა, ს/კ ........) გამოთხოვა და გ.ჭ–ძის გამოსახლება. ლ.ზ–ძეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიმართული ჰქონდა სასამართლოსთვის სხვა დროსაც. უძრავი ნივთის გამოთავისუფლების თაობაზე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ 29.08.2018 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე №12/12872-18 და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სასამართლოს კითხვაზე _ რატომ არ სარგებლობს მოსარჩელე ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებით და რატომ არ ამბობს უარს ხელშეკრულებაზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ მას ხელშეკრულების შეწყვეტის ინტერესი არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს ხელშეკრულებითვე მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების შესრულება და გარკვეული თანხის უკან დაბრუნება მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ლ.ზ–ძის მოთხოვნების (ხელშეკრულებიდან გასვლა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა) გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში იარსებებს ორმხრივ რესტიტუციის საფუძველი, რის თანახმადაც გ.ჭ–ძეს უნდა დაუბრუნდეს 9 000 აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა: მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თბილისში, ......, რეგისტრირებული ........... საკადასტრო კოდით, დაუყოვნებლივ გამოთხოვა გ.ჭ–ძის მფლობელობიდან და აღნიშნული უძრავი ნივთის გადაცემა ლ.ზ–ძისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; გ.ჭ–ძისათვის ლ.ზ–ძის სასარგებლოდ 26 016.42 ლარის გადახდის დაკისრება; გ.ჭ–ძისათვის ლ.ზ–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად 974 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება 2017 წლის 1 დეკემბრიდან უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემის მომენტამდე (გადახდის მომენტში არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად); გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების ნაწილში.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

გ.ჭ–ძეს 2017 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ბინის ნასყიდობის ფასი - 155 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, პირველი გადახდა - 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც მყიდველს ეძლეოდა უფლება ესარგებლა ბინით და ეცხოვრა მასში; მეორე გადახდა - 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 5 მარტამდე; მესამე გადახდა - 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 31 ივლისამდე; მეოთხე გადახდა - 28 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2018 წლის 15 ნოემბრამდე; მეხუთე გადახდა - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 31 მარტამდე; მეექვსე გადახდა - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 15 ივლისამდე; მეშვიდე გადახდა - 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 31 ოქტომბრამდე. თუ მყიდველი დაარღვევდა შეთანხმებულ გრაფიკს, იგი გადახდილ თანხას ვერ დაიბრუნებდა; ხოლო გამყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მას მყიდველისათვის უნდა დაებრუნებინა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხა. მყიდველზე საკუთრების უფლება გადავიდოდა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ. უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. ლ.ზ–ძემ იკისრა ვალდებულება 2019 წლის 31 ოქტომბრამდე სრულად დაეფარა იპოთეკის საფუძვლად არსებული დავალიანება და ბინა მყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში. საცხოვრებელი ბინა მყიდველს გადაეცემოდა მასში არსებულ ავეჯთან და ინვენტართან ერთად, რომელიც აღიწერა 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში, ასევე აისახებოდა ელექტრონულ სურათებში. მიღება-ჩაბარების აქტი და სურათები მიიჩნეოდა ხელშეკრულების დანართად და განუყოფელ ნაწილად. 2018 წლის 2 მაისის რეგისტრაციის შედეგად ბინის საკადასტრო კოდი შეიცვალა და მიენიჭა ....... ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი გადახდა გ.ჭ–ძემ შეასრულა დროულად, 2017 წლის 29 ნოემბერს, რის გამოც გამყიდველმა მყიდველს ბინა გადასცა მფლობელობაში 2017 წლის 1 დეკემბერს. 2018 წლის 9 მარტს გ.ჭ–ძემ გამყიდველს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი; 2018 წლის 12 მარტს ნ.გ–მა (გ.ჭ–ძის დედამ) ლ.ზ–ძეს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, გამყიდველმა ნასყიდობის ფასის სახით მიიღო 9000 აშშ დოლარი. თუმცა, არაუგვიანეს 2018 წლის 5 მარტისა, გამყიდველს უნდა მიეღო საერთო ჯამში 52 000 აშშ დოლარი. შემდგომი გადახდები მოპასუხეს აღარ შეუსრულებია. მოპასუხემ საცხოვრებელ ბინაში, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად, განახორციელა ცვლილებები, კერძოდ, შეცვალა ბუხრის იერსახე, გადააკეთა ბუხარი ისე, რომ არსებული ე.წ „კერამო გრანიტის“ ფილების ნაცვლად, ბუხარი მოაპირკეთა სხვა მასალით; შეცვალა გათბობის სისტემის რადიატორები - არსებული პანელური რადიატორების ნაცვლად, დაამონტაჟა სექციური რადიატორები; ბუხრის გასწვრივ, მის მარჯვენა მხარეს, აივნისკენ, კედლის მთელ სიმაღლეზე მოაწყო თაროები, რომლის ბუხართან არსებობა ქმნის ცეცხლის გაჩენის საშიშროებას, თაროებმა ამავდროულად შეზღუდა სივრცე. ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა მთლიანად შეცვალა ძირითადი მისაღები ოთახის იერსახე. ლ.ზ–ძემ მიმართა აუდიტორულ კომპანიას, რათა

დადგენილიყო იმ ხარჯის ოდენობა, რაც აუცილებელია ბინისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. შპს „ს.ჯ. კ–ის“ 2019 წლის 11 მარტის №60 დასკვნის თანახმად, ბინისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად განსახორციელებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 52 653.72 ლარს. 2019 წლის 12 აპრილს ლ.ზ–ძემ გ.ჭ–ძეს ელექტრონულად და წერილობით გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც მოსთხოვა მყიდველს 2019 წლის 22 აპრილამდე 2017 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის სრულად გადახდა და განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე იტყოდა უარს და მოითხოვდა ბინის იმ მდგომარეობაში უკან დაბრუნებას, როგორშიც გადაეცა მყიდველს 2017 წლის 1 დეკემბერს. გ.ჭ–ძეს არც თანხა გადაუხდია და არც ბინა გამოუთავისუფლებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სტრუქტურული დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას ლ.ზ–ძის კუთვნილი ქონების მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მოცემული დავის ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს, რომ კიდევ დამატებითი ვადის დაწესებას ან გაფრთხილებას აზრი აღარ აქვს, რადგან მოპასუხის მიერ განხორციელებული შესრულება (9000 აშშ დოლარი) შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით (155 000 აშშ დოლარი) მიზერულია, ვადა კი მოპასუხეს საკმარისი ჰქონდა ვალდებულების შესასრულებლად. გამყიდველმა უარი თქვა 2017 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე 2019 წლის 22 აპრილიდან. 2017 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, 2019 წლის 22 აპრილიდან მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება უძრავი ქონება დაუყოვნებლივ დაებრუნებინა იმავე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც გადაეცა მას. მოპასუხემ ბინაში განახორციელა რეკონსტრუქცია მესაკუთრესთან შეუთანხმებლად. პირვანდელი სახის აღსადგენად ლ.ზ–ძეს მოუწევს გადაიხადოს 52 653.72 ლარი, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს გ.ჭ–ძეს მესაკუთრისათვის. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის საფუძველზე ლ.ზ–ძეს ეკისრება ვალდებულება დაუბრუნოს გ.ჭ–ძეს 9000 აშშ დოლარი, იგი იყენებს სსკ-ის 442-ე და 444-ე მუხლებით მონიჭებულ შესაძლებლობას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, რის შესაბამისადაც ლ.ზ–ძის მოთხოვნას 52 653.72 ლარის ოდენობით უნდა გამოაკლდეს სარჩელის შეტანის მდგომარეობით არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით გაანგარიშებული 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 26 637.30 ლარი (9000$ X 2,9597 = 26 637.30 ლარი). საბოლოოდ, გ.ჭ–ძეს უნდა დაეკისროს 26 016.42 ლარის (52653.72 - 26637.30) გადახდა ლ.ზ–ძის სასარგებლოდ. ნასყიდობის საგნის გ.ჭ–ძისათვის გადაცემამდე 3 წლის განმავლობაში ლ.ზ–ძე აქირავებდა ბინას და იღებდა შემოსავალს, კერძოდ, 2015 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 3 აგვისტომდე ბინას ფლობდა ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ყოველთვიურად ქირის სახით 974 ევროს გადახდის სანაცვლოდ. გ.ჭ–ძე საცხოვრებელი ბინის ფლობით გამდიდრდა უსაფუძვლოდ, კერძოდ, მის მიერ მიღებული სარგებელი გამოიხატება იმ დაზოგილ თანხაში, რაც მას უნდა გადაეხადა ქირის სახით ბინით სარგებლობისათვის. ამასთან, ქირის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს სარგებლობის მთელ პერიოდზე, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გამოთავისუფლებამდე.

1.3. მოპასუხეების პოზიცია:

1.3.1. თავდაპირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება წარადგინა. მისი განმარტებით მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულება, შესაბამისად ის უკანონოდ ცხოვრობს ლ.ზ–ძის კუთვნილ ბინაში. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, წყლის ჩამოშვებისა და ბინის დაზიანების შესახებ არ დასტურდება, ხოლო ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა და აუდიტორული დასკვნა ვერ დაადასტურებს რემონტის ჩატარების ფაქტს.

1.3.2. მოპასუხემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი. მისი განმარტებით ნასყიდობის თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო გამყიდველის ბრალით. გ.ჭ–ძეს ბინაში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განუხორციელებია. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 31.05.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნის (№003680919) თანახმად, ბინის შიდა ინტერიერის მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია წარდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არსებულ მდგომარეობასთან. შეცვლილია მხოლოდ ბუხრის მოპირკეთება (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები კერამიკული ფილებისა, ბუხარი მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით), მისაღებ ოთახში შეცვლილია რადიატორები (ნაცვლად ფოტო-ვიდეო მასალაში ნაჩვენები 2 ცალი პანელური რადიატორისა, მოწყობილია 2 ცალი სექციური რადიატორი, თითოეული 18 სექციით). ასევე, ბუხრის მარჯვენა მხარეს (აივნისკენ) კედლის მთელ სიმაღლეზე მოწყობილია თაროები, რაც წარდგენილ ფოტო-ვიდეო მასალაში არ ფიქსირდება. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად მითითებულია, რომ სასაქონლო ექსპერტიზა დაეყრდნო საინჟინრო კვლევას და დაადგინა, რომ საინჟინრო კვლევაში ასახული ცვლილებები ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე. რაც შეეხება შპს „ს.ჯ. კ–ის“ 2019 წლის 11 მარტის №60 დასკვნაში ასახულ თანხობრივ ოდენობას, კერძოდ 52653.72 ლარს, იგი არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას. მოცემული დასკვნა შედგენილია კანონდარღვევით, რაც ცალსახად დასტურდება კიდეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით №0036809192. გ.ჭ–ძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა ბინის მდგომარეობა, კერძოდ, მარმარილოს საბაზრო ღირებულება ბევრად მაღალია კერამიკაზე, ისევე როგორც სექციური რადიატორების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება პანელური რადიატორების საბაზრო ღირებულებას. არც გ.ჭ–ძეს და არც მის დედას, ნ.გ–ს არანაირი შეტყობინება არ მისვლიათ ელექტრონულ ფოსტაზე ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილია 29.08.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/12872-18, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გ.ჭ–ძის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამასთანავე, მოცემულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ლ.ზ–ძე არ ითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას სწორედ იმ საფუძვლით, რომ მას ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში 9 000 აშშ დოლარის თანხის დაბრუნება მოუწევდა გ.ჭ–ძისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხარემ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ლ.ზ–ძემ მიუთითა, რომ ქირავნობის ხელშეკრულება საელჩოსთან დადებული იყო 2017 წლის 3 აგვისტომდე, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტა 3 თვით ადრე მოხდა, ვიდრე მხარეებს შორის დაიდებოდა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლ.ზ–ძეს ზემოაღნიშნული 3 თვის მანძილზე ქონება გაქირავებული ჰქონდა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 23.08.2019 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №005934919, რომელიც უთითებს, რომ მოცემული ბინის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2017-2019 წლებში საორიენტაციოდ შეადგენს 630 აშშ დოლარს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ჭ–ძის სასარჩელო მოთხოვნა 23 917,4 ლარის ლ.ზ–ძისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ლ.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ლ.ზ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, ......, საკადასტრო კოდი: ........, გამოთხოვილ იქნა გ.ჭ–ძის მფლობელობიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 26 016,42 ლარის გადახდა. გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 6 ივლისიდან ბინით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის გადახდა ბინის გამოთავისუფლებამდე. ვინდიცირების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მხარეთა შორის განაწილდა სასამართლო ხარჯები. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით გ.ჭ–ძის სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად ლ.ზ–ძეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, ს/კ ...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით გ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ლ.ზ–ძის სასარგებლოდ 2019 წლის 6 ივლისიდან უძრავი ქონების დაბრუნებამდე ყოველთვიურად 630 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

უპირველესად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო განხილვის საგანია ერთი მხრივ იმ დანახარჯებისა და გაუმჯობესების ანაზღაურების გამყიველისათვის დაკისრების საფუძვლიანობა, რომელიც უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მყიდველმა გაიღო უძრავი ნივთის ფლობის პერიოდში (ძირითადი სარჩელი), ხოლო მეორე მხრივ უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გამყიდველის მიერ ნივთის ვინდიცირების შემდგომ, პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად გასაწევი ხარჯების ანაზღაურების საფუძვლიანობა (შეგებებული სარჩელი). რაც შეეხება გამყიდველისათვის 9000 აშშ დოლარის დაკისრებას, ამ ნაწილში თავდაპირველ მოსარჩელეს მოგებული აქვს დავა, შეგებებულ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და სასამართლომ მითითებული თანხა გაქვითა შეგებებული მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

კასატორის პრეტენზიები ეხება როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო ნორმების დარღვევას, კერძოდ:

ა) სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, კასატორს წაერთვა მტკიცებულების (მოწმის ჩვენება) წარდგენის შესაძლებლობა. არასწორად არ დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის შემადგენლობა;

ბ) კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლის მიხედვითაც ლ.ზ–ძეს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების, რეალური მდგომარეობის ადგილზე გამოკვლევისა და შესაბამისად, პროცესში მტკიცების ტვირთის რეალიზების შესაძლებლობა შეეზღუდა. ამ მხრივ სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის #00368091 დასკვნა. ლ.ზ–ძეს ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, გარდა ამისა, სასამართლოს შეეძლო თავისი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა და დაედგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

გ) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ს.ჯ. კ–ის“ 2019 წლის 11 მარტის #60 დასკვნა აცდენილია ფაქტობრივ რეალობას, ვინაიდან ბინაში ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის ცვლილებებს. მასში მოცემული გაანგარიშება ეხება მთლიანი სახლის რემონტს, რაც ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად მოპასუხემ.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:

1.2.1. 2017 წლის 9 ნოემბერს ლ.ზ–ძესა (გამყიდველი) და გ.ჭ–ძეს (მყიდველი) შორის დაიდო გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე (შემდგომში _ უძრავი ნივთი), მდებარე: ქ.თბილისი, ......., მე-4 სადარბაზო, მე-9 სართული, ს/კ.: ........ (2018 წლის 2 მაისის რეგისტრაციის შედეგად ბინის საკადასტრო კოდი შეიცვალა და ს/კ............ მიეთითა. ლ.ზ–ძე ქონების მესაკუთრედ 2013 წლის 25 სექტემბრიდან ირიცხებოდა). მყიდველს ნასყიდობის თანხა უნდა გადაეხადა შემდეგი პერიოდულობით: 2000 აშშ დოლარი _ 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც მყიდველს ბინით სარგებლობისა და მასში ცხოვრების უფლება ეძლეოდა; 50 000 აშშ დოლარი _ 2018 წლის 5 მარტამდე; 25 000 აშშ დოლარი _ 2018 წლის 31 ივლისამდე; 28 000 აშშ დოლარი _ 2018 წლის 15 ნოემბრამდე; 15 000 აშშ დოლარი _ 2019 წლის 31 მარტამდე; 15 000 აშშ დოლარი _ 2019 წლის 15 ივლისამდე; 20 000 აშშ დოლარი _ 2019 წლის 31 ოქტომბრამდე. მყიდველზე საკუთრების უფლება ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ გადავიდოდა. ხელშეკრულება 2017 წლის 14 ნოემბრიდან, უძრავ ქონებაზე ვალდებულების სახით, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. საცხოვრებელი ბინა მყიდველს მასში არსებულ ავეჯთან და ინვენტართან ერთად უნდა გადასცემოდა, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში აღიწერა, ასევე ელექტრონულ სურათებში აისახა. მიღება-ჩაბარების აქტი და სურათები ხელშეკრულების დანართად და განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა.

1.2.2. მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით და მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გამყიდველმა უძრავი ნივთი სარგებლობაში მყიდველს 2017 წლის 1 დეკემბერს ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში გადასცა, კერძოდ: ახალი გარემონტებული, კედლები, იატაკი, ჭერი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, საძინებელში და აივანზე გასასვლელ კარზე არსებული ალბატროსის ჟალუზები, სანტექნიკა, ჩაშენებული სამზარეულო, სამზარეულო მაგიდა და ოთხი სკამი, ბარის მაგიდის 3 სკამი; სამზარეულოს ტექნიკა: ტელევიზორი, მაცივარი, გაზის ქურა, გაზის ღუმელი, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რბილი სამეული, თეთრეულის სარეცხის მანქანა, ისევე როგორც ორი საძინებლის ავეჯი, ბინაში არსებული ჭაღები და აივანზე არსებული ავეჯი და გარე განათების ჭაღები; გათბობისა და კონდიცირების სისტემები; ელექტროგაყვანილობა.

1.2.3. 2017 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულებიდან გასვლის (მოშლის) წესი, კერძოდ: 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე, მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს 5 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი კარგავს უფლებას იმ პერიოდში გადახდილ თანხაზე, ხოლო გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, იგი ვალდებულია იმ მომენტისათვის მყიდველის მიერ გადახდილი თანხა სრულად დააბრუნოს.

1.2.4. პირველი გადახდა (2000 აშშ დოლარი) გ.ჭ–ძემ დროულად, 2017 წლის 29 ნოემბერს შეასრულა. გამყიდველმა მყიდველს ბინა 2017 წლის 1 დეკემბერს მფლობელობაში გადასცა. 2018 წლის 9 მარტს გ.ჭ–ძემ გამყიდველს 1000 აშშ დოლარი გადაურიცხა, ხოლო 2018 წლის 12 მარტს ნ.გ–მა (გ.ჭ–ძის დედამ) ლ.ზ–ძეს 6000 აშშ დოლარი გადაუხადა.

1.2.5. გ.ჭ–ძე წარმოადგენს უძრავი ქონების მფლობელს, ხოლო ლ.ზ–ძე მესაკუთრეს.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება (სკ-ის 505-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც გამყიდველი ნასყიდობის თანხის სრულად გადახდამდე დარჩა უძრავი ნივთის მესაკუთრედ, ხოლო მყიდველს ნივთი გადაეცა მფლობელობაში. აქედან გამომდინარე კასატორი, ვიდრე მას მესაკუთრე წაუყენებდა დასაბუთებულ პრეტენზიას მფლობელობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს (სკ-ის 159-ე და 168-ე მუხლები) და მის კუთვნილებად ითვლებოდა ნივთისა და უფლების ნაყოფი. ქართული სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას ნივთის გადაცემით მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის და გაფუჭების რისკი, რაც გამართლებულია იმით, რომ ნივთის გადაცემის შემდეგ მყიდველს აქვს ნივთით ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა და ის ახორციელებს კონტროლს მასზე. კონტროლისა და ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ფუნქციიდან გამომდინარე, მფლობელს უნდა დაეკისროს ნივთის მიმდინარე რემონტის ხარჯები. სხვა ხარჯები, რომელიც მფლობელმა გაიღო და რომელიც ნივთობრივი ნაკლის გამოსწორებას უკავშირდება, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე (სკ-ის 973-ე, 987-ე მუხლები). კასატორის განმარტებით, საცხოვრებელ ბინაში ჩამოვიდა წყალი, რის შედეგადაც დაზიანდა ინტერიერი. მან ჩაატარა რემონტი, რა მიზნითაც გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 23 917.4 ლარი, რაც დასტურდება აუდიტორული დასკვნით და ხარჯთაღრიცხვით.

1.3.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად და მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლის არსებობა (დამფუძნებელი ნორმის მოძიება), არამედ აუცილებელია ამომწურავად განისაზღვროს ნორმის წინაპირობები, ხოლო ამის შემდგომ უნდა შემოწმდეს სარჩელის ფორმალური დასაბუთებულობა, ანუ სარჩელში მთითებულია თუ არა ყველა ის ფაქტობრივი აღწერილობა, რომელთა ნორმის წინაპირობებთან სუბსუმირებაც მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის გამოყენებისთვის, მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: იგი მოქმედებდა მესაკუთრის ინტერესებში; საქმეების შესრულება მიმართული იყო იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრებოდა მესაკუთრეს, ამავდროულად პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობა მესაკუთრეს ამის შესახებ. რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას, 987-ე მუხლის თანახმად, სარჩელი ფორმალურად დასაბუთებულია, თუ მასში აღნიშნულია შეგნებულად ან შეცდომით ხარჯების გაწევა მეორე პირის ქონებაზე, რომელსაც მეორე პირის გამდიდრება და ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი მოჰყვა შედეგად, რაც მთავარია მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლება უსაფუძვლოა/გაუმართლებელია. როგორც საქმის მასალებით დგინდება, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ სადავო გახადა კასატორის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები, შესაბამისად მტკიცების საგანში შევიდა ყველა ფაქტობრივი წინაპირობა. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად გადანაწილების მოთხოვნებიდან გამომდინარე (სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლები), კასატორს ეკისრებოდა მის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცების ტვირთი. ამ კუთხით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, ხოლო კასატორს ამ თვალსაზრისით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რაც უნდა დადასტურებულიყო ექსპერტის დასკვნით, არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით, თუ ისინი დასკვნის შემავსებელი არ არის. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საპირწონედ მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ნოემბრის დასკვნა №008186118, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ხარჯების გაანგარიშების სანდოობას. აქედან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარისათვის 23 917.4 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.

1.3.3. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 26 016,42 ლარის გადახდის დაკისრების კანონიერების თაობაზე, რომელიც შეიძლება დაეფუძნოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის დანაწესს, ამ კუთხით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შეგებებული სარჩელის ფორმალურ დასაბუთებულობას, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას მტკიცების ტვირთის შებრუნების თაობაზე და კასატორის მიერ მოხმობილ მტკიცებულებაზე (ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის #003680919 დასკვნა), რომელიც მისივე მოსაზრებით აქარწყლებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას:

ა) შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე განმარტავს, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მყიდველმა, როგორც მოსარგებლემ მასთან, როგორც მესაკუთრესთან შეუთანხმებლად ბინაში განახორციელა ცვლილებები (შეცვალა ბუხრის იერსახე; შეცვალა გათბობის სისტემები; ბუხრის გასწვრივ, მის მარჯვენა მხარეს, აივნისკენ კედლის მთელ სიმაღლეზე მოაწყო თაროები, რომლის ბუხართან არსებობა ქმნის ცეცხლის გაჩენის საშიშროებას, რომელმაც ამავდროულად დაუკარგა ოთახს სივრცე. აღნიშნულმა ცვლილებებმა მთლიანად შეცვალა ძირითადი მისაღები ოთახის იერსახე). პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად გასაწევი ხარჯების ოდენობა შეადგენს 52 653.72 ლარს;

ბ) სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის შებრუნების კონტქსტში მოიშველია შეგებებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 11 მარტის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი (№001530019), რომლითაც დგინდება, რომ ბინის მფლობელის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა ინტერიერის იმ დროს არსებული მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა წარდგენილ ფოტო-მასალასა და მიღება-ჩაბარებაში არსებულ ინფორმაციასთან, ასევე 2019 წლის 14 აპრილის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტით (№002480219) დგინდება, რომ ბინაში გამოსაკვლევი ობიექტის შესწავლისა და მასში სათანადო აზომვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით მისულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს ბინაში დაშვებაზე მფლობელმა უარი განუცხადა. მტკიცების ტვირთის შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ შებრუნებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 169-ე მუხლებით;

გ) საქმეში წარმოდგენილი ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის #003680919 დასკვნის მიხედვით, ბინის შიდა ინტერიერის მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არსებულ მდგომარეობასთან, შეცვლილია მხოლოდ ბუხრის მოპირკეთება (ნაცვლად კერამიკული ფილებისა ბუხარი მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით); მისაღებ ოთახში შეცვლილია რადიატორები (პანელური რადიატორის ნაცვლად მოწყობილია სექციური რადიატორი); ბუხრის მარჯვენა მხარეს, აივნისკენ კედლის მთელ სიმაღლეზე მოწყობილია თაროები. საინჟინრო კვლევაში ასახული ცვლილებები ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე.

1.3.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მტკიცების ტვირთის შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ შებრუნების თაობაზე, ასევე სასამართლოს ვალდებულების არარსებობაზე, თავისი ინიციატივით ჩაეტარებინა ექსპერტიზა, ამავდროულად თვლის, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც მდგომარეობს შემდეგში: ფორმალური თვალსაზრისით შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე განმარტავს, რომ კასატორმა შეცვალა ბუხრის იერსახე, გათბობის სისტემები და ბუხრის გასწვრივ, მის მარჯვენა მხარეს, აივნისკენ კედლის მთელ სიმაღლეზე მოაწყო თაროები, თუმცა ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო აუდიტის დასკვნას, რომელსაც ხარჯთაღრიცხვა შედგენილი აქვს მთლიანი ბინის რემონტზე. აქედან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს ფორმალური დასაბუთებლობის მოთხოვნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის #003680919 დასკვნის მიღებაზე უარი არ არის საკმარისად დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დაკვნის შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამ უკანასკნელი ნორმის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა უნდა შეფასდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა იმ ფაქტს, რომ შეგებებული მოსარჩელე ვერ ხსნის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის აუცილებლობა რით არის განპირობებული, ამავდროულად ხანძრის გაჩენის საშიშროება მხოლოდ შეგებებული მოსარჩელის განმარტებას ეფუძნება, თვლის, რომ 52 653.72 ლარის კასატორისთვის დაკისრების ნაწილში (რომელიც გაიქვითა 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არაკანონიერია.

1.4. ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილების მიღების/გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ უცვლელად დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას პროცესის ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ვინაიდან არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას, ხოლო, სხვა მოთხოვნათა ნაწილში პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, იგი ძალაში უნდა იქნას დატოვებული.

2. პროცესის ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, გ.ჭ–ძის სარჩელის საგნის ღირებულება შადგენს 50 554,3 ლარს, ხოლო ლ.ზ–ძის სარჩელისა _ 202 253,42 ლარს. გ.ჭ–ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 52%-ით, ხოლო ლ.ზ–ძის _ 21%-ით. მხარეთა მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი და გადახდილი ბაჟის მხედველობაში მიღებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად ლ.ზ–ძეს გ.ჭ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1493,74 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1512,9 ლარის გადახდა. გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 630 ლარის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის 1000 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 966 ლარი. ამ თანხების როგორც მხარეთა შორის, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გაქვითვის შემთხვევაში, საბოლოოდ გ.ჭ–ძეს ლ.ზ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 136,22 ლარის გადახდა, ხოლო ლ.ზ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 546,9 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 55-ე, 257-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინების ნაწილობრივ (პროცესის ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში) შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. ლ.ზ–ძის შეგებებული სარჩელი 52 653,72 ლარის გ.ჭ–ძისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2.2. ლ.ზ–ძეს (პ/#......) გ.ჭ–ძის (პ/#......) სასარგებლოდ დაეკისროს 9 000 აშშ დოლარის გადახდა.

2.3. გ.ჭ–ძეს (პ/# .....) ლ.ზ–ძის (პ/# .....) სასარგებლოდ დაეკისროს 136,22 ლარის გადახდა.

2.4. ლ.ზ–ძეს (პ/# ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 546,9 ლარის გადახდა.

2.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი